სინდისი მაინც ვერ გაანადგურა... - კვირის პალიტრა

სინდისი მაინც ვერ გაანადგურა...

ის ყოველთვის იყო "სხვანაირი"

"ეს პორტრეტი სინდისია, დიახ, სინდისი და ის უნდა განადგურდეს!" - შესძახა დორიან გრეიმ და საკუთარ პორტრეტს მივარდა...

ოსკარ უაილდმაც სცადა ეს და თავისი პერსონაჟისაგან განსხვავებით, იქნებ მოახერხა კიდეც - ის ხომ ყოველთვის ირონიით ლაპარაკობდა იმ გრძნობებზე, რომლებიც ადამიანს კი არ ათავისუფლებს, პირიქით - ზღუდავს...

მაგრამ სინდისის ქენჯნას ისიც ვერ გაექცა - "ზეთავისუფალი" და "ზეტოლერანტი", როგორც ის მეგობრები ამბობდნენ, ვინც მასთან ბოლო დროს იყო, მუდმივად იმეორებდა, რომ შვილების რცხვენოდა. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავს არა დორიან გრეის, არამედ ლორდ ჰენრი უოტონის პროტოტიპად მიიჩნევდა, დორიან გრეი ლამის მის თანამზრახველად წარმოაჩინა მოსამართლემ, რომელმაც 1895 წელს ინგლისელ მწერალს ამორალობისთვის 2 წლით ციხეში ყოფნა მიუსაჯა.

ინგლისელი მწერალი შემთხვევით არ მითქვამს, რადგან როდესაც 1854 წლის 6 ოქტომბერს ირლანდიაში, დუბლინელი ქირურგის ოჯახში მეორე ვაჟი დაიბადა, ნაციონალისტური იდეებით გამსჭვალულ მშობლებს მის მწერლობაზე, შესაძლოა, მაშინვე ეფიქრათ, მაგრამ "გაინგლისელებაზე", მათი ნება რომ ყოფილიყო, ნამდვილად არ დათანხმდებოდნენ  - უილიამ უაილდი, გარდა იმისა, რომ ირლანდიისა და ბრიტანეთის საუკეთესო ოტოლარინგოლოგად იყო  აღიარებული, ირლანდიის არქეოლოგიასა და ფოლკლორზე წერდა წიგნებს, ხოლო დედა - ჯეინ ფრანჩესკა რევოლუციური მოძრაობა "ახალგაზრდა ირლანდიელების" წევრი იყო და მათთვის პატრიოტულ ლექსებს თხზავდა.

ჰო, ირლანდიელობაში არა, მაგრამ ექსტრავაგანტურობაში ნამდვილად დაემსგავსა დედ-მამას ოსკარ უაილდი: ლორდი უილიამ უაილდი (ეს ტიტული პროფესიული დამსახურებისთვის მიიღო) გამოუსწორებელი მექალთანე და უამრავი უკანონო შვილის "ავტორი" გახლდათ, რომელთაგან ბევრს მამობრივ  მზრუნველობასაც არ აკლებდა; ისე კი "შარიან, მოუწესრიგებელ და უნიჭიერეს კაცს" ეძახდნენ. გარდა ამისა, ქველმოქმედიც გახლდათ - დუბლინში, ადელეიდ-როუდზე დღემდე მოქმედი საავადმყოფოს დამაარსებელი უილიამი, რომელმაც სიცოცხლეშივე ქალაქს აჩუქა ეს დაწესებულება, ირლანდიელებს ახლაც უფრო პატივსაცემ ადამიანად მიაჩნიათ, ვიდრე მისი "ინგლისელი შვილი".

დედას ჩაცმის სტილის ექსტრავაგანტურობაშიც დაემსგავსა ოსკარ უაილდი - თანამედროვეთა გადმოცემით, ეს "ნახევრად შეშლილი" ქალი ყოველთვის უცნაური ტანსაცმლით დადიოდა და ველური ტომების კერპივით ფერად-ფერადი სამკაულით იყო დახუნძლული. რაც მთავარია, არა მარტო წერდა კარგ ლექსებს, არამედ ძველი ბერძნულიდანაც თარგმნიდა ანტიკურ პოეზიას და სრულიად "მოულოდნელ" ადგილებში ახდენდა მათ დეკლამირებას...

ასე რომ, ალბათ, გენეტიკამ ითამაშა როლი  ოსკარ უაილდის "გაგიჟებაში", თორემ მშობლებს სულაც არ უნდოდათ, მათი შვილი "სოლიდური ჯენტლმანი" არ გამოსულიყო: ბრწყინვალე განათლება მიაღებინეს, თვითონაც დიდი ნიჭი გამოიჩინა - სკოლაში დუბლინის ძვირად ღირებული ტრინიტი-კოლეჯის ("წმინდა სამების კოლეჯი") სტიპენდია მოიპოვა და არც იქ შეურცხვენია თავი.

სწორედ იქ, ტრინიტი-კოლეჯში დაიწყო მისი, "უაილდისეული ესთეტიკის" ჩამოყალიბება და როგორც თვითონვე აღნიშნავდა, ამაში გადამწყვეტი როლი პროფესორ მაჰაფის ლექციებმა ითამაშა. მასწავლებელთან კავშირი არც მომავალში გაუწყვეტია და მისთვის მიწერილი წერილები ეპისტოლარული ჟანრის ნამდვილი შედევრებია.

კოლეჯის წარმატებით დასრულებამ უაილდს საშუალება მისცა, ოქსფორდში გაეგრძელებინა სწავლა - ისევ სტიპენდიის ხარჯზე.

