მძიმე ფურცლები ქართველ ემიგრანტთა ცხოვრებიდან - კვირის პალიტრა

მძიმე ფურცლები ქართველ ემიგრანტთა ცხოვრებიდან

"ნიცაში უცნობი სასაფლაო ახლახან აღმოვაჩინე, როდესაც შინ სხვა გზით ვბრუნდებოდი. უცებ ძველი სასაფლაო შევნიშნე, მანქანა გავაჩერე და შევედი - თეთრგვარდიელი ოფიცრების სასაფლაო აღმოჩნდა. 11 ქართული საფლავია და მათ შორის ოთხი ქალის, წერეთლების არის, მიტოვებული და მოუვლელი..."

შუა აზიაში გადასახლებაში დაბადებული ქართველი ექიმისა და ფრანგი ქალის ერთადერთ შვილს საბჭოეთში ალმაცერად უყურებდნენ. ეს არის ამბავი იმაზე, თუ როგორ იქცა ემიგრაციული ძირების გამო შევიწროებული გოგონა მარინა ცხონდია თავისუფალ ევროპელ მარინა-მარია აქსელად. დღეს ის ნიცაში ცხოვრობს და სამშობლოსთვის ყველაფერს აკეთებს.

ემიგრაციიდან - ჯოჯოხეთში

- დღეს ვერავის გააკვირვებ რეპრესირებულ მშობლებზე მოგონებით. თუმცა ჩემი ოჯახის რეპრესიაში ის მძიმე ფურცლებია, რომელთა შესახებ თითქმის არავინ იცის...

1948 წელს ბათუმში გემით საფრანგეთიდან 81 ქართველი ემიგრანტი ჩამოვიდა, სადაც დედაჩემი - ფრანგი ფრანსინ ვოლშ ჯორბენაძე და ბაბუაჩემი ალექს ჯორბენაძე იყვნენ.

- საბჭოთა ხელისუფლებამ ემიგრანტებს საქართველოში დაბრუნების უფლება როგორ მისცა?

- ლავრენტი ბერიამ უბრძანა საფრანგეთში საბჭოთა საელჩოს, რომ ქართველი ემიგრანტები საქართველოში დაბრუნების საიმედოობაში დაერწმუნებინა, რაც ნოე ჟორდანიამ იკისრა, ემიგრანტებს კი სამშობლოში დასა\ბრუნებლად დიდძალი ფული უნდა გადაეხადათ. რასაკვირველია, ეს ქართული ემიგრაციისგან ფულის ამოღების ხერხი იყო... მათი სახელები, ვისაც ამ საქმეში ხელი ჰქონდა გასვრილი, ემიგრაციაში დღესაც კარგად იციან. ესენი იყვნენ საბჭოთა საელჩოდან მოგზავნილი ხალხი: ილია თავაძე, დავით მატარაძე და მისი მეუღლე ვარდო მაქსიმელაშვილი. ემიგრანტებმა 2 მილიონი ფრანკი გადაიხადეს. წარმოგიდგენიათ, ეს რამხელა თანხა იყო?! ცოტა ხანში კი მარსელიდან გემით საქართველოში 81 კაცი გამოემგზავრა...

ალექსი ჯორბენაძე მეუღლესთან კატრინთან და შვილ ფრანსინთან ერთად

ჩიბათელი აზნაური, ბაბუაჩემი ალექსი ჯორბენაძე პარიზში ქართულ კინოს უწევდა პოპულარიზაციას და გასაბჭოების შემდგომ საქართველოში ვეღარ დაბრუნდა. მერე პარიზში ირლანდიელ კატრინ ვოლშზე დაქორწინდა და ასე გაჩნდა დედაჩემი, ფრანსინი...

ბაბუაჩემმა ლამის მთელი ცხოვრების ნაშრომი თანხა გადაიხადა და ცოლ-შვილი საქართველოში წამოიყვანა - უნდოდა მათთვის სამშობლო ეჩვენებინა, რომელიც სამოთხედ მიაჩნდა, მაგრამ სამოთხის ნაცვლად, სამი წლის შემდეგ ჯოჯოხეთში ამოყო თავი - 1951 წელს ემიგრანტებიც პირუტყვის გადასაყვან ვაგონებში შეყარეს და ყაზახეთში გადაასახლეს. დედა მაშინ 18 წლის იყო და ახლაც, 97 წლისას ეს ამბავი კოშმარად ახსენდება. იმ ვაგონებში ჯოჯოხეთი ტრიალებდა. დედა ამბობს, მხოლოდ ჩემს ვაგონში, ორმა ემიგრანტმა თავადის ქალმა გზაშივე ჩამოიხრჩო თავიო, დედაჩემი კი, ალბათ, ძლიერი ხასიათის გამო გადარჩა. თან რუსულ-ფრანგულ-ქართული ლექსიკონი ჰქონია და ამის შემხედვარე ჯალათებმა ჩასვლისთანავე ბუღალტრად დანიშნეს... იმ ჯოჯოხეთში ერთადერთი ბედნიერება ყაზახეთში გადასახლებული მამაჩემის გაცნობა და ჩემი დაბადება აღმოჩნდა...

