"ისე ელოდებოდა ბავშვის დაბადებას, რომ ამას არ გააკეთებდა, ქმარს ამ ტკივილისთვის ვერ გაიმეტებდა..." - კვირის პალიტრა

"ისე ელოდებოდა ბავშვის დაბადებას, რომ ამას არ გააკეთებდა, ქმარს ამ ტკივილისთვის ვერ გაიმეტებდა..."

ვალენსიაში ქართველი გოგონას ცხედარი იპოვეს

ნაზი მეზვრიშვილი პოლიციამ ვალენსიაში, სკვერში გარდაცვლილი იპოვა. "ნაზი იმდენად ბედნიერი იყო, ისე უყვარდა სიცოცხლე, იმდენი გეგმა ჰქონდა, რომ თავს არ მოიკლავდა. ის ან მოკლეს, ან თვითმკვლელობამდე მიიყვანეს", - ამბობენ მისი მეგობრები და ნათესავები. მომხდარს საზოგადოებაში და მით უმეტეს, ესპანეთში მცხოვრებ ქართველებში დიდი ინტერესი მოჰყვა. ის ფაქტი, რომ გოგონა ორსულად იყო, კიდევ უფრო მტკივნეულს ხდის ამ ტრაგედიას. ჩვენ ვესაუბრეთ გარდაცვლილის ახლობელს, რომელმაც გარკვეული მიზეზების გამო ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა და ასევე ქალბატონს - ია კ-ს, რომელსაც გარდაცვლილის ახლობლები მკვლელობაში ადანაშაულებენ.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"სიცოცხლით სავსე და მიზანდასახული გოგო იყო ნაზი. უამრავი გეგმა ჰქონდა, ამიტომ მის თვითმკვლელობას გამოვრიცხავთ - მას ძალიან უყვარდა სიცოცხლე. იმდენად ბედნიერი იყო, ისე ელოდებოდა ბავშვის დაბადებას, რომ ამას არ გააკეთებდა, თავს ვერ მოიკლავდა და ვერ შეწყვეტდა ორ სიცოცხლეს ერთად. ქმარი იმდენად უყვარდა, რომ ამ ტკივილისთვის ვერ გაიმეტებდა..."

"ბოლო პერიოდში ემოციური გახდა, რასაც ფეხმძიმობას ვაბრალებდით, თუმცა, გაბრაზება მალევე გადაუვლიდა და თვითონვე უკვირდა, ნეტავ, აქ გასაბრაზებელი რა იყოო?! მის ასეთ ემოციურ ფონს ბოლო პერიოდში მისი და იას კონფლიქტიც დაერთო..."

"ნაზი 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა და გადაწყვიტა, დამხმარე მოეძებნა, დღეში ორი საათით ჰაერზე რომ გასულიყო სასეირნოდ. ახლობლებმა იაზე ურჩიეს. ნაზი ძალიან კეთილი იყო და ყველას ენდობოდა. უფროსებთან რეკომენდაცია გაუწია და იმ ორ საათში ია მასაჟს უკეთებდა მოხუცს, რაშიც დამატებით გასამრჯელოს იღებდა. ცხადია, ნაზი იმ ორი საათის საფასურს თავისი ხელფასიდან უხდიდა..."

"იას ეჩხუბა და სახლიდან გაუშვა. მას შემდეგ, ერთხელ შეხვდნენ ქუჩაში და თურმე ია დაემუქრა, მოკვდები, მაგრამ - არა იარაღითო... ამის შემდეგ ისევ იყო მუქარა და ნაზი იძულებული გახდა, პოლიციისთვის მიემართა. მან პოლიცია გააფრთხილა, თუ მოკვდებოდა, იას ბრალი იქნებოდა..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 6 აგვისტოს ნომერში წაიკითხავთ. აქვე გეტყვით, რომ ამ სტატიაში ბრალდებებს თავად ია პასუხობს...

ფიქრია რობაქიძე, "გზის" სპეციალური კორსეპონდენტი ბარსელონიდან