"ვისაც სჯერა, რომ შვილმკვდარი მშობლის რაიმეთი გამხნევება შესაძლებელია, უნდა ვუსურვო, რომ თავად არასოდეს გამხდარიყოს ასეთი ტკივილის მტვირთველი"
"ვისაც სჯერა, რომ შვილმკვდარი მშობლის რაიმეთი გამხნევება შესაძლებელია, უნდა ვუსურვო, რომ თავად არასოდეს გამხდარიყოს ასეთი ტკივილის მტვირთველი"
"იმედი გაუცრუვდება ყველას, ვინც ქართველი ერი მომაკვდავი ერების სიაში შეიტანა. ასეთ თემებზე საუბარს რაც ნაკლებ ყურადღებას დავუთმობთ და დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებაზე ვიზრუნებთ, მით მეტ საშუალებას მივცემთ უფალს, რომ დამოუკიდებლად, ვინმეს ჩაურევლად გადაწყვიტოს ჩვენი ყოფნა-არყოფნის საკითხი"

ტარიელ ხარხელაურის პოეზია ერთდროულად მსუბუქიც არის და ღრმაც, ომახიანიც და სევდიანიც, მის ლექსებს ქართული მიწის და ძველი ციხე-კოშკების სურნელი ასდის. ალბათ, ამიტომ უწოდებენ ტარიელ ხარხელაურს "მიწისა და ლექსის კაცს", ადამიანს, რომელსაც ყველა უყვარს და რომელიც
ყველას უყვარს. შესაძლოა ბევრმა არც იცის, რომ დიდი პოეტი გულით უდიდეს ტკივილს ატარებს: ვაჟიშვილის - ბექა ხარხელაურის დაღუპვა მისი ცხოვრების მთავარ ტრაგედიად იქცა!

- თბილისიდან მოშო­რებით ცხოვრობთ. როგორ შეაფასებთ აქაურ­ ყოფას
და საქართველოს მდგომარეობას ახლა, 21-ე საუკუნეში?

- არა მგონია, გადამწყვეტი მნიშვნელ­ობა ჰქონდეს, სად ვცხოვრობთ და არც ჩემს შეფასებას შეუძლია ზეგავლენის მოხდენა ჩვენს ყოფასა და ცხოვრებაზე. მთავარია, რა მიგაჩნია შენი ცხოვრების წესად.


მივეჩვიეთ, თუ რაიმე არ გამოგვივიდა ისე, როგორც გვინდოდა, მაშინვე ვიწყებთ განტევების ვაცის ძებნას, რათა ყველაფერი სხვას გადავაბრალოთ.
ჯერ საკუთარ ამბიციებს უნდა მოვერიოთ, ჩვენი შესაძლებლობები ავწონოთ და სამშობლო კი არ მოვარგოთ ჩვენს ინტერესებს, ჩვენ უნდა დავუგდოთ ქვეყნის მაჯისცემას ყური და სადაც სისუსტეს ვიგრძნობთ, იქ შევეშველოთ. სხვანაირად არც საწუწუნო­ დაგველევა და არც გასამართლებელი მიზ­ეზების ძებნა მოგვბეზრდება. სამწუხაროდ, საზოგადოება ისევ ძველ, შეჩვეულ ადგილს ტკეპნის და დროსაც დიდი მანძილით ჩამორჩება.

- ბოლო თვეებში ქართველი საზოგადოება­ არაერთი შემზარავი ფაქტის მოწმე გახდა,­ მკვლელობა და ძალადობა თითქოს ჩვენი ცხოვრების თანამგზავრი გახდა... ხალხს გიორგი შაქარაშვილის ამბავი არ ჰქონდა მოშუშებული, რომ მას მეორე ტრაგედია მოჰყვა: სიცოცხლით სავსე გოგონა საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.­ რა ხდება ჩვენს თავს, რატომ ვკარგავთ საუკეთესო ახალგაზრდებს?
- ეს ყველაზე მტკივნეული კითხვაა და მუდმივი საგანი ფიქრისთვის. ისეთ ამღვრეულ დროსა და პოლიტიკურ ქაოსში ვცხოვრობთ, მარტო სამშობლო კი არა, ერთმანეთიც დავკარგეთ, რწმენა­ დავკარგეთ, ეკლესია გავაქრეთ სკოლებიდან... ჩვენ შორის სამოციქულოდ სიძულვილის ენა ავირჩიეთ და განა ვინმეს გვქონდა განსხვავებული შედეგის მოლოდინი?!

