"ამაოებას არ ამოება" - კვირის პალიტრა

"ამაოებას არ ამოება"

"ჩემი აზრით, ომს ისეთი ზიანი არ მიუყენებია გორისთვის, როგორიც შეიძლება ამ გაუგებარი "ამაოების" მონუმენტმა მოუტანოს"

გადაწყდა - გორში, იმ ადგილას, სადაც სტალინის ძეგლი იდგა, ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი 4-5-მეტრიანი ბეტონის მემორიალი აღიმართება. ამ თემაზე მხატვართა ვნებათაღელვა არ ცხრება - მიზეზად ცუდი ესკიზი და პროტექციონიზმი სახელდება.

ახალი მემორიალის შესაქმნელად კონკურსი საკმაოდ საეჭვო ვითარებაში ორჯერ ჩატარდა: გამარჯვებული ესკიზი მხოლოდ მას შემდეგ გამოვლინდა, რაც TAMARA  STUDIO-მ წარადგინა თავისი ნამუშევარი, სახელწოდებით "ამაოებას არ ამოება"(?!). პროექტის ავტორები თამარ კვესიტაძე  და პაატა სანაია არიან, რომელთა განმარტებით, ესკიზი საქართველოს დაქუცმაცებას გამოსახავს. სამხატვრო აკადემიის რექტორი გია ბუღაძე აღიარებს (რომელიც ცხრაკაციანი კომისიის ერთ-ერთი წევრი იყო), რომ ესკიზს მხარი მხოლოდ ავტორების წერილობითი კონცეფციის საფუძველზე დაუჭირა, თავად ესკიზი კი, მისი აზრით, დახვეწას ახლაც საჭიროებს.

კონკურსზე სულ 42 ნამუშევარი იყო წარდგენილი. არადა, როგორც ირკვევა, გამარჯვებული ესკიზის არც გამოსახულებაში არის რამე ახალი, არც იდეაში (ომის შემდეგ გორი დაჩეხილი ფიგურებით აივსო), არც სათაურში (რომელიც კოტე ყუბანეიშვილს ეკუთვნის) და ეკლესიასტეს ცნობილი გამონათქვამის ვითომ პერიფრაზია. მაშინ რატომ აირჩიეს ესკიზი?

"ამაოებას არ ამოება" კრიტიკას ვერ უძლებს. კონკურსი ფარსია, ვიღაცებს თავისიანები გაჰყავთ. ჩინოვნიკებმა  და უვიცებმა არ უნდა გადაწყვიტონ ძეგლების ბედი. ძეგლი უნდა იყოს  ძეგლი და არა ფინტიკლუშკა", - ამბობს მოქანდაკე ნერსე ბაწაში. ჩინოვნიკთა მდარე გემოვნებას, სამწუხაროდ, არაერთი უნიკალური ძეგლი შეეწირა, ერთ-ერთი გამორჩეული იყო "ამირანიც" - ერის შინაგანი ენერგიის გამოხატულების ნიმუში.

რატომ "ჩეხენ" ამირანს და რისთვის ივსება  საქართველო დაქუცმაცებული ფიგურებით?! როგორ ვებრძვით ამაოებას, ამ თემაზე "კვირის პალიტრას" სწორედ "ძლევამოსილი ამირანის" ავტორი ვახტანგ ონიანი ესაუბრა:

- ჩემი აზრით, ომს ისეთი ზიანი არ მიუყენებია გორისთვის, როგორიც შეიძლება ამ გაუგებარი "ამაოების" მონუმენტმა მოუტანოს.

არ შეიძლება ომგადატანილმა ხალხმა ამ მონუმენტს ყოველდღე უყუროს. ესკიზი საფუძვლიან დამუშავებას საჭიროებს! თვალში საცემია ისიც, რომ გორი დაჩეხილი ფიგურებით აივსო, თითქოს გოგი ოჩიაურის "კრწანისის გმირები" არ კმაროდა თავგაჩეხილობის გამოსახატავად (ომის შემდეგ ძეგლი ვაკის პარკიდან აიღეს და გორში გადაიტანეს.)... უკვე ვიცით, რომ თავი გაგვიჩეხეს და ჩვენი ტან-ფეხი აღარავის სჭირდება და ეს "ამაოება" რაღა საჭიროა?

