"ყველაფერი ორ-ორი რომ აქვთ, ძამიკოც ორი უნდოდათ" - კვირის პალიტრა

"ყველაფერი ორ-ორი რომ აქვთ, ძამიკოც ორი უნდოდათ"

ტყუპის მიმართ ყოველთვის და ყველგან განსაკუთრებული ინტერესი და სითბო იგრძნობა. ისინი მუდამ ყურადღებას იქცევენ. დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარი სხვადასხვა ასაკის რამდენიმე ტყუპია.

ანასტასია და მარიამ დგებუაძეები

ნინო კობახიძე; დედა: - მე-2 კლასში არიან უკვე და ძალიან მოსწონთ სკოლა, თუმცა წელს პანდემიამ შეგვიშალა ხელი და დაღონებულებმა მკითხეს, სულ ეს იყო სკოლაო?

პირველად ექოსკოპიაზე მხოლოდ ერთი ნაყოფი ჩანდა, მომდევნო ვიზიტზე კი გაბრწყინებული სახით მახარეს, ტყუპიაო. ორსულობამ ნორმალურად ჩაიარა. იდენტური ტყუპია, მაგრამ ხასიათი განსხვავებული აქვთ.

სამ წლამდე ორივე მშვიდი იყო, რთულად გასაზრდელი ბავშვები არ ყოფილან, თუმცა ყველაფერი ერთდროულად უნდებოდათ - ძილი, ჭამა, გასეირნება...

ანასტასიას უფრო ხელოვნება იზიდავს, უყვარს სიმღერა, ხატვა... მარიამს ძალიან უყვარს მათემატიკა, ლეგოების აწყობა...

ანასტასია უფრო მოწესრიგებულია, უჯრაში ყველაფერი ზომის მიხედვით აქვს დალაგებული, მარიამი - არც ისე, მაგრამ ანასტასიას რომ ვაქებთ, მერე მარიამიც ცდილობს, მას მიჰბაძოს.

2 წლის ასაკში ზუსტად ერთნაირი ჭურჭელი აჩუქეს, მხოლოდ ლანგრები მოჰყვა განსხვავებული ფერის, ერთი ლურჯი, მეორე - მწვანე და ფერის გამო იჩხუბეს. მერე ტანსაცმელზე დაიწყო - ერთნაირი და ერთი ფერის უნდოდათ და ეს დღემდე მოსდევთ.

ანასტასია ლიდერია. დამოუკიდებლად წყვეტს, რა ჩაიცვას. მარიამს შეიძლება სხვა რამის ჩაცმა უნდოდეს, მაგრამ რომ გაიგებს, ანასტასია იმ კაბას იცვამს, მასაც ისეთივე უნდება.

მარიამი უფრო მსუნაგია, მიუხედავად იმისა, რომ ოდნავ გამხდარია. არასდროს ამბობს, მშიაო, მაგრამ როგორც კი მოშივდება, მაშინვე ბუზღუნს იწყებს... ამ მხრივ ანასტასია უფრო ამტანია.

სამი წლის რომ იყვნენ, თათბირობდნენ ხოლმე, მოდი, დედიკოს მოვატყუოთო. თავიდან ხალისობდნენ, მაგრამ რომ მოიზარდნენ, ღიზიანდებოდნენ, ვინმე რომ ეკითხებოდათ, რომელი რომელი ხართო.

ორი წამიც არ შეუძლიათ ერთმანეთის გარეშე ყოფნა. კლასელის დედამ მომწერა, ერთ-ერთ კლასელს შესვენების დროს მარიამისთვის ორცხობილა შეუთავაზებია და არ გამოურთმევია, ჩემს დაიკოს არ ექნება და მე ვერ შევჭამო. ერთი თვალს რომ მოეფარება, მეორე ნერვიულობს. სკოლაში მასწავლებლის ინიციატივით სხვადასხვა მერხზე სხედან, რაც ძალიან მომწონს.

ყველაფერი ორ-ორი რომ აქვთ, ძამიკოც ორი უნდოდათ, მაგრამ რომ ავუხსენი, შეიძლება ასე არ გამოვიდეს-მეთქი, დამთანხმდნენ, ერთ ძმასაც გავიყოფთო.

"ტასო მე მგავს, ივა - მამას"

ანასტასია და იოანე ლალიაშვილები

თინა კახაძე, დედა: - საოცარი ემოცია იყო, როცა მამასთან (ლადო კახაძე) მივედი ექოსკოპიაზე და მითხრა, რომ ტყუპს ველოდებოდი. მახსოვს, წამოვჯექი და ვუთხარი, ალბათ, ცდები-მეთქი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ შეიძლებოდა ტყუპის დედა გავმხდარიყავი. 39 წლის ვიყავი და მამაც და მისი კოლეგა და მეგობარი ამირან ქორიძეც მეუბნებოდნენ, რომ აუცილებელი იყო საკეისრო კვეთა, რაზეც უარს ვაცხადებდი, მაგრამ ბოლოს დამითანხმეს, თუმცა ისე მინდოდა ფიზიოლოგიური მშობიარობა, დანიშნულ დროზე ადრე ვიმშობიარე. მყავს უფროსი ვაჟი, რომელიც 17 წლის არის.

