"ფორსაჟის" კასკადიორები თბილისში რომ დადიოდნენ, ორ-ორი ღვედი ჰქონდათ შეკრული და თან ლოცულობდნენ..." - კვირის პალიტრა

"ფორსაჟის" კასკადიორები თბილისში რომ დადიოდნენ, ორ-ორი ღვედი ჰქონდათ შეკრული და თან ლოცულობდნენ..."

"დაკვირვების შედეგად ძალიან საინტერესო რამ დაასკვნეს - თქვენს ქვეყანაში მაწანწალა ძაღლები მშვიდები არიან, ე.ი. თქვენ ხართ კარგი ხალხიო... უკვირდათ, თბილისში ღამით გოგონები მარტო რომ დადიან ქუჩაში და ამბობდნენ, ეს უსაფრთხოების ნიშანიაო, თუმცა ქუჩაში მოძრაობის წესები აოცებდათ..."

არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოშიც დიდი ყურადღება მიიპყრო "ფორსაჟის" თბილისში დაგეგმილ-განხორციელებულმა გადაღებებმა. ჩვენი რესპონდენტი ვაჟა ათუნაშვილი ერთ-ერთია იმ შვიდეულიდან, რომელიც უცხოელებთან ერთად ამ ფილმის სპეცეფექტების შექმნაზე მუშაობდა. ჯგუფის ხელმძღვანელის ყურადღება მან თავისი უნარებით, ავსტრალიაში მიღებული გამოცდილებითა და კარგი ინგლისურით მიიქცია.

- დავიბადე და გავიზარდე ვალეში. ტექნიკა და ჩხირკედელაობა ბავშვობიდან მიტაცებდა... 1986 წელს ავტოსაინჟინროზე ვცადე ჩაბარება, მაგრამ წარუმატებლად. მაშინ, მოგეხსენებათ, კორუფცია იყო გამეფებული, ამიტომ "დოსააფი" დავამთავრე და ვალეში ფერადი ქვების გადამმუშავებელ ქარხანაში დავიწყე მუშაობა ხარატად, მერე ელძრავების ქარხანაში გადავედი და ჯარმაც მომიწია. ჩეხეთში ვმსახურობდი. ჩემი ჯარში ყოფნის ბოლო თვეები საბჭოთა კავშირის დაშლის დაწყებას დაემთხვა. ჩამოვედი და დამხვდა გაპარტახებული საქართველო. ქარხნები აღარ მუშაობდა, ინდუსტრია გაჩერებული იყო და დავიწყე სხვადასხვა ტექნიკის რემონტით თავის რჩენა. ხან ხორბალს ვიღებდი გასამრჯელოდ, ხან - თივას... ასე გადავიტანე მძიმე 90-იანი წლები.

1998 წელს ჩემი მეგობრები ავსტრალიით დაინტერესდნენ, ერთ-ერთმა გაიგო, ავსტრალიის შახტებში ფერად ლითონებს მოიპოვებენო. იმ წელს ავსტრალიაში ბავშვთა ოლიმპიური საფეხბურთო გუნდი მიდიოდა. ვიღაც ქალი აკეთებდა ყალბ საბუთებს და 15 კაცი გავყევით, როგორც მწვრთნელები, ექიმები, მასაჟისტები... თითოს 3-3 ათასი გვჭირდებოდა, მაგრამ ავიღეთ ვალები და გავემგზავრეთ... ჩავედით, ვინ მიგვაკარებდა იქ, სადაც ოქროსა და ძვირფას ლითონს მოიპოვებდნენ, ამიტომ ჩასვლისთანავე ვიგემეთ იმედგაცრუება...

- იქ არავინ გელოდებოდათ, ვინც დაგასაქმებდათ?

- ერთი ადამიანის იმედი გვქონდა. "მიმინოში" რომ არის "ტიოტია ნინა იზ ტბილისი", გვეგონა, ასე მივადგებოდით აქედან გატანებული წერილით და მოგვხედავდა, მაგრამ ვინ მოგხედავს! ჩვენთან შეხვედრაც კი არ ისურვა... ხუთი ბიჭი ვიყავით ნაცნობ-მეგობრები და დავრჩით სიდნეიში მარტო. ჩვენგან მხოლოდ ერთმა იცოდა ცოტა ინგლისური. მე მხოლოდ ანბანი ვიცოდი, ისიც - სიმღერით (როგორც სკოლაში მასწავლეს) და თუ არ წავიმღერებდი, აზრი მიწყდებოდა... ვიღაცამ გვითხრა, ავსტრალიაში ბევრი სომეხიაო და რატომღაც ჩავთვალეთ, რომ ტაქსის მძღოლი, რომელსაც ჩავუსხედით, სომეხი იყო, მაგრამ მოვტყუვდით. ჩვენმა ინგლისურის მცოდნემ მძღოლს აუხსნა, იაფ სასტუმროში წაგვიყვანეო, მან კი სიდნეის ერთ-ერთ ყველაზე ძვირ რაიონში წაგვიყვანა,"მენლი ჰქვია, ჭიქა ყავა 25 დოლარი ღირდა... მუშადაც არავის ვჭირდებოდით. მერე ერთ განცხადებას გადავაწყდით - მშენებლობაზე რკინის ნაჭრები იყო ასაზიდი. ორ საათში მოვილიეთ საქმე და გასამრჯელოც მივიღეთ, მაგრამ მერე ვეღარაფერი ვიპოვეთ.

