"სამშობლოს სახელს არანაირ ჰონორარზე არ გავცვლი" - კვირის პალიტრა

"სამშობლოს სახელს არანაირ ჰონორარზე არ გავცვლი"

რამ აიძულა ამერიკაში წარმატებული სპორტსმენი, საქართველოში დაბრუნებულიყო

ლევან მაყაშვილი პირველი ქართველი მებრძოლია CFFC-სა და UFC-ში. ბევრ წარმატებასთან ერთად, იყო რთული დღეებიც, თავდაუზოგავად შრომობდა, დასახული მიზნისთვის რომ მიეღწია. 31 წლისაა და მის ანგარიშზე 16 გამარჯვება და 3 წაგებაა. თვლის, რომ სპორტის ამ სახეობაში წარმატების მისაღწევად აუცილებელია შრომა, შემართება და მებრძოლი სული. ჰყავს 2 შვილი - 4 და 3 წლის ბიჭები, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობენ.

- ლევან, როგორც ვიცი, ბავშვობაში ჭიდაობდით, თუმცა შემდეგ თავი დაანებეთ. რა გახდა ამის მიზეზი?

- თავი არ დამინებებია, შესვენება მქონდა, რადგან სწავლა დავიწყე. მერე შერეული ორთაბრძოლებით დავინტერესდი, ამან უფრო მიმიზიდა. ჩავთვალე, რომ აქ უფრო წარმატებული ვიქნებოდი და მგონი, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. საქართველოს მასშტაბით ბევრ შეჯიბრებაში ვმონაწილეობდი და არც ერთი ბრძოლა არ წამიგია, ამიტომ გადაწყდა ჩემი ამერიკაში წასვლა, ჩემს ორ მეგობართან ერთად. ჩავედით თუ არა, მეორე დღესვე შეჯიბრება გვქონდა, აკლიმატიზაციაც კი ვერ მოვასწარით. ძალიან რთული იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც გავიმარჯვე და ქამარი ავიღე. 2 ქამრით დავბრუნდით საქართველოში, ერთმა სამწუხაროდ, წააგო.

- რამდენიმე ხანში ისევ მოგიწიათ ამერიკაში დაბრუნებამ...

- დავბრუნდი, რადგან საქართველოში არ იყო განვითარების ისეთი პერსპექტივა, როგორიც ამერიკაში. რთულია, ემიგრანტის სტატუსს მოერგო. მიზნების მისაღწევად ბევრი შრომა დამჭირდა. ოთხი ქართველი ვიბრძოდით UFC-ში და მათგან პირველი მე ვიყავი, რომელმაც დავამტკიცე, რომ შეუძლებელი არაფერია.

- სამი ბრძოლა გაიმართა, შემდეგ კი UFC-ში კონტრაქტი აღარ გაგიგრძელეს. რა იყო ამის მიზეზი?

- საერთო ჯამში, ოთხი ბრძოლა მქონდა, მაგრამ სამი გაიმართა, ერთი გარკვეული მიზეზების გამო ჩაიშალა. მიუხედავად ამისა, ჰონორარი მაინც გადამიხადეს და ისტორიაშიც 4 ბრძოლა მიწერია.

- UFC-მდე იყო CFFC. რა მიღწევები გქონდათ?

- CFFC-ში ორი ქამარი მქონდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, იქიდანაც წამოვედი.

- ბრძოლებში საქართველოს სახელით მონაწილეობდით?

- ყოველთვის საქართველოს სახელით გამოვდიოდი. ქართველი და ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვარ. არც კი მიფიქრია სხვა ქვეყნის სახელით გამოვსულიყავი, თუმცა არაერთი კლუბისგან მიმიღია შემოთავაზებები მაღალი ჰონორარით. სამშობლოს სახელს არანაირ ჰონორარზე არ გავცვლი.

- იყო წარუმატებლობაც, ვგულისხმობ თქვენს პატიმრობას ამერიკაში. რა მოხდა მაშინ?

- 30 ქართველთან ერთად დამაკავეს, ერთი დიდი გაუგებრობა იყო. ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ სპორტის გარდა, არანაირი ინტერესი არ მაქვს და მით უმეტეს, ქურდულ სამყაროსთან არ მაქვს კავშირი. ამიტომაც მალე გამომიშვეს, დამჭირდა თავდები და გირაო. ბევრი პრობლემა შემექმნა ამის გამო...

