"გაოგნებული რამდენჯერმე ჩამეკითხა, რომელს მიჰყვები ცოლადო? ჯემალზე რომ მივუთითე, გაგიჟდა, - კაცს ტოვებ და "ბაცანას" მიჰყვებიო?" - კვირის პალიტრა

"გაოგნებული რამდენჯერმე ჩამეკითხა, რომელს მიჰყვები ცოლადო? ჯემალზე რომ მივუთითე, გაგიჟდა, - კაცს ტოვებ და "ბაცანას" მიჰყვებიო?"

ამ იმერელი ქალბატონის სიყვარულის ამბავი სერიალს ჰგავს. ბავშვობაში ჩემს ოჯახში მოვისმინე და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ვიცოდი, ოჯახის ახლობელი რომ იყო, ბიძის თანაკლასელი და მეორე ბიძის მეუღლის ნათესავი. მახსოვს, წლების განმავლობაში შიგადაშიგ ვხვდებოდით კიდეც ერთმანეთს. მას შემდეგ საკმაოდ დრო გავიდა და ამას წინათ, ჩვენს საერთო ნათესავთან - ნანა მენაბდესთან სტუმრობისას, სტატიებისთვის საინტერესო რესპონდენტებს ვეძებდი და სწორედ მისი ამბავი წამომიტივტივდა - დიდი სიყვარულის გამო საკუთარი ქორწილიდან გაქცეული პატარძლის ამბავი. ქალბატონი დღეს უკვე ასაკშია, 82 წლის არის, ორი ვაჟი ჰყავს და შვილიშვილები. არცთუ დიდი ხნის წინ დაქვრივდა, მაგრამ მაინც მხნედ გამოიყურება და ისეთი შემართება აქვს, სოფელში მეურნეობასაც კი თითქმის მარტო უძღვება. მასპინძელს ჩავეკითხე, რომ ვთხოვო, თავის სიყვარულზე არ მიამბობს-მეთქი? მალე შეხვედრის დასტურიც მივიღე და ასე აღმოვჩნდი 82 წლის ნანი ქავთარაძის ოჯახში.

- პატარებიც არ ვიყავით, მე და ჯემალ ქავთარაძეს ერთმანეთი რომ შეგვიყვარდა. ჭიათურაში დავიბადე და გავიზარდე, ნინოშვილის ქუჩაზე ვცხოვრობდი, ჯემალი ზესტაფონიდან იყო და სასწავლებლად ჭიათურაში ჩამოვიდა. ჩვენთან იმჟამინდელი სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო განყოფილების დაუსწრებელი სწავლების ფილიალი იყო გახსნილი. მე და ჯემალი თანატოლები ვიყავით, მაგრამ მე გვიან ჩავაბარე. ჭიათურა პატარა ქალაქია და ჯემალი მანამდე გავიცანი, ვიდრე მოვეწყობოდი.

- ერთმანეთი დანახვისთანავე შეგიყვარდათ?

- მე არა, მაგრამ მას კი ერთი ნახვით შევყვარებივარ. მერე მეც შემიყვარდა და მალე ჩვენი რომანის, შეხვედრების ამბავი მთელმა ჭიათურამ გაიგო. ქალაქში მე და ჩემი 7 წლით უფროსი და ვცხოვრობდით, მშობლები კი იქვე ახლოს, სოფელ შუქრუთში იყვნენ. რა თქმა უნდა, ჩვენი ურთიერთობის ამბავი ჩემმა დამაც იცოდა და ჯემალი ძალიან მოსწონდა. მახსოვს, ერთხელ ჯემალი საავადმყოფოში რომ მოხვდა, ჩემმა დამ ნამცხვარი "ნაპოლეონიც" კი გამოაცხო და მის მოსანახულებლად საავადმყოფოში წამიყვანა, თუმცა მშობლებისთვის მასზე არაფერი გვითქვამს.