ავსტრალიაზე ვიცოდით, რომ არის ბევრი კენგურუ და მთავარი ქალაქებია სიდნეი და მელბურნი. სიდნეიში უკვე ვიყავით, ჩავთვალეთ, რომ იქაურობა ამოვწურეთ და გადავწყვიტეთ, წავსულიყავით მელბურნში, თითქოს იქ ვინმე გველოდა. ჩავედით და ახლა იქ დავიწყეთ სამსახურის ძებნა. ამ ძებნაში გადავაწყდით რუსულენოვან ებრაელს. მან იქაური ქართველი ებრაელის ოჯახის ტელეფონის ნომერი მოგვცა. კასპიდან რამდენიმე წლის ჩასული დედა-შვილი იყო, ისინიც ფეხს მაშინ იკიდებდნენ, მაგრამ მიგვიღეს, ხაჭაპურითაც გაგვიმასპინძლდნენ, თუმცა გვირჩიეს, სანამ უკან დასაბრუნებელი ბილეთი გაქვთ, სახლში დაბრუნდითო, რაც ჩვენს გეგმებს ეწინააღმდეგებოდა, რადგან ავსტრალიაში ჩასასვლელად აღებული ვალები გვქონდა გასასტუმრებელი... მელბურნიდან პროვინციისკენ ავიღეთ გეზი. ვაზის სხვლის პერიოდი იყო. სხვათა შორის, რქაწითელიც აქვთ. ვაზის სხვლაში ისე ცოტას გვიხდიდნენ, რომ რასაც ვიღებდით, იმავე ფერმერს ბინის ქირად ვაძლევდით. ამასობაში თითქმის თვე-ნახევარი გავიდა და გადავწყვიტეთ, საბუთები მოგვეწესრიგებინა... ხუთეულს გადაწყვეტილი გვქონდა, რომ ერთმანეთს არ მივატოვებდით, ვიდრე უკანასკნელი ჩვენგანიც არ დასაქმდებოდა... მოკლედ, ესტონური წარმოშობის რუსი დაგვეხმარა და საემიგრაციო დოკუმენტები ნისიად მოგვიწესრიგა. ჩასვლიდან 45 დღეში თუ ჩააბარებდი ამ საბუთებს, მუშაობის უფლებით რჩებოდი. დრო გვეყო და ხუთივემ მივიღეთ მუშაობის უფლება.

მალე ფერმაში დავიწყეთ მუშაობა, საათში მინიმუმ 5 დოლარს გვიხდიდნენ. ამასობაში ნელ-ნელა ინგლისური ვისწავლე და მექანიკოსად დავიწყე სამსახურის ძებნა. მალე შემდუღებლის ადგილი ვიშოვე სარწყავი სისტემების კომპანიაში, ჩემს მეგობრებს კი კომბოსტო მოჰყავდათ ფერმაში. მერე ერთი მეგობარიც ჩემთან წავიყვანე და, ბოლოს და ბოლოს, კარგად მოვეწყვეთ. ნელ-ნელა ვალებიც გადავიხადეთ... ნელ-ნელა ჩემი ინგლისურიც დაიხვეწა, ლიცენზიები ავიღე, გადამზადების კურსები გავიარე, ავტომტვირთავის ლიცენზია მოვიპოვე... ქარხანაში ჩარხსა და რობოტებზე მიწევდა მუშაობა და კარგი გამოცდილება მივიღე. უფრო მაღალი გასამრჯელოს იმედით წამოვედი კვლავ სიდნეიში და ახლა უკვე პროფესიით დავიწყე მუშAაობა. იქ 2001 წლამდე დავრჩი და მერე ვალეში დავბრუნდი.

- წარმოიდგენდით, რომ ავსტრალიაში მუშაობა კინოინდუსტრიაში გამოგადგებოდათ, თანაც ბევრისთვის სანატრელ პროექტში?