"მამა მხოლოდ იმიტომ გადაასახლეს, რომ ბაბუაჩემი ამერიკაში იყო გადახვეწილი"

- ეს არანაკლებ ტრაგიკული ამბავია. მამაჩემი სოფელ ხიბულიდან ამერიკაში გადახვეწილი მამის, ექიმ დიმო ცხონდიას გამო არ დაინდეს და ყაზახეთში დედასა და მოხუც ბებიასთან ერთად გადაასახლეს. დიმო 1924 წლის აჯანყების მონაწილე იყო. ორი წლის წინ ვნახე საქართველოს კგბ-ს არქივში დოკუმენტები და თმა ყალყზე დამიდგა: თავად ბერიას ჰქონდა ხელი მოწერილი მის დახვრეტაზე. ეწერა, ექიმი დიმო ცხონდია თურქეთის, ამერიკისა და საფრანგეთის ჯაშუშიაო. დიმო დახვრეტას მამამისის წყალობით გადაურჩა - აზნაურმა შირიმი ცხონდიამ, რომელსაც უფროსი შვილი უკვე დახვრეტილი ჰყავდა, დიდძალი ფული გადაიხადა დიმოს თურქეთში გასაპარებლად, საიდანაც ის ჯერ საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში მსახურობდა ექიმად (რისთვისაც დე გოლის მადლობა მიიღო), მერე ამერიკაში მოხვდა... დიმოს ემიგრაციაში დაბადებული მეორე ვაჟი, მამაჩემის ძმა, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ვლადიმერ ცხონდია იყო. სწორედ მისი გამოგონილია პრეპარატი "ნოოტროპინი"...

მამაჩემის გადასახლებაში ერთი სულისშემძვრელი ამბავიც არის - ჩემს დიდ ბებიას, ნადიკო ჯიშკარიანს, ხიბულიდან ერთი მუჭა მიწა წაუღია, მე ვერ დავბრუნდები და საფლავზე დამაყარონო. ნადია მართლაც ყაზახეთში გარდაიცვალა. ჩვენ კი წლების შემდგომ საქართველოში დავბრუნდით.

- დედას, როგორც უცხოელს, ალბათ, პრობლემები ექნებოდა. - რა თქმა უნდა, მით უფრო, რომ ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. დედა მეუბნებოდა, გავბედე და ცეკაში ნინა ჟვანიასთან შევედი სამსახურის სათხოვნელადო. მან კი დედას სამსახურიც უშოვა და ბინაც მისცა. ამასობაში ჩემი ირლანდიელი ბებიაც გამოჩნდა. თურმე წლების განმავლობაში ეძებდა დედას, საბჭოთა საელჩოში კი ეუბნებოდნენ, უგზო-უკვლოდ დაიკარგაო. სხვას რას ეტყოდნენ, საბჭოეთში დედას ხომ სახელიც გამოუცვალეს - ეფროსინე ჯიშკარიანი დაარქვეს. სწორედ ამ სახელით კითხულობდა ლექციებს უნივერსიტეტში.

1975 წელს ამერიკიდან ბაბუაჩემი, დიმო ცხონდია და ბიძაჩემი ვლადიმერი ჩამოვიდნენ საქართველოში - ვლადიმერის ცოდნა საბჭოთა მედიცინისთვის საჭირო აღმოჩნდა. სწორედ მისი დახმარებით ვიშოვე სამსახური, რაშიც ისევ ნინა ჟვანიას ოჯახი დამეხმარა. ვიყავი პირველი ფსიქოლოგი, რომელსაც საბჭოთა კავშირში პირველი კაბინეტი გაუხსნეს. შემდეგ სამუშაოდ მოსკოვში გადავედი და ჩემი ერთადერთი ვაჟი დედას დავუტოვე.

