"ვერაფრით წარმოვიდგენდი, 29 წლით უფროს მამაკაცს თუ შევიყვარებდი და ცოლად გავყვებოდი, მაგრამ..."
"ვერაფრით წარმოვიდგენდი, 29 წლით უფროს მამაკაცს თუ შევიყვარებდი და ცოლად გავყვებოდი, მაგრამ..."
"ვახუშტი მხოლოდ იმას დარდობდა, გვიან რომ შევხვდით და საერთო შვილი რომ არ გვყავდა, რაც ცოტათი მაინც ჩემი ბრალიც იყო"

ქალი 29 წლის იყო, მამაკაცი - მასზე 29 წლით უფროსი. და მაინც, ერთმანეთი თავდავიწყებით შეუყვარდათ. ამ საოცრად ლამაზ ქალს პირველად მამაკაცის გარდაცვალებიდან ორი წლის თავზე შევხვდი. მითხრა, - 15 წლის განმავლობაში უერთმანეთოდ მხოლოდ 10 დღეს ვიყავით და რა უნდა ყოფილიყო საპირწონედ ჩემს ცხოვრებაში უკეთესი, რაც თუნდაც დღევანდელ მარტოდ დარჩენას გადამატანინებდა, თუ
არა ის, რაც ჩვენ ერთმანეთს მივეცითო? მამაკაცი ხშირად ეუბნებოდა მას: მთელი ცხოვრება შენ მაკლდი. შენში ვხედავ სატრფოს, ცოლს, დებს და შვილის უერთგულეს დედას. ასეთი სიახლოვე არავისთან მქონიაო. ერთსულ და ერთხორც იყვნენ და უბედნიერესი 15 წელიწადი გაატარეს ერთად, მერე კი მათი ერთობა გარდაცვალებამ გაჰყო და ქალი
მარტო დარჩა... მამაკაცი - აღმოსავლეთმცოდნე და მთარგმნელი, ფოლკლორისტი და პოეტი, შესანიშნავი სონეტების ავტორი ვახუშტი კოტეტიშვილი გახლავთ, 85 წლის წინ დაიბადა, 4 აგვისტოს და 12 წლის წინ, აგვისტოშივე გარდაიცვალა, საქართველოსთვის საშინელი 2008 წლის სწორედ დღევანდელ დღეს - 7-ში. წავიდა და…ამ ქვეყნიდან სამშობლოს ბევრი ტკივილი და ცრემლი გაიყოლა... ბატონი ვახუშტი იშვიათად დიდი ადამიანი იყო, სულით, შემოქმედებითა და გრძნობებით მდიდარი და, ცხოვრებაც იშვიათი ჰქონდა, ბობოქარი - ბევრი ტკივილით, ბევრი სიხარულით და... უსაზღვრო სიყვარულით, ათას ცხოვრებას რომ ეყოფა, ისეთით. ამიტომაცაა, რომ ბატონი ვახუშტისა და მზეო გოგოჭურის სიყვარულის ბალადა დღემდე გრძელდება და, როგორც ჩანს, უსასრულოდ ასე იქნება...

