"სოფლები და ადამიანები" - კვირის პალიტრა

"სოფლები და ადამიანები"

თვითონ კი არ უთქვამს, მე ვიგრძენი, რომ ეს ზაფხული გიორგი კეკელიძისთვის სხვანაირია, თან თითქოს ჩვეულიც. იცით, რითია განსხვავებული? კალამს, რომელსაც შესანიშნავად ფლობს, ფოტოობიექტივიც მიაშველა და ისე გვამოგზაურა საქართველოს კუთხეებში.

გიორგი კეკელიძე: - ჩვენ სოფელი წარმოგვიდგენია რომანტიკულ ადგილად, სადაც ბუნების სილამაზით ვტკბებით. სინამდვილეში ურთულესი გამოწვევების ადგილია, სადაც ადამიანების უმეტესობას გამკლავება უჭირს ძალიან რთულ ყოველდღიურობასთან და ეს მარტოობის განცდასაც გულისხმობს. სწორედ ამიტომ წამოვიწყე ჩემი ახალი წიგნის "სოფლები და ადამიანების" წერა. მინდა ადამიანები ვალაპარაკო და მივცე შესაძლებლობა, სატკივარი მიიტანონ მკითხველამდე. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ამ თაობის მოგონებები, რომლებიც ახლა 70-80 წლისანი არიან, არ არსებობს. ამ პერიოდის ფოლკლორისტიკა გაუქმებულია.

ფოტოებს მობილურით ვიღებ და მაქსიმალურად ვცდილობ, ის სათქმელი, რომელიც ტექსტად მაქვს, ფოტოებითაც გამოვხატო. იმდენად საინტერესო არიან ჩემს ფოტოობიექტივში მოხვედრილი ადამიანები, რომ თვითონ ამბობენ თავიანთ სათქმელს.

ბრწყინვალე გამოვიდა სპასოვკის ამბავი, სადაც ჩვენი ეკომიგრანტები ცხოვრობენ. სპასოვკა ნინოწმინდაშია. ეს ძველი დუხობორების დასახლებაა, რომელსაც სახელი არ შეუცვლია...

საოცრებაა რაჭაც, ის ჩემი საყვარელი კუთხეა, ბავშვობაში დავყავდი მშობლებს და რაჭის მაგიას მაშინ ვეზიარე. ძალიან მიყვარს რაჭველები. რაჭა მართლაც ფანტასტიკური მხარეა, ძალიან ღირსეული, მივიწყებული ადამიანებით, უდიდესი კულტურითა და ჯერაც შეუმჩნეველი ბუნებით...

ვიცნობ არაერთ ქართველს, მსოფლიოს ასამდე ქვეყანაში არიან ნამყოფი და საქართველოში კი ლიხს არ გადასცდენიან. ჩვენ ხომ ერთ-ერთი ულამაზესი ქვეყანა გვაქვს მსოფლიოში. ამას პათეტიკური პატრიოტიზმის გარეშე ვამბობ.

- ბევრ საინტერესო ადამიანს გაიცნობდით. - ამას წინათ გურიის ერთ-ერთ სოფელში ვნახე ქალი, რომელიც ოჯახის უცნაურ ტრადიციას აგრძელებს. ომის დროს მამის უგზო-უკვლოდ დაკარგვის ამბავი მიუვიდათ. მიუხედავად ამისა, დედამისი მაინც ყოველდღიურად რეცხავდა ქმრის ტანსაცმელს. ამ ტრადიციას ახლა შვილი აგრძელებს და თითქოს ეს დაუსრულებელი მოლოდინი სიცოცხლედ ყოფნას მარადიულობაში გარდასახავს. სიკვდილის არდაჯერების საინტერესო გამოხატულებაა ეს ამბავი.

ჩვენ, თითოეულ ქართველს, გვაქვს აუცილებელი პირობა იმისა, რომ ქვეყანა განვითარდეს. ეს პირობა ერთმანეთის შემჩნევას გულისხმობს. ჩვენ ხშირად ვყოფთ საზოგადოებას სოფლელებად და ქალაქელებად, ბნელ და ნათელ მხარედ, რაც აბსოლუტური უგონობაა. მხოლოდ ბუნების სანახავად და მინერალური წყლების სასმელად კი არა, შესამჩნევად და სალაპარაკოდ უნდა მივაკითხოთ ერთმანეთს. უამისოდ ქვეყანას ძალიან გაუჭირდება განვითარება.

- გადმოვიდეთ ქალაქში. ყველა ამ სიამოვნების პარალელურად ძალიან აქტიურად მუშაობთ. - სულ ახლახან ეროვნულ ბიბლიოთეკაში ემიგრაციის მუზეუმი გავხსენით. საბედნიეროდ, იშვიათად მიწევს ქალაქში ჩამოსვლა, ამ ურბანული სტრესისგან მეტ-ნაკლებად გათავისუფლებული ვარ. ქალაქგარეთ ცხოვრების ერთი სიკეთე ესეც არის.

- ცოტა ხნის წინ ჰაკერების თავდასხმის ობიექტი გახდით. - ეს დაახლოებით ორი კვირის წინ მოხდა. ეს დაადასტურა "ფეისბუკმაც" და შსს-ს კიბერუსაფრთხოების ჯგუფმაც. სწორედ მათი მუშაობის შედეგად მოხერხდა, რომ გვერდი ორდღიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ დამიბრუნდა, თუმცა ვერ მოხერხდა მასზე არსებული უდიდესი მასალის დაბრუნება, რომელიც, ცხადია, მხოლოდ მე არ მგულისხმობდა, არამედ უამრავ ქალაქს, სოფელს, ბიბლიოთეკას. საინტერესოა, რომ ეს ყველაფერი რუსული ექაუნთით გაკეთებულა.

