"პანდემიის გამო ვშფოთავდით, რომ დამსვენებლები არ გვეყოლებოდა, მაგრამ სასწაულებიც ხდება..." - კვირის პალიტრა

"პანდემიის გამო ვშფოთავდით, რომ დამსვენებლები არ გვეყოლებოდა, მაგრამ სასწაულებიც ხდება..."

რამდენიმე დღის წინ განმუხურის სანაპიროს ვესტუმრე, საიდანაც ოკუპირებული აფხაზეთი ისე ახლოა, პროფესიონალის ფოტოაპარატით ენგურგაღმა სოფელ ოტობაიაში ქვის საჭრელი საამქროს გადაღებაც შეიძლება.

გადმოცემით, განმუხურის სახელწოდება ვინმე გამჯია ხუფენიასგან მოდის, რომელიც დიდი ხნის წინ ამ ტერიტორიაზე დასახლებულა, შემდეგ თანდათან სხვებიც შემატებიან. პირველი მოსახლის პატივსაცემად იქაურობას ჯერ "გამჯიას მუხური" უწოდეს, რადგან ძველმეგრულად "მუხური" სახლის სახურავის საყრდენს, ფუძეს ნიშნავს. დროთა განმავლობაში გამჯიის მუხურს, განმუხური ეწოდა...

აქაურების თქმით, ეს პოპულარული ტურისტული ადგილი წინა ხელისუფლებამ ჭაობზე გააშენა, გარშემო მხოლოდ ტყე იყო, ალაგ-ალაგ გუბეებში კამეჩები იყვნენ გაწოლილი და მოასფალტებული გზაც კი არ იყო. სოფელში სასმელი წყლის პრობლემა ჰქონდათ, ამიტომ გათხარეს არტეზიული ჭაც, რომელიც ზღვისპირა მოსახლეობას სასმელი წყლით ამარაგებს. განმუხური ანაკლიას ახალი საავტომობილო ხიდით უკავშირდება.

"ანაკლია-განმუხურის გზაზე ავტოავარიები ხშირია..."

ორივე სოფელში ცენტრალური გზა ზღვის სანაპიროდან ზუგდიდამდე გაიყვანეს, შეკეთდა შიდა გზებიც. მიუხედავად იმისა, ტურისტებისა და დამსვენებლების ნაკადი ყოველწლიურად მატულობდა, ანაკლია-განმუხურის გზაზე არც ერთი ე.წ. მწოლიარე პოლიციელი არ არის დამონტაჟებული. ზუგდიდიდან განმუხურისკენ სავალ გზაზე, საკურორტო ზონის ჩასახვევამდე, დგას მისი მიმანიშნებელი ბანერი, თუმცა განმუხურიდან წამოსულებს ანაკლია-ზუგდიდის ტრასაზე არავითარი ნიშანი არ შეგვხვედრია. ამიტომაც ახალბედა მძღოლები მთავარ გზამდე დამაკავშირებელ მონაკვეთს ისე სწრაფად გადიან, ტრასაზე გასულები საჭეს ვეღარ იმორჩილებენ და ან ავარიის საფრთხეს ქმნიან, ან თავად ხდებიან ავტოკატასტროფის მსხვერპლნი.

"გასულ კვირას ანაკლიის გზაზე სამი ახალგაზრდა დაიღუპა. მანქანაში ოთხნი ისხდნენ, ოთხივე 17 წლის - ტრასაზე გამოვარდნილი მანქანა გზის მეორე მხარეს ხეს შეასკდა. სამი დაიღუპა, ერთი გადარჩა...

ეს პირველი ტრაგედია არ არის და თუ ზომები არ მიიღეს, არც ბოლო იქნება. ამდენი წელია ვითხოვთ სიჩქარის ამკრძალავი და შემზღუდავი ნიშნების დაყენებას, მაგრამ საშველი ვერ დააყენეს. "ჭკვიანი კამერები" მაინც დააყენონ, რომ ასე აწყვეტილებმა არ იარონ. მაინცდამაინც აქცია უნდა გავმართოთ, რომ ყურადღება მოგვაქციონ?! ამას წინათ გზის რომელიღაც მონაკვეთს აკეთებდნენ, მაგრამ სარემონტო სამუშაოების მიმანიშნებელი აბრა არ დაუდგამთ. ეტყობა გვიან ღამით გზა ცარიელი იყო და მძღოლი დიდი მანქანით სწრაფად მოძრაობდა, გზაზე დაყრილი ხრეში ვერ შენიშნა, მანქანა ამოტრიალდა და მძღოლი დაიღუპა", - მიამბობს დათო მებონია.