მზეო გოგოჭური:
- თელავში დავიბადე და გავიზარდე. ჩემი სახლი პოეზიით იყო გაჟღენთილი, ამიტომ ჩემი სამყაროც პოეზია იყო. მკაცრი პედაგოგი მშობლები მყავდა და პედაგოგიკური სტანდარტებით გამზარდეს - ვიყავი ხუთოსანი, ქების სიგელებით დახუნძლული და სკოლის საპატიო დაფაზე ჩემი ფოტოც ეკიდა. მიკვირს, ჩემმა პოეტურმა, მუსიკალურმა და არტისტულმა ბუნებამ ცხოვრების ასეთ წესს როგორ გაუძლო. ამით ბევრი სურვილი და მოთხოვნილება ჩამიკლეს. მშობლების "განაჩენით" აღმოვჩნდი თსუ-ის ეკონომიკის ფაკულტეტზე. მერე კი, ცხოვრების სტილის შეცვლა გადავწყვიტე: 22 წლისა გავთხოვდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დაუფიქრებელი ნაბიჯი გადავდგი. მეუღლის ცხოვრების სტილი ჩემთვის ცოტათი დამღლელი აღმოჩნდა და დავშორდი. გადავწყვიტე, ჩემი პროფესიაც და პირადი ცხოვრებაც შემეცვალა და თბილისში წამოვედი. კულტურის ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე ჩავაბარე და სარეჟისოროზე ვაპირებდი გადასვლას. მთავარი იყო, საკუთარი თავის რეალიზაცია შემძლებოდა. ინსტიტუტში მისულს, თურმე, სიურპრიზი მელოდა - ლექტორი ვახუშტი კოტეტიშვილი, რომელსაც მანამდე არასდროს შევხვედროდი, მაგრამ დიდ პატივს ვცემდი, ამიტომ გაბადრულმა შევუღე კარი. მას ლურჯი ბერეტი ეხურა, ყავისფერი ტყავის ქურთუკი ეცვა და "პრიმას" ეწეოდა. მოწიწებით წარვუდექი და მერხთან დავჯექი. წლების განმავლობაში ვახუშტი დაუსრულებლად იხსენებდა ხოლმე ამ პირველ შეხვედრას ან როგორც თვითონ ამბობდა, - შემოფეთებას. ერთი ლექციის განმავლობაში იმდენი კითხვა დამაყარა, ლამის, ჩემი ანკეტა შეავსო. მე და ჩემი ჯგუფელები ამით ძალიან გავხალისდით. მივხვდი, რომ მოვეწონე, თავს აღარ მანებებდა და აღარც მალავდა. ლექციის ბოლოს კი მკითხა: რატომ ჩამიშალე ლექცია, რატომ ამამღვრიეო? ხომ ჩამიშალეო? - ჩამეკითხა, თან პასუხს ელოდა. სხვა რა გზა მქონდა და მეც სიცილით დავეთანხმე. მერე და მერე ძალიან დავმეგობრდით. ჩემს დაქალებთან ერთად ხშირად მეპატიჟებოდა შინ და ჩემდამი გრძნობას არ მალავდა - პატარა ბიჭივით იყო ანთებული. ასე, ნელ-ნელა შემოვუშვი ჩემში მისი სამყარო. აღმოჩნდა, რომ უამრავი ტრაგედია, ტკივილი და პირადი პრობლემა ჰქონდა. გაორებული იყო. მერე მეორე მეუღლესაც დასცილდა... ვერაფრით წარმოვიდგენდი, 29 წლით უფროს მამაკაცს თუ შევიყვარებდი და ცოლად გავყვებოდი, მაგრამ... მივხვდი, რომ რატომაც გავყევი, გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ის, რაც მაშინებდა... მაშინებდა, რომ მას მალე დავკარგავდი და აკი დავკარგე კიდეც! სიცოცხლის ბოლო პერიოდში დარდი და დეპრესია მოეძალა, რამაც ხასიათი დაუმძიმა, მაგრამ ესეც ღირსეულად გადავიტანეთ. მიუხედავად ამ სირთულეებისა, მან იცოდა, რომ უმისოდ ვერ ვიცხოვრებდი. მაგრამ საშინელება ის იყო, რომ ძალიან ცოტა დრო გვრჩებოდა! თუმცა ვიდრე დავკარგავდი, მან უდიდესი საზრდო მომცა. ვახუშტის სიყვარული ისე ამაღლებული, უსაზღვრო და ფაქიზი იყო, ისეთი სიტყვებით შეეძლო მოემართა და ისეთი ბედნიერება იყო, რაც მისთვის ვიყავი, უარი ვერ ვთქვი... წარმოგიდგენიათ, 60 წლის საშინლად, ყურებამდე შეყვარებული ვახუშტი? ეს იცით, რა სასწაული იყო (ცრემლები მოერია)?