- თავდებში ვინ დაგიდგათ?

- ქართველი ემიგრანტი ამერიკაში. ძალიან კარგი ადამიანი, რომლისგანაც დღემდე დავალებულად ვგრძნობ თავს. არანაირი ნათესაური კავშირი არ მქონდა მასთან. თქვენ წარმოიდგინეთ, არც კი დამირეკავს და მითხოვია რამე, თვითონ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რადგან იცოდა, გაუგებრობაში მოვხვდი.

- რა გახდა ამერიკის დატოვებისა და საქართველოში დაბრუნების მიზეზი?

- პირველი ის, რომ საემიგრაციო სამსახურთან ამერიკაში დიდი პრობლემები შემექმნა. ყველა სპორტსმენისთვის ერთი დღეც მნიშვნელოვანია პროფესიონალური წინსვლისთვის, მე კი შექმნილი პრობლემების გამო, ფაქტობრივად, წელიწად-ნახევარი დავკარგე. გარდა ამისა, ახალი კონტრაქტი გავაფორმე AჩA-თან და შეჯიბრებისთვის ვემზადები. კონტრაქტში მიწერია ორი ბრძოლა და მერე ვნახოთ, გავაგრძელებ კონტრაქტს თუ დავრჩები. ისე კარგად ვითარდება მოვლენები, ალბათ დავრჩები.

- AჩA-შიც არიან ქართველები?

- არა, საქართველოს სახელით აქაც მე გამოვდივარ პირველად, თუმცა იმედი მაქვს, სხვა ქართველებიც მალე შემოგვემატებიან.

- როდის გაქვთ შეჯიბრება და სად?

- 20 აგვისტოს პოლონეთში "სარეიტინგო ბრძოლაა", მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან. სხვათა შორის, ძლიერი კონკურენცია იქნება და ყოველდღიურად ბევრს ვვარჯიშობ იმისთვის, რომ იქიდან ქამრით დავბრუნდე და ბოლო შეჯიბრებისას დაშვებული შეცდომები არ გავიმეორო.

- ბოლო ბრძოლა რატომ წააგეთ?

- აგრესიულად არასოდეს ვჩხუბობ, ყოველთვის ჭკუას ვიყენებ. ეს ის შემთხვევა იყო, როცა მეტოქემ გამომიწვია, ზემოქმედებას ვეღარ გავუძელი და აგრესია გამოვავლინე. სწორედ ეს გახდა ჩემი დამარცხების მიზეზი, მებრძოლმა უნდა იჩხუბოს ჭკუით და არა აგრესიით.

- როგორია თქვენი ერთი დღე?

- დღეში 4 საათს ვვარჯიშობ, კვირას კი ვისვენებ, ორგანიზმს ვასვენებ, ძალა რომ მოვიკრიბო და ორშაბათიდან ახალი ძალითა და ენერგიით გავაგრძელო შრომა. სამწუხაროდ, სპორტის ამ სახეობას სათანადო ყურადღება არ ექცევა. მინდა, თქვენი ჟურნალის მეშვეობით მივმართო ყველას, დაგვიდექით გვერდში და დაეხმარეთ სპორტის ამ სახეობას განვითარებაში. ხშირად დავდივარ მე მეგობრებთან დარბაზში და ბავშვებს ვავარჯიშებ, ვუზიარებ ჩემს გამოცდილებას და ვხედავ, ბევრ მათგანს შეუძლია წარმატების მიღწევა.

- თქვენი სამომავლო გეგმების შესახებაც გვითხრით. რას აპირებთ, რჩებით საქართველოში, თუ კვლავ წასვლას გეგმავთ?

- ძალიან მინდა, მქონდეს ჩემი დარბაზი და ამისთვის ბევრს ვმუშაობ. მაქვს მოლაპარაკებები თუ ისე მიზანს მივაღწევ, ალბათ არსად წავალ. არ მინდა სამშობლოდან შორს ყოფნა. ამერიკაში ყოფნისას არ ყოფილა არც ერთი დღე, საქართველოზე რომ არ მეფიქრა. მინდა, ბევრი წარმატებული ქართველი გვყავდეს და ვიცი, ასეც იქნება...

ფიქრია რობაქიძე

ჟურნალი "გზა"