26 წლით უფროსი მეუღლე და შეხვედრა ირლანდიელ ბებოსთან

ჩემი მომავალი მეუღლე ნავთობის მილების მწარმოებელი შვედური ფირმის პრეზიდენტი ულოფ აქსელი მოსკოვში გავიცანი. ამ კომპანიაში თარჯიმნად მიმიწვიეს. აქსელმა, ჩემზე 26 წლით უფროსმა კაცმა, მოულოდნელად ხელი მთხოვა. ვუთხარი, საქართველოში ასეთი ქორწინება არ არის მიღებული-მეთქი. რა გავაკეთო, რომ ეს "ნაკლი" გამოვასწოროო. არც დავფიქრებულვარ, ისე ვუთხარი, საფრანგეთში წასვლა მომიგვარე დედაჩემის დედასთან, რომელმაც 18 მოწვევა გამომიგზავნა და არ მიშვებენ-მეთქი.

არ მჯეროდა, თუ ამას მოახერხებდა, მაგრამ მალე პასპორტიც გამიკეთა, რაც მაშინ ძალიან ძნელი იყო - გადასახლებაში დაბადებულ ბავშვებს არქივში არ აღრიცხავდნენ.

ასე წავედი ჩემს 97 წლის ირლანდიელ ბებიასთან, რომელსაც მეხსიერება უკვე დაქვეითებული ჰქონდა და დედაჩემი ვეგონე. ბებია ჩემი იქ ყოფნის დროს გარდაიცვალა. მე მისი ნაანდერძევი ქონება ირლანდიის კათოლიკურ ეკლესიას გადავეცი. მეორე დღეს ადგილობრივ პრესაში ჩემი და ბებოს ფოტო გამოქვეყნდა და ირლანდიის მოქალაქეობაც შემომთავაზეს. თავზარი დამეცა, ვიფიქრე, ამისთვის თბილისიდან შვილსა და დედას გადამისახლებენ-მეთქი, მაგრამ გადავრჩი!

სხვათა შორის, დედაჩემმა ულოფი დაიწუნა, ასაკოვანიაო, სამაგიეროდ, მეგობრებმა მომიწონეს. ულამაზესი კაცი იყო. მან ყველაფერი გააკეთა ჩემი სიყვარულისთვის, გაუკვალა გზა ჩემს შვილსაც. მან მისცა დედაჩემს მშვიდი სიბერე.

ფრანსინ ვოლშ ჯორბენაძე

ჩვენ 32 წელიწადს ვიცხოვრეთ ერთად. როდესაც მძიმედ დაავადდა, მე ქართული ემიგრაციის ხელმძღვანელი ვიყავი შვედეთში, სადაც ქართველი ექიმი მამუკა გიორგაძე გამაცნეს. მას ვთხოვე, ულოფი ეცოცხლებინა და მართლაც 5 წლის განმავლობაში ბევრჯერ გამოჰგლიჯა ხელიდან სიკვდილს.

ერთ დღესაც ულოფმა მითხრა: მარინა, ვიცი, რომ მამუკას ოჯახი არა ჰყავს, ისიც ვიცი, რომ შენ მიმართ გულგრილი არ არის. ანდერძად გიბარებ, მარტო არ დარჩე და მას მისთხოვდეო.

- რას ამბობთ?

- კი, ასე იყო. ასე რომ, 6 წლის წინ მამუკას მის მშობლებთან შეთანხმებით გავყევი ცოლად და ვფიქრობ, ჰარმონიული ოჯახი გვაქვს.

ქართველ არისტოკრატთა მიტოვებული საფლავები

- ნიცაში უცნობი სასაფლაო ახლახან აღმოვაჩინე, როდესაც შინ სხვა გზით ვბრუნდებოდი. უცებ ძველი სასაფლაო შევნიშნე, მანქანა გავაჩერე და შევედი - თეთრგვარდიელი ოფიცრების სასაფლაო აღმოჩნდა. 11 ქართული საფლავია და მათ შორის ოთხი ქალის, წერეთლების არის, მიტოვებული და მოუვლელი. ამან სული შემიძრა, გარდაცვლილი მეგობარი მყავს, კარდიოლოგი მზია წერეთელი. ამ საფლავებს მისი და საქართველოს სახელით ვუვლი. ცოდვაა საფლავი, მარტო, უცხო ქვეყანაში, როგორც ცოდვაა მამაჩემის საფლავი სოხუმში.