"ჩემს დანახვაზე ჩემი ყოფილი თანამშრომ­ელი ოსი ქალი გამოვარდა და აკივლდა, მკვლელი ქართველი მოვიდა და მოკალითო!.." - კვირის პალიტრა

"ჩემს დანახვაზე ჩემი ყოფილი თანამშრომ­ელი ოსი ქალი გამოვარდა და აკივლდა, მკვლელი ქართველი მოვიდა და მოკალითო!.."

"აბა, საქართველო გაძლიერდეს, თუ ოსი რუსის კალთას არ მოშორდეს!"

ომის სულისშემძვრელი ისტორიებით ვერავის გააკვირვებ, მაგრამ არანაკლებ სულისშემძვრელია ის ამბავი, როგორ გრძელდება ომის შემდგომი სიცოცხლე, რომელიც მზისქვეშეთში თავის კუთვნილ ადგილს ჯიუტად ითხოვს. სამაჩაბლოს უძველესი სოფლის, აჩაბეთის სიცოცხლეც ასე გრძელდება - ჯიუტად და მტრისთვის საშიშად. 24 სოფელსა და ქალაქში მიმოფანტული აჩაბეთელების შვილები იბადებიან, იზრდებიან და თავიანთ კერაზე დაბრუნდებას ელიან. სწორედ ამისთვის და კიდევ ბევრი სხვა რამის გამოც აჩაბეთელი ციცინო ბაბუციძე ამ 24 სოფელსა თუ ქალაქში, წლებია, შეუსვენებლად დადის, თავის დაწიოკებულ სოფელს ისევ ერთ ორგანიზმად აგროვებს, სოფლის სიკვდილ-სიცოცხლის ამბებს ავრცელებს და აჩაბეთის ისტორიას წერს. უნდა, წიგნად აქციოს და სოფელს იმ განძად დაუტოვოს, რომლის წყალობით უკან დაბრუნებული აჩაბეთელები ყველაფერს თავის სახელს დაუბრუნებენ. იმ აბრასაც შეცვლიან, ცხინვალიდან აჩაბეთისაკენ მიმავალ ავტობუსზე რომ მიუკრავთ და აჩაბეთის ნაცვლად "სევერნაია" აწერია...

- ლტოლვილობა რომ არა, სიტყვა "მისამართზე" არასოდეს დავფიქრდებოდი, ახლა კი გულში შანთივით მიტრიალებს. ჩემთვის მისამართი ის კი არ არის, სადაც ვცხოვრობ, არამედ - ჩემი სამაჩაბლო და აჩაბეთი, სადაც დავიბადე და ვიცხოვრე, საიდანაც გამთენიისას ამოსული მზე საღამოს ცხინვალისკენ ჩაეშვება ხოლმე. ის ადგილები, სადაც ჩემი მამა-პაპის ბაღების სურნელი დგას და რომელიც ჩემთვის ვერაფერმა შეცვალა. დაწვრილებით აღარ მოვყვები, როგორ წამოვედი 1991 წელს ცხინვალიდან, 2008 წელს კი - აჩაბეთიდან ოთხი ვაჟით, რომელთაგან უფროსი მხოლოდ 11 წლის იყო და დღემდე ამბობს, თბილისელი ვერაფრით გავხდი, რადგან ცხინვალელი ვარო. სულ ტყუილად შევეცდები ამ დღეების სიტყვით აღწერას, მაგრამ როდესაც ვნახე, რომ აჩაბეთში ის გორაკიც კი გადაჭრეს, სადაც ბავშვობაში დავრბოდით, რომ სახლების გადაწვის შემდეგ ტოპონიმების "ამოწვა" დაიწყეს და აჩაბეთს "სევერნაია" დაარქვეს, გადავწყვიტე, ყველა აჩაბეთელი მომეძებნა, ისევ ერთ სოფლად მექცია და, რაც მთავარია, ხანდაზმულებისაგან აჩაბეთის ისტორია ჩამეწერა... ჩვენი პატარა, 250-კომლიანი სოფელი 24 ადგილას არის მიმოფანტული, უმეტესობა კი იმ პატარა კუბიკებში ცხოვრობს, რომლებსაც რატომღაც სახლებს ვუწოდებთ. ყველგან ჩავდივარ, სადაც ისინი ცხოვრობენ, ხშირად ფეხითაც მიწევს სიარული. დავდივარ და მეფიქრება, მოგონებებმა ვინმე ცუდად რომ გახადოს, რა ვქნა-მეთქი. ერთხელ საგურამოში ჩასახლებული მოჭიდავე ნოდარ ბაბუციძე მართლაც ისე ცუდად გახდა აჩაბეთის მოგონებისას, სასწრაფო დახმარება გამოვიძახეთ და საშველად მის ვაჟსაც დავურეკე.