- მისდამი სიყვარული წლების ნაგროვები ემოცია ხომ არ იყო, ერთბაშად რომ იფეთქა?
- სწორედ ეგ იყო. ვახუშტიში ვიპოვე ყველაფერი, გესმით? ის სიყვარული კი არ იყო, ვნებებს რომ ვერ იოკებ, არამედ იმაზე ათასჯერ მეტი იყო. ღამეებს ლაპარაკში ვათენებდით, უმცირეს, პატარა დარდსაც კი ერთმანეთს ვუზიარებდით და რა ბედნიერები ვიყავით! მხოლოდ იმას დარდობდა, გვიან რომ შევხვდით და საერთო შვილი რომ არ გვყავდა, რაც ცოტათი მაინც ჩემი ბრალიც იყო - დედობის სურვილი გვიან გამიჩნდა. მანამდე კი ისეთი გატაცებული და დაკავებული ვიყავით ერთმანეთით, თითქოს მესამე ადამიანი არც გვახსენდებოდა. სწორედ ამ პერიოდში ვახუშტის თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნა და შემოქმედებითი ცხოვრების ახალი ეტაპი დაეწყო: მაშინ თარგმნა რუსული და ჰოლანდიური პოეზია, მაშინ დაწერა ავტობიოგრაფიული რომანი "ჩემი წუთისოფელი", საკუთარი ლექსების კრებული, ქართული ფოლკლორის ნიმუშების რამდენიმე კრებული, ფერეიდნული ფოლკლორის კრებული, თავისი ინტერვიუებისა და პუბლიკაციების კრებული "მართალს ვიტყვი" და სონეტები, რომლის გამოცემასაც ვეღარ მოესწრო.

რაც შემეხება მე, სწორედ ერთად ყოფნის პერიოდში დავამთავრე თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი და სადიპლომოდ მხატვარ თენგიზ მირზაშვილზე ფილმიც გადავიღე, მერე კი ვახუშტიმ მე მაქცია მხატვრად - ბავშვობიდან ვხატავდი და ესეც მიტოვებული და აუთვისებელი მქონდა. როდესაც მას ჩემი ნახატით აღფრთოვანებულმა ბატონმა ზურაბ ნიჟარაძემ უთხრა, მზეომ აუცილებლად უნდა ხატოსო, ვახუშტი უბედნიერესი იყო. ფილმის მერე უცებ მხატვრობაში გადავერთე. ვახუშტიმ გააღრმავა ჩემი თითქოს მიძინებული სიყვარული ლიტერატურისა და სიტყვიერებისკენ და ასპირანტურა ლიტერატურის განხრით დავამთავრე. ამიტომ ვამბობ, რომ ჩემი ყველა უნარისა და სიყვარულის გაღვივება ვახუშტის დამსახურებაა...

ვახუშტის გარდაცვალებიდან 5-6 წლის შემდეგ, როდესაც პირქუშმა, ტრაგიკულმა პერიოდმა გადაიარა, მარტო ყოფნაც ძალიან გამიძნელდა. როცა ვგლოვობდი, თითქოს ამ სიმარტოვეს სულაც ვერ ვგრძნობდი, მაგრამ მერე... ვიფიქრე, იქნებ კიდევ შეიძლებოდა, ვიღაც გაჩენილიყო ჩემს ცხოვრებაში და მართლაც ვიღაცას შევხვდი, მაგრამ... ყველაფერი აბსურდი აღმოჩნდა, ძალიან წარუმატებელი იდეა... თითქოს ექსპერიმენტი ჩავატარე, ვცადე და სისულელე გამოვიდა... და დავცილდი... არ შეიძლება, ადამიანი გვერდით გყავდეს და მასზე არ ფიქრობდე. ამით მასაც შეურაცხყოფას აყენებ. ძალიან გავბრაზდი საკუთარ თავზე, რადგან, თითქოს, თავი დავიპატიმრე, თითქოს უძვირფასესი რამ მოვიკელი - ვახუშტიზე ფიქრი, მასზე ლაპარაკი, მისი ნაწერების მიხედვა, მისი ლექსები, საღამოები... კინაღამ გადავირიე... საკუთარ თავზე გავბრაზდი, თვითნებურ ტყვეობაში რატომ უნდა ვყოფილიყავი?! საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ვერავინ იქნება იმიტომ, რომ ვინც უნდა გაჩნდეს, ის ყოველთვის მეასეხარისხოვან ადამიანად იქცევა... ვახუშტი კი მუდამ ვახუშტია, მას ნიავიც ვერ ეხება. ახლა მეცინება, ალბათ ვახუშტი მისმენს და რამდენ რამეს მეტყოდა - ზოგს ხუმრობით, ზოგს გულისტკივილით...

