თითქოს კარგ ქართველ მწერალს დაუწერია, ისე კითხულობ მზიას თარგმანებს... - კვირის პალიტრა

თითქოს კარგ ქართველ მწერალს დაუწერია, ისე კითხულობ მზიას თარგმანებს...

"ძმებ კარამაზოვებს" თარგმნიდა, არ დასცალდა...

ორშაბათს "კვირის პალიტრის" მკითხველმა 50 რჩეული წიგნის მე-7 ტომი მიიღო - მიხაილ ბულგაკოვის "ოსტატი და მარგარიტა". ამ წიგნს მკითხველი მოუთმენლად ელოდა, რაზეც მათი გამოხმაურებები და სატელეფონო ზარებიც მეტყველებდა. არანაკლებ ელოდა ამ რომანის გამოსვლას მისი მთარგმნელი, ქალბატონი მზია გელაშვილი.

ჯერ სასიგნალო ეგზემპლარი გავუგზავნეთ. წიგნის გამოსვლის დღეს კი დავურეკეთ, უნდა მიგველოცა. ვამეხმა, მისმა ვაჟმა გვითხრა, დედა წუხელ გარდაიცვალაო... თითქოს ამ წიგნის გამოსვლას ელოდაო... ხუთშაბათს ქალბატონი მზია უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ. ხუთშაბათს "ოსტატი და მარგარიტა" "კვირის პალიტრის" ჯიხურებში უკვე აღარ იყო...

მკითხველი ისევ ელის მზია გელაშვილის ახალ თარგმანს. ჩვენი პროექტისთვის ("50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ") თეოდორ დოსტოევსკის "ძმებ კარამაზოვებს" თარგმნიდა...

ვამეხ აბულაშვილი, ლიტერატორი, მზია გელაშვილის ვაჟი: - დედა სიცოცხლის ბოლო დღეებშიც კი "ძმებ კარამაზოვებზე" მუშაობდა. სულ ცოტაღა დარჩა...… მეც მთარგმნელი ვარ, ჩემი და ანაც... ჩვენ დავასრულებთ ამ თარგმანს სწორედ ისე, როგორც მას უნდოდა.

ლელა ბურდული, ლიტერატორი: - ბელგრადში, "ბულგაკოველთა" საერთაშორისო კონფერენციაზე, მზიამ ბულგაკოვის სხვადასხვა ენაზე მთარგმნელთ თავისი კონცეპტუალური ხედვა წარუდგინა, რომელშიც "ოსტატი და მარგარიტა" ორიგინალურადაა დანახული. მზიას გამოსვლის შემდეგ მთელი დარბაზი ფეხზე ადგა და ისე უკრავდა ტაშს ქართველ მთარგმნელს...

ანა აბულაშვილი: - მიხაილ ბულგაკოვის "ოსტატი და მარგარიტა" მისთვის ლამის შვილივით იყო. წლების წინ თარგმნა, მაგრამ ახალი გამოცემისთვის, თქვენი პროექტისთვის ხელახლა მიუბრუნდა...…დოსტოევსკის თარგმნა კიდევ ყოველთვის უნდოდა. ეტყობა გრძნობდა, დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დარჩენოდა და ჩქარობდა. სხვათა შორის, ბულგაკოვის "ძაღლის გულიც" თარგმნა, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა.

დედა დიდხანს მუშაობდა მთარგმნელობით კომისიაში. თვითონაც სულ წიგნებსა და ლექსიკონებს ჩაჰკირკიტებდა. ჯერ საბეჭდ მანქანას უჯდა, ხან რუსულს, ხან ქართულს. მერე კომპიუტერზე გადაინაცვლა. სხვადასხვა დროს თარგმნა ივან ბუნინის, ვალენტინ რასპუტინის მოთხრობები, პაოლო კოელიოს "ალქიმიკოსი", "ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა", "მეხუთე მთა" (ჯერ არ დაბეჭდილა), ბულატ ოკუჯავას "თავისუფლების ერთი ყლუპი", ევგენი ანისიმოვის "გენერალი ბაგრატიონი", აკუტაგავას მოთხრობები...

ყველას ვერც ჩამოვთვლი. როცა მარინა ცვეტაევას "ანდრეი ბელი" და "ჩემი პუშკინი" თარგმნა და თავის მეგობარს, ნაირა გელაშვილს მიუტანა, ქალბატონმა ნაირამ აღფრთოვანება ვერ დაფარა და წამოიძახა, - ხომ ვიცოდი, რომ მაგარი იყავი, მაგრამ ამას კი აღარ მოველოდიო... დედას და ქალბატონ ნაირას ბევრი რამ ჰქონდათ საერთო. ვახუშტი კოტეტიშვილთან ერთად თარგმნეს რილკე ბწკარედიდან. ერთ წელსა და ერთ დღეს იყვნენ დაბადებულნი, მათ დედებსაც ერთი სახელი ერქვათ და ქალიშვილებსაც...

მზია ხეთაგური, პოეტი: - 30 წელი ვმეგობრობდით. დალხინებული არასოდეს ყოფილა, მაგრამ ყოველთვის ჰქონდა იმედი და სხვასაც აიმედებდა. შესაძლებელია, მასაც სჭირდებოდა ბევრი რამ, მაგრამ ეს მე, როგორც მეგობარს, არ მიგრძნია. რაც ყველაზე მეტად მიყვარს შემოქმედში, უშურველობა და სხვისი ნიჭით აღტაცებაა, რაც მზიას ნამდვილად ჰქონდა. მასზე, როგორც მთარგმნელზე, ვიტყოდი, თარგმანისთვის ყველაზე ფასეულია, იმ ენაზე შეიგრძნო ნაწარმოები, რომლიდანაც თარგმნი, მაგრამ არა ხელოვნურად. თითქოს კარგ ქართველ მწერალს დაუწერია, ისე კითხულობ მზიას თარგმანებს... მისი წასვლით ბევრი რამ დამაკლდება.

ძალიან მიჭირს მასზე ლაპარაკი, მაგრამ მანუგეშებს რწმენა იმისა, რომ მზიას მდიდარ ლიტერატურულ მემკვიდრეობას მისი შვილები მოუვლიან და მის დაწყებულ გზას გააგრძელებენ.

ელენე სალარიძე