პარალელურად, ჭიათურაში ჩამოვიდა ერთი ბიჭი, ჩემზე 7 წლით უფროსი, რომელიც ისეთი პოპულარული იყო ქალაქში, რომ ნებისმიერი გოგო, ვისაც ხელს დაადებდა, სიხარულით გაჰყვებოდა. გადასარევი ბიჭი იყო - 2 მეტრი სიმაღლის, კარგი ტან-ფეხით, ლამაზი. გვიან ჩააბარა სასწავლებელში და ჩემს ჯგუფში მოხვდა. რატომღაც ლექციაზე სულ ჩემ გვერდით ჯდებოდა. მე შეყვარებული მყავდა და ეს ამ ბიჭმაც კარგად იცოდა, მაგრამ თურმე მასაც მოვწონებივარ და ჩემთან დასაახლოებლად ყველაფერს აკეთებდა. მე რა მექნა? შარს ხომ ვერ მოვდებდი, ჩემ გვერდით რატომ ჯდები-მეთქი? ეგ კი არა, როგორღაც ჯემალსაც დაუმეგობრდა, ბილიარდის სათამაშოდაც ერთად დადიოდნენ. დაგვიანებით თუ შემოვიდოდა აუდიტორიაში, მაშინვე გვერდით მომიჯდებოდა და ჩუმად მეტყოდა, გარეთ ჯემალი გელოდებაო. მე და ჯემალი კინოში ან თეატრში რომ წავიდოდით, რატომღაც ისიც ყოველთვის იქ იყო და შემოგვიერთდებოდა ხოლმე. ისე მიგვაჩვია მასთან ურთიერთობას, რომ ორივე დავუძმაკაცდით. ვერაფერს ვხვდებოდით. ერთ მშვენიერ დღეს ჩემმა დამ, რომელსაც მანამდე ჯემალი ძალიან მოსწონდა, დამიწყო ლაპარაკი: ჯემალი რას ჰგავს! იცი, ჯუდის როგორ მოსწონხარ? დატოვე ჯემალი და მას გაჰყევი ცოლადო. კინაღამ გავგიჟდი, - რა ეშმაკად მინდა ჯუდი-მეთქი! იმ დღიდან მოყოლებული, ჩემი და მხოლოდ ჯუდიზე მელაპარაკებოდა. ერთხელ ჯემალმა შინ მომაკითხა. კარზე დააკაკუნა. მარტო ვიყავი და კარი კი გავუღე, მაგრამ ვუსაყვედურე, რატომ მოხვედი, მეზობლები რას იტყვიან-მეთქი. მაშინ სხვანაირი დრო იყო. ახლაც კი იციან ჭორაობა და მაშინ - მით უმეტეს, თანაც რაიონში. მართალია, ჩვენი სიყვარულის ამბავი ყველამ იცოდა, მაგრამ ასე, ერთმანეთთან სახლებში მისვლა-მოსვლა მაინც უხერხული იყო. ჯემალმა მთხოვა, ერთი წუთით გარეთ გამოდი, სალაპარაკო მაქვსო. მე ვიუარე, მეზობლები დამინახავენ, ამიტომ წადი-მეთქი. ჯემალი უცებ გაბრაზდა და, - აწი ვინც შენ შეგხვდეს და დაგელაპარაკოსო, შეიგინა და წავიდა. ეს ჩემთვის იცი რა იყო? ძალიან გავბრაზდი. ამ დროს ჩემი დაც მოვიდა და გაბრაზება რომ შემატყო, ჩამეკითხა, რა მოხდაო? მეც მოვუყევი. მერე კი ვინანე, მივხვდი, არ უნდა მეთქვა, მაგრამ... ჩემს დასაც მეტი რა უნდოდა, დაიწყო, - ახლა ასე მოგექცა და ცოლად რომ გაჰყვები, მერე რას იზამსო! მის სიტყვებზე კიდევ უფრო გავნერვიულდი და გავბრაზდი, ჩემმა დამ კი, როგორც ჩანს, იფიქრა, ახლა სწორედაც რომ კარგი მომენტია, ჯუდი ჩავრიო ამ ამბავშიო და ცოტა ხანში შინ არ დამაყენა თავზე?!

