"გარეულ ცხოველებზე ნადირობის აკრძალვამ ტურების რაოდენობა ისე გაზარდა, რომ ადამიანებსაც ესხმიან თავს" - კვირის პალიტრა

"გარეულ ცხოველებზე ნადირობის აკრძალვამ ტურების რაოდენობა ისე გაზარდა, რომ ადამიანებსაც ესხმიან თავს"

"რატომ ამბობენ მანგლისელები შინაური ცხოველების უფასო ვაქცინაციაზე უარს"

შესაძლოა, ბევრმა არ იცის, რომ ცხოველთა დაცვის სააგენტოს ინიციატივით მუნიციპალიტეტებში ცოფის ვაქცინა უფასოდ იგზავნება, რაც შინაური ცხოველების უფასო ვაქცინაციასაც ნიშნავს, თუმცა მოსახლეობის უმეტესობა ამაზეც კი უარს ამბობს. მიზეზი ელემენტარულია - ბევრს არ სჯერა, რომ შეიძლება მათი შინაური ცხოველი ცოფით დაავადდეს და ვეტერინარების ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, აზრს არ იცვლის. დაბა მანგლისის ვეტერინარი ეფრემ კავილაძეც ამაოდ ცდილობს ზოგიერთი მანგლისელის დაყოლიებას, არადა, ცოფი გარეული ცხოველებისგან ვრცელდება, მანგლისში (და არა მხოლოდ) გარეულ ცხოველთა მოსახლეობაში შემოჭრის შემთხვევა არცთუ ცოტაა.

- უკვე 10 წელიწადია, რაც მანგლისის ვეტერინარად ვმუშაობ და ამ ხნის განმავლობაში სულ ვეკითხები საკუთარ თავს: მაინც რატომ უნდა იყოს მოსახლეობა შინაური ცხოველების ვაქცინაციის წინააღმდეგი, თანაც უფასოდ?! თუმცა, პასუხს ვერ ვიღებ. ჩემი აზრით, ამის მიზეზი ის ელემენტარული სიზარმაცეა, რომლის გამო პატრონებს ვაქცინაციისთვის ცხოველების მოხმობაც კი ეზარებათ, არადა, დღეს მანგლისში ცოფის გავრცელების საშიშროება გაზრდილია. გარეულ ცხოველებზე ნადირობის აკრძალვამ მგლების, დათვებისა თუ ტურების რაოდენობა ისე გაზარდა, არათუ ცხოველებს, ადამიანებსაც ესხმიან თავს. სწორედ ამ გზით შეიძლება გავრცელდეს ცოფი შინაურ ცხოველებზე.

ტურები ტყუილად არ მიხსენებია. ჩვენთან, მანგლისში და ვფიქრობ, ასეთივე შემთხვევები სხვაგანაც იქნება, მგლებზე უფრო დიდ საშიშროებას ტურები ქმნიან.

მათი რაოდენობა მგლებისას აჭარბებს, მგლების რაოდენობამ კი იმიტომ იკლო, რომ ისინი სწორედ ტურებმა გაანადგურეს. შესაძლოა, ეს ვინმეს გაუკვირდეს, მაგრამ ნამდვილად ასეა, რადგან გამრავლებული ტურები მგლების სოროებში შედიან და ლეკვებს ჭამენ, მგლებს კი, რასაკვირველია, ტურის სოროში შეღწევა არ შეუძლიათ. ცხადია, გამრავლებულ ტურას საკვები არ ჰყოფნის, რის გამოც მოსახლეობაშიც ჩამოდის და არაერთ შინაურ ცხოველს ესხმის თავს, განსაკუთრებით - თუ ცხოველი ღამით გარეთ არის დაბმული. მათი მსხვერპლი დაბმული ძაღლებიც ხშირად არიან.

- გასაკვირია, ძაღლი ხომ ტურაზე დიდია?

- დიახ, მაგრამ ეს ტურას ხელს არ უშლის, დაბმული ძაღლი დაგლიჯოს. ბოლო პერიოდში მანგლისში ტურებმა ორი დაბმული ძაღლი დაგვიგლიჯეს. ერთი თავის სახლიანად მიუთრევიათ ღობემდე და რომ ვერ გადაიტანეს, იქვე, ღობესთან, სანახევროდ შეჭამეს. დაბმულ ძაღლს ნებისმიერი ტურა მოერევა. ძაღლები ტურების დიდი ჯოგის თავდასხმისასაც მარცხდებიან, სამაგიეროდ, ცალკე ტურა ან თუნდაც მგელი ძაღლს ვერაფერს ავნებს. იმიტომაც ითვლება ის ოჯახის დარაჯად.

- რა ნიშნებით ამჩნევთ ცხოველს, რომ ტურის დაკბენილია და არა - მგლის?

- კბილების კვალით. ტურას მგელთან შედარებით წვრილი კბილები აქვს. მგლის კბილი ისეთი ფართოა, რომ ცხოველს კანს აგლეჯს და ჭრილობიდან სისხლი მოსდის. ეს ინფექციის განვითარებას უშლის ხელს. ტურის კბილი კი ისეთი პატარაა, ხორცის ამოგლეჯას ვერ ახერხებს, ამიტომ ნაკბენი ცხოველშივე რჩება და მას იწირავს. ტურის ნაკბენისგან ძალიან ხშირად ვითარდება განგრენა, რასაც არაფერი შველის. ორი წლის წინ ტურებმა შეღამებულზე რომელიღაც სოფლიდან დაბა მანგლისში მომავალი კაციც კი დაგლიჯეს, თანაც ისე, რომ სხეული თავს გააშორეს და ჭირისუფალმა თავი სხეულთან ერთად ვერ დაკრძალა.

ასე რომ, ეს არ არის სახუმარო საქმე. სხვა "სიკეთესთან" ერთად, მოსალოდნელია, მშიერმა ტურამ ან მგელმა შინაურ ცხოველებში ცოფიც გაავრცელოს, ამიტომ ძაღლები და კატები აუცილებლად უნდა ავცრათ, მაგრამ მოსახლეობას ეს არ ესმის.

- შინაური ცხოველების, მით უფრო - დიდი ძაღლების აცრა იოლი არ იქნება, ამიტომ მოსახლეობა ხელს უნდა გიწყობდეთ... - ასეთი მდგომარეობა მხოლოდ მანგლისში არ არის და დასანანია, რომ მოსახლეობა ვეტერინარებთან არ თანამშრომლობს. კარგი იქნებოდა, თუ ცხოველთა ვაქცინაციას მეტ პროპაგანდას გავუწევდით...

- ჭირს მიუსაფარ ცხოველთა აცრაც. ისინი ადამიანებს პრობლემებს უქმნიან, არადა, ქვეწარმავლებსა და მღრღნელებს ანადგურებენ... როგორ მიმდინარეობს მიუსაფარი ცხოველების ვაქცინაცია? - მძიმედ. მოსახლეობას საკუთარი ცხოველების აცრა არ უნდა და მით უფრო არ იჩენს ინიციატივას მიუსაფარ ცხოველებზე, არადა, ისინი მართლაც ძალიან გამრავლდნენ. პატრონები მათ ვერ ინახავენ და ქუჩაში ტოვებენ. ეს კომპლექსური ჯაჭვია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მიუსაფარი ცხოველები ხშირად გარეული ცხოველების თავდასხმისგანაც გვიცავენ. რომ არა ისინი, გარეული ცხოველების თავდასხმა უფრო გახშირდებოდა.