"უსწავლელები გამოდიან და გლადიატორებივით დაერევიან მანქანებსა თუ ქვეითებს" - კვირის პალიტრა

"უსწავლელები გამოდიან და გლადიატორებივით დაერევიან მანქანებსა თუ ქვეითებს"

"ავტოსკოლებში ზოგი ისეთი პედაგოგია, თვითონ რომ არ აქვს მართვის მოწმობა"

ბოლო პერიოდში თითქმის ყოველდღიურად გვესმის, რომ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. მიუხედავად იმისა, რომ ტექდათვალიერება სავალდებულო გავხადეთ, ჯარიმები გავამკაცრეთ, ჭკვიანი კამერები დავაყენეთ, 100-ქულიანი სისტემა შემოვიღეთ, ავარიების სტატისტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეინიშნება. სად ვუშვებთ შეცდომას ან რა შეიძლება კიდევ გაკეთდეს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა გაუმჯობესდეს? ამ და სხვა თემებზე ვესაუბრებით ჩვენს რესპონდენტს, საავტომობილო ფედერაციის"ვიცე-პრეზიდენტ მევლუდ მელაძეს.

- წლები გადის და ვამბობ ერთსა და იმავეს - იმას ვიმკით, რაც დავთესეთ. ახლაც რომ დავიწყოთ სწორად დათესვა, შედეგებს წლების შემდეგ მოვიმკით. რაც გვიან ვიმოქმედებთ, მით უფრო გაუარესდება მდგომარეობა... ავტოსკოლების სტანდარტია საჭირო. დღევანდელი ავტოსკოლები არ ასწავლიან არაფერს, გარდა გამოცდის ჩაბარებისა. გამოცდის ჩაბარებაში იგულისხმება დაზეპირებული ბილეთები და პრაქტიკული გამოცდისას მანქანით სწორად გავლა 5 კმ/სთ სიჩქარით, რის შემდეგაც გამოდიან და გლადიატორებივით დაერევიან ქუჩაში მანქანებსა თუ ქვეითებს. ანუ მანქანის მართვა არ იცის არავინ! აბსოლუტურად უსწავლელია ყველა! ერთი თაობა, რომელმაც თავის დროზე მართვის მოწმობა იყიდა (თუმცა მაშინ ასე თუ ისე ასწავლიდნენ კიდეც), დაბერდა იმისთვის, რომ ავტომობილი მართოს, მეორე თაობამ კი, რომლის დროსაც ქრთამი აღარ იყო, არაფერი იცის! შესაბამისად, გვყავს სრულიად უცოდინარი მძღოლები. აბსოლუტურად ყველა თვითნასწავლია და ვერ მოსთხოვ მაღალ კლასს. ავარიები ფატალური შედეგებით უმეტესად დიდი სიჩქარით მოძრაობას მოსდევს. აგვისტოში ჭარბობს ხოლმე ასეთი შემთხვევები, როდესაც ხალხი ტურისტული სეზონის განმავლობაში მიდი-მოდის და ჩქარობს. ავტომობილს ერთი თვისება აქვს - შესაძლოა სიჩქარე ისე მოუმატო, ვერც იგრძნო, მით უფრო - ტრასაზე და როცა ექსტრემალურ სიტუაციაში აღმოჩნდები, უკვე გვიანია.

- რა შეიძლება მოვიმოქმედოთ? - ჭკვიანი კამერა, ჯარიმების გამკაცრება კარგია, განუკითხაობას ეს სჯობია, მაგრამ საკმარისი არ არის. გზის მოწყობაც არ არის კარგად გათვლილი. მაგალითად, ზუგდიდისკენ არის ადგილი, სადაც 15-20 კმ 40 კმ/სთ სიჩქარით უნდა იარო. ესეც ნეგატიურად მოქმედებს მძღოლზე, რადგან როგორც კი ამ ზონას ტოვებენ, ნერვებმოშლილები იმით, რომ 40 კმ/სთ სიჩქარით იარეს ამხელა მანძილი, სიჩქარეს უმატებენ, ამას კი ხშირად მოსდევს საგზაო შემთხვევები, ანუ მაპროვოცირებელი მიზეზიც ბევრია.