მოკლედ, იმ პერიოდში არც ჯემალი გამოჩენილა, მეც კიდევ უფრო მემატებოდა სიბრაზე და ჩემმა დამ და ჯუდიმ იმდენი ქნეს, საბოლოოდ გადამიბირეს - ერთ მშვენიერ დღეს მის ცოლობას დავთანხმდი და საჩხერის მმაჩის ბიუროში ხელის მოსაწერადაც წავყევი, მაგრამ... საღამო იყო და პასპორტებში კი ჩაგვირტყეს ბეჭდები, მაგრამ ქორწინების აქტი არ გაუფორმებიათ, თანაც იმ მოხელეს მატარებელზე აგვიანდებოდა და თბილისიდან ჩამოსვლისთვის გადადო გაფორმება. რას ვიზამდით, წამოვედით და ჩვენს სახლებში დავბრუნდით. ძალიან აღელვებული ვიყავი, ვდარდობდი, ეს რა გავაკეთე-მეთქი. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჯემალი, თურმე, სახლთან გვყარაულობდა. შინ დაგვიგულა თუ არა, კარზე დააკაკუნა. ჩემმა დამ კარი გააღო და ჯემალმა დაჟინებით მოითხოვა, მე გავსულიყავი, თან კითხულობდა, ჯუდის რა უნდოდა თქვენთანო? ვეღარ მოვითმინე, გამწარებული გავვარდი და ჯემალს ჩხუბი დავუწყე, ყველაფერი შენი ბრალია, ხომ მითხარი, აღარ მოვალო, რატომღა მოხვედი? ახლა წადი, რადგან მე უკვე ის ავირჩიე და ხელიც მოვაწერე-მეთქი! გაოგნდა, დამუნჯდა, ასე, ხმის ამოუღებლად გაბრუნდა და წავიდა. მეც შემოვედი სახლში, თან გაუჩერებლად ვტიროდი (იმ ამბის გახსენებისას ცრემლები მოერია. - ავტ.). ძალიან ცუდად ვიყავი, ცოცხალ-მკვდარი, ლოგინიდან ვეღარ ვდგებოდი, გულში ჯემალის ნაჩუქარი პლასტმასის დათუნია მქონდა ჩახუტებული და დავტიროდი... ჯემალიც ცუდად გამხდარა. მეორე დღეს კი ეს ამბავი მთელმა ჭიათურამ გაიგო და გაოგნებულები კითხულობდნენ, - ნანი ასე როგორ მოიქცაო? ჩემმა დამ ის დათუნია დამიმტვრია და ამან კიდევ უფრო გამაგიჟა. შინიდან არ გავდიოდი და დაქალები არ მტოვებდნენ.

ჯემალისთვის ამბავი მიუტანიათ, ნანი ისეთ დღეშია, თავს იკლავსო. პარალელურად, ჯუდის რომ გავეხალისებინე, ნაირ-ნაირი საჩუქრები მოჰქონდა, მე კი აქეთ-იქით ვყრიდი. ბოლოს ჩემმა დამ სოფელში წამიყვანა. ჩემი მშობლები გაგიჟდნენ, რა დაგემართა, რას ჰგავხარო? ისევ ავტირდი და ჩემს ამბავს მოვუყევი. კინაღამ გალახეს ჩემი და, ეს როგორ გაბედე ან რა დროს ნანის გათხოვება იყო, შენ ხარ გასათხოვარი და თვითონ წაჰყოლოდი იმ ჯუდისო... გაიქცა ჩემი და ჭიათურაში, ჩამოიყვანა ჯუდი და გააცნო დედ-მამას. დედა და მამა მისით ისე აღფრთოვანდნენ, დაავიწყდათ ჩემი განცდები. რამდენ ხანს უნდა გვყოლოდა ჩვენი ქალიშვილი სახლში, ამისთანა კაცს რომ ეთხოვაო და დატრიალდნენ, დაკლეს, თუკი რამ დასაკლავი იყო ეზოში, მე კი, საწოლზე საცოდავად მოკუნტული, გაუთავებლად ვტიროდი.