- მაინც როგორ ფიქრობთ: ვახუშტი არ გიშვებთ თუ თქვენ ვერ თმობთ?
- მე ვერ ვთმობ, თორემ ვახუშტი ყოველთვის მეუბნებოდა, თავი არ შეიზღუდო, არ მინდა, მე ვიყო ამკრძალველი, საშიში არსება. ჩვენი ურთიერთობები იმ დოზით და იმ დონეზე მინდა, ვიდრე შენ შენი სურვილით იქნები ჩემთანო. პრინციპში, მე ვახუშტი მათავისუფლებდა, არასდროს მზღუდავდა... ამას ძალიან ბევრი ადამიანი ისმენდა და ხედავდა. მთელმა ჩვენმა სამეგობრომ და იმ წრემ, ვისთანაც გვიწევდა ცხოვრება, ძალიან კარგად იცოდა, რომ ჩემი სურვილი იყო მასთან ყოფნა. აბა, როგორ შემეძლო, ის მიმეტოვებინა, აბა, მასთან საუბრის გარეშე როგორ უნდა გასულიყო დღე, არ მცოდნოდა, როგორ არის? იცით, რა? ცოლქმრობაში ზოგი რას მოიაზრებს, ზოგი - რას. მე, მაგალითად, მიმაჩნია, რომ ჩვენი ურთიერთობა იყო ათასჯერ უფრო დიდი. როგორც დედასა და შვილს ვერასდროს გაყრი, ასეთი ღრმა იყო ჩვენი განცდები. ჩვენ ძალიან გულგახსნილები ვიყავით ერთმანეთთან და ეს ძალიან გვაერთიანებდა. ვახუშტის ბევრი ტკივილი ჰქონდა და თავისი ტკივილებით სავსე, ნიჭით, წარმატებებითა თუ წარუმატებლობებით, სიყვარულით, სიხარულითა თუ პოეზიით სავსე სამყარო მე "ჩამაბარა". ის ჩემთან ისეთი იყო, როგორიც - საკუთარ თავთან. ამიტომ, როგორც თვითონ ამბობდა, მე მისთვის მხოლოდ ცოლი არ ვიყავი, არამედ ვიყავი მისი დედაც, მამაც, გამზრდელი დაც - ლეილა, ქალიშვილიც... არ მეგულება ამ ქვეყნად რაიმე ან ვინმე, ვინც სამყაროს ასე შემივსებდა. ვახუშტი იმასაც მეუბნებოდა, დღეს რომ მოინდომო და სხვა ცხოვრება მოიწყო, რაც უნდა გული მეტკინოს, მაინც დავმშვიდდები, რადგან რაღაცნაირად თავს დამნაშავედაც ვგრძნობ, ჩვენი ასაკის შეუთავსებლობის გამო, ვაითუ, შენ მსხვერპლი ხარ. არ მინდა ამგვარ როლში ყოფნაო და ყოველთვის ვამშვიდებდი, მართლაც რომ ყოფილიყო რაღაც ჩემს ცხოვრებაში, მე მას ერთი წუთით ვერ დავკარგავდი... და ვერც ვერასდროს დავკარგავ... ამიტომ ვერც ვტოვებ, აღარც არაფერს ვეძებ...