ჩემთვის ერთნაირად მტკივნეულია თით­ოე­ული ახალგაზრდის გარდაცვალება! მე ვიცი, როგორია ეს ტკივილი, მაგრამ ეს ტრაგედია მხოლოდ ჩვენი ცხოვრების თანამგზავრი არ არის, ის მსოფლიო წესრიგის განუყოფელი ნაწილია.

თუ რაიმე ბრალი მაინც მიუძღვის საზოგადოებას, უპირველესად, პას­უხისმგებლობისგან თავის არიდებაა, რადგან ასეთი ტრაგედიები მხოლოდ ცალკეული ოჯახების ტრაგედია გვგონია და არა მთელი ქვეყნისა.

- როგორ ფიქრობთ, სად, როგორ გარემოში ყალიბდებიან მოძალადეები?
- სამწუხაროდ, აქაც მიზეზს ვეძებთ! განა კაცობრიობის დასაბამიდან რომელიმე საზოგადოებას ასეთი განსაცდელისგან თავი დაუღწევია? განა ხარკი საკუთარი სიცოცხლით არ გაუღია?! ჩემი ნაფიქრი ვერაფერს უშველის, რადგან ახლაც ცალ-ცალკე ვფიქრობთ... ვერც ეს დიდი ტრაგ­ედიები გვიქცევია საზოგადოების ერთიან ფიქრად, ერთიან ტკივილად და მხოლოდ ერთი რამით ვიმშვიდებთ თავს: ეს ჯერ მე არ შემხებია... თავს უფრო იმედიანად ვიგრძნობდი, რომ ამ ტკივილის მტვირთველი ბოლო მშობელი ვყოფილიყავი მთელ მსოფლიოში! ვისაც სჯერა, რომ შვილმკვდარი მშობლის რაიმეთი გამხნევება შესაძლებელია, უნდა ვუსურვო, რომ თავად არასოდეს გამხდარიყოს ასეთი ტკივილის მტვირთველი. ყველა გულმოკლულ მშობელს ვეტყოდი, რომ უფრო მეტი სიკეთით იცხოვროს წუთისოფელში ამ მოუშუშებელი ტკივილის ყველასთვის შესახსენებლად.

- როგორ აირეკლება ეს ამბები თქვენს ლექსებზე, ან როგორ ახერხებთ ამდენი ნეგატივის ასხლეტას და პოეზიისთვის მოცლას?
- მე ყოველთვის თავს ვარიდებ ომახიან განცხადებებს, მაგრამ ვინც ჩემს პოეზიას თვალს ადევნებს, კარგად იცის, რომ არასოდეს ამირიდებია თავი იმ მოვლენათა შეფასებისთვის, რაც ჩემს ქვეყანაში ხდებოდა. ხშირად თითქოს დროსაც უსწრებდა ჩემი ლექსით გადმოცემული­ ნააზრევი. ბევრჯერ ინტუიციით მიგრძნია შემდგომში მოსახდენი, რასაც ფაქტები ადასტურებს. თუმცა ეს დამანგრევლად მოქმედებს ჩემს სულიერ სამყაროზე. მიუხედავად ყველაფრისა, იმ შემოქმედისა ნამდვილად არ მწამს, ვისაც ლექსის წერა მოცალეობის ჟამს საჩხირკედელაო საქმედ ეჩვენება.

- ცნობილია, რომ ქართველი ერი მომაკვდავი ერების სიაში შეიყვანეს. რამ უნდა გვიშველოს ახლა, როცა ასეთ რთულ ვითარებაში ვართ?
- ვინ გამოუტანა საქართველოსა და ქართველ ერს ასეთი შემზარავი განაჩენი?! თვალი გადავავლოთ მსოფლიო ისტორიას... განა ცოტა იყო ჩვენზე ძლიერი ერი, რომლებიც ცივილიზაციათა განვითარებამ გადაიყოლა?! ამჯერადაც იმედი გაუცრუვდება ყველას, ვინც ქართველი ერი მომაკვდავი ერების სიაში შეიტანა. ასეთ თემებზე საუბარს რაც ნაკლებ ყურადღებას დავუთმობთ და დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებაზე ვიზრუნებთ, მით მეტ საშუალებას მივცემთ უფალს, რომ დამოუკიდებლად, ვინმეს ჩაურევლად გადაწყვიტოს ჩვენი ყოფნა-არყოფნის საკითხი.

ხათუნა ჩიგოგიძე
ზურა
14 აგვისტო 2020 13:54
ვისურვებდი რომ ბატონი ტარიელი უფრო ახლოს გააცნოთ საზოგადოებას, ეს სჭიირდება ჩვენ ხალხს მითუმეტეს ამ ძნელბედობის ჟამს

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები