"ეს დღე იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე, ტყუილად მიცხოვრია! " - რას წერს 25 წლის გოგონას საქმეზე დაკავებული ექიმის მამა? - კვირის პალიტრა

"ეს დღე იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე, ტყუილად მიცხოვრია! " - რას წერს 25 წლის გოგონას საქმეზე დაკავებული ექიმის მამა?

ნოდარ ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრის ოფიციალურ "ფეისბუქგვერდზე" გამოქვეყნდა, კონსტანტინე ყიფიანის განცხადება, რომელიც დაკავებული ექიმის ვახტანგ ყიფიანის მამაა. დაკავებულს სამსახურებრივ გულგრილობაში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობასა და უკანონო საექიმო საქმიანობაში სდებენ ბრალს.

ბატონ კოსტანტინე ყიფიანის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ვინაიდან უამრავი ჩემი კოლეგა, მეგობარი, პაციენტი და უცნობი ადამიანი მიკავშირდება, მეკითხება პირველ რიგში თუ როგორ ვგრძნობ თავს და მერე გამოთქვამს სურვილს თანადგომის, გადავწყვიტე გამოვეხმაურო ყველა იმ ადამიანს, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ჩემი და ჩემი ოჯახის პრობლემები. მინდა დიდი თანაგრძნობა გამოვუხატო პაციენტის მშობლებს, რა თქმა უნდა, მათი ტრაგედია ვერ შეედრება ჩემი შვილის სირთულეებს. მინდა ვთქვა, რომ პირველი დღიდან, როდესაც მოხდა ეს შემთხვევა მე ვიყავი საქმის კურსში ეტაპობრივად, მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციული ჩარევა არ იყო დაწყებული. 45 წელია ვმუშაობ ქირურგიის ერთ-ერთი რთული მიმართულებით, რომელსაც ჰქვია სისხლძარღვთა ქირურგია. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის გამარჯვებული არ ვყოფილვარ. მერწმუნეთ, ყოველთვის ვაანალიზებდი იქნებ სხვანაირად გამეკეთებინა ჩარევა, იქნებ მე დავუშვი შეცდომა. ეს მარტო ჩემი არა, დამიჯერეთ, ყველა ქირურგის ხვედრია.

აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, რომ ასეთი სულისკვეთებით ვზრდიდი ჩემს მოწაფეებს და რა თქმა უნდა უფრო მომთხოვნი ვიყავი ჩემი შვილისადმი. ჩემთვის წარმოუდგენელი ტრაგედია იყო მოსმენა პროკურორის და მასმედიის მხრიდან გაკეთებული განცხადებისა, რომ თითქოს "ვახტანგ ყიფიანი თაღლითია" და არა ის, რომ ვახტანგი დააპატიმრეს. ეს დღე იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე, ტყუილად მიცხოვრია! მეორე დღეს როცა სამედიცინო საზოგადოება და მე შევხდით მინისტრს, ვისაუბრეთ არა მარტო ვახტანგზე, არამედ იმ ხარვეზებზე რაც არის დაკავშირებული ლიცენზირებასთან და დავსახეთ კონკრეტული გეგმები, როგორ გამოვასწოროთ ხარვეზები, რომ აღარ განმეორდეს შემდეგში ასეთი შეუსაბამობა. განხილვის შემდეგ ქალბატონმა ეკატერინემ დაადასტურა რომ ვახტანგი გაუგებრობის მსხვერპლია, ჩემზე ბედნიერი იმ წუთებში ალბათ არავინ არ იყო. მე ნაკლებად მადარდებდა რომ ის იყო დაკავებული, რადგან დარწმუნებული ვიყავი რომ ვახტანგს უახლოეს ხანში გამოუშვებდნენ ციხიდან და საქმე გადავიდოდა ნორმალურ სამართლებრივ ჩარჩოში.

ამ დღეებში გამოხატული საექიმო საზოგადოების პროტესტი გამოიწვია არა ვახტანგის უსაფუძვლო დაკავებამ, არამედ ექიმებმა დაინახეს, რა დიდი რისკის ქვეშ შეიძლება იყოს თითოეული მათგანი, გაუგებრობამ, როგორი უსამართლობის მსხვერპლად შეიძლება აქციოს ისინი. ექიმის საქმიანობა ისედაც წარმოადგენს უდიდეს რისკს, ნებისმიერი ჩარევა შეიძლება არ დამთავრდეს დადებითი შედეგით სხვადასხვა მიზეზის გამო და თუ ექიმს აქვს შეგრძნება დაუცველობის, მერწმუნეთ პირველ რიგში დაზარალდება პაციენტი.

მე და ჩემი კოლეგები ვეცადეთ, რომ თავიდან აგვეცილებინა საკითხის პოლიტიზირება, რადგან ვხვდებოდით, აქ პოლიტიკური მიმართულებისთვის მყარი ნიადაგი მოიძებნებოდა. მე მადლიერი ვარ ყველა პოლიტიკოსის, რომელიც გაგებით შეხვდა ამ საკითხს და დღეის მდგომარეობით ეს მიღწეულია. რაც შეეხება შემდგომ ეტაპებს ჩემი ცხოვრებისა, ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ უახლოეს ხანში ვახტანგს გაათავისუფლებენ წინასწარი პატიმრობიდან და სასამართლოში გამოჩნდება სიმართლე. შემდეგ ეტაპად, ჩემი კოლეგების დახმარებით, მხედველობაში მაქვს დარგობრივი ასოციაციები, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად უნდა ვიმუშავოთ საკანონმდებლო ბაზაზე, რომ სხვაც არ გახდეს მსგავსი უსამართლობის მსხვერპლი. (წყარო)

შეგახსენებთ, გასულ კვირას მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი გიორგი ლობჟანიძე და ამავე კლინიკის ექიმი ვახტანგ ყიფიანი დააკავეს. პროკურატურამ საქმე სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე აღძრა. უკანონო საექიმო საქმიანობის გამო პასუხისგებაში მიეცა ანესთეზიოლოგი მაგდა ხოჭოლავაც, მაგრამ რადგან საქართველოში არ არის, მას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.25 წლის ნათია ცირეკიძე 20 თვეა, კომატოზურ მდგომარეობაშია და ოჯახი იმ ექიმების დასჯას ითხოვს, ვინც გოგონა ამ მდგომარეობაში ჩააგდო.

იხილეთ ასევე: "ყველაზე დიდი უბედურება ის იყო, რომ მამა ღია კარიდან ხედავდა, რა დღეში ჩააგდო ანესთეზიოლოგმა მისი შვილი"