- მაგაზე არასდროს მიფიქრია... ჩემი შვილი თბილისში მუშაობდა შემდუღებლად. გამოძახებებზე მანქანით დადიოდა. მან განცხადება გამოაქვეყნა, რომელსაც გამოეხმაურნენ, ჰკითხეს, რა შეეძლო, ინგლისური თუ იცოდა და დაინტერესდნენ, სამთვიან პროექტზე მუშაობას თუ დასთანხმდებოდა, თან ჰკითხეს, კიდევ ვის გაუწევ რეკომენდაციასო... ჰოდა, მეც წავედი...

- რა გითხრეს, რა უნდა გააკეთოთო?

- პავილიონში უცხოელებს უნდა დავხმარებოდით რკინის კონსტრუქციების გაკეთებასა და მანქანების შედუღებაში. მაშინ სპეცეფექტებზე ლაპარაკი არ ყოფილა. ისე დაემთხვა, რომ შევესწარი და ყუთებიდან ჩარხების, დანადგარების ნახევარზე მეტი მე ამოვალაგე და მევე დავამონტაჟე. დაინახეს, რომ შედუღების გარდა სხვა რაღაცებიც შემეძლო. სპეცეფექტების ჯგუფის ხელმძღვანელი, სამხრეთაფრიკელი კევინ ბიტერსი იქ გავიცანი, რომელმაც მომთხოვა, შვიდი ადამიანი მჭირდება და ყველა შენ მოიყვანეო. მივედით. ყველაზე დიდი საქმე, რომელიც გავაკეთეთ, ჯავშანმანქანის მაკეტი იყო.

- ყველაზე რთული რა იყო? - მაინცდამაინც არაფერი...

ერთხელ გადასაღებ მოედანზე ქართული ჯავშანმანქანა გავიდა, მაგრამ იტალიელებს ცუდად დაედუღებინათ და გადაღებამდე დაზიანდა. სასწრაფოდ სჭირდებოდათ აღდგენა, რაც მე ვიტვირთე და ხელმძღვანელმა, მფარველი ანგელოზი ხარო, მითხრა.

გადაღებები გიჟური ტემპით მიმდინარეობდა. სულ მობილიზებული ვიყავით, რომ ყველაფერი მოგვესწრო.

ბოლოსწინა დღეს დიდ დიღომში, მთაზე, დიდი ჯავშანმანქანის გადაბრუნების სცენას ვიღებდით, რომელიც ვითომ ბეტონის შენობას ეჯახება. მანქანა ყირავდებოდა, შენობა კი ინგრეოდა. ამ შენობის აწყობა ჩვენ ვიტვირთეთ. მონტაჟშიც ჩვენ ვმონაწილეობდით. ძალიან კარგად ვიმუშავეთ და მადლობაც ბევრი გვიხადეს.

მთლიანად ჩვენ ავაწყვეთ ერთი ჯავშანმანქანა, რომელიც რამდენჯერმე უნდა ამოტრიალებულიყო და მერე დაშლილიყო. ფილმში ყველა რეკვიზიტის გასასროლი მოწყობილობები ჩვენ გავაკეთეთ. მაგალითად, კადრში ჩანს, რომ მანქანა დაეჯახა ავტობუსის გაჩერებას. გაჩერება მოტყდა და 5-6 მეტრზე გადავარდა. ეს გაჩერება უნდა გატყორცნილიყო სპეციალური ზარბაზნებით - ქენონის ზარბაზნებს ეძახიან, რომელიც დაწნეხილი აზოტის ჭავლით ისვრის. ასევე, როცა მანქანა მანქანას ეჯახება, აქეთ-იქით ისინიც ამ ქენონით უნდა გატყორცნო... რასაც ვაკეთებდით, ყველაფერი წინასწარ დახაზული, დეტალები კი შეთანხმებული იყო.

როცა მანქანა მანქანას ეჯახება, ისინი უნდა დაიმსხვრეს ისე, როგორც რეჟისორს წარმოუდგენია და არა ისე, როგორც ფიზიკის კანონები მოითხოვს. ჩვენ ამ მანქანებს წინასწარ ვჭრიდით და გარკვეულ ადგილებს ისე ვასუსტებდით, რომ დამტვრევა ეფექტური ყოფილიყო.

შიგ მანქანებში ტრამპლინები მონტაჟდებოდა, რომ შეჯახების მერე დაგეგმილი მიმართულებით გაფრენილიყო. მოკლედ, ერთი პატარა სცენა ძალიან დიდ შრომას მოითხოვდა. მანქანების ამოყირავებას მხოლოდ 10 წამი სჭირდება, ჩვენ კი იმისთვის, რომ ეს 10 წამი ეფექტური ყოფილიყო, თვე-ნახევარი ვმუშაობდით.

