"ეს დიდი ტრაგედია იყო ჩვენი ოჯახისთვის. ამ ყველაფრის შემდეგ, მამა ზღვაში აღარ გასულა..." - კვირის პალიტრა

"ეს დიდი ტრაგედია იყო ჩვენი ოჯახისთვის. ამ ყველაფრის შემდეგ, მამა ზღვაში აღარ გასულა..."

ძლიერი სურვილი, მონდომება და სწრაფვა მიზნისკენ სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ნებისმიერ პროფესიას დაეუფლო. 27 წლის ბათუმელი მეზღვაური, ნათია ლაბაძე, მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება იბრძოლო საკუთარი ოცნებებისთვის. ახლა იხსნებს, თურმე მასზე ამბობდნენ, ეს გოგოა და ვერ შეძლებს, ამას გემზე რა უნდაო, თუმცა დღეს ნათია მეზღვაურია და საკუთარი ოცნებებისთვის ბრძოლას არ წყვეტს. ის თავისი ცხოვრების ისტორიას თავად გვიყვება:

ნათია ლაბაძე: - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია დავამთავრე, პროფესიით გემთწამყვანი ვარ და ახლა კაპიტნის მეორე თანაშემწის პოზიციაზე ვმუშაობ. 2015 წელს, საზღვაო აკადემია დავასრულე და პირველად შევცურე ზღვაში, უკვე 6 წელია ამ საქმიანობით ვარ დაკავებული და სულით ხორცამდე მიყვარს ჩემი პროფესია. ოჯახში არც არავის გაკვირვებია, როცა მეზღვაურობა მოვისურვე. მამაჩემი, ჩემი ძმა და ნათესავები მეზღვაურები არიან, ფაქტობრივად, სისხლში მაქვს მეზღვაურობა. ყოველთვის მინდოდა ხალხის გაცნობა, უამრავი ქვეყნის ნახვა, მათი კულტურის გაცნობა და სხვადასხვა კერძის დაგემოვნება, ამიტომ მთელი მონდომებით საზღვაო აკადემიაში ჩავაბარე.

საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცხოა ქალი მეზღვაურის დანახვა, თუმცა ოჯახის წევრები და ნათესავები გვერდში დამიდგნენ, ამაყობდნენ ჩემი წარმატებით და სხვებსაც კი აცნობდნენ ჩემ თავს, რა თქმა უნდა, ხანდახან უცხო ხალხისგან, უმეტესად ბიჭებისგან იგრძნობოდა უარყოფითი დამოკიდებულება. ისინი ვინც არ მიცნობდნენ ალმაცერად მიყურებდნენ, ეგონათ ვერ შევძლებდი ოცნების ასრულებას და პროფესიას შევიცვლიდი, კურსიდან მალე გადავიდოდი.

- საზღვაო აკადემიაში უმეტესად ბიჭები არიან, ალბათ რამდენიმე გოგო იქნებოდით...

- იქ სადაც ნავიგაციისა და მექანიკოსების ჯგფუფი იყო, გოგოები არ დადიოდნენ, ერთადერთი გოგო ვიყავი. ხშირად მე-4 კურსელები თითს იშვერდნენ ჩემკენ და ამბობდნენ, ამას გემზე რა უნდა, ეს გოგოა და ვერაფერს გააკეთებსო. მერე გამიცნეს და მიხვდნენ, რომ ასე მარტივად არ დავნებდებოდი და ვიბრძოლებდი ჩემი მიზნებისთვის.

- როგორც ვიცი, მემედ აბაშიძის გემის დაღუპვას ჩინეთის ზღვაში თქვენი ოჯახის ახლობლის სიცოცხლე შეეწირა, რამაც ბევრი რამ შეცვალა, იქნებ გვესაუბროით ამაზეც...

