"რაღა დაგვრჩა ამის იქით?! არც არაფერი - ფსკერზე დავეშვით..." - კვირის პალიტრა

"რაღა დაგვრჩა ამის იქით?! არც არაფერი - ფსკერზე დავეშვით..."

"...ამ ზრახვების არჩევნების წინ საჯაროდ განცხადება პოლიტიკური თვითმკვლელობა მგონია. ისე კი, გიგას დიდი მადლობა გულწრფელობისთვის..."

მწერალი კოტე ჯანდიერი "კვირის პალიტრას" თავისი თვალით დანახულ დღევანდელ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე ესაუბრება.

- საზოგადოება დიდი ინტერესით ადევნებს თვალს გიორგი შაქარაშვილისა და თამარ ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეებს. ამ შემზარავი ტრაგედიების საჯარო განხილვასა და გამოძიებაში ზოგი ისე ჩაერთო, შეიძლება ითქვას, "გამომძიებლადაც" იქცა... რა შეიძლება ეწოდოს ამას - "ტრაგიკული სერიალებით" მცხოვრები საინფორმაციო ძალადობის მსხვერპლი საზოგადოება?

- რა გითხრათ... ის, რაც დღეს ჩვენს საჯარო სივრცეში ხდება, მართლაც ძალიან მძიმე საყურებელი და მოსასმენია. ქართული პოლიტიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება ლამის დაიცალა მორალისაგან. მოშლილია ყველა ზნეობრივი ნორმა და მუხრუჭი, აღარ არსებობს წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთაც არ შეიძლება... ყველაზე მძიმე კი ის არის, რომ ოპოზიციად წოდებული პოლიტგანგსტერები, მათი პარტიული მედია, არასამთავრობო ორგანიზაციების ანგაჟირებული ნაწილი ერთი მიზნით გაერთიანდნენ და თავდაუზოგავად ცდილობენ, მოახლოებული არჩევნების წინ ნებისმიერი საშუალებით შექმნან სურათი, თითქოს მთავრობა კრიმინალურ სამყაროსთან არის გადაჯაჭვული, პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობს უმძიმეს დანაშაულებში და ქვეყანას სისხლიანი, კრიმინალური ქაოსისკენ მიაქანებს.

გამაოგნებელია ის ცინიზმი და ადამიანური თანაცხოვრების ელემენტარული ნორმების ფეხქვეშ გამთელავი მეთოდები, რომლებითაც ცდილობენ მიზნის მიღწევას. დიდხანს ვიკავებდი თავს, ეს ფორმა არ გამომეყენებინა, მაგრამ ვხედავ, როგორ არაფრად დაგიდევენ ადამიანურ, შიდა ცენზურას, რომელიც ყველა პროფესიის ადამიანს უნდა ჰქონდეს. ჭირისუფალთან მისული ვაიჟურნალისტები და განზრახ მიგზავნილი პარტადვოკატები ცდილობენ, ოჯახის ტრაგედია ბინძური პროპაგანდისთვის გამოიყენონ და უარის შემთხვევაში იწყებენ დისკრედიტაციისა და ცილისწამების კამპანიას. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ჟურნალისტად წოდებულმა ვიღაც გონებაჩლუნგმა განაცხადა, ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ მათი შვილის მკვლელობის გამოძიებასო...

რაღა დაგვრჩა ამის იქით?!. არც არაფერი - ფსკერზე დავეშვით. საბოლოოდ ეს ყველაფერი ერთ მიზანს ემსახურება - არჩევნების ლეგიტიმურობა წინასაარჩევნო პერიოდშივე დადგეს ეჭვქვეშ. ყველაზე უარესი კი ის არის, რომ საზოგადოების აქა-იქ შემორჩენილ საღად მოაზროვნე ნაწილს არა აქვს არავითარი ინსტრუმენტი, რომ წინ აღუდგეს ამ საყოველთაო დეგრადაციას, ლაგამი ამოსდოს ამ გათავხედებულ უზნეობას. თუკი ვინმემ გაბედა და ხმა აიმაღლა წრეგადასული მედიატერორის წინააღმდეგ, უმალ სიტყვის თავისუფლების მტრად, ფაშისტად და პუტინის აგენტად ცხადდება. საპირისპიროდ ამისა, ყოველგვარი უმსგავსობა, სიცრუე და ცილისწამება - თუკი ის ხელისუფლების ან ივანიშვილის ოჯახის წინააღმდეგ არის მიმართული - ლამის პატრიოტობად არის მონათლული.

ოცდაათწლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში ჩვენ თანდათან დავკარგეთ ცოდნის, ფუნდამენტური განათლების, კომპეტენტური აზრის პატივისცემა.

ფართო კულტურული ჰორიზონტის მქონე ადამიანები, რომლებიც იოლად არ აჰყვნენ უწიგნურ პოლიტიკანებს "ჯოს, ჯოს!" ძახილსა და პრიმიტიულ, ქვეყნის დამაქცეველ ფსევდოპატრიოტიზმში, კრემლის აგენტებად გამოვაცხადეთ. ასე თანდათან დავკარგეთ ადამიანის ღირსებისა და სიცოცხლის პატივისცემაც. მეგონა, სადღაც გავჩერდებოდით, მაგრამ არა! ახლა ყველაზე უზენაესის - ადამიანის სიცოცხლისა და სიკვდილის მიმართ პატივისცემასაც ვკარგავთ.

