"არანაირი პოლიტიკური მიზნები და მისწრაფებები არ გვაქვს, მაგრამ ჩვენი ნებაა, გამოვხატავთ თუ არა ვინმეს მიმართ სიმპათიას და მივცემთ თუ არა ხმას" - კვირის პალიტრა

"არანაირი პოლიტიკური მიზნები და მისწრაფებები არ გვაქვს, მაგრამ ჩვენი ნებაა, გამოვხატავთ თუ არა ვინმეს მიმართ სიმპათიას და მივცემთ თუ არა ხმას"

"სეერგეენკოზე აღარაფერს ვიტყვი, თუ არ იქნება ამის უკიდურესი აუცილებლობა, ანუ თუ თვითონ არ დაიწყებს დისკუსიას"

ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორ თენგიზ ცერცვაძესთან ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასა და პროგნოზებზე საუბარი სვანეთში მიმდინარე მოვლენებით დავიწყეთ.

- სვანეთში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. მოხდა ის, რაც მანამდე - რამდენიმე მუნიციპალიტეტსა და რეგიონში. მსგავსი მიკროაფეთქებები იყო ბოლნისსა და მარნეულში, გარდაბნის რაიონში, ლენტეხში, ქობულეთში, ვანში, თბილისშიც იყო რამდენიმე კლასტერი. კორონავირუსი არსად წასულა. შემთხვევების რაოდენობა იმატებს მთელ მსოფლიოში და მათ შორის - ჩვენს მეზობლებშიც, მაგალითად, სომხეთში 280 ახალი შემთხვევაა. ამ პირობებში ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ასეთი მცირემასშტაბიანი მატებაა მოსალოდნელი. არა მგონია, ამან სერიოზული გავლენა მოახდინოს ქვეყნის ზოგად ეპიდსიტუაციაზე, იმიტომ, რომ ჩვენმა ექიმებმა და სახელისუფლებო ვერტიკალმა უკვე ისწავლეს არა მარტო კოვიდის წინააღმდეგ წარმატებით ბრძოლა და ყველა საჭირო ღონისძიების დროულად ან წინსწრებით გატარება, არამედ ასეთ მცირე აფეთქებებზე მყისიერი რეაგირებაც. ჩვენ გვაქვს გამოცდილება - სვანეთზე დიდი იყო ბოლნისი-მარნეულის, თეთრი წყაროს კლასტერები, მაგრამ უმოკლეს დროში შევძელით პროცესის ლოკალიზება. სვანეთშიც მაშინვე იყო მობილიზებული ყველა სამედიცინო და არასამედიცინო სამსახური - მხედველობაში მაქვს შსს, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სხვა, რომლებმაც კარგად აპრობირებული სქემით იმუშავეს და როგორც ვიცი, ეფექტიანადაც, რადგან ფართო გავრცელება არ გვაქვს. ასე რომ, იმედი მაქვს, რამდენიმე დღეში ეს კერაც ლოკალიზებული იქნება.

- ჩაკეტილი როდემდე იქნება?

- ეს მე არ ვიცი. მე ვარ კლინიცისტი ექიმი და დეტალური ინფორმაცია მაქვს პაციენტებზე, რომლებიც ავად არიან და უნდა ვუმკურნალო, ორგანიზაციული საკითხები სხვების გადასაწყვეტია. თქვეს, 28 დღითო, მაგრამ ეს იყო პირობითი ვადა. იმედი მაქვს, პროცესი 10-14 დღეში დამთავრდება.

- ყაზბეგის ჩაკეტვა ხომ არ გვემუქრება? - ჯერ არა, თუმცა გამორიცხული არ არის. იქ შემოტანილი, იმპორტირებული შემთხვევებია და უფრო მაღალი რისკის ზონაა, ვიდრე - სვანეთი, რადგან სვანეთში მაინც ქვეყნის შიგნიდან შევდივართ, ყაზბეგთან კი ლარსის გამშვები პუნქტია და გარედანაც შემოდიან, თუმცა ველაპარაკე კომპეტენტურ პირებს და ჯერჯერობით ყაზბეგის ჩაკეტვა არ იგეგმება.