- ალბათ, ბევრი საინტერესო ადამიანი გაიცანით.

- გავიცანი სპეცეფექტების სპეციალისტები, რომლებიც სხვადასხვა ცნობილ ფილმზე მუშაობდნენ. მაგალითად, საიდი ბრიტანეთიდან.

მისი გუნდის აშენებული იყო საბრძოლო გემები "ტროადან". ტროას ცხენი მართლა ხის კი არ ყოფილა! მისი ამწყობი სამხრეთაფრიკელი ქალბატონი ჯეინიც ჩვენთან ერთად მუშაობდა. ჯეიმს ბონდის ბევრი ეფექტის ამწყობი "ფორსაჟის" პროექტის მონაწილე გახლდათ - აფეთქებების სპეციალისტი იყო, მსოფლიო რეკორდიც კი აქვს დამყარებული გამოგონებისთვის - გააკეთა ცეცხლი, რომელსაც ძალიან დაბალი ტემპერატურა აქვს და მოკიდებიდან 12 წუთის შემდეგ აქრობ ცეცხლმაქრით. წარმოიდგინეთ, შეიძლება 12 წუთი ცეცხლის ქვეშ იყოს ადამიანი! ძალიან მაგრები არიან....

- კიდევ გაქვთ ურთიერთობა ამ ადამიანებთან? ან ამის შემდეგ რომელიმე სხვა პროექტშიც ხომ არ მიგიღიათ მონაწილეობა? - კევინმა შემომთავაზა მაისში უნგრეთში გადაღება, მაგრამ პანდემიამ შეგვიშალა ხელი. შემიყვანეს იმ საინტერესო ადამიანთა სიაში, რომლებსაც საინტერესო პროექტებს სთავაზობენ და ორმხრივი თანხმობის შემთხვევაში ეს პროექტები ხორციელდება.

- რაო, მოეწონათ საქართველო? - კულინარია რომ კარგი გვაქვს, ამას ყველა ამბობს. დაკვირვების შედეგად ძალიან საინტერესო რამ დაასკვნეს - თქვენს ქვეყანაში მაწანწალა ძაღლები მშვიდები არიან, ე.ი. თქვენ ხართ კარგი ხალხიო. ბუნება მოეწონათ ძალიან და თავისუფალ დროს მოგზაურობაში ატარებდნენ. წასვლის წინ კევინმა სამდღიანი ტური აიღო, რაჭა მოიარა და ბოლოს ერთი ღამე ჩემთანაც გაათენა, ვალეში... უკვირდათ, თბილისში ღამით გოგონები მარტო რომ დადიან ქუჩაში და ამბობდნენ, ეს უსაფრთხოების ნიშანიაო, თუმცა ჩვენთან ქუჩაში მოძრაობის წესები აოცებდათ. "ფორსაჟის" კასკადიორები თბილისში რომ დადიოდნენ, ორ-ორი ღვედი ჰქონდათ შეკრული და თან ლოცულობდნენ.

- რა არ მოსწონდათ?

- არ მოსწონდათ, 10 საათზე რომ იღვიძებს ქალაქი. ამით ხსნიდნენ ჩვენს სიღარიბეს. ჩვენთან ინდუსტრია არ არის განვითარებული და ეს თვალში საცემი იყო.

ქართველი სპეციალისტების დაბალი კვალიფიკაციაც თვალში ხვდებოდათ. გაოგნებულები უყურებდნენ, როგორ მოჰქონდათ 6-მეტრიანი მასალა "ვოლგით" - ეს კურიოზი არ არის, კატასტროფაა და თუ ამაში სახელმწიფო არ ჩაერია, ეს საქმე არ მოწესრიგდება. მინის პაკეტები მოიტანეს მანქანაზე არასწორად დატვირთული და გადმოტვირთვისას ნახევარი დაამტვრიეს. ამ ყველაფერს ბრიტანელები ფოტოებს უღებდნენ, ისე უკვირდათ.

- ყველაზე ხშირად რას გეკითხებოდნენ? - გეტყობათ, კინოში მუშაობის დიდი პრაქტიკა გაქვთ, რა ფილმებზე გიმუშავიათო, მეკითხებოდნენ. პირველად ვარ კინოში-მეთქი, სიცილით ვპასუხობდი. აბა, საიდან ასეთი გამოცდილებაო? - უკვირდათ.

ჩემი კინო ჩემი ვალეა, სადაც ყველანაირ ტექნიკასთან მქონია საქმე...