"არ შემიძლია სიხარულით არ აღვნიშნო, რომ ქუჩებში გამოჩნდნენ პირველი უცხოელი ტურისტები" - კვირის პალიტრა

"არ შემიძლია სიხარულით არ აღვნიშნო, რომ ქუჩებში გამოჩნდნენ პირველი უცხოელი ტურისტები"

მე, როგორც ეკონომიკის მინისტრმა, არ შემიძლია სიხარულით არ აღვნიშნო, რომ ქუჩებში გამოჩნდნენ უკვე პირველი უცხოელი ტურისტები, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, იმ რეისებზე, რომლებიც საქართველოში მოფრინავს, მგზავრთა დიდი ნაწილი - ¾ სწორედ ტურისტები არიან, რადგან სხვა კუთხით მიმზიდველობასთან ერთად, მინისტრის თქმით, საქართველო უსაფრთხო ქვეყანაც არის.

"თქვენ უკვე იცით, რომ ჩვენ აგვისტოში რეგულარული ფრენები ნაწილობრივ გავხსენით. დაფრინავს "ლუფთანზა“, მიუნხენის რეისები სრულდება, "ეარფრანსის“ პირველი რეისი 9 აგვისტოს ჩამოფრინდება და დღეს გამოფრინდება და ხვალ ჩვენთან იქნება პირველი რეისი “ეარბალტიკის“, რიგა-თბილისი-რიგა. გარდა ამისა, "აირზენა“ ასრულებს კომერციულ ჩარტერებს, 16-მდე კომერციული ჩარტერი არის დაგეგმილი თვის განმავლობაში. სულ ახლახანს მაგალითად პარიზის რეისი ჩამოფრინდა და გარდა ამისა, ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებას სხვა კომპანიებთან უკვე არა მარტო აგვისტოს, არამედ სექტემბრის თვეზე და ეტაპობრივად გავხსნით სხვა შესაძლო ფრენებსაც, ოღონდაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით. ის რეისები, რაც ჩამოფრინდა პარიზიდან, მიუნხენიდან, რასაც ასევე ველოდებით ევროპიდან, შიძლება ითქვას, რომ უდიდესი უმრავლესობა, მგზავრების ¾ უცხოელი ტურისტები არიან, საერთაშორისო ვიზიტორები. აქედან გამომდინარე ქუჩებში უკვე შევძლებთ კვლავ მონატრებული უცხოელი ტურისტები დავინახოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სტატისტიკაა, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეებიც მოფრინავენ და სარგებლობენ ამ რეისებით, მაგრამ ძირითადად ვიზიტორები, ვისაც სურთ, რომ ესტუმრონ საქართველოს, იმიტომ, რომ საქართველო მიმზიდველობასთან ერთად არის უსაფრთხო ქვეყანა,“- განაცხადა ნათია თურნავამ.

"ინტერპრესნიუსი"