- ყაზბეგიც, სვანეთიც ტურისტული და ამიტომ ხალხმრავალი რეგიონებია. ხომ არ უნდა ველოდოთ, რომ მცირე კლასტერები სხვა ტურისტულ რეგიონებშიც გაჩნდება? - სანამ მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს და ჩვენს უახლოეს მეზობლებშიც ასეთი მდგომარეობაა, რისკი ყოველთვის იარსებებს, მაგრამ მაინც მგონია, რომ ეს იქნება ერთეული შემთხვევები და მთელ ქვეყანას არ მოედება. ჯერჯერობით არაფერი ხდება რაჭაში, ბაკურიანში, კახეთში... რისკი არსებობს და ფრთხილად უნდა ვიყოთ, მაგრამ მაინც გავაგრძელოთ სრულფასოვანი ცხოვრება, ოღონდ ერთი პირობით - გავაცნობიეროთ, რომ პანდემია არ დამთავრებულა. ვიმოგზაუროთ ყველგან, გარდა ჩაკეტილი ზონებისა, ოღონდ დავიცვათ რეგულაციები. უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლო პერიოდში ცოტა მოვეშვით. ადამიანის ბუნება ასეთია - როდესაც საფრთხეს ვერ ხედავს, ყურადღებას ადუნებს. ალბათ, თქვენც ხედავთ, რომ ბოლო დროს პირბადეების ხმარებაც შემცირდა. ყველა აღარ იკეთებს, ან იკეთებს არასწორად - პირი და ცხვირი მთლიანად დაფარული არ არის. სოციალურ დისტანციასაც ერთხანს ზედმიწევნით იცავდნენ რესტორანში, მაღაზიასა თუ სხვა თავშეყრის ადგილებში, ახლა კი აღარ იცავენ. იმართება ხალხმრავალი შეკრებები. როგორმე ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ. გავუფრთხილდეთ ჩვენს მიღწევებს და ჩვენივე კეთილდღეობისთვის საქმეს ნუ გავაფუჭებთ. საფრანგეთმა, გერმანიამ, ესპანეთმა, ისრაელმა, საბერძნეთმა როგორც კი მოხსნეს შეზღუდვები და მოადუნეს ყურადღება, მაშინვე იმატა შემთხვევებმა. ახლა გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში ყოველდღიურად 2000-დან 3000-მდე ახალი შემთხვევაა.

ბოლო ლეტალური შემთხვევა ჩვენთან 28 ივლისს დაფიქსირდა. იმის შემდეგ 150-ზე მეტი ახალი შემთხვევაა, მაგრამ არც ერთი არ გარდაცვლილა. ვერ ნახავთ ევროპის ვერც ერთ ქვეყანას, სადაც ეპიდემიის შედეგად თითქმის 20 დღის განმავლობაში ერთი ადამიანიც კი არ გარდაცვლილა. ამ შედეგს უნდა გავუფრთხილდეთ!

- სწავლის გადადებას უნდა ველოდოთ?

- ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ. მე მაინც მგონია, რომ არა, ოღონდ დაიწყება გარკვეული პრევენციული ზომებით...

- არჩევნებთან დაკავშირებითაც გკითხავთ... შესაძლოა თუ არა არჩევნების თარიღი გადადოს ეპიდსიტუაციამ? - ყველაფერია შესაძლებელი, მაგრამ მგონია, რომ ეს საჭირო არ იქნება. სწავლის დაწყების გადადება უფროა მოსალოდნელი, ვიდრე - არჩევნების. არჩევნები, ალბათ, დროულად ჩატარდება.

- არჩევნები ვახსენეთ და მინდა გავიხსენო, რომ ჩვენი ე.წ. სამი მუშკეტერი, როგორც მათ მსოფლიო პრესამ უწოდა, ესწრებოდა "ქართული ოცნების" მაჟორიტართა წარდგენის ცერემონიას. თქვენი ინიციატივით მოხვდით ამ ღონისძიებაზე თუ მიგიწვიეს? - ჩვენი ინიციატივით როგორ მოვხვდებოდით?! დაუპატიჟებლად ჩემს სიცოცხლეში მეგობრის დაბადების დღეზეც კი არ წავსულვარ! ჩვენ მივიღეთ მოწვევა და წავედით. ისე, მე მაშინაც გამოვხატე გაკვირვება და ახლაც მინდა გავიმეორო... ცოტა არ იყოს, გაუგებარია საზოგადოების ნაწილის გაკვირვება და ზოგჯერ გაბრაზებაც კი... როგორ? ჩვენ იმის გამო, რომ კოვიდთან ბრძოლის წინა რიგებში ვართ, ვინმემ უნდა გვიკარნახოს, სად მივიდეთ და სად - არა? ვის მიმართ გამოვხატოთ ან არ გამოვხატოთ სიმპათია?