ფაქტობრივად, ჩემებმა საქორწილო სუფრა გაშალეს, მეზობლებიც მოიწვიეს და სხვა რა გზა მქონდა, მეც გავედი. იმ ღამეს ჯუდი და მისი მეგობარი ჩვენთან დარჩნენ, ნასვამები იყვნენ და ჩემებმა აღარ გაუშვეს. რა თქმა უნდა, ერთად არ ვყოფილვართ, მეორე დღეს კი ყველანი ჭიათურაში წავედით და ჩვენს სახლებში დავბრუნდით. ჯუდის გამზრდელი ბიძა მოუკვდა და გამომიცხადა, მის 40-მდე შინ ვერ წაგიყვანო. ამ ამბებს ჩვენი გამოცდებიც დაემთხვა. პარალელურად, ჯემალი უქმად არ იყო, უკვე ჩვენი გაპარვის გეგმაც კი შეემუშავებინა და ეს ამბავი საერთო მეგობარი გოგონას მეშვეობით შემატყობინა. მოკლედ, ჯემალს ჩუმად უნდა შევხვედროდი. ცოტათი კი შევშინდი, მაგრამ... რა მექნა? ძალიან მიყვარდა, მის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო. არადა, უკვე საქორწინო კაბის შესაკერადაც კი წამიყვანეს ატელიეში. მოკლედ, გამოცდების პერიოდმა მიშველა და ჯემალს მეგობრების დახმარებით მაინც შევხვდი - ჩემი დეიდაშვილის თანდასწრებით მის მეგობარს ნახაზებით ხელში ჩავუჯექი მანქანაში იმ მიზეზით, ვითომ გამოცდის ჩასაწყობად მივყავდი. ჭიათურის გასასვლელთან ჯემალი დაგვხვდა, მანქანაში ჩაგვიჯდა და წავედით ზესტაფონში. ჯემალმა გულში ჩამიკრა და ბედნიერი ამბობდა, ჭიათურლებს შენი თავი წავართვიო! ჭიათურაში კი ჩემზე ძებნა გამოცხადდა. მთელმა ახალგაზრდობამ იცოდა, ჩვენ რომ გავიპარეთ, მაგრამ არავინ გატყდა, რადგან ყველა გულშემატკივრობდა ჩვენს სიყვარულს. ჯემალმა პირდაპირ იმ სოფელში მიმიყვანა, სადაც შემდეგ ცხოვრების დიდი ნაწილი გავატარეთ ერთად და რომელიც უსაშველოდ მიყვარს. სოფელ კლდეეთში, მის ბებიასთან მივედით და მალევე ჯემალის მშობლებიც იქ მოვიდნენ, მოგვიანებით ჭიათურის მილიციაც თავს დაგვადგა, მათ ჩემი პროკურორი ბიძაშვილი და ჯუდიც მოჰყვნენ. წაგვიყვანეს იქაურ განყოფილებაში. იმ დროს იქ შემთხვევით სხვა პროკურორიც აღმოჩნდა და გაოგნებული რამდენჯერმე ჩამეკითხა, რომელს მიჰყვები ცოლადო? ჯემალზე რომ მივუთითე, გაგიჟდა, - კაცს ტოვებ და "ბაცანას" მიჰყვებიო? მერე მოგვკიდა ჯუდის დედამ ხელი და მე და ჯემალი შინ წაგვიყვანა.

P.შ. როგორც ზღაპრებშია, მათი სიყვარულის ამბავიც ისე გაგრძელდა: ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად. ორი ვაჟი შეეძინათ, მერე ბიჭები დაოჯახდნენ, შესანიშნავი ცოლები შეირთეს და ოთხი შვილიშვილიც დაიბადა.

ჯემალის გამზრდელი მშობლები რომ გარდაიცვალნენ, კერა რომ არ გაეცივებინათ, მეუღლეები თბილისიდან სოფელში, ერთი საუკუნის წინ აშენებულ სახლში გადავიდნენ საცხოვრებლად. მეტ დროს სოფელში ატარებდნენ, ყველაფერი ერთად დათესეს, მიწაც ერთად დაამუშავეს, მეურნეობასაც ერთად გაუძღვნენ და ტკბილად იყვნენ. მესამე წელიწადი გადის, რაც ჯემალი გარდაიცვალა. იქვე დაასაფლავეს, თავად უნდოდა ასე და - იმიტომ. ახლა ნანი თითქმის სულ სოფელშია - ადრეულ გაზაფხულზე მიდის და ზამთრის პირს ბრუნდება თბილისში. იქ მარტო ცხოვრობს, რა თქმა უნდა, შიგადაშიგ შვილები და შვილიშვილებიც აკითხავენ, ეხმარებიან. მაინც უძნელდება მეუღლის გარეშე. 60 წელიწადს იცხოვრეს ერთად, უდიდესი სიყვარული აკავშირებდათ და ეს სიყვარული არც არასდროს განელებიათ. ვინც მათი სიყვარულის ამბავი იცოდა, დღემდე ამბობს, რა ეშველებოდათ, ერთად რომ არ ყოფილიყვნენო.

ირმა ხარშილაძე ჟურნალი "გზა"