"ცხოვრებამ და სიტუაციამ ყველაფერი შეცვალა, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ამ პროფესიას ავირჩევდი" - კვირის პალიტრა

"ცხოვრებამ და სიტუაციამ ყველაფერი შეცვალა, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ამ პროფესიას ავირჩევდი"

სულ ცოტა ხნის წინ, პატარა სახელოსნოში ერთი ქალი გავიცანი, ირმა, რომელიც უკვე 30 წელია თბილისის ყველა უბანს ლამაზ ფეხსაცმელებს უმზადებს.

ირმა მეწაღეა. რომ დავინახე, გამიკვირდა, ქალია და მეწაღედ მუშაობს-მეთქი, თუმცა შევცდი, უამრავი კმაყოფილი კლიენტისა და მეზობლად შეკრებილი მეწაღეებისგან გავიგე, რომ თავის საქმეში საუკეთესოა და ამ საქმის სიყვარულით დილის 7 საათიდან დაღამებამდე ყველა ადამიანისთვის ფერად-ფერად ფეხსაცმელებს აკეთებს.

- მყავს მეუღლე, ერთი შვილი და 2 შვილიშვილი. ჩვეულებრივი ოჯახი გვაქვს, მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი რაიონში გავიცანით, ჩემი და იყო იმ სოფელში გათხოვილი, სადაც ერთმანეთს შევხვდით. პროფესიით მკერავი ვარ და ამ საქმიანობას მივსდევ უკვე 30 წელზე მეტია.

- მოგვიყევით, რა გზა გაიარეთ?

- რაიონში დავიბადე და ვცხოვრობდი, იქ დავამთავრე სკოლა, შემდეგ რუსთავში ჩამოვედი და სამკერვალო კურსები გავიარე. ხელობა არავის უსწავლებია, ვიჯექი, ვუყურებდი და ვსწავლობდი, თუმცა ჩემი მეუღლეც მეხმარებოდა სწავლაში. ალბათ მქონდა ნიჭი ბავშვობიდან, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ამ პროფესიას ავირჩევდი. ცხოვრებამ და სიტუაციამ ყველაფერი შეცვალა.

- მოგვიყევით, როგორი სიტუაცია იყო ადრე?

- ადრე ბევრი ხალხი დადიოდა და იმდენი საქმე გვქონდა, რომ ტომრებით სახლში მიგვქონდა და იქ ვასრულებდით. კვირები გადაბმულად ვმუშაბდით, დღეში 300-400 მანეთსაც კი ვშოულობდით. მაშინ ქალაქში არც ისე ბევრი მეწაღე იყო, ამ ტერიტორიაზე 2-3 ადამიანი ვისხხედით, ახლა ხალხმა მოიმატა, თუმცა აქ ქალი მარტო მე ვარ. დროთა განმავლობაში საქმემაც იკლო და როგორც ცხოვრებისეული კიბეები, ისე წავიდა უკან და შემცირდა.

- 30 წელი საკმაოდ დიდი დროა, ალბათ კმაყოფილი კლიენტები ახლაც ბევრი გყავთ...

-ახლაც დადიან ძველისძველი კლიენტები, თუმცა აქ პროფესიაში ხალხის გადაბირება ხშირია. უკმაყოფილო კლიენტებიც ყოფილან, ისეთიც რომ რაღაც არ მოსწონებია, წასულა გავკიდებივარ და თანხა დამიბრუნებია, რამდენჯერ გამწევზე გამხეთქვია ფეხსაცმელი და ახალი მიყიდია. ბევრი ნიუანსია, როდესაც დამღლელი კლიენტი მოდის, რთულია მასთან ურთიერთობა.

- დღემდე უცხოა საზოგადოებისთვის ქალი მეწაღის დანახვა და ხშირად გაკვირვებასაც კი გამოხატავენ, თუ გიგრძვნიათ ეს დმოკიდებულება?

- იყო შემთხვევები, ამბობდნენ, ეს ქალია და ქალმა რა უნდა გააკეთოსო, თუმცა რომ დაუტოვებიათ და წაუღიათ, შეცვლიათ დამოკიდებულება, ჩემთვის ამას მნიშნველობა არ ჰქონია. მე სხვანაირი ადამიანი ვარ, არ ვთვლი, რომ მამაკაცს რამეში ჩამოვუვარდები, საუბარი, ოჯახის რჩენა, მუშაობა ყველაფერი შემიძლია. კაცთან კაცი ვარ და ქალთან ქალი.

- ფეხსაცმელზე მუშაობა რთული და ხანგრძლივი პროცესია...

- ფესაცმლის შეკეთება დიდ ძალას და ენერგიას მოითხოვს. ხელები სულ დაჭრილი მაქვს, თითებიც წებოსგან გაფუჭებული, ფეხშიც კი შემირჭვია ნემსი, რამდენჯერ დანა გამქცევია. ხელით მუშაობას, დანით მოჭრას საკმაოდ დიდი ძალა სჭირდება.

- ხომ არ გინანიათ ამ პროფესიის არჩევა?

- არასოდეს მინანაია, ამ პროფესიით თავს ვირჩენდი და ვირჩენ. ხელოსნის სტიმული ეს არის, რომ შუადღემდე შეიძლება ვერაფერი გამოიმუშავო, მაგრამ დღის ბოლოს რაღაც თანხა მაინც გექნება ნაშოვნი. ვერაფერს დააგროვებ, გამორიცხულია, უბრალოდ მშიერი არ იქნები.

ყოველთვის მაქვს იმედი რომ რაღაც იქნება, მთავარია ღმერთის იმედი მქონდეს და მარჯვენა არ მომიშალოს ღმერთმა, დანარჩენი თავისით მოვა.

(სპეციალურად საიტისთვის)