"ნათესავებთან გადაპარულ და იქიდან დაბრუნებულებს გზაშივე ხვრეტდნენ" - ორად გაყოფილი მაჭახელის ხეობის სულისშემძვრელი ტრაგედია - კვირის პალიტრა

"ნათესავებთან გადაპარულ და იქიდან დაბრუნებულებს გზაშივე ხვრეტდნენ" - ორად გაყოფილი მაჭახელის ხეობის სულისშემძვრელი ტრაგედია

"საბჭოთა ხელისუფლებამ მევლუდ აღას ოჯახი სწორედ ქართველობისთვის დააქცია. ცხრა შვილიდან ხუთი მხოლოდ იმიტომ მოუკლა, რომ საქართველოში უნდოდა ცხოვრება..."

ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში იპოვი ადგილს, რომელიც ბევრისთვის უცნობ დრამას ინახავს. მათ შორის არის აჭარის მაჭახელის ხეობა, სადაც ტრაგედია 1921 წლის ყარსის ხელშეკრულების მეორე დილასვე დაიწყო, როდესაც წინა დღით მეზობლად მცხოვრები ძმებიდან ერთმა საქართველოში გაიღვიძა, მეორემ კი - თურქეთში. ამ დღეს საბჭოთა მონსტრმა ხეობის 12 სოფელი გადათვალა და ნახევარი, ანუ ექვსი სოფელი ტაო-კლარჯეთთან ერთად თურქეთს მიაკუთვნა, მეორე ნახევარი კი ისტორიულ საქართველოში დატოვა. სწორედ მაშინ გაჩნდა ერთიანი მაჭახელის ხეობის ორი ხელოვნური სახელი - ზედა და ქვედა, ანუ თურქეთისა და საქართველოს მაჭახელა და ამ "მაჭახელების" სახლებზე გამოკიდებული შავ-თეთრი ფარდაგები. შავი ფარდაგით მაჭახელელი ძმა თურქეთში მცხოვრებს ანიშნებდა - დავიღუპეთ, მიცვალებული გვყავს და იგლოვეო, თეთრით კი ეუბნებოდა, იმხიარულე, ძმაო, ოჯახში ქორწილს ან ძეობას ვიხდითო. ასეთ დღეებში ორივე მაჭახელა ერთად გლოვობდა ან ილხენდა...

პროფესორი როინ მალაყმაძე პირველი მაჭახელელია, რომელმაც საუკუნით დაშორებული ძმები საქართველოს მაჭახელაში ერთმანეთს შეახვედრა და ისევ ერთ ჭერქვეშ ამღერა და ააცრემლა. როდესაც ჭირსა თუ ლხინში ერთად მყოფ მაჭახელელებს ხედავს, ბატონი როინის 106 წლის ბებიამ, ფაბიმე კირკიტაძემ იცის, რომ თურქეთისაკენ გაფრენილმა "შავმა მერცხალმა" თურქეთში წასული ძმის ამბავი გვიან, მაგრამ მაინც ჩამოუტანა...

- მაჭახელელთა უბედურება მაშინ დაიწყო, როდესაც 1921 წლის ყარსის ხელშეკრულების დადების დღეს რუსეთმა და თურქეთმა ორად გაყო და სისხლით, ხორცითა და ტერიტორიულად განუყოფელი ხეობა ორ სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდა. იყო შემთხვევები, როდესაც ორი ძმის სახლს მხოლოდ მდინარე ჭოროხი ყოფდა, მათ კი ამ მდინარეზე გადასვლა და ერთმანეთის ნახვა ეკრძალებოდათ. 1933 წლამდე თითქოს საშვებით ურთიერთობის ნება მისცეს, 1933 წლიდან კი ხალხს ერთმანეთისკენ გახედვაც კი აუკრძალეს. ეს ამბავი დედაჩემს მოუყოლია ჩემთვის - მას კი ბებო უყვებოდა, ჩვენ შორის ისეთი მცირე მანძილი იყო, მჭადს რომ დავაკრავდი, ჩემებთან გავრბოდი და სანამ მჭადი დაიწვებოდა, უკან მოსვლას ვასწრებდიო. როგორი ამბავია, როდესაც შენს დედ-მამასა და დედმამიშვილებს ხელის გაწვდენაზე უყურებ და ცრემლები გახრჩობს, რომ გამოლაპარაკებაც კი არ შეგიძლია. აი, ამიტომ გაჩნდა ამ "ლაპარაკის" უტყვი სიმბოლოები. ხშირად დედები შვილებს შემაღლებულ ადგილზე აიყვანდნენ და იქიდან აყურებინებდნენ მონატრებულ მიწა-წყალსა და ეზო-კარს - აი, იმ სახლში რომ ქალი ჩანს, ჩემი დედაა, საქონელი გამორეკაო; წალდიანი კაცი მამაჩემია, ტყეში მიდისო; ყანას რომ ხნავს, ის კიდევ ჩემი ძმააო... ცნობილი მომღერალი ბაიარ შაჰინი ჰყვება, დედაჩემს გორაზე ავყავდი და იქიდან მაჩვენებდა საქართველოსო...

- ადამიანი უარესს მართლაც ვერაფერს მოიგონებს...

- მაგრამ საბჭოთა ლიდერებმა მოიგონეს. თანაც, საბჭოთა მაჭახელელები მეტი უბედურებით გაიგუდნენ, ვიდრე თურქეთში მცხოვრებნი და მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მაჭახელაში, საზღვარზე ცხოვრება არგუნა ბედმა. თურქეთის ჩვენებურები, მართალია, 1970 წლამდე ჭრაქის შუქზე ცხოვრობდნენ, მაგრამ მათ არ ერჩოდნენ და არ ჟუჟავდნენ, იქ არ არსებობდა რეპრესიები, შვილების ამოწყვეტა და გადასახლებები. რაღა შორს წავიდე, ამის მაგალითი ჩემი დიდი ბაბუა მევლუდ აღა მალაყმაძე იყო. ხშირად ვამბობ ხოლმე, საქართველოსა და თურქეთის საზღვარი ჩემი წინაპრების საფლავებზე, მალაყმაძეთა სოფელში გადის-მეთქი და ასეც არის. იქიდან ჩემი დიდი ბაბუა მევლუდ აღა გასაბჭოებამდე ჩამოსახლდა ქვედა მაჭახელაში, სადაც ახლა ვცხოვრობთ, ანუ ბათუმთან უფრო ახლოს. უნდოდა, შვილები მაშინდელ ქართველ მამულიშვილებთან ახლოს გაეზარდა. ის მდიდარი კაცი იყო და სახლის კარს საქართველოს საზოგადო მოღვაწეებს მუდამ უღებდა. მაგალითად, აპოლონ წულუკიძის წერილებში ხშირად შეხვდებით მოგონებებს მევლუდ აღას ქართველობასა და მასპინძლობაზე. სულ რამდენიმე წელიწადში კი საბჭოთა ხელისუფლებამ მევლუდ აღას ოჯახი სწორედ ამ ქართველობისთვის დააქცია. ცხრა შვილიდან ხუთი მხოლოდ იმიტომ მოუკლა, რომ საქართველოში უნდოდა ცხოვრება...

მხოლოდ ბაბუაჩემის ოჯახი კი არა, მთელი მაჭახელა დაისაჯა. იმით დაიწყეს, რომ თურქეთში ნათესავებთან გადაპარულ და იქიდან დაბრუნებულ მაჭახელელებს გზაშივე ხვრეტდნენ. 1951 წელს მაჭახელის სამი სოფელი აყარეს და შუა აზიაში გადაასახლეს. ამ ტანჯვის შემდეგ ბევრი უკან აღარც დაბრუნდა და ნასახლარები დარჩა. მევლუდ აღა კი ბოლოს განაკულაკეს და სახლიდან გამოსვლაც აუკრძალეს, ცოცხლად დაასამარეს. ჩემს 106 წლის ბებიას, ფაბიმე კირკიტაძეს დღესაც ახსოვს, 6 წლისა მამამ თურქეთში, კარჩხლის მთის ალპურ საძოვრებზე რომ აიყვანა და თურქეთელმა მაჭახელელებმა მევლუდ აღა მოიკითხეს, რატომ არ მოვიდაო, ბებიაჩემის მამას კი უპასუხია, შვილები დაუხვრიტეს და სახლიდან გამოსვლა აუკრძალესო.