- სხვანაირად როგორ იქნება, როცა ხალხს მთელი სიცოცხლის ნაშრომი გადაუწვეს და გადამწვარის ნახვაც აუკრძალეს. ძნელია, უფრო დიდი ტრაგედია წარმოიდგინო... - თანაც - გაუგებარი ტრაგედია, რომელიც ტანჯვად გვექცა. ლტოლვილობის პირველ პერიოდში ხალხი იძინებდა და ვეღარ იღვიძებდა - მძინარენი იხოცებოდნენ, თუმცა ბევრიც გაქვავდა და სიკვდილს გაუმკლავდა. ლტოლვილთა დასახლების ეზოები წალკოტს დაემსგავსა და ხილით დაიხუნძლა. წეროვანში ვალიკო რაზმაძის ოჯახს რომ მიადგე, ამ 12 წელიწადში მისი მოყვანილი ყურძენი და ვაშლი გაგაოცებს, მაგრამ რა?! ვალიკოს სახეზე გულიან ღიმილს ვეღარ ნახავ... ამის შემხედვარე ვფიქრობ - ხომ ვითომ აღარც გვშია და აღარც გვწყურია, მაგრამ ღიმილი მაინც ვეღარ დავიბრუნეთ. ის გულიანი ღიმილი იმ სოფლებში დარჩა, სადაც ჩვენი ნათამაშები კენჭიც აღარ არის. აბა, რას უნდა გაეღიმებინა მოხუცი სოგრატ ბაბუციძე, რომელმაც ჯერ ზურგით თავისნაირი მოხუცი ვარა ბაბუციძე გამოიყვანა სოფლიდან, მერე კი უკან დაბრუნებულმა დაინახა, როგორ ამოწვეს სახლებში დარჩენილი ხალხი... ის შარშან გარდაიცვალა, თუმცა ამბობდა, ორივე მხარე ვიყავით ამ უბედურებაში დამნაშავეო. მეც ასე ვფიქრობ - ჩვენ, ორმა, ერთმანეთი ამოვხოცეთ, მესამემ კი გაიხარა...

- ეს ოსებმაც კარგად იციან... - იციან და ამბობენ კიდეც, მაგრამ ახლა ამ საქმეს საქართველოს გაძლიერების გარდა ვეღარაფერი უშველის. აბა, საქართველო გაძლიერდეს, თუ ოსი რუსის კალთას არ მოშორდეს! უდანაშაულო სისხლის დამღვრელი ოსებშიც იყო და ქართველებშიც, მაგრამ ერთმანეთის დამნდობნიც ორივე მხარეს იყვნენ, რაც ოდესმე უსათუოდ გვიშველის!

