"ციხეში ყოველდღე ადვოკატი მაკითხავდა, რომელსაც ვუყვარდი და მალე დავქორწინდით კიდეც..." - კვირის პალიტრა

"ციხეში ყოველდღე ადვოკატი მაკითხავდა, რომელსაც ვუყვარდი და მალე დავქორწინდით კიდეც..."

ეკლიან გზაზე მოარული ბედნიერი კაცი

ბავშვობისას ხშირად მესმოდა ჩემი მოგვარის სახელი, რომლის შესახებ ლეგენდებს ჰყვებოდნენ. ხანგრძლივი პატიმრობა, რამდენჯერმე დაქორწინება, არაორდინალური ქცევები, რომელიც სისტემური წყობის რადიკალურად საწინააღმდეგო იყო, ერთგვარ შიშსა და პატივისცემას იწვევდა არა მარტო ბავშვებში, არამედ უფროსებშიც. ბოლო აკორდი, რითაც საგვარეულო (და არა მარტო ჩვენ) გაგვაკვირა ლაშა ხოჯანაშვილმა, აღმოჩნდა თავის ადვოკატზე დაქორწინება. მისი რთული, საინტერესო, წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალები რამდენიმე წიგნისთვისაც კი იქნება საკმარისი, თუმცა ამჯერად ლაშას მონათხრობს წარმოგიდგენთ, რომელიც მისი ცხოვრების ერთგვარ რეზიუმეს წარმოადგენს და მისი გაცნობის მერე, სულ სხვა შთაბეჭდილება შეექმნება ადამიანს პიროვნების პროგრესირებისა და წინსვლის შესაძლებლობებზე.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ხშირად მიფიქრია, რასაც უფალი ჩვენთვის იმეტებს, ყველაფერს უკეთესობისკენ მივყავართ, ამიტომ დიდად არაფერს ვდარდობ. მყავს სამი შვილი, მოსიყვარულე მეუღლე და ბედის მადლობელი ვარ. ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი პატიმრობაში გავატარე - 22 წელზე ცოტა მეტი. არ ვიტყვი, რომ ანგელოზი ვიყავი და ყოველთვის ტყუილად მაპატიმრებდნენ, თუმცა, ასეც მომხდარა, რომ ტყუილად მომიხდია სასჯელი..."

"პირველად ექვსი წელი მომისაჯეს. სტუდენტი ვიყავი მაშინ. ხუთი წლის შემდეგ გავმართლდი, ჩემმა მშობლება წარმოადგინეს საალიბო დოკუმენტები. როდესაც ის დანაშაული იყო მომხდარი, მაშინ ოჯახთან ერთად სოჭში ვისვენებდით. გავმართლდი, მაგრამ ხუთი წელი ვიხდიდი სასჯელს უდანაშაულო და ამან ჩემს ცხოვრებას დიდი დაღი დაასვა..."

"ციხეში ყოველდღე ადვოკატი მაკითხავდა, რომელსაც ვუყვარდი და მალე დავქორწინდით კიდეც. ძალიან ცოტა ჭირდება ადამიანს ბედნიერებისათვის და მას ციხის ოთხ კედელშიც ადვილად პოულობ. ციხეში სულ ვკითხულობდი. ყოველთვის სწავლის წყურვილი მქონდა..."

"მახარებს უმნიშვნელო ამბები, თუნდაც ქუჩაში გაგონილი ბავშვის სიცილი, საბავშვო ბაღის გზაზე ერთად მიმავალი დედა-შვილი. სხვისი სიხარული მეც გამხარებია, სხვა რა გითხრათ... ჩემი ბედის მადლობელი ვარ. დიდხანს ვიარე ეკლიანი გზებით და თუნდაც მალე დამთავრდეს ეს გზა, მე მაინც ბედნიერი ვარ..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 13 აგვისტოს ნომერში წაიკითხავთ.

როლანდ ხოჯანაშვილი