"გვიანობამდე მე­სა­უბ­რე­ბო­და, ბავ­შვი რო­გორ არი­სო. ერთი სული მაქვს რო­დის ჩა­მო­ვა­ლო" - რას ამბობს მეუღლე მამაკაცზე, რომელიც კარანტინში მეოთხე სართულიდან გადახტა - კვირის პალიტრა

"გვიანობამდე მე­სა­უბ­რე­ბო­და, ბავ­შვი რო­გორ არი­სო. ერთი სული მაქვს რო­დის ჩა­მო­ვა­ლო" - რას ამბობს მეუღლე მამაკაცზე, რომელიც კარანტინში მეოთხე სართულიდან გადახტა

ბათუმის საკარანტინე სივრცეში, მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა მამაკაცის მეუღლე მომხდარზე პასუხისმგებლობას ჯანდაცვის სამინისტროსა და სასტუმროს პერსონალს აკისრებს.

სალომე ცანავა ვიდეოჩანაწერების ამოღებას მოითხოვს და სუიციდის ვერსიას გამორიცხავს.

"მას არანაირი ფსიქიკური პრობლემა არ ჰქონია, არ იყო დეპრესიული. ღამის 12 საათამდე მესაუბრებოდა, ბავშვი როგორ არისო. ერთი სული მაქვს როდის ჩამოვალო. სასტუმრო "ლეგასის" ცხელ ხაზზე ვრეკავ და არანაირი პასუხი არ არის.

როგორ შეიძლება, ადამიანი კარანტინში მოხვდა, პირველი დღეა საკარანტინო პერიოდის და ყურადღება არ ჰქონდეს? ან გარეთ თუ გავიდა, კონტროლზე პასუხისმგებელი არავინაა?" - ამბობს სალომე ცანავა "მთავარ არხთან" საუბრისას.

ცნობისთვის, შსს-მ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს საკარანტინო სივრცეში გადაყვანილი პირი მეოთხე სართულიდან გადახტა. იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა.

ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში დილის ოთხ საათზე შეიყვანეს, რომელიც უგონო მდგომარეობაში იყო. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

"რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი მდგომარეობა მძიმეა, მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება, უგონო მდგომარეობაში იყო, დილის 4 საათზე შემოიყვანეს", - აცხადებენ კლინიკაში.