- არჩევნებამდე ცოტა დრო დარჩა. როგორ გამოიყურებიან ამ ვითარებაში, ერთი მხრივ, ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ჯერ ვერ ტოვებენ ჩამოყალიბებული ძალის შთაბეჭდილებას. და, მეორე მხრივ, მმართველი გუნდი, რომელმაც არაერთი შეცდომა დაუშვა და ამის დასტურია ლამის ტრადიციად ქცეული ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკული წერილები... - პირადად ჩემთვის კონგრესმენების წერილები იმის დასტურია, რომ ლობიზმი მექრთამეობისა და პოლიტიკური კორუფციის ლეგალური ფორმაა და სხვა არაფერი; რომ ლობიზმი განსაკუთრებით საშიში ინსტრუმენტი შეიძლება გახდეს, როდესაც ბრუტალური "ნაცმოძრაობის", "ფრონტერას" ტიპის საერთაშორისო კომპანიისა და ნაწილობრივ "სოკარის" ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, ხელისუფლებას კი არა აქვს გეგმაზომიერი პოლიტიკა, ცოდნა და არ ჰყავს შესაბამისი კვალიფიკაციის კადრები ასეთ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

- ცვლილებებს ელოდებით? - ჩემი აზრით, დღეს ამომრჩევლის თვალში მთელი პოლიტიკური სპექტრი მეტ-ნაკლებად დისკრედიტირებულია.

მმართველი გუნდის მხრიდან პროპორციული არჩევნების დაპირება და შემდეგ ამ დაპირების უკან წაღება იყო უმძიმესი დარტყმა, რომელიც "ოცნებამ" საკუთარ რეპუტაციას მიაყენა. ძნელია ასეთი ტყუილის დავიწყება და პატიება, მაგრამ ამას მოჰყვა ნათელაშვილის ოფისში ლამის მთელი ოპოზიციური სპექტრის "კონსოლიდაცია" "ნაცმოძრაობის" ეგიდით. ეს მეტყველებს მათ სრულ უპრინციპობაზე, აზროვნების სივიწროვესა და წვრილმან, არასახელმწიფოებრივ მერკანტილიზმზე. ამას მათი თითქმის განულებული რეიტინგიც მოწმობს. ამით მხოლოდ "ნაცმოძრაობამ" მოიგო - გამოიყენა ეს ხალხი საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად, გაანულა საკუთარ თავთან აფილირებით და მერე გადააგდო. მოიგო "ოცნებამაც", ვინაიდან სიტუაცია მისთვის ხელსაყრელი ორპოლუსიანი დაპირისპირების ნაცად სცენარს დაუბრუნდა.

1%-იანმა ბარიერმა შეიძლება რაღაც კორექტივები შეიტანოს დრამატურგიაში, მაგრამ არა მგონია, ამან საბოლოო სურათზე დიდი გავლენა იქონიოს... ჩემთვის გასაოცარი იყო "ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადება, რომ დასავლეთი საქართველოს მხოლოდ იმ შემთხვევაში აღიქვამს თავის ნაწილად, თუკი ის უმწვავესად დაუპირისპირდება რუსეთს. სხვაგვარად ჩვენ მათთვის ფასეული არ ვართ. ბოკერია უჭკუო კაცი ნამდვილად არ არის, თუმცა, მოდი, ცოტა ხნით განზე გადავდოთ მორალიც და პოლიტიკური მეცნიერებაც და მხოლოდ პრაგმატულად შევხედოთ ამ წინასაარჩევნო განცხადებას.

ფაქტობრივად, პოლიტიკური ლიდერი ამბობს, მომეცით თქვენი ხმები და გამარჯვების შემთხვევაში რუსეთთან უმწვავეს, პრაქტიკულად საომარ დაპირისპირებას დავიწყებ, სამაგიეროდ კი საქართველო დასავლური სამყაროს ნაწილი გახდებაო... საინტერესოა, საქართველოში რამდენ ამომრჩეველს ხიბლავს ასეთი პერსპექტივა? რომელ ჭკუათამყოფელს გაუჩნდება სურვილი, ხმა მისცეს ასეთ პოლიტიკურ ძალას?

აქ ახალი არც არაფერია. სააკაშვილი და მისი გარემოცვა სწორედ ასე ფიქრობდნენ, მოქმედებდნენ და შედეგიც აშკარაა, მაგრამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არჩევნების წინ ამ ზრახვების საჯაროდ განცხადება პოლიტიკური თვითმკვლელობა მგონია. ისე კი, გიგას დიდი მადლობა გულწრფელობისთვის.