- პოლიტიკაში მოსვლას ხომ არ აპირებთ? ზოგიერთმა პარტიამ ძალიან კარგად გამოიყენა, მაგალითად, ვახტანგ კალოიანის პოპულარობა და სახალხო სიყვარული... - დიახ, კალოიანი გამოხატავს სიმპათიას "ევროპული საქართველოს" მიმართ და მაჟორიტარადაც დაასახელეს, მაგრამ ეს არავის უკვირს და არც კიცხავენ ამისთვის, არადა, კალოიანი ჩემზე არანაკლებ ავტორიტეტული ექიმია თავის დარგში. რა გამოდის, რომ კალოიანისთვის შეიძლება და ჩემთვის - არა? თქვენს კითხვას ვუპასუხებ, რომ არანაირი პოლიტიკური მიზნები და მისწრაფებები არ გვაქვს, მაგრამ ჩვენი ნებაა, გამოვხატავთ თუ არა ვინმეს მიმართ სიმპათიას და მივცემთ თუ არა ხმას.

- მაჟორიტარები ვახსენეთ... თქვენ პრეტენზიები თუ შენიშვნები გქონდათ დავით სერგეენკოს მიმართ. რას უკავშირდება ეს პრეტენზიები და აპირებთ თუ არა მასთან დისკუსიას? - მე ვთქვი, რომ ამაზე აღარაფერს ვიტყვი, თუ არ იქნება ამის უკიდურესი აუცილებლობა, ანუ თუ თვითონ არ დაიწყებს დისკუსიას. მე რაც მინდოდა მეთქვა, მკაფიოდ ვთქვი.

- ვაქცინებზე მინდა გკითხოთ, უპირველესად კი - რუსულ ვაქცინაზე. სანდოა? - რუსებმა ვაქცინა ნამდვილად შექმნეს და ეს არავის არ უნდა გაუკვირდეს. ჩვენ რუსეთი მოგვწონს თუ არა, მას სერიოზული სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალი აქვს. ბოლოს და ბოლოს, ბირთვული სახელმწიფოა, ის სახელმწიფო, რომელსაც ბაქტერიოლოგიური იარაღი აქვს და ვაქცინის შექმნა რა პრობლემაა?! ბაქტერიოლოგიურ იარაღზე ვინც მუშაობს, ახდენს ვირუსებისა და საშიში პათოგენების კულტივირებას. ვაქცინის შექმნა მათთვის ტექნიკურად ძნელი არ არის. შევთანხმდეთ, რომ ვაქცინის შექმნა რუსეთს შეეძლო და შექმნა კიდეც. სხვა საქმეა, რომ უკვე ასამდე ასეთი ვაქცინაა შექმნილი. მათგან რამდენიმე უკვე მზად არის გამოსაყენებლად (მაგალითად, ოქსფორდში, აშშ-სა და გერმანიაში შექმნილი ვაქცინები), მაგრამ რუსეთისგან განსხვავებით არავინ იჩქარა მისი დარეგისტრირება და ავადმყოფებთან გამოყენება, რადგან ის ქვეყნები იქცევიან სოლიდურად, ცივილიზებულად, როგორც საჭიროა. არ შეიძლება ყოველმხრივი შემოწმების გარეშე ახალი მედიკამენტის პაციენტებთან გამოყენება. რუსეთისადმი ჩვენი დამოკიდებულება იცით და არ მინდა ახლა ნიშნის მოგება გამომივიდეს, მაგრამ რუსეთის ეს ნაბიჯი არის ავანტიურისტული.