მე ცხინვალში სიკვდილს ხელიდან ახალგაზრდა ოსმა გამომგლიჯა. ეს 2003 წელს იყო, როცა 1991 წლის სისხლის ღვრის შემდეგ ქართველები და ოსები თითქოს შევრიგდით და ისევ დავდიოდით ერთმანეთთან, თუმცა მხოლოდ ქალები, რადგან ქალებს არავინ ერჩოდა. მაშინ დედამ მთხოვა, იქნებ ცხინვალში წახვიდე და აუცილებელი წვრილმანი იყიდოო. ცხინვალი აჩაბეთიდან სამი კილომეტრით არის დაშორებული და მეც წავედი. ცენტრში რომ ავიარე, სადაც ჩემი გადამწვარი სახლი დგას, კედელზე ჩამოკონწიალებული ფიცარი შევნიშნე. გულმა არ მომითმინა, ჩემი ეზოს კარი შევაღე და შევედი. სახლის გადარჩენილ ნაწილში ამოშენებული საპარიკმახერო დავინახე, საიდანაც ჩემს დანახვაზე ჩემი ყოფილი თანამშრომელი ოსი ქალი გამოვარდა და აკივლდა, მკვლელი ქართველი მოვიდა და მოკალითო! თვალთ დამიბნელდა - ყოველ წუთს შეიძლებოდა, ვიღაცს მოვეკალი, მაგრამ უეცრად ვიღაცის გამოძახებული პოლიციის მანქანა მოვიდა, საიდანაც ახალგაზრდა ოსი პოლიციელი გადმოვიდა. მე და ის ქალი მანქანაში ჩაგვსხა და პოლიციაში წაგვიყვანა. იქ ერთი ზორბა პოლიციელი დაგვხვდა, რომელმაც მაგიდას მუშტი დაჰკრა და მკითხა, რატომ წახვედი ცხინვალიდანო? ვუთხარი, შემეშინდა-მეთქი. რატომ ჩემს ცოლს არ შეეშინდა, იმიტომ არ წავიდა, ჩვენს მიწა-წყალს ვიცავდითო. ამის გაგონებაზე ისე გავმწარდი, შევეპასუხე, თქვენს კი არა, ჩვენს მიწა-წყალს და კარგად იცი, ზურგს უკან ვინ გედგათ-მეთქი. ამის გაგონებაზე მაგიდას ხელი ისევ დაჰკრა, ოღონდ ამჯერად ისე, ზედ რაც იყო, ყველაფერი აზანზარდა... ამასობაში ის ახალგაზრდა პოლიციელი ჩემს თანმხლებ ქალს მიუტრიალდა, რატომ ითხოვდი ამ ქალის მოკვლას, რა დაგიშავა, ან თუ იცნობო. კი, ვიცნობ, მაგის სახლში გვიქეიფია კიდეც, მაგრამ ძლივს საპარიკმახერო გავხსენი და თავზე რატომ დამადგაო. პოლიციელმა - საპარიკმახერო თან ხომ არ მიჰქონდა, ასე მე ყველა ქართველი უნდა დავხოცო, რადგან მამაჩემი ერედვის ავტობუსში მოკლესო. ამის გამგონე ზონზროხა უფროსსაც შეეცვალა სახე, ქალს მიუბრუნდა და სუფთა ქართულით უთხრა, ეს გასმევდა და გაჭმევდა, შენ კი მოსაკლავად იმეტებდი. წადი სახლში და ეს აღარ გააკეთოო! ამის შემდეგ ახალგაზრდამ თავის უფროსს სთხოვა, მე ავიყვან აჩაბეთშიო. იმანაც - აიყვანე, თუ ვაშლსა და ღვინოს გამოგატანენო! ასეთი ფინალის გარდა მართლაც ყველაფერს მოველოდი! ერედვთან ავტობუსში მშვიდობიანი ოსები მართლაც ტყუილუბრალოდ დახვრიტეს ქართველმა მაროდიორებმა (ისევე, როგორც ოსები ხვრეტდნენ ქართველებს), იმათი შვილი კი მეუბნებოდა, სახლში წაგიყვანო!.. მოკლედ, მანქანაში ჩამსვა, მაგრამ აჩაბეთთან რომ მიმიყვანა, სვლა შეანელა - 13 წელიწადია, ქართულ სოფელში აღარ ვყოფილვარ, მეშინია, რამე ცუდი არ მოხდესო. მე ვუთხარი, როგორც შენ გადამარჩინე, ისე მე ვაგებ შენზე პასუხს საკუთარი სიცოცხლით-მეთქი და შინ შევიყვანე. სოფელში მართლა ყველა დაძაბული დამხვდა. ყველაფერი ვუამბე და დედას ვუთხარი, ამ ბიჭს გაატანე, რაც გაგვაჩნია-მეთქი. სანამ ჩემი ძმები მანქანაში ხილსა და არაყს აწყობდნენ, მამაჩემმა სუფრა გაშალა და პოლიციელი მიიპატიჟა. ბიჭს უარი არ უთქვამს, მაგრამ ჭიქას ხელი არ მოჰკიდა, სანამ მამაჩემი ომში დაღუპული ბიჭების შესანდობრამდე არ მივიდა... როდესაც მამამ თქვა, თქვენი ბიჭების შესანდობარიც იყოს, შვილო, თქვენისაცო, ცრემლი ვერ შეიკავა. ეს ცრემლები მთელი სიცოცხლე არ დამავიწყდება... ამასობაში მზე ცხინვალისკენ გადაიხარა და სტუმარს ვუთხარი, ნახე, ჩვენი მზე თქვენკენ როგორ ჩავიდა-მეთქი. მან კი მიპასუხა, არაფერია, დილით აუცილებლად დაგიბრუნებთო! ეს როგორ უნდა დავივიწყო?! ჩვენ უნდა დავბრუნდეთ ისე, როგორც მზე აჩაბეთში ბრუნდება...