ტასო მე მგავს, ივა - მამას. ხასიათი ორივეს არაჩვეულებრივი აქვს. ისე გახდნენ ოთხი წლის, მათი ჩხუბი არ მახსოვს. ივა ძალიან თბილია, ტასო - ძალიან პრანჭია. ორჯერ დარჩნენ ერთმანეთის გარეშე და არ მოეწონათ. თუ ერთს შენიშვნას მივცემთ, მეორე ესარჩლება. უფრთხილდებიან ერთმანეთს. შეუძლიათ ცალ-ცალკე (ოღონდ ერთ ოთახში) ითამაშონ და ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ, თუმც სხვა ყველაფერს ერთად აკეთებენ. ერთს თუ შია, მეორესაც აუცილებლად მოშივდება, ერთი თუ მიდის დასაძინებლად, მეორეც მაშინვე ემზადება. უამრავი ლექსი იციან და ცოტ-ცოტას მღერიან კიდეც. ქართულ ცეკვაზე გიჟდებიან. უყვართ ბავშვები, ბაღში არაჩვეულებრივად იქცევიან, დილა-საღამოს `მამაო ჩვენოს~ ამბობენ. მგონი, ძალიან ქება გამომივიდა, მაგრამ ყველაფერი მართლაც ასეა.

"ადვილად შეგვიძლია გავაცუროთ ადამიანები"

ეკო და მაკო ხითარიშვილები

ეკო ხითარიშვილი: - მე და მაკო 31 წლის ვართ, ორივე ენერგიული, ხალისიანი, მიზანდასახული და მხიარული. მე ჟურნალისტი ვარ, მაკო - იურისტი.

ტყუპი რომ ვართ, უკვე გამართლებაა. თუმცა ტყუპი გოგონას დაბადება ოჯახში არ გაჰკვირვებიათ, რადგან ბებოს და ბაბუას სანათესავოში ბევრი ტყუპი გოგო-ბიჭია...

იმის გამო, რომ ერთი კვერცხუჯრედიდან ვართ, ძალიან ვგავართ ერთმანეთს, ხმის ტემბრითაც კი, ამიტომ ადვილად შეგვიძლია გავაცუროთ ადამიანები...

გემოვნებაც ერთნაირი გვაქვს. ერთხელ რაღაცების საყიდლად მეგობარი გამოგვყვა ჯერ ჩემს დას, მერე - მე და ორივემ ზუსტად ერთი და იგივე მაღაზიები, გზა და ტანსაცმელი ავირჩიეთ.

იმას აღარ მოგიყვებით, ერთმანეთის გამოცდები როგორ ჩაგვიბარებია...

ბავშვობაში საოჯახო კონცერტებს ვუტარებდით მამაჩემის სამეგობროს. სინამდვილეში ფორტეპიანოს მხოლოდ მე ვუკრავ, მაგრამ ტანსაცმელს ვცვლიდით და ვითომ რიგრიგობით მივდიოდით ინსტრუმენტთან. ჰოდა, ორმაგ ქათინაურსა და საჩუქრებსაც ვიმსახურებდით.

"ერთი მამა, ორი მამა"

ზალიკო და ზურიკო სულაკაურები

ზალიკო სულაკაური, მხატვარი: - ერთი კვირის წინ 50 წლის გავხდით. სადღესასწაულო ტორტზე 100 დავაწერეთ, ანუ 2-ჯერ 50. ნახევარი საუკუნეა, ერთად მოვდივართ. ტუპისცალი შენი განუყოფელი ნაწილივითაა, ყველაზე მეტად მას გრძნობ და ხედავ. უფროსი და-ძმაც გვყავს, მაგრამ ტყუპისცალი სხვაა.

ძალიან ვგავართ ერთმანეთს. მარტო და და დედა გვარჩევდნენ, თუმცა ყოველთვის - ვერა. ერთხელ ჩემი და მოატყუა ზურიკომ. მივიდა, ნამცხვარი გამასინჯეო და მიირთვა. მერე ისევ მივიდა, ზურიკოს რომ გაასინჯე, მეც ხომ მინდაო?! და შეცდა ჩემი და... მასწავლებლებსაც ვატყუებდით. ექვსი საგანი რომ გვქონდა სასწავლი, სამს მე ვსწავლობდი, სამს - ჩემი ძმა. თუ ზალიკო სულაკაურს იძახებდნენ და მე არ ვიცოდი გაკვეთილი, ზურიკო სულაკაური ხდებოდა ზალიკო.

ხატვა ერთნაირად გვიყვარს, თუმცა ჩვენ შორის სხვაობა ის არის, რომ მე ცაცია ვარ.

ბავშვობაში სულ ერთნაირად გვაცმევდნენ, მაგრამ მერე მე აღმოვაჩინე, რომ სხვანაირი სტილი მომწონს. ზურიკომ ამ ბოლო დროს დაიწყო წვერის მოშვება, თორემ მე სულ მოშვებული მქონდა. ზურიკო წვერს რომ იპარსავდა, მაგით გვარჩევდნენ, ახლა წვერიც მოუშვა, თმაც და, ფაქტობრივად, ზალიკოა.

ორივე ხორცისტი ვართ, მაგრამ ზურიკოს თამადობა უყვარს, მე - არა. ზურიკოს კამერის კომპლექსი აქვს, მე - თამადობის და ლიდერობის... მამა დღემდე ვერ გვარჩევს. ზურიკოო, დამიძახებს. არა ვარ ზურიკო, ზალიკო ვარ-მეთქი, რომ ვეტყვი, მოიცა ერთი, რა მნიშვნელობა აქვსო, ჩაილაპარაკებს ხოლმე. ეზოსა და სკოლაში ვერავინ რომ ვერ გვარჩევდა, ზალიკო და ზურიკო ერთ სახელად აქციეს და ზალი-ზურის გვეძახდნენ. ჩვენი შვილები რომ დაგვინახავენ, ამბობენ: ერთი მამა, ორი მამა.