- რითი იყავით მათთვის საინტერესო, რას ფიქრობთ?

- არის ვარაუდი, რომ შესაძლოა ეს არის მათი დასჯა, ვინც ანტიკრემლური განწყობით გამოირჩევა.

თონეთი. კარგა ხანია, თავის მოკვლა მინდა. ერთი ოცი წელია, მაგრამ დრო ვერ გამოვძებნე - გათენებიდან მზის დაბრეცამდე ვშრომობ. ჰოდა, ვერ მოვიცალე. განა ვხუმრობ, შე კაცო, რა გაცინებს? მართლა მინდა თავის მოკვლა, მარა ამ სამუშაოს რა ვუყო? მივალ თოკთანა, ვფიქრობ, აჰა, ჩამოვიკიდავ თავსა და ძროხა მომაბღავლებს, ეგ შენი კი არა, ჩემი თოკიაო. ჰოდა, ასე დავფიქრდი, რომ ცხოვრება არის შრომა და შრომა, კიდევ სიკვდილის დავიწყება არის, სიკვდილისთვის არმოცლა. თორე წინ რა უდგას? ვერაფერი.

ხომ გითხარი, გიორგი აზრუმელაშვილი ვარ, სოფელ თონეთიდან. თუ არ გითხარი?!

ნუნუ აზრუმელაშვილი ვარ. გიორგის ცოლი ვარ, მაგან რომ თავის მოკვლა დააპირა, იქამდე კიდევ ორმოცი წელია, თუ მეტი არ არის. ერთმანეთი მაყვალზე გავიცანით, მერე მოგიყვები.

რაჭას მოსმენა უნდა, მარტო ცქერა არა. რომ მოუსმენ, სხვა რამეს მიხვდები. ოღონდ ახლოს უნდა მიხვიდე, სხეულზე ყური დაადო და ისე მოუსმინო. გესმის? რაჭული გული სწრაფად ცემს. ძალიან სწრაფად. ეს სიდინჯე და ნელი სიტყვა სულ თამაშია. თვალები გასცემენ ამ თამაშს. ჩქარი და ციმციმა. რაც იქ დარდია და სიხარული, ეგ დუნე ვერ იქნება. რაჭული ჭიშკარი ისეთია, გაღებას დაგავიწყებს - დაჯდები და უყურებ. ფერმკრთალი ცისფერი. მობერებული ცისფერი.

რაღაც ზეციური ჩუქურთმებით. ფოტოს ვერ ვუმიზნებ, ძნელად უმკლავდება და ასე, ნაწერს ვაშველებ. ასეთი ჭიშკრები არსად მინახავს. ამ ჭიშკრებს სახლებში კი არა, ადამიანებში შეჰყავხარ. და ეს ადამიანები, ოთხმოცდაათი წლის სიმონიკები და ნათიკები, სახელებშიც კი ბავშვობადანარჩუნებულები, გკარნახობენ, რომ გაჩუმდე და მათ გულს ყური დაუგდო. რაჭას სათქმელი ბევრი აქვს. მოსმენა უნდა.

საკრამული. ადამიანებსა და სოფლებს ერთი ფერი აქვთ. სახეზე ივლისის მომაკვდავი ყაყაჩოსფერი დამკრავს, ხელისგული კიდევ, აი, იმ მინდვრებს მიმიგავს, ნახნავებში ფრთხილი სიმწვანით.

მე ვარ გლეხკაცი საკრამულიდან. ძველი საკრამულიდან. ჯუმბერ ბუღულაშვილი.

ვინმესა შეიძლება პირუკუ ეგონოს, მაგრამა სოფელი არის მაღლა ყურება - ჯერ ბავშვი ხარ და ვარსკვლავებს უყურებ ცაზე. აქ ცა ახლოა. ჩხუბი მოგვდიოდა - ის ჩემი ვარსკვლავია, ის - ჩემი! დიდი ხარ კიდევ და, ისევ ცას უყურებ - დათესავ რამესა და მაღლა იყურები, იწვიმებს ან არ იწვიმებს, ან მოვა მოსავალი, ან არ მოვა.

სხვადასხვანაირი ცისთვის ყურებაა სოფელი.

სპასოვკაში გვაქვენ ძეგლი, აი, ძეგლი არის ძველი ავტობუსის, მარა მართლა ძეგლი კი არაა - ეს ავტობუსი დადიოდა ხულოში. იქანა დადიოდა და აქანა, ჯავახეთში მევიტანეთ. ადრე. ჰოდა, ახლა, აქანა დგანა. გამოშიგნული და გამოფუნგულია, მარა დგანა და რომ შევხედავ, მგონია, ხულოში მივალ. ღორჯომში მივალ. თვალს დივხუჭავ და წარმევიდგენ. მეტი აფერი.

სიცოცხლე არის, რას შივადარო ახლა, სიცოცხლეა და... კარგად თუ ხარ, კაია, თუ გაჭირვებული ხარ - აფრათ არის. მეტი აფერი. ახალგაზრდობა იყო ქორწილი. ქორწილი იყო გარმონი და ჭიპონი - გუდა გაბერილი. მეტი აფერი. მშობლების გადასაწყვეტი ამბავი იყო მაგი. ცოლი ვერ დევნახე, სანამ მევიყვანე, რომ დევნახე, ალბათ, მომეწონა. არჩიხანას გააკეთებდნენ. კაი საჭმელი იყო. კაი ცეკვა იყო. მაი იყო. მეტი აფერი.