რაღაც პრეპარატი ავადმყოფებამდე რომ მიიტანო, უნდა გაიარო ყველა ლეგიტიმური ეტაპი - კვლევის პირველი, მეორე, მესამე ფაზა. თუ მიიღებ დადებით შედეგებს, დაამტკიცებ, რომ შენი ვაქცინა უსაფრთხოა, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაუწიო რეკომენდაცია ხმარებისთვის და ჩაუშვა წარმოებაში. რუსეთი მოიქცა პირიქით. ჯერ მეორე ფაზა გაიარაო, ამბობენ, მაგრამ შედეგები არ გამოუქვეყნებიათ, მესამე ფაზა კი არც გაუვლია, ისე დაარეგისტრირეს და ჩაუშვეს წარმოებაში.

გამოდის, რომ პაციენტმა უნდა გაიკეთოს ვაქცინა, რომლის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადასტურებული არ არის და რომელიც შეიძლება დამღუპველი გამოდგეს.

არა, შეიძლება გაამართლოს კიდეც და ეფექტიანი აღმოჩნდეს, მაგრამ ეს ჯერ კვლევებით უნდა დაადასტურო... ინგლისელები, ამერიკელები, გერმანელები მიდიან სწორი გზით - ჯერ დაამთავრებენ ვაქცინის სამივე ფაზის გამოკვლევას და თუ დარწმუნდებიან, რომ უსაფრთხო და ეფექტურია, შემდეგ გასცემენ მისი გამოყენების რეკომენდაციას. მათ რუსებზე ადრე შექმნეს ვაქცინა, მაგრამ რუსეთმა უფრო ადრე დაარეგისტრირა.

ეს შეჯიბრებითობის მომენტია. სწორედ ამის გამო რუსულ ვაქცინას მსოფლიოში მაინცდამაინც არ ენდობიან, თუმცა ერთი რამ გავითვალისწინოთ - უნდობლობა არ ნიშნავს, რომ რუსული ვაქცინა ცუდია. შესაძლოა ის კარგი გამოდგეს და რაკი გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, რუსეთის აჩქარებასა და წესების დარღვევასაც არავინ გაიხსენებს...

- თქვენ როგორ გგონიათ, რომელ ვაქცინებს აქვს პოტენციალი?

- პოტენციალი ბევრ ვაქცინას აქვს, მათ შორის, შეიძლება რუსულსაც, მაგრამ ჯერჯერობით ყველაზე წინ წასული, რომელმაც რაღაც ფაზები გაიარა და დაამტკიცა თავისი ეფექტურობა, არის ინგლისში, ოქსფორდის უნივერსიტეტში შექმნილი და ამერიკულ-გერმანული ერთობლივი ვაქცინა. ეს ორი ვაქცინაა ყველაზე საიმედო და უპრიანი იქნება, საქართველოს მთავრობამ უკვე დაიწყოს მათთან მოლაპარაკება, რადგან საქართველო, ალბათ, პირველი ვერ იქნება, ვინც ამ ვაქცინას მიიღებს, მაგრამ ძალიანაც არ უნდა დავაგვიანოთ.

- ამ ორმა ვაქცინამ კვლევის რამდენი ეტაპი გაიარა?

- ორი ეტაპი მთლიანად, გამოქვეყნებულია შედეგებიც. ახლა გადის მესამე ეტაპს და წარმატებითაც, თუმცა საბოლოო მონაცემები წლის ბოლოს იქნება.

- ეპიდემიის მეორე ტალღაზეც ვისაუბროთ, რომელსაც ხან შიშით და ძრწოლით, ხანაც - ცოტა გათამამებულნი ველით. - ვფიქრობ, მეორე ტალღა აუცილებლად იქნება, რადგან ეს რესპირაციული ინფექციაა და რესპირაციულ ინფექციებს შემოდგომა-ზამთარში ახასიათებს მეორე ტალღა, მაგრამ მგონია, ეს იქნება უფრო სუსტი, ვიდრე - პირველი.

- მესამე ტალღაც იქნება? - ეგ არავინ იცის, თუმცა მგონია, მეორე ტალღით დამთავრდება. ან თავისით ჩაცხრება, ან მანამდე ვაქცინა გაჩნდება და ის მოაგვარებს ამ პრობლემას.