"ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ქვეყანაში "ნაციონალური მოძრაობა"... ამ ყველაფრის ყურება გაუსაძლისია" - კვირის პალიტრა

"ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ქვეყანაში "ნაციონალური მოძრაობა"... ამ ყველაფრის ყურება გაუსაძლისია"

ია მეტრეველმა, გიორგი იაკობაშვილმა და სოსო მანჯავიძემ ორგანიზაცია "დავასრულოთ" დააფუძნეს. ია მეტრეველის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციის "დავასრულოთ" მთავარი მიზანი ქვეყანაში "ნაციონალური მოძრაობის" დასრულება იქნება, რადგან ამ პარტიაზე დიდი მტერი საქართველოს არ ჰყოლია.

"ჩვენი ორგანიზაციის სახელია "დავასრულოთ" "ნაცები" ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ უკვე აღარ შეიძლება ამ დამნაშავე პარტიის არსებობა, რომელსაც უდიდესი დანაშაულებები აქვს ჩადენილი ქვეყნისთვის და მე ვიტყოდი, რომ საქართველოს "ნაციონალურ მოძრაობაზე" დიდი მტერი არ ჰყოლია და დღეს მათ კიდევ უნდათ ხელისუფლებაში დაბრუნება. მათ არ უგიათ პასუხი ჩადენილ დანაშაულებებზე", - განაცხადა ია მეტრეველმა ორგანიზაციის პრეზენტაციაზე.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მომხრე ტელევიზიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხალხი დაანერვოზა.

"ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ქვეყანაში "ნაციონალური მოძრაობა" და ჩვენ, ძველმა მებრძოლებმა, დიდი მტრის "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ, ჩამოვაყალიბეთ ორგანიზაცია. დღემდე გრძელდება მათი ბოროტული ქმედებები. "ნაციონალური მოძრაობის" მომხრე ტელევიზიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხალხი დააავადმყოფა და დაანერვოზა. ამ ყველაფრის ყურება გაუსაძლისია, ქვეყანაში აუტანელი ვითარებაა შექმნილი. ახალგაზრდების სიცოცხლის ხარჯზე კადრულებენ ისეთ რამეს, რაც არაფერში აღარ ჯდება", განაცხადა ია მეტრეველმა.

"ინტერპრესნიუსი"