- და მაინც, რას გეტყოდათ დღეს ბატონი ვახუშტი, რას გკარნახობთ გუმანი?
- ალბათ გაიცინებდა ვახუშტი და მეტყოდა - დარწმუნდი, არა? შე საწყალო, შენა, ვინ დაგწყევლა, ამ ვახუშტის მიაჩერდი მთელი სიცოცხლეო? და აუცილებლად მომეფერებოდა: ნუ, გეშინია, მზეო, მე სულ შენთან ვარო! უკანასკნელი 10 წელიწადის განმავლობაში ვახუშტი მძიმე ავადმყოფი იყო და ერთი წუთით არ დამზარებია მისი მოვლა. ამაზე მნიშვნელოვანი საქმე და მასზე მნიშვნელოვანი ადამიანი ჩემთვის არ არსებობდა. ხომ შეიძლებოდა, ეცოცხლა და თუნდაც ასე ყოფილიყო. ხომ კიდევ მოვუვლიდი და გვერდით მეყოლებოდა... ამისთვის ძალიან მადლობელი ვიქნებოდი განგების... რა არის ჩვენს ეპოქაში 85 წელიწადს სიცოცხლე? ჩვენ ყველაფერს გადავლახავდით, ყველა პრობლემას. ვახუშტი ხომ ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი იყო და... ჩემი ალტერ ეგო. ჩანს, ვახუშტიმ ყოველთვის იცოდა, რომ კონკურენციას ვერავინ გაუწევდა! თუმცა არც არასდროს შეუზღუდავს ჩემი მომავალი, მაგრამ ის იმდენად არის ჩემში, რომ მესამეს ვეღარაფრით დავამატებ. არც ის მგონია, ვინმემ ისურვოს, მასთან ვიყო და სხვას კი ვაღმერთებდე...
გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ვახუშტიმ 55 სონეტი დაწერა. მათ შორის ერთი - ძალიან ლამაზი და სევდიანი სონეტი მე მომიძღვნა და თითქოს ამით გამოეთხოვა სიცოცხლესაც და სიყვარულსაც.

"სარკის სონეტი"
მზეოს

"სინათლის ტბაში ირეკლება ნაზი პროფილი,/ ეალერსება სავარცხელი ფაფუკ დალალებს/ და ვარცხნილობა, მერამდენედ უარყოფილი,/ ნაუცბათევად ჩამოშლილი სწუხს და ვალალებს.../ შუბლი, ღაწვები და მიმოხვრა ყელის თუ კისრის/თლილმა თითებმა საალერსოდ დაითითოვეს./ სარკე ასლების ანარეკლებს გულუხვად ისვრის,/ ხოლო თავისთვის ამ ხილვათა დედანს იტოვებს./ ქალისთვის თითქოს შედედდაო დროის დინება,/ თითქოს მან კვლავაც გაიხსენა ანცი ბალღობა./ პოზების ცვლისას იერი რომ შეეყინება, / მას იმწუთშივე ლბილ ღიმილად უწევს გალღობა./ და აი, უცებ მამაკაცის ბანმა მოჰბერა:/ – ჩქარა, ძვირფასო, თორემ უკვე მორჩა ოპერა!"

(სპეციალურად საიტისთვის)


ირაკლი
10 აგვისტო 2020 11:27
რამდენჯერმე გამოვგზავნე ვრცელი, აუცილებელი კომენტარი, რომელიც მოიცავს ქ-ნ. მზეოს მამის, აწ გსნსვენებული ბრწყინვალე ლიტერატურათმცოდნის და პედაგოგის, ნიკო გოგოჭურის შესახებ მეტად საინტერესო და აუცილებელ ინფორმავიას, გთხოვთ დაბვეხმაროთ კომენტარის გამოქვეყნებაში
ირაკლი
10 აგვისტო 2020 11:21
იცოცხლეთ, ქალბატონო მზეო, თქვენი ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ უკმარისობის განცდა დამეუფლა, მართალია თქვენ დიდი ვახუშტი კოტეტიდვილის მეუღლე ბრძანდებით, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ თქვენ აგრეთვე დიდი ქართველი ლიტერატურათმცოდნის ნიკო გოგოჭურის შვილი ხართ, მისი მრავლისმეტყველი ლექციების წყალობით, ჩემი თაობის ბევრმა წარმომადგენელმა საფუძვლიანი ფილოლოგიური განსწავლა მიიღო, იგი ბრძანდებოდა უნიკალური მონოგრაფიების ავტორი, სიციცხლია ბოლო წლებში მან მან შექმნა ფუნდამენტური ნაშრომი ტექსტოლოგიაში, დამწუხაროდ ეს ყველაფერი გამოუქვეყნებელია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნიკო გოგოჭური
მ.ნ.
07 აგვისტო 2020 20:58
დიდებულია ვახუშტი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები