"ბედნიერი კაცი ვარ - თეატრშიც ბავშვებს ვემსახურები და ოჯახშიც, ჩემს 9 ანგელოზს კი მალე კიდევ ერთი შეემატება" - კვირის პალიტრა

"ბედნიერი კაცი ვარ - თეატრშიც ბავშვებს ვემსახურები და ოჯახშიც, ჩემს 9 ანგელოზს კი მალე კიდევ ერთი შეემატება"

"ჯერჯერობით 4 გოგო და 5 ბიჭი გვყავს. გვეგონა, მეათე გოგონა იქნებოდა და გენდერულ ბალანსს დავიცავდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბიჭია. ასე რომ, სულ მალე 6 ბიჭის და 4 მშვენიერი გოგონას მამა ვიქნები..."

დღეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მოსახლეობის სწრაფი ზრდის ტენდენციაა, საქართველო კი დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას. მაღალი მიგრაციისა და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამო ქორწინებათა რიცხვმა იკლო, ამას ემატება ისიც, რომ ოჯახებში ორ ბავშვზე მეტი იშვიათად იზრდება... შედეგიც შესაბამისი გვაქვს: გაეროს დასკვნის მიხედვით, ქართველი ერი მსოფლიოს ყველაზე უპერსპექტივო ერების სიაში მოხვდა. ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ამ ფონზე ყველა მრავალშვილიანი ოჯახი სიბნელეში მბჟუტავ ლამპარს ჰგავს, რომელიც მომავლის იმედს აღვიძებს.

დღეს უნდა გაგაცნოთ ადამიანი, რომელიც 9 შვილის მამაა. ეს თოჯინების თეატრის მსახიობი ვახტანგ ჭელიძეა. როგორც თავად ამბობს, მრავალშვილიან ოჯახებში ისეთი სიხარული ტრიალებს, გადმოცემა შეუძლებელია.

- ჩემი მომავალი მეუღლე ირინა ზღვაზე გავიცანი. ამბობენ, საკურორტო რომანები დიდხანს არ გრძელდებაო, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. ის თბილისელია, მე - ქობულეთში გავიზარდე. სამი წლის განმავლობაში ვხვდებოდით ერთმანეთს. შემდეგ კი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღე და დავქორწინდით. ჩვენი ოჯახი ტრადიციული წესების დაცვით შეიქმნა. კარგი მეგობრები ვიყავით და ერთმანეთის ხასიათს კარგად ვიცნობდით. ადამიანი ჯერ კარგად უნდა გაიცნო და დააკვირდე, ცხოვრებაში გამოგადგება თუ არა. მე ძალიან გამიმართლა, რომ ასეთ ადამიანს შევხვდი...

- ბევრი ფიქრობს, რომ წლები სიყვარულს ახუნებს და უკეთეს შემთხვევაში, ის მოვალეობად გარდაიქმნება. - 15 წელია ჩვენ ერთად ვართ და ირინა ახლა უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე მაშინ, როცა გავიცანი. ბევრჯერ გვიკამათია, რადგან პრობლემების გარეშე ოჯახი არ არსებობს, მაგრამ ბოლოს ყველაფერს ურთიერთშეთანხმებით ვწყვეტთ. წლებს სულ სხვაგვარი სიყვარული მოაქვს - ჩვენ მეოცნებეები არა ვართ, უბრალოდ, ვიცით, რომ ორივე ერთ ნავში ვზივართ და ერთნაირი მიზნები გვამოძრავებს. ღვთის შიში და სიყვარული ორივეს გვაქვს.

- 9 შვილის მამა ხართ, რა განცდაა ეს? - დეკემბრისთვის მეათეს ველოდები. ეს ისეთი გრძნობაა, რომელსაც სიტყვით ვერ გადმოსცემ. უფროსი გოგონა, ნია, უკვე 15 წლისაა, ყველაზე უმცროსი, იოანე, ორი წლის ხდება. ჯერჯერობით 4 გოგო და 5 ბიჭი გვყავს. გვეგონა, მეათე გოგონა იქნებოდა და გენდერულ ბალანსს დავიცავდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბიჭია. ასე რომ, სულ მალე 6 ბიჭის და 4 მშვენიერი გოგონას მამა ვიქნები. ჩემი მეუღლე ძალიან მშვიდია და ბავშვებს ხმამაღლა არაფერს ეტყვის, მე კი ვფიქრობ, რომ თუ საჭიროა, ბავშვს უნდა გაუბრაზდე, ამ საკითხისადმი ორივეს ჩვენებური მიდგომა გვაქვს...