დათო უსუფაშვილისა და ფიქრია ჩიხრაძის, აგრეთვე რამდენიმე პატიოსანი, მცოდნე ახალგაზრდის გაწევრება "ლელოში" იძლეოდა იმედს, რომ ქვეყანაში გაჩნდებოდა ახალი, დამოუკიდებელი, სოლიდური პოლიტიკური ცენტრი, რომელსაც ხელისუფლების კვალიფიციური კრიტიკის პარალელურად, პოზიტიური დღის წესრიგი ექნებოდა, ეყოლებოდა კვალიფიციური ადამიანებით შედგენილი ე.წ. ჩრდილოვანი მთავრობის მსგავსი გუნდი, რომელიც ამ პარტიის ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო, სასამართლო და სხვ. რეფორმებისა და ხედვის პრეზენტატორი გახდებოდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და ჩვენ ეკრანებზე, ძირითადად, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ანა ნაცვლიშვილს ვხედავთ, რომლებიც ლამის მთელ თავიანთ საეთერო დროს ხელისუფლების მწვავე კრიტიკისთვის იყენებენ.

მთავრობის დამსახურებულ თუ დაუმსახურებელ ლანძღვა-გინებაში ისინი გვარამიებს ვერ აჯობებენ, თუნდაც შინაგანი კულტურის გამო, მაგრამ ფაქტია, პოლიტიკურად "ნაცმოძრაობის" დუბლიორების როლისთვის იმეტებენ თავს, ამით კი ვერც "ნაცებს" წაართმევენ ხმას, ვერც - "ქართულ ოცნებას" და ვერც გადაწყვეტილებამიუღებელ ამომრჩეველს გამოიყვანენ სახლიდან, რაც, გულწრფელად გეტყვით, დასანანია.

- ოპოზიციურ პარტიებსა თუ საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ ხელისუფლება "კოვიდ-19"-ის თემით სპეკულირებს. თავის მხრივ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მუდმივად მოუწოდებენ საზოგადოებას, არ აჰყვნენ პროპაგანდას, თითქოს ვირუსი არ არსებობს და ეს ხელოვნურად შექმნილი პრობლემა მმართველ გუნდს ხელს აძლევს, სიტუაცია მართოს... - ვირუსის არარსებობის შესახებ პროპაგანდაში რუსეთის ინტერესებზეც ლაპარაკობენ, თუმცა, რა შუაშია რუსული პროპაგანდა, როდესაც მის არსებობაში დაეჭვებული ადამიანები არიან ამერიკაშიც, ევროპაშიც, სომხეთშიც და ჩვენთანაც. იდიოტიზმს ეროვნება არა აქვს. მთავარია, რომ მთავრობამ თავიდანვე დაუჯერა სპეციალისტებს, დროულად, მტკიცედ და კოორდინირებულად გაატარა საჭირო ზომები და შედეგსაც მიაღწია. დღეს რომ არჩევნები იყოს, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება სასტიკად დაამარცხებდა ოპოზიციას. გიორგი გახარიას წვლილი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან დიდია. ვნახოთ, როგორ გადაფარავს ეს წარმატება მმართველი ძალის კატასტროფულ საკადრო პოლიტიკას, ფარცხალაძის ტიპის თვალით უხილავ "მოღვაწეებს", რომელთა საცეცები ბევრგან არის, პროკურატურისა და გამოძიების ძალზე დაბალ კვალიფიკაციასა და სანდოობას, ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის უალტერნატივობას სასამართლო სისტემაში და სხვ.

- რუსეთი ვახსენეთ, რომელიც კრიზისშია, თუმცა ყველაფერს აკეთებს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენა შეინარჩუნოს. ამას ცხადყოფს სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლოდროინდელი კონფლიქტი და ბელორუსში მიმდინარე პროცესები, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების საფრთხეს უკავშირდება... ისიც ფაქტია, რომ კრემლს საყრდენი ბევრგან ჰყავს... - ჩემი აზრით, ჯერ სარკეში ჩავიხედოთ და დავფიქრდეთ, რას ვგავართ, ვინ ვართ, რა გვინდა ან სად მივდივართ. უპირველესად, თავი უნდა დავაღწიოთ მორალის, ცოდნისა და პროფესიონალიზმის აბუჩად აგდებას, პარტიულ ეგოიზმს, გარდაცვლილთა ოჯახების ტრაგედიით სპეკულირებას, პოლიტიკურ კანიბალიზმსა და მედიატერორს, ზნეობრივ განურჩევლობასა და გულგრილობას, გათავხედებული უმეცრებისა და უწიგნურების მოძალებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერ ვიქცევით ნორმალურ საზოგადოებად და თანამედროვე პოლიტიკურ ერად. თუ ეს არ მოხდა, ვერც რუსულ, ვერც ძალიან გაზრდილ თურქულ გავლენას ვერაფერს დავუპირისპირებთ, ვერც დაკარგულ ტერიტორიებს დავიბრუნებთ და ვერც სიღარიბეს დავძლევთ. ქართველ საზოგადოებას, უბრალოდ, მომავალი აღარ გვექნება და ასეთ შემთხვევაში რაღა მნიშვნელობა აქვს, ვინ გაიმარჯვებს მორიგ არჩევნებში?!