მას შემდეგ, რაც ერთმანეთი მოვძებნეთ, აჩაბეთელები ყოველ წელიწადს ვიკრიბებით და დაბრუნებაზე ველაპარაკებით იმ ბავშვებს, რომლებიც ჩვენი ლტოლვილობის წლებში დაიბადნენ. ჩემი 5 წლის შვილიშვილი სესილია ნიქოზშიც კი ჩავიყვანე, ვითომ საზღვართან და ხმამაღლა დავაძახებინე, მე ცხინვალიდან ვარ, ცხინვალო, აუცილებლად დაგიბრუნდებიო!

- ძნელი იქნება... - საქართველო გაძლიერდეს და ვნახავთ, თუ ძნელი იქნება! რამდენიმე წლის წინ ქართველები და ოსები ერთ-ერთი ორგანიზაციის ინიციატივით ერთმანეთს ანკარაში შევხვდით. ამ შეხვედრაზე ერთ-ერთი ოსი გოგონა გამწარებით იმეორებდა, არავითარ შემთხვევაში არ შევურიგდებით ქართველებს, არაფრის გულისთვისო. რომ დავიმარტოხელე, ვუთხარი, როგორ ფიქრობ, ახლა სად ვართ ქართველები-მეთქი? გაოცებულმა შემომხედა. იმ თურქეთში ვართ, რომელიც საქართველოს მუდამ აწიოკებდა და ვინ იფიქრებდა, რომ ერთ დღეს ქართველი ოსთან შესარიგებლად თურქეთში ჩამოვიდოდა. ასე ჩამოვალთ სამაჩაბლოშიც და ისეთივე მოულოდნელად, როგორც იქიდან წამოვედით-მეთქი...

- რა გითხრათ? - ანკარაში ცხრა დღე ვიყავით. მეცხრე დღეს თავი მხარზე დამადო და ატირდა - უნდა დაბრუნდეთო... იმ დღეებში ვილაპარაკეთ და მიხვდა - თურმე ქართველები ფაშისტები არ ვყოფილვართ. იმედი მაქვს, ხელისუფლებაც, რომელიც დღეს ამ თემაზე დუმს, მალე ყველაფერს მიხვდება და ამოქმედდება...