აფხაზეთში ეპიდვითარება გამწვავდა, რუსი ტურისტები კი მაინც მოდიან... - კვირის პალიტრა

აფხაზეთში ეპიდვითარება გამწვავდა, რუსი ტურისტები კი მაინც მოდიან...

"რუსეთთან საზღვარი "პრეზიდენტ" ასლან ბჟანიას მოსკოვში ბოლო ვიზიტიდან მეორე დღესვე გაიხსნა. აფხაზური მედია და საზოგადოება დღემდე მსჯელობენ, რა გარიგება შედგა, რადგან რუსეთიც და აფხაზეთიც გამწვავებული ეპიდვითარების გამო გზის გახსნას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ..."

ოკუპირებულ აფხაზეთში ტურისტული სეზონი, მიუხედავად "კოვიდ-19"-ის გავრცელებისა, დაიწყო. იყო შემთხვევები, როდესაც დღე-ღამეში 14 შემთხვევა გამოვლინდა. როგორც მოსახლეობა ამბობს, ინფიცირებული გაცილებით მეტია. მიუხედავად ამისა, აფხაზეთში ფსოუს საზღვრის გახსნის მოთხოვნით არაერთი აქცია ჩატარდა.

რუსეთთან საზღვარი "პრეზიდენტ" ასლან ბჟანიას მოსკოვში ბოლო ვიზიტიდან მეორე დღესვე გაიხსნა. აფხაზური მედია და საზოგადოება დღემდე მსჯელობენ, რა გარიგება შედგა, რადგან რუსეთიც და აფხაზეთიც გამწვავებული ეპიდვითარების გამო გზის გახსნას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ. "კოვიდ-19"-ის გამო რუსეთი თავად მძიმე ვითარებაშია - აფხაზეთის მოქალაქეებს, რომელთაც რუსული პასპორტი აქვთ და პენსიასა და ხელფასს უხდიდა, რამდენიმე თვეა რუსეთი სოციალურ დახმარებას ვეღარ უწევს, რის გამოც ხალხი უკმაყოფილოა. სიმბოლური დახმარების გარდა, ვირუსთან ბრძოლაშიც ვერ ეხმარება. ამის მაგალითია დაინფიცირებული ექიმების სურვილი, სამკურნალოდ საქართველოში გადაიყვანონ.

2009 წლიდან აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ბიუჯეტი დიდწილად რუსული დოტაციით ივსება: 2009-2017 წლებში სოხუმმა საბიუჯეტო მუხლებით - სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და საბიუჯეტო ინვესტიცია - მოსკოვიდან 37 მლრდ რუბლის (616 მლნ აშშ დოლარის) დოტაცია მიიღო. რუსეთის ფედერაცია აფხაზეთის ბიუჯეტს 50-70%-ით ავსებს. 2019 წელს ეს მაჩვენებელი 57,7% იყო. აფხაზური მედიის ცნობით, მიმდინარე წელს დოტაციის ოდენობა 4 მლრდ 746 მლნ რუბლამდე იყო დაგეგმილი, თუმცა 1-ლი ივნისის მონაცემებით, მოსკოვმა სოხუმს მხოლოდ 703,3 მლნ რუბლი, თანხის მხოლოდ 15%, გადაურიცხა, რამაც რეგიონს უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები შეუქმნა.

აფხაზი ექიმი საქართველოში მკურნალობს

აფხაზი ლაშა გაბლია სოციალურ ქსელში წერს, რომ მას ექიმის გვარ-სახელის გამხელის უფლება არა აქვს, რადგან იცის, რადიკალ აფხაზთა ჯგუფი მოღალატედ გამოაცხადებს. ქართულ მხარეს წამოსულ ექიმს თანმხლები დაავადებებიც ჰქონია და აფხაზეთში დარჩენა ვერ გარისკა.

"მან სხვა მძიმე პაციენტებსაც ურჩია საქართველოში მკურნალობა, რადგან იცის, რომ გამოუვალი მდგომარეობის გარდა, ქართველი ექიმები პაციენტს გამოაჯანმრთელებენ. არც ნასვამები ან ნარკოტიკით გაბრუებული იქნებიან როგორც ჩვენთან; არაერთი შემთხვევა ვიცი, რომ პაციენტი დატოვეს და გაიქცნენ, რომ გადამედოს, რა ვქნა, სახლში ოჯახი მელოდებაო.

