კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 სვანეთში დადასტურდა - კვირის პალიტრა

კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 სვანეთში დადასტურდა

კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 სამეგრელო-ზემო სვანეთში დადასტურდა. ამის შესახებ მხარის რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ვირუსით დაინფიცირებული პირი მესტიაში ერთ-ერთ ოჯახში იმყოფებოდა სტუმრად და ვირუსი სავარაუდოდ, მისგან გადაედოთ.

"მესტიის მუნიციპალიტეტში იკვეთება ერთი ოჯახი, რომელსაც ჰყავდა სტუმარი და სავარაუდოდ, ვირუსი გადაედოთ მისგან, ვირუსი გადაედოთ ამ ოჯახის კონტაქტებს, საუბარია სულ 17 დადასტურებულ შემთხვევაზე, აქედან მესტიის მუნიციპალიტეტის მკვიდრი არის 7. პაციენტები მოთავსებულები არიან თბილისისა და ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში, ნაწილის გადმოყვანა ხდება ახლა და მოთავსდებიან როგორც ზუგდიდის ასევე სხვა კლინიკებში. მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა და ლაბორატორიული კვლევა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის 5 ბრიგადა დღეს მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს სოფელში და მოხდება ყველა მცხოვრებისთვის ბიოლოგიური მასალის აღება",- განაცხადა ნინო ვიბლიანმა.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სვანეთში რეგულაციები ამოქმედდება.

მინისტრის თქმით, ინფიცირების დეტალური სტატისტიკა არ იძლევა საფუძველს, რომ რეგულაციები ქვეყნის მასშტაბით გამკაცრდეს.

"ამ მომენტისთვის რეგულაციები ამოქმედდება სვანეთში, დანარჩენი რიცხვები არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ქვეყნის მასშტაბით გარკვეული გამკაცრებები გვქონდეს. კვლავ გვექნება მიზნობრივი ტესტირება, ბევრად უფრო გაფართოებული და მივყვებით იმ სტრატეგიულ გეგმას, რომელიც დღემდე გვქონდა დასახული",-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალ შემთვევებთან დაკავშირებით თუ რა ღონისძიებები გატარდება, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

"ინტერპრესნიუსი"