მოტყუებული მომხმარებელი - კვირის პალიტრა

მოტყუებული მომხმარებელი

"მცენარეული ცხიმი ჯანმრთელობისთვის სახიფათო არ არის, მაგრამ როდესაც ადამიანი რძის ნაწარმს ყიდულობს, ის ელოდება, რომ პროდუქტში იქნება შესაბამისი საკვები ნივთიერებები, მაგალითად კალციუმი, მცენარეულ ცხიმში კი ასეთი ნივთიერებები არ არის"

მომხმარებელი.გე-ს ინიციატივით შეისყიდეს საქართველოში და საზღვარგარეთ წარმოებული 40 დასახელების პროდუქტი, მათ შორის იმ მეწარმეთა, რომელთა პროდუქციის შემოწმებისას 2020 წლის იანვარსა და 2019 წლის დეკემბერში მცენარეული ცხიმები აღმოჩნდა. რა სურათი გამოიკვეთა ლაბორატორიული კვლევის შედეგად, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელს, ვახტანგ კობალაძეს ვესაუბრეთ:

- 40 დასახელების რძის ნაწარმი შევიძინეთ და მცენარეული ცხიმის შემცველობაზე შევამოწმეთ. ექვსში აღმოჩნდა მცენარეული ცხიმი.

თუ პროდუქცია იყიდება რძის ნაწარმის სახელწოდებით, მასში მცენარეული ცხიმი არ უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი პროდუქტი რძის ნაწარმად არ ითვლება.

- არც ყველი შეიძლება ერქვას პროდუქტს, თუ ნედლი რძისგან არ არის დამზადებული.

- ნატურალური რძის ნაწარმი მხოლოდ ნედლი რძისგან მზადდება, თუმცა ზოგი ფხვნილისგან ამზადებს, მაგრამ მათში მცენარეული ცხიმი არ უნდა იყოს...

მცენარეული ცხიმი ჯანმრთელობისთვის სახიფათო არ არის, მაგრამ როდესაც ადამიანი რძის ნაწარმს ყიდულობს, ის ელოდება, რომ პროდუქტში იქნება შესაბამისი საკვები ნივთიერებები, მაგალითად კალციუმი, მცენარეულ ცხიმში კი ასეთი ნივთიერებები არ არის.

- მაშასადამე, მომხმარებელს ატყუებენ, მცენარეული ცხიმისგან დამზადებულ იაფფასიან პროდუქტში რძის პროდუქტის ფასს ახდევინებენ, ეტიკეტი კი ამის შესახებ არაფერს ამბობს. - კი ბატონო. ამის თაობაზე ჩვენს გვერდზე ყოველთვის საჯაროდ ვაქვეყნებთ ინფორმაციას. ასევე ვწერთ მაღაზიებს, მეწარმეებს და სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც ჩვენ მიერ აღმოჩენილი ექვსი პროდუქტიდან ოთხის ნიმუშის აღება მოახერხა და ოთხივეში იდენტური პასუხი მიიღო, ერთის მწარმოებელი ვერ მოძებნა, ერთი პროდუქტი კი ბაზარზე ვერ იპოვეს და მწარმოებლისგან აიღეს ნიმუში, რომლის პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია.

- რა რეაგირება მოჰყვება ამ ყველაფერს. - სააგენტომ დაავალა მეწარმეებს, ქსელიდან ამოეღოთ პროდუქცია და დააჯარიმა ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის.

- ჯარიმის ოდენობა დიდია? - წლებია, რაც ვამბობთ, რომ სისტემა შესაცვლელია, თუმცა ხელისუფლება ამას არ სთანხმდება.

ვისაც 200 ათასამდე აქვს წლიური ბრუნვა, ეტიკეტირების წესების დარღვევისთვის 200 ლარით ჯარიმდება, 200 ათასზე მეტი ბრუნვის შემთხვევაში კი - 400 ლარით. ერთი წლის განმავლობაში ეტიკეტირების წესების განმეორებით დარღვევისთვის ჯარიმა 600 ლარია.