- ანუ გაყოფილ მაჭახელას საძოვარი ისევ საერთო ჰქონდა? - 1933 წლამდე. მერე ან საძოვრებზე ვინღა მიუშვებდა ერთმანეთთან! სხვათა შორის, თურქეთისთვის საძოვრების გადაცემამ მაჭახელელთა საქმიანობაც ჩაკლა, მესაქონლეობა გაანადგურა. დღესაც ამბობს ხნიერი ხალხი, კარჩხალის იალების (იალაღების) ყველის გემო ვერაფერმა შეცვალაო.

- თქვენს 106 წლის ბებიას კარჩხლის ალპების სილამაზეც დაამახსოვრდებოდა. - ახსოვს და თურქეთის მაჭახელის გზა-ბილიკის ამბავსაც მოგიყვებათ. დღემდე ტკივილით ამოთქვამს ხოლმე, ჩემო კარჩხალის ნაფლატის ცივო წყალო, დოუვიწყარი ხარო. ახსოვს, რომ მაჭახელაში ასე მღეროდნენ: "გაფრინდი, შავო მერცხალო, გაჰყევ ბათუმის პირსაო, ამბავი ჩამომიტანე სამსუნს წასული ძმისაო". თურქეთელ ჭოროხელებს ჩვენზე ძლიერი აქვთ ქართველობის ფესვები და ეს ძველთაძველი ქართული სიმღერითაც დაამტკიცეს. ჯერ კიდევ 1996 წელს, სტუდენტობისას, თურქეთის ჩვენებურების სოფელში, დიდვაკეში, ღამით სამოყვარულო კამერით შევიპარე და ოთხხმიანი სიმღერები ჩავწერე სამაგისტრო ნაშრომისთვის. წარმოგიდგენიათ?! ოთხხმიანი!

- ანუ შეიპარეთ... - კი, შევიპარე. იმიტომ, რომ ახალგაზრდა ვიყავი, ამის გაკეთება ძალიან მინდოდა, ნებართვის მოპოვება კი იმხანად ისევ ძნელი იყო. ამიტომაც როდესაც თურქეთში გადავედი, დაველოდე, როდის გადაინაცვლებდნენ თურქი ასკერები დიდვაკის ბილიკებიდან ქუჩაში საპატრულოდ და შეღამებისას სოფლის გზას დავადექი. გავამხელ და ღამით უსიერ ტყეში მგლების მეშინოდა, მაგრამ როდესაც დიდვაკეს მივაღწიე, ყველაფერი დამავიწყდა. დედაჩემის მამიდის ოჯახმა შუაღამისას მოიყვანა მომღერალი უხუცესები და "ბახმაროს მთებზე დაუთოვია" თუ "ალიფაშამ გვიღალატა" მთელი ღამე ვიწერე, ოღონდ გამაფრთხილეს, არავის აჩვენო, ხიფათი არ აიკიდოო. მერე და მერე, როდესაც საქართველო-თურქეთის ურთიერთობა გაფართოვდა, ეს ჩანაწერები თურქეთში მცხოვრებ ბიზნესმენ ქართველებს ვაჩვენე, მათ კი მაჭახელაში სიმღერების შესასწავლად დიდი თურქეთელი ქართველის, ახმედ მელაშვილის ვაჟი იბერია მელაშვილი და ბაიარ შაჰინი გაგზავნეს. მერე მაჭახელელთა ფოლკლორული ანსამბლი ჩამოაყალიბეს, რომლის სიმღერა იუნესკომ 2013 წელს არამატერიალური კულტურის ძეგლად აღიარა.

