"გვჯერა, ჯაბა ამეტყველდება. მისი თვალები რომ ნახოთ თითოეულ ტაძარში შესვლისას, თქვენც დაიჯერებთ" - კვირის პალიტრა

"გვჯერა, ჯაბა ამეტყველდება. მისი თვალები რომ ნახოთ თითოეულ ტაძარში შესვლისას, თქვენც დაიჯერებთ"

"მინდა, საზოგადოებას, ვისთვისაც ძვირფასია ეკლესია და თანაუგრძნობს შშმ პირებს, მხარდაჭერა ვთხოვო..."

მეუღლესა და შვილთან, ჯაბასთან ერთად გოგიტა მურცხვალაძე პილიგრიმობას შეუდგა. ოჯახის სამივე წევრი შშმ პირია. მათ სურთ, ორი წლის განმავლობაში საქართველოს 200-მდე ეკლესია-მონასტერი მოილოცონ. აჭარისა და სამეგრელოს წმინდა ადგილები უკვე მოიარეს, მაგრამ პილიგრიმობის დასამთავრებლად კეთილი ადამიანების შეწევნის იმედი აქვთ.

- რომ გითხრათ, სანამ ჯაბა დაიბადებოდა, ძალიან ეკლესიურად ვცხოვრობდი-მეთქი, ტყუილი იქნება. როცა გამიჭირდებოდა, ღმერთო, მიშველე-მეთქი, ვამბობდი, კეთილდღეობის დროს კი ნაკლებად მახსენდებოდა უფალი, არადა, მისი წყალობით არის ყველაფერი. თქვენი გაზეთის მეშვეობით ჯაბა მთელმა საქართველომ გაიცნო. ის ჯანმრთელი დაიბადა, მაგრამ მშობიარობის შემდგომ მიიღო ტრავმა - დაბადებიდან მესამე დღეს, შეხვევისას ხელიდან გაუვარდათ. სხვადასხვა ასაკში ხუთი ოპერაცია გადაიტანა, ამასთან, პირველ და მესამე ოპერაციაზე მძიმე შეცდომები დაუშვეს არა მარტო ოპერაციის, შემდგომი მკურნალობის დროსაც. მისი დიაგნოზია ჰიდროცეფალია. "კვირის პალიტრის" პირველი რედაქტორი, ქალბატონი ლალი გუნთაიშვილი ყველას ტკივილის გულთან მიმტანი გახლდათ. როცა მან ჩემი ოჯახის გაჭირვება და ჯაბას ამბავი გაიგო, კეთილ ფერიად მოგვევლინა - ყველანაირად მხარში ამოგვიდგა. მთელი რედაქციის მიმართ მინდა გამოვხატო მადლიერება. დღესაც ამაყი ვარ იმით, რომ ჩემს შვილს "კვირის პალიტრის" შვილობილს ეძახიან.

ღვთის წყალობა დატრიალდა ჩემს ოჯახში, როცა 2000 წლის გაზაფხულზე სამთავროს დედათა მონასტერში, წმ. ბერი გაბრიელის საფლავზე ჯაბამ ფეხი აიდგა. ეს სასწაული მოლოცვის მესამე დღეს მოხდა. მაშინ 8 წლის იყო და ეს ამბავი გარდამტეხი აღმოჩნდა ჩემი ოჯახისთვის. მას შემდეგ შემოვბრუნდით ეკლესიისკენ - მადლობა უფალს ამისათვის. 2006 წელს შვილთან ერთად თბილისიდან ბათუმამდე ფეხით ჩავედი. ჯაბასთვის 300-500 მეტრის გავლა მაქსიმუმია, ეტლით კი 400 კმ ისე გაიარა, არც დაღლილა და არც დაუჩივლია. მთელი მანძილი 12 დღეში დავფარეთ. ამის შემდეგ პატრიარქისგან, მეუფე დიმიტრისა და ოჯახის მოძღვრის, მამა არჩილ ჩხარტიშვილისგან მივიღე კურთხევა, რომ ოჯახმა - მე, ჩემმა მეუღლემ და ჯაბამ მთელი საქართველოს ეკლესია-მონასტრები მოვილოცოთ. ორი წლის განმავლობაში 200-მდე ეკლესიის მოლოცვა გვინდა. ჩემი შვილისა და ოჯახისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეს მსვლელობა, რომელიც ერთი თვის წინ დავიწყეთ აჭარიდან, არა მხოლოდ ჩემი შვილის სახელზე სრულდება, არამედ ყველა იმ შშმ პირისთვის, ვისაც უფლის თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდება. ვლოცულობთ მშვიდობისა და ქვეყნის გაერთიანებისათვის.