- ბიძაჩემი, ჯემალ ლაბაძე, მემედ აბაშიძის გემის უფროსი თანაშემწე იყო, რომელიც ამ გემზე დაიღუპა, ხოლო გემის კაპიტანი მამაჩემის დეიდაშვილი იყო. ბებიაჩემმა და მისმა დამ იმ გემზე შვილები დაკარგეს, რაც მართლაც დიდი ტრაგედია იყო ჩვენი ოჯახისთვის. ამ ყველაფრის შემდეგ, მამა ზღვაში აღარ გასულა, ის იყო მისი ბოლო კონტრაქტი და იქ დაასრულა კარიერა.

ვიცი, რომ მამას ზღვა ყოველდღე ენატრება, მაგრამ იმ დღის მერე აღარ შედის. ყოველდღე დადის ზღვის პირას და სეირნობს, ნოსტალგია აქვს, აინტერესებს რა ხდება გემზე. რომ ჩამოვდივარ ყველა დეტალს მეკითხება ხოლმე. ახლა ისეთ ასაკშია, რომ უკვე ზღვის მონატრება გაუქარწყლდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც გემზე აღარ ასულა ბიძაჩემის გარდაცვალება იყო.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ბებიაჩემსა და მამაჩემს ჩემს მეზღვაურობაზე არაფერი უთქვამთ, ისინიც მხარში მედგნენ და მეუბნებოდნენ, რომ ჩემი პროფესიაა და თავად უნდა ამერჩია ის.

- როდის დადგი გემზე პირველად ფეხი და რა განცდა იყო ეს?

- ყველაფერი დეტალურად მახსოვს, ივნისი იყო, ჰონ-კონგში ვიყავი, არაჩვეულებრივი მზიანი ამინდი და წყნარი ზღვა დაგვემთხვა და ზღვაშიც კარგად შევცურეთ. იმ დღეს პირველად ავედი გემზე და პირველად შევიგრძენი თუ რას ნიშნავდა მეზღვაურის ცხოვრება.

- ახლა უკვე წარმატებული კარიერა გაქვს, მოდი დავბრუნდეთ უკან და პირველი წარმატება გავიხსენოთ...

- ჩემი პირველი წარმატება 2019 წელს მეზღვაურის დღეს აღებული პრეზიდენტის ჯილდოა, მაშინ გემზე ვიყავი და ჯილდო დედამ აიღო ბათუმში. ასევე მახსოვს, კოლუმბიის ოფისიდან როგორ დამირეკეს და მითხრეს, რომ გასამგზავრებლად მომზადება დამეწყო.

- ერთ-ერთ ინტერვიუში სიმბოლურ დამთხვევაზე საუბრობ, როგორც ჩანს, შენ სწორედ იმ სახლში ცხოვრობდი, სადაც დიდი ქართველი მეზღვაური ქალი, იულია ფაილოძე ცხოვრობდა...

- ბევრმა არც იცის, რომ პირველი ქართველი მეზღვაური, რომელმაც მართალია კაპიტნის რანგამდე ვერ მიაღწია, მაგრამ ერთ-ერთი სერიოზული სტატუსი ჰქონდა, ბათუმელი ქალი, იულია ფაილოძე იყო. ალბათ სიმბოლური დამთხვევაა ის ფაქტი, რომ იულია ზუსტად იმ სახლში ცხოვრობდა, რომელშიც მე ვცხოვრობდი.

პანდემიის პერიოდში ხანძარი გაჩნდა და სამწუხაროდ, ეს ისტორიული ადგილი დაიწვა, თუმცა მთლიანი შენობა კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია და მას მალე აღადგენენ. გული მწყდება, ყველა ჩემი ნაშრომი და ნაწვალები იმ სახლში დაიფერფლა.

- ყველა პროფესიას თავისი მინუსები აქვს, რა არის მეზღვაურობის მინუსი?