- მაჭახელის გმირი ყოფილხართ. ბათუმში ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორობაც დაგეხმარებათ, მაჭახელელი ქართველობისთვის ბევრი გააკეთოთ... - გმირი ყველა ის მაჭახელელია, რომელმაც საქართველოს ფესვები შეინახა. არც აქეთ და არც იქით მათ სამშობლოზე ფიქრი არ გაუნელებიათ. ახლახან გავრცელდა სოციალურ ქსელში ჩანაწერი, სადაც თურქეთელ 80 წლის მაჭახელელს ეკითხებიან, რატომ სოფლიდან არ გადიხართ, საქართველოში 80 წლის ქალები ბათუმშიც და ყველგან დადიანო და პასუხობს, იმიტომ, რომ თავის მემელექეთში (მამულში, საქართველოში) ცხოვრობენო. სამწუხაროდ, დღეს საქართველოს ხელისუფლებას აქაური ქართველობის მოვლაც უჭირს რიგიანად, თორემ მეტი შესაძლებლობა რომ გვქონდეს, ვინ იცის, ჩვენებური ქართველობა რა სასიკეთოდ ამოუდგებოდა სამშობლოს გვერდში. მე მგონია, რომ საქართველოს მაჭახელას თურქეთის მაჭახელის გამოცდილებით ძალიან მივეხმარე. მათ მეფუტკრეობა ძალიან მაღალ დონეზე წლების წინ განავითარეს, თანაც ისე, რომ 70-მილიონიან თურქეთში მაჭახელის თაფლი ყველაზე ძვირი და უპირველესია. ეს იმ ქართული დედაფუტკრით მოახერხეს, რომელიც მათაც და ჩვენც ერთნაირად გვყავს. მათ დედაფუტკრისა და თაფლის ფესტივალები მოაწყვეს და ამ ფესტივალებზე მთავრობა ჩამოიყვანეს. მეც ზუსტად ასე გავაკეთე საქართველოს მაჭახელაში და პირველივე შეხვედრაზე, როდესაც ჩვენი მეფუტკრეები მანქანებით მოვიდნენ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, მაჭახელის თაფლს რამხელა პოტენციალი აქვს. დღეს საქართველოს მაჭახელის თაფლი ზუსტად ისეთივე მოთხოვნადი და შემოსავლიანი გახდა, როგორიც თურქეთის მაჭახელის. გარდა ამისა, თურქეთის მაჭახელის გამოცდილება კიდევ ერთ ამბავში გამოვიყენე, რომელმაც აქაური მაჭახელა ჰესებისაგან იხსნა. იცით, რა ხდებოდა თურქეთის მაჭახელაში? იქ 40 მცირე ჰესის გაკეთება უნდოდათ, მაგრამ მთელ თურქეთში გაბნეულმა მაჭახელელებმა დაარწმუნეს, რომ თუ ამ ტერიტორიებს დაცულ ზონად გამოაცხადებდნენ, ეს თურქეთს მეტ შემოსავალს მოუტანდა და ასეც მოხდა. ან საქართველოს ულამაზეს მაჭახელაში როგორ შეიძლება ხალხის აყრა! ჯერ ერთი, საზღვრის დამცველები არიან და პირიქით, უნდა ხელს ვუწყობდეთ. მეორეც - ამ ადგილების დაცულ ტერიტორიებად გამოცხადება ქვეყანას დიდი შემოსავალს მოუტანს და ამას მხოლოდ თურქეთი არ უნდა ხვდებოდეს. მაგრამ ჩემთვის ყველაზე სულისშემძვრელი ის არის, რომ უკვე წლებია, მაჭახელელთა ფესტივალი დავაარსე ჩვენს ხეობაში, სადაც საუკუნის წინ გაფანტული მაჭახელელები ერთად იკრიბებიან, ისევ ერთ ჭერქვეშ მღერიან და ერთ საქართველოზე ლაპარაკობენ. ორად გაყოფილი მაჭახელის შუაში, მაჭახელისა და ჭოროხის შესართავთან, ხობაში, ჩვენი მაჭახელის თოფის ქანდაკებაც დავდგით - ეს თოფი ხომ ოდესღაც ჩვენს ხეობაში დაიბადა. აი, ეს არის ჩემი ბედნიერება, რასაც არანაირ სიმდიდრეზე არ გავცვლი.