მნიშვნელოვანია, რომ ამ მეწარმეებს შესაბამისი პარტიების ბაზრიდან ამოღება დაევალათ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

ჩემი აზრით, ჯარიმებზე ეფექტიანი იქნებოდა საჯაროობა, ანუ თუკი სურსათის სააგენტო სისტემატურად გაავრცელებდა ინფორმაციას აღმოჩენილი დარღვევების შესახებ (რასაც, სამწუხაროდ, არ აკეთებს) და ბიზნესოპერატორებს ეცოდინებათ, რომ მათი დარღვევები აუცილებლად გახმაურდება, მათთვის ხომ მთავარი პრესტიჟი და მომხმარებლის ნდობაა.

ჯერ კიდევ 2012-13 წლებში ჩვენ მცენარეული ცხიმი ბევრ რძის პროდუქტში აღმოვაჩინეთ. ამის შემდეგ შევიმუშავეთ პეტიცია, რომელსაც 2500-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი და სახელმწიფოს ამ პრობლემის მოგვარება მოვთხოვეთ. სწორედ ამის შემდეგ მიიღეს ტენიკური რეგლამენტი და კონტროლი სურსათის სააგენტოს დაევალა.

- კონტროლი რას ითვალისწინებს?

- პერიოდულად ნიმუშების აღებას, შემოწმებას და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში რეაგირებას.

სურსათის სააგენტო აცხადებს, რომ მისთვის პრიორიტეტულია სურსათის უვნებლობა და არა - შემცველობის კონტროლი.

- ესე იგი, შემცველობაზე სხვა ორგანომ უნდა იზრუნოს? - სხვა ორგანიზაცია საჭირო არ არის, სააგენტოსაც შეუძლია დამატებითი რესურსი გამოყოს.

თავს იჩენს ორი სისტემური ხასიათის პრობლემა. პირველი - ჯარიმები არაადეკვატურია და მეორე - მიღებული ინფორმაცია არ ხმაურდება. ეს საკითხები რომ მოგვარებული იყოს, დარწმუნებული ვარ, მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, სახელისუფლებო დონეზე საკითხი ასე არ დგას.

- საკოლმეურნეო ბაზრებს თუ ამოწმებთ? - ბაზრებსაც ვამოწმებთ, მაგრამ რთულია, მით უფრო მაშინ, როცა პროდუქცია, რომელიც იქ იყიდება, ეტიკეტირებული არ არის. ჩვენი აღებული ნიმუშების 90% ეტიკეტირებული პროდუქციისაა.

როდესაც პროდუქტი არაეტიკეტირებულია, იქ გამყიდველს მცენარეული ცხიმის შემცველი პროდუქტის გასაღების მეტი შესაძლებლობა აქვს, ან შეიძლება თვითონაც არ იცოდეს, როგორ პროდუქტს ყიდის და ვინ არის მწარმოებელი.

ნებისმიერი პროდუქტის მწარმოებლის მიკვლევა უნდა შეგვეძლოს, დღეს კი ეს ძალიან ჭირს. ხშირად სურსათის სააგენტოსაც უჭირს მწარმოებლების დადგენა.

- გამოდის, რომ მომხმარებელი იძენს პროდუქტს და არ იცის, რას... - როდესაც პროდუქტი ეტიკეტირებული არ არის, რისკი გაცილებით დიდია.

- ხორცპროდუქტების შემოწმებას არ გეგმავთ?

- ჯერჯერობით ხორცპროდუქტებთან დაკავშირებით მოთხოვნა არ არსებობს.

- ის მაინც თუ არის დადგენილი, მაგალითად, ძეხვი რამდენ პროცენტ ხორცს უნდა შეიცავდეს, ან სოსისი - რამდენს? - ბევრ ქვეყანაში დადგენილია, მაგრამ ჩვენთან - არა. ამიტომ მომხმარებელს ვურჩევდი, ეტიკეტი წაიკითხოს. მასზე ბევრი რამ წერია.

- შეიძლება ხორცპროდუქტში ხორცის შემცველობა 1% იყოს და ერქვას სოსისი ან ძეხვი? - შეიძლება ისე ერქვას სახელი, რომ ხორცს საერთოდ არ შეიცავდეს. ზუსტად ასევე იყო რძის ნაწარმშიც, სანამ კანონს მიიღებდნენ, რომელიც 2015 წლიდან ამოქმედდა.

- ხორცპროდუქტების შესახებ კანონის მიღება მომავალში მაინც არ იგეგმება? - ასეთი ინფორმაცია ჩემთვის ცნობილი არ არის.