სწორედ იმ პერიოდს მიაწერს მწერალი  თავის საბოლოო "გაინგლისელებას" და ირონიით აღნიშნავს: "ოქსფორდში ბევრი რამ, მათ შორის - ირლანდიური აქცენტი, საბოლოოდ დავივიწყე..."

ოქსფორდშივე, 20 წლის ასაკში "დაფიქსირდა" პირველად როგორც "სხვანაირი"- ქალიშვილები გიჟდებოდნენ მის ექსტრავაგანტურობაზე, კონსვერვატორი ვაჟები კი ვერ იტანდნენ; განსაკუთრებით სპორტსმენები მტრობდნენ - ოქსფორდში ხომ სპორტს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ (დღემდე ასეა); უაილდი ამ ტრადიციასაც დემონსტრაციულად უარყოფდა, რითაც სტუდენტების რისხვას იწვევდა.

სტუდენტობისასვე მოიარა იტალია და საბერძნეთი; სწორედ იქაური შთაბეჭდილებებით აღფრთოვანებულმა დაწერა თავისი პირველი პოემა - "რავენა" და პირველი ლიტერატურული პრემიაც მიიღო. თუმცა ეს არ იყო ნამდვილი უაილდი - ჯერ კიდევ XVII საუკუნეში დაარსებულ ამ პრემიას ყოველ წელს გადასცემდნენ ოქსფორდის სტუდენტს, რომელიც საუკეთესო არადრამატულ პოემას შექმნიდა.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ლონდონის ცენტრში იქირავა ბინა და დედაქალაქის სალონების სასურველი სტუმარი გახდა - საკუთარ (გამოუქვეყნებელ) ლექსებს კითხულობდა და რაც მთავარია, სიახლე შეჰქონდა სალონების მოსაწყენ ერთფეროვნებაში: ხან ლიმონისფერი ჟილეტით გამოეცხადებოდა ჩაცმაშიც კონსერვატორ ინგლისელებს, ხან მუხლამდე შარვლის ქვემოდან აბრეშუმის ვარდისფერი წინდები უჩანდა, ხან მაქმანებიან მანჟეტებს მოიხდენდა; ცნობილი "უაილდისეული საყელოც" მაშინ შეიქმნა...

1881 წელს, როდესაც მისი ლექსების პირველი კრებული დაიბეჭდა, უკვე ისედაც პოპულარული იყო.

ლექციებით მოიარა ამერიკა და ფურორი მოახდინა ახალ კონტინენტზე. იქიდან ჩამოსული პარიზს ეწვია - ვერლენი, ზოლა, ჰიუგო, მალარმე, ფრანსი და სხვა დიდი ფრანგები გაიცნო და დაუმეგობრდა.

1883 წელს დაოჯახდა. ორი ვაჟიც ეყოლა და მათთვის მოყოლილი ზღაპრები წიგნადაც გამოსცა.

მისი პიესები ლონდონის ყველა თეატრში იდგმებოდა; ორი წელი პოპულარულ ჟურნალსაც რედაქტორობდა, მაგრამ... 1890 წელს "დორიან გრეის პორტრეტი" დაიბეჭდა, 1891 წელს კი ალფრედ დუგლასს შეხვდა...

ის ყოველთვის იყო "სხვანაირი", მაგრამ როდესაც ყველაფერი პურიტანული საზოგადოების წინაშე გაცხადდა, მას არ აპატიეს: დუგლასის მამამ - მარკიზმა ქუინზბერიმ საჯაროდ უწოდა შვილის გამრყვნელი და სოდომისტი! ხოლო უაილდმა, იმის ნაცვლად, რომ ან ჩვეულებისამებრ წაეყრუებინა ან პირადად ეპასუხა, ახალგაზრდა საყვარელს დაუჯერა (რომელსაც მამა სძულდა) და შეურაცხყოფისთვის სასამართლოში უჩივლა! ეს კი დასასრულის დასაწყისი აღმოჩნდა: პროცესი მის საწინააღმდეგოდ შემოტრიალდა და თუმცა უაილდმა მისი მსვლელობისას მოახერხა, მოსამართლესა და პროკურორთან პაექრობა სპექტაკლებად ექცია, განაჩენი მაინც დადგა...

არ ჰქონდა მნიშვნელობა, ორი წლით ჩასვამდნენ ციხეში თუ ოცით - ლიმონისფერ ჟილეტსა და მაქმანებიან წინდებს მიჩვეული კაცისთვის ეს სულერთი იყო...

ცოლი ემიგრაციაში წავიდა, გვარი ბავშვებსაც გადაუკეთა, მეგობრებმა ზურგი აქციეს (დუგლასს ერთი წერილიც კი არ მიუწერია), სალონებში აღარავინ ელოდა...

ციხიდან გამოსული უფრო "დემოკრატიულ" პარიზში წავიდა, მაგრამ საკუთარ თავსა და უმძიმეს ტვირთს ვეღარ გაექცა...

სიკვდილმაც დასცინა - მამამისის ყელ-ყურის სნეულებათა კლინიკა სამშობლოში უქონელ პაციენტებს მკურნალობდა, ის კი პარიზში სწორედ ყურის ინფექციით გარდაიცვალა.

პარიზის პერ-ლაშეზის სასაფლაოს მესვეურები საგონებელში არიან - მწერლის საფლავზე მდგარი ფრთიანი სფინქსის ფიგურა დაშლას იწყებს, მიზეზი კი საუკუნის მანძილზე უამრავი კოცნით დაჩნეული პომადის ქიმიური მოქმედებაა!

სინდისი კი, ისევე, როგორც "დორიან გრეის პორტრეტი", ოსკარ უაილდმა დიდი მცდელობის მიუხედავად, მაინც ვერ გაანადგურა.