"უკვე 17 წელია, ვებღაუჭები იმედს, რომ ნორმალურად ცხოვრებას შევძლებ" - კვირის პალიტრა

"უკვე 17 წელია, ვებღაუჭები იმედს, რომ ნორმალურად ცხოვრებას შევძლებ"

"შემთხვევა, რომელმაც ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა, ღამის 3 საათზე მოხდა. რამდენიმე საათის შემდეგ გონდაკარგული შემთხვევით გამვლელმა ამომიცნო, რომელიც ჩემი დეიდაშვილის მეგობარი აღმოჩნდა"

ადამიანების ცხოვრება ტკბილ-მწარე ეპიზოდებისგან შედგება. ჩვენი კოლეგა ვასილ სილაგაძე ამბობს, რომ მის ცხოვრებაში 2003 წლის 31 ოქტომბერი ყველაზე მწარე დღეა. ამ დღეს ავარიის გამო მან ქალა-ტვინის ტრავმა მიიღო, მარჯვენა ხელ-ფეხი გაუშეშდა და მეტყველებაც გაუჭირდა.

- მაშინ 31 წლის ვიყავი, ორი დღის წინ კი 48 წლის გავხდი. ამ პერიოდში რაც შეიძლება ადამიანმა ცუდი ნახოს, ყველაფერი ვნახე - ჩემი ავადმყოფობის გარდა, გარდამეცვალა მამა, ძმა, დედა. ძირითადად, ისინი ზრუნავდნენ ჩემზე და მეტ-ნაკლებად მიმსუბუქებდნენ მდგომარეობას, მე კი ჩემი მდგომარეობის გამო მათ საფლავზეც ვერ ვახერხებ მისვლას. მეკითხებიან, როგორ მოხდა ავარიაო. არ ვიცი... ვიცი მხოლოდ, რომ გამოძიება ათ დღეში დასრულდა. სასტუმრო "აჭარასთან" მოქალაქეს დაეჯახა უნომრო "ოპელ ვექტრა", რომელმაც მერე ხილიანის ქუჩაზე აუხვია და გაუჩინარდა - სულ ეს არის, რაც გამოძიებამ გამოარკვია.

შემთხვევა, რომელმაც ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა, ღამის 3 საათზე მოხდა. რამდენიმე საათის შემდეგ გონდაკარგული შემთხვევით გამვლელმა ამომიცნო, რომელიც ჩემი დეიდაშვილის მეგობარი აღმოჩნდა. მასვე წავუყვანივარ რესპუბლიკურ საავადმყოფოში. აპარატზე შეერთებული გონზე სამი თვის შემდეგ მოვედი, მაგრამ ყელში ჩადგმული მილის გარშემო შეხორცება დაიწყო და მილის ამოღებისას ხორხი დამიზიანდა. ამასთან, მხოლოდ 21-ე დღეს აღმოუჩენიათ ექიმებს, რომ მარჯვენა ფეხიც მოტეხილი მქონდა. ყელზე ოპერაცია პროფესორმა ვახტანგ ქაცარავამ გამიკეთა და ახლა ასე თუ ისე ვლაპარაკობ.

2003-დან მოყოლებული, 2009 წლამდე მხოლოდ ჯდომა შემეძლო და ოთახიდან აივანზე თუ გავიდოდი. ამ დროს ბევრს ცოცხალიც აღარ ვეგონე. მერე მეგობარმა რენტგენოლოგმა მირჩია, ურეკში, ქვიშაში, სპეციალური სარეაბილიტაციო კურსი ჩამეტარებინა. უკვე შვიდი წელია, ურეკში დავდივარ. ერთი პროფესიონალი მასაჟს მიკეთებს, მეორე - მავარჯიშებს და ამან შვება მაგრძნობინა. წარმოიდგინეთ, ურეკის ქვიშაში უჯოხოდაც კი შევძელი გავლა. ახლა ქალაქში სიარული რომ შემიძლია, ეს ურეკის დამსახურებაა. ბუნებრივია, ვერ განვიკურნები, მაგრამ ურეკში ზაფხულის ერთი კურსი მთელ წელს მიმსუბუქებს.

- ექიმები რას გეუბნებიან? - საზღვარგარეთის რამდენიმე კლინიკაში გავგზავნე ჩემი მონაცემები. მMეუბნებოდნენ, რომ გამოჯანმრთელების შანსი მქონდა, მაგრამ საჭირო თანხას ვერ ვაგროვებდი, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა ინსტანცია შევაწუხე... გასული წლის დეკემბერში დამაფინანსა ჩემმა კლასელმა, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და რეაბილიტაციის 24-დღიანი კურსი ლიეტუვაში გავიარე.

- შედეგი? - მანამდე ტკივილი მაწუხებდა, მას შემდეგ კი გამაყუჩებელი არ დამილევია. ამასთან, ახლა ფეხსაც ვხრი, მეტ-ნაკლებად ხელსაც. მეორე კურსი აპრილში უნდა გამევლო, მაგრამ პანდემიის გამო შეუძლებელი აღმოჩნდა, ამიტომ ახლა ისევ ურეკში თუ არ ჩავიტარე კურსი, არ ვიცი, როგორ ვიქნები. ყველაფრისთვის 750 ლარი მჭირდება და ისევ ახლობლებისა და კეთილი ადამიანების იმედად ვარ. იმედს არ ვკარგავ, რომ ჩემი ცხოვრების მწარე ეპიზოდი დასრულდება და ნორმალურად ცხოვრებას შევძლებ. უკვე 17 წელია, ამ იმედს ვებღაუჭები.

საქართველოს ბანკი:

GE80BG0000000125594000

მიმღები ვასილ სილაგაძე