ავტოავარიები უმეტესად ზაფხულში ხდება, თუმცა ტრაგედიების მომსწრე სხვა დროსაც ხდებიან.

"მექორწილეები მანქანით ასწრებენ ერთმანეთს და ხან ვის ეზოში შეცვივდებიან, ხან კი ხესა და ბოძს შეასკდებიან ხოლმე. იგივე ხდება სკოლის დამთავრების დროსაც. სასაკლაოს ვუყურებთ და საშველი არ ჩანს", - ამბობს ანაკლიელი ნანა აფხაზავა.

განმუხურში ბევრი რამ გაკეთდა: ზღვის სანაპირო, ბულვარი, სასტუმროები, მოედნები, აკვაპარკი, რომელსაც უამრავი სტუმარი ჰყავს. შესვლა ზრდასრულებისთვის 15, პატარებისთვის კი 5 ლარი ღირს. პარკში სხვა ყველაფერი უფასოა. წყალს ყოველდღე ცვლიან და აუზსაც ყოველდღე ასუფთავებენ... ავდრის მოლოდინში ზღვა ამღვრეულია და ღელავს. მაშველები ხალხს მეთვალყურეობენ, რადგან წყლიდან ამოსვლას არავინ აპირებს. აქა-იქ რამდენიმე რუსი ტურისტიც შევნიშნე. მესიამოვნა, როდესაც დDავინახე, ცელოფანის პარკში ნაგავს როგორ მოუყარეს თავი და შემდეგ მოშორებით დამონტაჟებულ ურნაში ჩაყარეს. აქაურები კი მზესუმზირას, მოხარშულ სიმინდს, ნაყინს, ლუდსა და სხვა რამეებს პირდაპირ სანაპიროზე მიირთმევენ და ნარჩენებსაც იქვე ყრიან.

განმუხური ელექტრონულ ფესტივალს უმასპინძლებს

ანაკლია-განმუხური აგვისტოში ელექტრონული მუსიკის ფესტივალს "ლისი აილენდს" უმასპინძლებს. ფესტივალის ორგანიზატორის ლაშა წურწუმიას თქმით, ფესტივალი "ეკოვეივიც" უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ რადგან უცხოელი ტურისტებისა და დიჯეების ჩამოყვანა ვერ ხერხდება, მომავალ წლამდე გადაიდო.

"ფესტივალი სამდღიანია, 21-დან 23 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება და მხოლოდ 21+ წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეები დაიშვებიან. ღონისძიება შედარებით მცირერიცხოვანია და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩატარდება", - ამბობს ლაშა წურწუმია.

აქაურები შიშობდნენ, რომ პანდემიის გამო დამსვენებლები არ ეყოლებოდათ, თუმცა ყველა სასტუმრო, საოჯახო იქნება თუ სხვა, დაკავებულია.

"ძალიან ვნერვიულობდით, რომ სეზონი ჩაგვივარდებოდა, - მოგეხსენებათ, უცხოეთიდან ტურისტი ვეღარ შემოდის, ადგილობრივი დამსვენებელიც თუ არ გვეყოლებოდა, და ამის ალბათობა დიდი იყო, რა უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ სასწაულებიც ხდება და... ჯერ აგვისტო და სექტემბრის ნახევარი წინ გვაქვს და უკვე ყველა, დიდი თუ პატარა სასტუმრო დაჯავშნილია. ვეცდებით ხარისხი მომხმარებლის საწუწუნო არ გავხადოთ, რადგან ქართველი ვიზიტიორი ბევრად პრეტენზიულია, ვიდრე უცხოელი", - ამბობს ლანა კალანდია.