- მატერიალური პრობლემების გამო ბევრი ახალგაზრდა ვერ ქმნის ოჯახს. თქვენ როგორ უმკლავდებით ყოფით პრობლემებს? - ყველა ჩვენსავით ვერ იცხოვრებს: ჩვენ რომ ყოფით პრობლემებზე გვეფიქრა, ვერც ვიქორწინებდით და დღეს ალბათ, მხოლოდ ორი შვილი გვეყოლებოდა. ჩვენი მიდგომა მარტივია: უფალს უნდა მიენდო, უკვე ჩასახული სიცოცხლე მოსაკლავად არ უნდა გაიმეტო და ყველაფერი კარგად იქნება. რასაკვირველია, უნდა იშრომო, რომ ოჯახს არაფერი მოაკლო და თუ ამ ყველაფერს მარტივად მიუდგები, ცხოვრებაც გაგიადვილდება. მე წლების განმავლობაში ჩამოშორებული ვიყავი ჩემს პროფესიას, ძალიან ბევრს ვშრომობდი, რომ შვილებს არაფერი მოჰკლებოდათ. მეუღლეც მუშაობს, ექიმი-კოსმეტოლოგია და ცდილობს, ყველაფერი მოასწროს. თავიდან ბავშვების მოვლას დამოუკიდებლადაც ვახერხებდით, მაგრამ ახლა დამხმარე ქალი გვყავს. უფროსი გოგონებიც წამოიზარდნენ და პატარების მოვლაში გვეხმარებიან - აჭმევენ, აძინებენ, ტანსაცმელს უცვლიან... როცა მთელი დღე შინიდან გასული ხარ და ბავშვებთან ურთიერთობისთვის დრო აღარ გრჩება, ეს ყველაზე დიდი პრობლემაა. სხვათა შორის, კარანტინის დროს მივხვდი, რომ შვილებისთვის მეტი დრო უნდა გამოვყო.

- ქვეყანა მწვავე დემოგრაფიული პრობლემების წინაშე დგას. ამ ვითარებაში სახელმწიფო როგორ ეხმარება მრავალშვილიან ოჯახებს?

- სახელმწიფო შეძლებისდაგვარად გვეხმარება - ერთ ბავშვზე 50 ლარს გვაძლევს, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. ჩემი აზრით, სახელმწიფომ მრავალშვილიანი ოჯახებისთვის მეტი უნდა გააკეთოს, რომ სხვებსაც გაუჩინოს სურვილი, ბევრი შვილი გააჩინონ. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ წყვილს სურს 3-4 შვილი მაინც ჰყავდეს, მაგრამ ყოფითი პრობლემების გამო ვერ ბედავს. ამასთან, მრავალშვილიანი ოჯახების მიმართ დამოკიდებულებაც უნდა შეიცვალოს. ალბათ, თქვენც გაგიგონიათ ფრაზები: `საშუალება თუ არ ჰქონდა, რას აჩენდა~, `სახელმწიფოს იმედზე აჩენენ შვილებს~... ეს დაუშვებელია!

- პროფესიის შესახებაც მოგვიყევით... - ამჟამად თოჯინების თეატრში ვმუშაობ. კარგა ხანს სულ სხვა სფეროში ვიყავი დასაქმებული, ყველგან ვმუშაობდი, რომ ბავშვები შემენახა. საბედნიეროდ, მომეცა საშუალება, ჩემს საქმეს დავბრუნებოდი. ძალიან კარგი რეჟისორი გვყავს და თეატრს კარგი გეზი აქვს აღებული. რომ არა პანდემია, პატარებისთვის უფრო მეტს გავაკეთებდით. ბოლოს კი გეტყვით, რომ ძალიან ბედნიერი კაცი ვარ: თეატრშიც ბავშვებს ვემსახურები და ოჯახშიც სიხარულით ვბრუნდები, რადგან იქ 9 ანგელოზი მელოდება, რომლებსაც სულ მალე კიდევ ერთი შეემატება.

ხათუნა ჩიგოგიძე