მსვლელობისას ჯაბა ფეხშიშველი შედის ყველა ტაძარში. როგორი დაუჯერებელიც უნდა იყოს მედიცინისათვის, ბავშვი თანდათან იცვლება - იცის დედა, მამა, დედმამიშვილები, მოფერება, წყალს და პურს დამოუკიდებლად იღებს, არადა, ასეთი ბავშვები ქმედუუნარონი არიან, რომელთაც ბიოლოგიურ დედასთანაც კი არ შეუძლიათ ურთიერთობა. მე ვგრძნობ, როგორ იცვლება ჯაბა ამ მსვლელობისას.

თქვენი გაზეთის წყალობით ბევრმა გაგვიცნო. სადაც მივდივართ, გვლოცავენ, გვეფერებიან. ბედნიერი ვარ, რომ ამდენი ადამიანია ჩვენ მიმართ კეთილგანწყობილი.

- მხოლოდ აჭარა მოიარეთ? - სამეგრელოც. თითო ტაძარში 1-2 დღეს ვყოვნდებით, მოვილოცავთ, პარაკლისს გადავიხდით. ამასთან, ყველგან თითო სანთელს ვანთებთ იმ ადამიანებისთვის, ვინც ფინანსურად გვეხმარება. გურია, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი წინაა. თითოეული ტაძრის ზღურბლზე გადაბიჯება უფლისკენ გადადგმული ნაბიჯია.

ერთი პრობლემა გვაქვს - მეგობრების გამოთვლით, ჩვენ 15 000 კილომეტრის გავლა მოგვიწევს. მეც, მეუღლეც და ჯაბაც შშმ პირები ვართ და ოჯახის მანქანით დავდივართ. მარშრუტის გასავლელად 1-1,5 ტონა საწვავი დაგვჭირდება. ბუნებრივია, სხვა ხარჯიც იქნება. თუკი ვინმე გვერდში არ ამოგვიდგა, რას გავხდებით?! ჩემმა მეგობარმა მხატვრებმა ონლაინგამოფენა მოაწყვეს და ამ თანხით დაიწყო ჩვენი მოგზაურობა, თუმცა ეს არ არის საკმარისი. მინდა, საზოგადოებას, ვისთვისაც ძვირფასია ეკლესია და თანაუგრძნობს შშმ პირებს, მხარდაჭერა ვთხოვო. თუ შეგვეწევიან, წელს შეიძლება მოვასწროთ დასავლეთ საქართველოს ტაძრების მოლოცვა. თქვენი თანადგომის იმედი მაქვს. ღმერთმა გაგაძლიეროთ, გაგამრავლოთ და გაგახაროთ.

ჯაბა ახლა 28 წლისაა. გვჯერა, ამეტყველდება. მისი თვალები რომ ნახოთ თითოეულ ტაძარში შესვლისას, თქვენც დაიჯერებთ. უფალი მოწყალეა.

საქველმოქმედო ფონდი "ხომლი" ჯაბა მურცხვალაძის დასახმარებლად.

ანგარიშის ნომერი:

საქართველოს ბანკი:

42BG0000000162421607

თიბისი ბანკი:

GE45TB7420136080100007