- ხშირად საყვარელი ადამიანებისგან და მეგობრებისგან შორს ყოფნა გვიწევს. თვეობით გავდივართ ზღვაში და იქ გვაკლია ოჯახი და მეგობრები. მეზღვაურმა უნდა სცადოს და მოერიოს თავის თავს, რადგან თუ მონატრებამ და ფიქრებმა აგიყოლია, გემზე გაძლება ძალიან გაგიჭირდება. ჩემი კარიერის განმავლობაში, მხოლოდ ერთხელ აღვნიშნე ახალი წელი და დაბადების დღე სახლში.

გემზე ყოფნისას, ჩემს ქუჩაზე სეირნობა, სახლი და ბულვარი მენატრება ხოლმე. 1-2 თვის შემდეგ, როდესაც იქ ყველაფერს ვსწავლობ და ფიქრის დრო მრჩება, რთულ მდგომარეობაში ვვარდები, მონატრება მიპყრობს და მიჭირს გავუძლო ამ ყველაფერს. ამ დროს ვცდილობ, უფრო მეტი საქმე ვაკეთო და ცოტა ხნით გვერდზე გადავდო ჩემი განცდები.

- როგორც უკვე ავღნიშნე, საზოგადოებას უკვირს გემზე ქალის დანახვა, ალბათ ეს შენც გიგრძვნია...

- ვერავის დაუშლი ასე არ იფიქრონ და მიიღონ ეს ყველაფერი. მე ჩემი მშობლების წინაშე მართალი ვარ, მიყვარს ჩემი პროფესია და ვიცი რასაც ვაკეთებ, ჩემი შრომითა და ჯაფით მივდივარ მიზნისკენ. ერთხელ მოვდივართ ამ ქვეყანაზე და საჭიროა ის ვაკეთოთ, რაც მართლა გვიყვარს.

ერთხელ ინგლისურის მასწავლებელმა მითხრა, რომ აზრი არ ჰქონდა მეზღვაურობაზე ოცნებას, ჩავაბარებდი და მალევე გავთხოვებოდი. მაგრამ პირველად რომ ჩამოვედი რეისიდან დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ხელი ჩამომართვა და აღიარა, რომ ამაყობდა ჩემით და არ სჯეროდა, რომ ამხელა ნაბიჯს გადავდგამდი.

- ხალხის დამოკიდებულების გამო პროფესიის შეცვლაზე არ გიფიქრია? - პროფესია სხვის გამო არ ამირჩევია, მინდოდა ასე, ამიტომ არც არასდროს მდომებია შემეცვალა. უბრალოდ, გული მწყდება, რომ ადამიანები რაღაც გარემოებების გამო ვერ ირჩევენ იმას, რაც სურთ და ოცნებებს ბოლომდე ვერ ისრულებენ.

- ალბათ რთულია სამსახურისა და პირადი ცხოვრების აწყობა, ხომ არ გიპოვნია მეორე ნახევარი?

- ეს რთული თემაა, ჯერ მეორე ნახევარი არ მიპოვია, ახლა კარიერაზე ვარ გადართული და ვცდილობ ამისთვის უფრო მეტი რამ ვაკეთო. ალბათ, ჩემს ცხოვრებაშიც გამოჩნდება ის ადამიანი, ვინც ძალიან შემიყვარდება.

- ზღვაში ყოფნისას რაიმე საინტერესო ხომ არ გადაგხდენია?

- შტორმის მიმართ უკვე ადრენალინი გამომიმუშავდა, მინდა სულ ვუყურო როგორ ეხეთქება ტალღები გემს. ერთ-ერთი შტორმის დროს, ხიდურაზე ჩვენი კოლეგა ამოვიდა, რომ დაინახა ტალღები როგორ ძლიერ ეხეთქებოდა გემს, ჩაიმუხლა და ყვირილი დაიწყო, შიშმა აიტანა. მსგავს სიტუაციებში, მხნედ ვარ ხოლმე, ვცდილობ სიძლიერე არ დავკარგო.

(სპეციალურად საიტისთვის)