ასეა თუ ისე, რადგან დედაქალაქში მეტი ავტომობილი მოძრაობს, უსაფრთხოებაზე ყურადღებაც უფრო მეტად აქ გამახვილდა, თუმცა აქაც ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება, მაგალითად სანაპიროებზე, სადაც სიჩქარის გადაჭარბება ხშირია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კამერაა. რაც შეეხება რეგიონებს, მხოლოდ ცენტრალურ ტრასაზე თუა ჭკვიანი კამერები, მაგრამ როგორც კი გზიდან გადაუხვევ, გზები მოუწყობელია, ბევრ ადგილას ჯებირები არ დგას... ვინც, ძირითადად, რეგიონებში დადის და დედაქალაქში ნაკლებად ხვდება, არ არის მიჩვეული წესების დაცვას. რეგიონების გზებზე თავს თავისუფლებას აძლევენ, დიდი სიჩქარით დადიან... რადგან აგვისტოში მიმოსვლა განსაკუთრებით ინტენსიურია, მართვისას დაშვებული შეცდომების რაოდენობაც ამ პერიოდში იმატებს, რადგან არ იციან, როგორ დაიმორჩილონ მანქანა დიდი სიჩქარით სიარულის დროს. რა ქნან - არავინ ასწავლის, შემხვედრი რომ მოდის, როგორ მიხვდნენ, რას აპირებს ის, ან როგორი მანევრით აერიდონ... ნებისმიერი ავტომობილის მანევრი მიგანიშნებს მის შემდგომ მოქმედებას. ეს, ასე ვთქვათ, ენაა, რომელიც მასწავლებელმა მოსწავლეს უნდა ასწავლოს, მაგრამ მანამდე თვითონ უნდა იცოდეს. ავტოსკოლებში ზოგი ისეთი პედაგოგია, თვითონ რომ არა აქვს მართვის მოწმობა...

- პრაქტიკული გამოცდა ქალაქში უნდა ჩატარებულიყო... დაკანონდა ეს ინიციატივა?

- ჯერ კიდევ გადაუჭრელია ეს საკითხი. ალბათ, არჩევნების შემდეგ გააქტიურდება ეს თემა. თუ გამოცდა ქალაქში ჩატარდება, კარგი იქნება - უნდათ თუ არა, მძღოლებს ორჯერ ორის გარდა, სამჯერ სამის სწავლაც მოუწევთ, თუმცა, მე თუ მკითხავთ, ესეც ცოტაა, რადგან გარკვეული მარშრუტებია წინასწარ განსაზღვრული, რომლიდანაც კომპიუტერი ერთ-ერთს ირჩევს. ამას დედაქალაქში არა უშავს, მაგრამ რეგიონებში არ ვიცი, როგორი მარშრუტები იქნება. ეჭვი მეპარება, იმ მარშრუტებზე გავლილმა მძღოლმა მაინცდამაინც აიმაღლოს კვალიფიკაცია. ამიტომ გამოცდის ეს ნაწილი უნდა ჩატარდეს ისე, როგორც ბევრ წარმატებულ ქვეყანაში.

- კერძოდ, როგორ?

- გამოცდის წინ კონკრეტული მარშრუტი არ იცის არავინ, არც ინსტრუქტორმა. გამოცდის დროს იგებენ, რომ გამოსაცდელი დაბარებულია კონკრეტულ წერტილში. გამომცდელი ეუბნება, რომელი მარშრუტითაც გინდა წამიყვანე აქედან იქო. A წერტილიდან B წერტილამდე მიდიან და გზადაგზა გამომცდელი ინიშნავს შეცდომებს. თუ შეცდომებმა დაშვებულ ნორმას გადააჭარბა, გამოცდა ჩაბარებულად არ ითვლება.

- ალბათ, კარგი მეთოდია... - გარკვეული ხნის შემდეგ - კი. ჩვენ დღესვე გვინდა შედეგები, დღეს კი შედეგებს ვერ მივიღებთ. უნდა დავიწყოთ მაღალი დონის სწავლებით - სკოლებიდან, ბაღებიდან... ამასთან, უნდა არსებობდეს საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი დამოუკიდებელი უწყება, რომელიც არც ეკონომიკის სამინისტროს, არც შსს-ს არ უნდა ექვემდებარებოდეს. ეს სამსახური უნდა წყვეტდეს, კონკრეტულ სიტუაციებში სად როგორ უნდა იყოს გზები მოწყობილი, როგორი უნდა იყოს საგზაო უსაფრთხოება... ეს არის ცალკე მიმართულება, რომელსაც ცალკე პატრონი სჭირდება. არც პანდემიას და არც სხვა რამეს არ მიაქვს იმდენი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, რამდენიც ავტოსაგზაო შემთხვევებს.

მიმდინარე წლის ავარიების სტატისტიკა

2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოს გზებზე 1034 სატრანსპორტო-საგზაო შემთხვევა მოხდა (საქმე ეხება შემთხვევებს, რომლებზეც სისხლის სამართლის კოდექსი ვრცელდება); შედეგად დაიღუპა 69 და დაშავდა 1372 ადამიანი. პირველ კვარტალში შემთხვევების რაოდენობა იყო 1236, დაღუპული - 134, დაშავებული - 1610. უნდა აღინიშნოს, რომ მეორე კვარტალს დაემთხვა კომენდანტის საათის ორთვიანი პერიოდი, როდესაც მოქალაქეებს საღამოს 21 საათიდან დილის 6 საათამდე გარეთ გასვლა ეკრძალებოდათ...