აუტიზმისსპექტრიანი შვილი მყავს. ამ დიაგნოზის შესახებ პირველად თბილისში გავიგე, მანამდე არაფერი ვიცოდით. ჩვენი ექიმები ბავშვს მუდმივად ძლიერ დამამშვიდებლებს აძლევდნენ და მასაც სულ ეძინა ან მოდუნებული იყო. თბილისში კი ვიგრძენი, რომ შვილი მყავს, ბავშვმა გაგვიღიმა, მოგვეფერა, მამა დამიძახა. პოლიტიკა არ მაინტერესებს, ჩემი ბიძები იბრძოდნენ, მაგრამ ახლა არც ერთი აღარ არის ცოცხალი, ორივე ომში მიღებულ ჭრილობებს ემსხვერპლა, მათი მეგობრების ნაწილი კი ალკო- და ნარკოდამოკიდებულია, ნაწილი რუსეთში გადაიხვეწა და იქ ვაჭრობს ან მშენებლობაზე მუშაობს. ზოგიც, ვინც იყოჩაღა, აფხაზეთში ბიზნესმენია ან თანამდებობის პირი... დასკვნებს არ ვაკეთებ, უბრალოდ, ფაქტებს ვყვები".

ფსოუს საზღვარზე თერმოსკრინინგი არავისთვის ჩაუტარებიათ

ფსოუს საზღვრის გახსნას რუსეთის სანიტარიული სამსახურების "ოფიციალური ვიზიტი" უსწრებდა წინ. რუს სპეციალისტებს რუსი ტურისტებისთვის უსაფრთხო სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური გარემო უნდა შეემოწმებინათ, თუმცა, როგორც მოსახლეობა ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ "რუსეთ-აფხაზეთის საზღვარი" აგვისტოში 150 000-მდე კაცმა გადმოკვეთა, არც ერთი მათგანისთვის თერმოსკრინინგიც არ ჩაუტარებიათ. უარეს ვითარებას ელიან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ.

"ასეთი დაუდევრობა უმძიმეს შედეგამდე მიგვიყვანს, მით უფრო, რომ ექიმები არ მალავენ, რომ ვითარება უკონტროლო გახდება. მაშინ როცა კოვიდინფიცირებული ექიმებიც სამკურნალოდ საქართველოში მიდიან, აფხაზი მოსახლეობა ვირუსისგან სრულიად დაუცველი იქნება, მით უფრო, მას შემდეგ, რაც რუსეთიდან ტურისტების შემოსვლა გახშირდება. შესაძლებელია პაციენტების მიღებაზე საქართველომაც უარი გვითხრას, რადგან ჯანდაცვას ამოუწურავი რესურსები არა აქვს. ბოლოდროინდელ პაციენტებზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ ვირუსი უფრო აგრესიული გახდა. მისი მართვა ჩვენ კი არა, განვითარებული ქვეყნების ექიმებს უჭირთ", - ამბობს აფხაზი ექიმი ნიაზ ლოგუა.

"აფხაზეთი ტურისტების გარეშე ვერ გადარჩება"

საზღვრის გახსნის მომხრეებს არგუმენტად ტურისტული სეზონის განვითარება და ამით მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობა მოჰყავთ, რადგან იზოლაციამ ისინი მძიმე არჩევნის წინაშე დააყენა - შიმშილი თუ კორონა?!

ალიკა აგუმა, 33 წლის: - სულზე მოგვისწრო გზის გახსნამ. აფხაზეთი ტურისტების გარეშე ვერ გადარჩება. სხვა შემოსავალი არა გვაქვს, ისინიც კი, ვინც მაღაზიებითა და სასტუმროებით ირჩენდნენ თავს, კატასტროფის პირას იყვნენ, მუშტარი თითქმის აღარ ჰყავდათ. აფხაზეთში შიდა ტურიზმი ვერასდროს განვითარდება, რათა შემოსავლის წყაროდ იქცეს. პენსია და ხელფასებიც უვადოდ გააჩერეს. კრიმინალმა იმატა. ბანკის თანამშრომლებს იქ არსებული თანხა სახლში მიჰქონდათ, ლომბარდებსა და სავაჭრო ჯიხურებს ძარცვავენ. გახშირდა ყაჩაღობაც. ერთ ოჯახს სამკურნალოდ შეგროვებული ფული წაართვეს. აქ ხომ იარაღი ყველას აქვს.

"ასეთი დიდი ნაკადის მართვა უკიდურესად რთული იქნება"

აფხაზი საზოგადოების ნაწილის თქმით, რუსი ტურისტები აფხაზეთში კოვიდინფიცირების მთავარი საფრთხეა.

