"იმის გაფიქრებაც არ მინდოდა, რომ შეიძლებოდა წლების განმავლობაში საქართველოში ვერ ჩავსულიყავი" - კვირის პალიტრა

"იმის გაფიქრებაც არ მინდოდა, რომ შეიძლებოდა წლების განმავლობაში საქართველოში ვერ ჩავსულიყავი"

მილენა ბაზინოვა ამერიკაში ბავშვობის ოცნების ასასრულებლად წავიდა. ამბობს, რომ ემიგრანტობა საკუთარი თავის ხელმეორედ ძიება, აღმოჩენა და უცხო მიწაზე თავის დამკვიდრების მცდელობაა.

- ადრეული ასაკიდანვე ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემს ბედს, ადრე თუ გვიან, ამ ზესახელმწიფოს დავუკავშირებდი. ოცნება მიზნისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. ჩემი მიზნების მისაღწევად კი თავს არასდროს ვზოგავ. უამრავი სირთულის მიუხედავად, ჩემი ოცნება ასრულდა და სულ რამდენიმე თვეში 6 წელი შესრულდება, რაც აქ ვცხოვრობ.

- რას აკეთებდით საქართველოში? - საქართველოში საკმაოდ წარმატებული სტილისტის კარიერა მქონდა. წლების განმავლობაში ვიყავი ერთ-ერთი ცნობილი სალონების ქსელის სავიზიტო ბარათი, მქონდა მცირე ბიზნესიც.

- მაშინ რა გახდა ემიგრაციის მიზეზი? - ემიგრანტების უმრავლესობისგან განსხვავებით, ეკონომიური მდგომარეობის გამო არ დამიტოვებია ქვეყანა. ჩავთვალე, რომ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე საკუთარი თავი საქართველოში ამოვწურე. გავაანალიზე, რომ მზად ვიყავი უფრო ფართო ასპარეზისთვის, ახალი შესაძლებლობისთვის, გამოწვევებისთვის, ნიუ-იორკში წამოვედი. დღეს ეს ქვეყანა ჩემი მეორე სამშობლოა, განუყოფელი ნაწილი.

- რა შეგრძნება დაგეუფლათ, როდესაც უცხო მიწაზე დადგით ფეხი და გააანალიზეთ, რომ მარტო იყავით? - ემიგრანტობა საკუთარი თავის ხელმეორედ ძიებაა. აქ ყველაფერი ხელახლა დავიწყე. მიუხედავად იმისა, რომ ნიუ-იორკში მკაფიო მიზნებით და კარგად გათვლილი სამოქმედო გეგმით ჩამოვედი, ემიგრაციის პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, იყო ვნებათაღელვა, ცოტა შიში, უმწეობაც... ალბათ ეს ბუნებრივიცაა, როდესაც ყველაფერზე უარს ამბობ და ცხოვრებას ნულიდან, ახალი ფურცლიდან იწყებ. ეს უარყოფითი ემოციები და სირთულეები მივიღე როგორც ცხოვრებისეული გამოწვევა და მალევე გავიმარჯვე საკუთარ თავზე. ამერიკაში მართლაც შეგიძლია ყველა ოცნება რეალობად აქციო. მთავარია, მიზნის მისაღწევად მაქსიმუმი გააკეთო. ეს ქვეყანა გაძლევს ყოველგვარ შესაძლებლობას პიროვნული პროგრესისათვის.

- როგორ მიაღწიეთ წარმატებას უცხო ქვეყანაში? - უამრავი სირთულის, დაცემის, იმედგაცრუების მიუხედავად, სრულიად დამოუკიდებლად შევძელი უცხო მიწაზე თავის მყარად დამკვიდრება. ჩემი წარმატების საიდუმლო კი დიდი მიზნები, პატარა ნაბიჯები და მუდმივი მოძრაობაა. ემიგრაციის საწყის ეტაპზე მუშაობა პროფესიით დავიწყე. მართალია, მიზერულ ანაზღაურებას ვიღებდი, მაგრამ ეს ყველაფერი დამეხმარა როგორც პიროვნულ, ასევე პროფესიულ ზრდაში. წარმატების მისაღწევად მთავარია მიზნების დასახვა და თავდაუზოგავი შრომა. თითოეული წუთი გათვლილი და დაგეგმილი მაქვს. ვარ Milena Beauty House-ის მფლობელი, ლაზერის სპეციალისტი და მთავარი სტილისტი. გარდა ჩემი ყოველდღიური ბიზნესსაქმიანობისა, აქტიურად ვეწევი სოციალურ ცხოვრებას. სულ რამდენიმე წლის წინ შევძელი სხვადასხვა შტატში გაბნეული ქართველების ერთ ოჯახად - მილე-New-მად შეკვრა. "ფეისბუკ"-ჯგუფი მილე-New-მი აქტიურად არის ჩართული საემიგრაციო საქმებში და ქართველ ემიგრანტებს უანგაროდ ეხმარება. უმძიმეს სიტუაციაში ჩავარდნილი ადამიანისთვის ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა.

- ყველა ემიგრანტის ცხოვრებაშია რთული პერიოდი. თქვენ რა გახსენდებათ ყველაზე მძიმედ? - ჩემთვის ემიგრაციის პირველი ეტაპი იყო ყველაზე რთული. მომძლავრებული ემოციები, ნოსტალგია, კულტურული შოკი, მსუბუქი დეპრესია - ამ ყველაფერთან ერთად, არასახარბიელო ეკონომიური მდგომარეობა. იმის გაფიქრებაც არ მინდოდა, რომ შეიძლებოდა წლების განმავლობაში საქართველოში ვერ ჩავსულიყავი. ფიქრებში, ოცნებებში სულ აეროპორტში ვიყავი, საქართველოს საზღვართან. თუმცა, ამაყი ვარ, რომ შევძელი გავმკლავებოდი ყოველგვარ წინააღმდეგობას, წარსულთან ჭიდილსა და უსაზღვრო მონატრებას.

- რა გეგმები გაქვთ ახლო მომავალში? - უახლოეს მომავალში ვგეგმავ ნიუ-იორკში საკუთარი კომერციული ფართობის შეძენას და სპა-ცენტრის გახსნას. ბიზნესის გაფართოება ჩემთვის პრიორიტეტია.

ფიქრია რობაქიძე ჟურნალი "გზა"