- ძეგლის ავტორი ბრძანებს, რომ ამ ფორმით საქართველოს დაქუცმაცება გამოხატა.

- ეგ ზღაპრები შვილებს მოუყვეს, მე ვერ მომატყუებს. აბა, დაფიქრდით, რისი გამოხატვა სურს ამ ესკიზის ავტორს? დაჩეხა-დაქუცმაცების გამო შებრალებას ითხოვს? მაინცდამაინც ფიგურების დანაწევრება თუ უნდოდათ, ამის მეტს რას აკეთებს ზურაბ წერეთელი?

პლასტიკა, რასაც  მოქანდაკე  ყურადღებას უნდა აქცევდეს, სხვა რამეა... პიკასოს რომ ადიდებენ, ბევრმა ისიც კი არ იცის, რატომ იყო დიდი... იმიტომ, რომ პლასტიკა ჰქონდა საოცარი! ერთი ხაზი რომ გაევლო, უკვე რაღაცის გამომხატველი იყო.

KvirisPalitra.Ge- როგორ უნდა გახდეს "ამაოებას არ ამოება" სრულყოფილი?

-  მაპატიეთ, რომ ჩემი შექმნილი "ამირანი" თვალსაჩინოებად მომყავს, მაგრამ მასში დაცულია ოქროს კვეთის პრინციპი (მოქანდაკე "ამირანის" ნახატს მაჩვენებს, რომლის ნაწილები ახლა ერთ-ერთი ყოფილი სახელოსნოს ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ ყრია - ავტორი).

აბა, სცადეთ, მოაცალეთ რამე ან დაამატეთ...

ფიგურების დაქუცმაცება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება სრულყოფილად ჩაითვალოს, თუ ჰარმონიულია. ბოდიშს მოვუხდი ავტორს, რომელსაც არც კი ვიცნობ და ისე ვეტყვი, რომ მისი ძეგლი არ არის სრულყოფილი.

შემიძლია დავეხმარო მოქანდაკეებს, რომლებიც წვალობენ, ჯახირობენ და ფრაზებით ეძებენ გამართლებას... მათ ერთ რჩევას მივცემ:

შვილებო, პლასტილინების მიჭყლეტ-მოჭყლეტა საქმე არ არის. დატოვეთ ორიოდე ცენტრალური ფიგურა, კარგად დაამუშავეთ, სხვა ზედმეტი მოაცილეთ!

შეიძლება ერთ პატარა მოძრაობაში ჩაატიო მთელი ეპოქის ტკივილი. ამისთვის  არ არის საჭირო ამდენი დაჩეხილი ფიგურა! ეკლესიასტემ უბრალოებისკენ მოგვიწოდა, მეფის ვაჟს ფულიც ჰქონდა, ძალაუფლებაც, მაგრამ ამაოებას ვერ გაექცა! ამიტომ მან მთავარი ჭეშმარიტება გვითხრა: "იარეთ იქამდე, სადამდეც შეგიძლიათ, მოითხოვეთ იმდენი, რამდენიც გჭირდებათ".

როცა ომგადატანილ გორში გაუგებარ "ამოებას" გვიდგამენ, ეს ერის დაბეჩავების მცდელობაა.

P.S. ვიდრე გორელებს არაფერს ეკითხებიან, სტალინის ძეგლის ადგილი კი "გაუგებარი" "ამაოების" მოლოდინშია, სახელმოხვეჭილი მოქანდაკეებისთვის ამაოა თანამედროვე "ქვათა ღაღადიც", მიუხედავად იმისა, დაშლი ამ ფიგურებს, დაანაწევრებ, ჰორიზონტალურად დადგამ თუ ვერტიკალურად.