"ჯანდაცვის მინისტრის" მოადგილე ალხას კონჯარია: - გუდაუთის საავადმყოფო გადავსებულია, პაციენტები კი მოჰყავთ და მოჰყავთ. ხელისუფლებას მათი სამკურნალო რესურსი, ფაქტობრივად, აღარ აქვს. არადა, ინფიცირებულთა რაოდენობა ისეთი სისწრაფით მატულობს, შესაძლოა მისი გაკონტროლება ვერ მოვახერხოთ. ასეთი დიდი ნაკადის მართვა უკიდურესად რთული იქნება, მით უფრო, თუ მოსახლეობას შემოსულებს დავუმატებთ, ამოსუნთქვის საშუალება აღარ გვექნება და დახმარებას ვერც ჩვენს მოქალაქეებს, ვერც სხვას ვერ გავუწევთ.

კონჯარიას თქმით, რუსეთთან საზღვრის გახსნამდე გამშვები პუნქტის ეტაპობრივად გახსნისა და აფხაზეთში შემოსული მგზავრებისთვის ჯანმრთელობის ცნობის ან კოვიდ-პასპორტის მოთხოვნის საკითხი განიხილებოდა. საზღვრის სრულად გახსნა მოულოდნელი იყო. ინფიცირებულთა მდგომარეობა იმდენად სწრაფად უარესდება, თვითიზოლაციაში მყოფ პაციენტებს მეტად გაკონტროლება სჭირდებათ, რადგან საზღვრის გახსნის შემდეგ ძნელი დასაჯერებელია, რომ კოვიდინფიცრებულები შინ დარჩებიან.

ბჟანია-ანქვაბის გუნდი ნარკოტიკების წინააღმდეგ

აფხაზების თქმით, ერთადერთი, რაც ახალმა "ხელმძღვანელობამ" გააკეთა, მსუბუქი ნარკოტიკებით მოვაჭრეები შეავიწროვა. როგორც ე.წ. შს მინისტრმა დიმიტრი დბარმა განაცხადა, ხუთი წლის განმავლობაში ნარკომანია უნდა დაამარცხონ და ყაყაჩოსა და მარიხუანას პლანტაციების განადგურებას შეუდგნენ.

"საზღვრების" ჩაკეტვამ, სხვა ყველაფერთან ერთად, აფხაზეთში ნარკოდამოკიდებულთა ცხოვრებასა და ნარკოტიკების ბრუნვაზეც იმოქმედა. ბჟანია-ანქვაბის გუნდმა მასობრივად გაანადგურა მარიხუანა, თუმცა ბოლომდე ვერ ამოძირკვა.

"ტურისტულ სეზონზე ნარკოტიკზე მოთხოვნა ერთიორად მატულობს, რადგან უამრავი დამსვენებელი აფხაზეთში მხოლოდ იმიტომ ჩამოდიოდა, რომ ამ მხრივ ბევრად თავისუფალი გარემო ჰქონდა. ამის ნათელი მაგალითი სანაპიროებზე მიმოფანტული ერთჯერადი შპრიცები და სხვა ატრიბუტიკა იყო", - ამბობენ აფხაზები.

დაუჯერებელია, მაგრამ როგორც ამბობენ, აფხაზეთში ზოგიერთმა ექიმებს "მოწევის მუდმივი სამედიცინო ცნობა" სთხოვა.

"ჩემი ჯანმრთელობის პრობლემების გამო მუდმივი ტკივილითა და ჰალუცინაციებით ვიტანჯები. მდგომარეობა საგანგაშოა, ამიტომ გთხოვთ მომცეთ სამედიცინო ნებართვა..." - წერს ერთ-ერთი პაციენტი.

ექიმების თქმით, ახალი "ხელისუფლება" ასეთი ნებართვის გაცემას, ალბათ, ვერ გარისკავს, ადრე კი მათ მარიხუანას მისაღებად "ცნობები" არ სჭირდებოდათ.

საქმე ის არის, რომ ჩაკეტილი საზღვრის გამო ნარკოდილერებმა უფრო მძიმე ნარკოტიკების შემოტანის გზები გამონახეს. აფხაზების თქმით, რეალიზატორებმა საქმეში ბავშვები ჩართეს, რომლებიც რუსეთში მიჰყავთ ან რუსეთიდან ვითომ სამკურნალოდ შემოჰყავთ.

"წამალს ბავშვებს პამპერსში უდებენ, უფრო მოზრდილებს კი აყლაპებენ. აქედან მექრთამე ექიმის დასკვნა მიაქვთ, რომ ბავშვს სასწრაფოდ მკურნალობა სჭირდება. ცხადია, სქემაში ექიმიც ჩართულია და წილს იღებს ან სულაც თავად ყიდის ნარტოკიტს. ამ ბიზნესს ფესვი იმდენად ღრმად აქვს გადგმული, არავის სჯერა, რომ ამოიძირკვება. უფრო წვრილ, ყაყაჩოთი და მარიხუანათი მოვაჭრეებს დაერევიან, მსხვილ ნარკორეალიზატორებს კი ხელსაც არ ახლებენ", - ამბობენ აფხაზები.