ანა ურუშაძემ დაამტკიცა, რომ მამის ჩრდილში ყოფნას არ აპირებს - კვირის პალიტრა

ანა ურუშაძემ დაამტკიცა, რომ მამის ჩრდილში ყოფნას არ აპირებს

"ფილმმა, რომელშიც ნატა მურვანიძე მთავარ როლს თამაშობს, ევროპა-აზიის ფესტივალები ტრიუმფით მოიარა. მოიპოვა ორი აზიური ოსკარი, სარაევოს კინოფესტივალის გრან-პრი, ლოკარნოს კინოფესტივალის "ოქროს ლეოპარდი", სან ფრანცისკოს საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი და ა.შ."

ცნობილ რეჟისორს, ზაზა ურუშაძეს, რომელმაც ძალიან დასწყვიტა ქართველ მაყურებელს გული ნაადრევი გარდაცვალებით, ამქვეყნად მხოლოდ ფილმები არ დაუტოვებია - მისი ქალიშვილი ანა ურუშაძე ერთ-ერთი საინტერესო რეჟისორია მათ შორის, ვისაც ხელოვნებაში კარიერას უწინასწარმეტყველებენ. ორი წლის წინ კინოკრიტიკოსებმა მისი სადებიუტო ფილმის - "საშიში დედის" გამოჩენა ეკრანებზე ასე შეფასეს: "ქართულ კინოს ქართველი ქალები გადაარჩენენ"!

ცოტა ხანში გაირკვა, რომ ეს შეფასება ობიექტური იყო - ფილმმა, რომელშიც ნატა მურვანიძე მთავარ როლს თამაშობს, ევროპა-აზიის ფესტივალები ტრიუმფით მოიარა. მოიპოვა ორი აზიური ოსკარი, სარაევოს კინოფესტივალის გრან-პრი, ლოკარნოს კინოფესტივალის "ოქროს ლეოპარდი", სან ფრანცისკოს საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი და ა.შ. ასე დაამტკიცა ანა ურუშაძემ, რომ მამის ჩრდილში ყოფნას სულაც არ აპირებდა, რამდენიმე დღის წინ კი დაგვარწმუნა, რომ ქართული კინოში მართლაც ნიჭიერი რეჟისორი გამოჩნდა - ის სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის, "სინელინკის" კინოპროდუქციის ბაზრობის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა და ჯილდოდ 10000 ევრო მიიღო. ეს ნიშნავს, რომ სარაევოს კინოფესტივალმა, რომელშიც დაახლოებით 50 ქვეყანა მონაწილეობს, ანას მომავალი ფილმი სცენარიდანვე დააჯილდოვა, ანუ გზა გაუხსნა გადაღებებისაკენ.

ანას, რომელიც გარეგნობით ძალიან ჰგავს მამას, მამისაგან განსხვავებული "შტრიხებიც" აქვს. მაგალითად, ის არასოდეს ლაპარაკობს მომავალი ფილმის სცენარის შინაარსზე, რადგან ბევრ ნიუანსს გადაღების პროცესში ცვლის.

ანა ურუშაძე: - ძალიან ხშირად ვცვლი სცენარს, არასოდეს ვიცი, როგორ წარიმართება ის. შემიძლია სცენარის ფინალიც კი შევცვალო და სცენარის შინაარსზე საუბარს ამიტომაც ვერიდები, თუმცა ფილმი უეჭველად იქნება ჩვენს ადამიანურ პრობლემებზე, განცდებზე, რომლებიც უმრავლესობას ეხება. ეს ელემენტარული კინოენაა.კინო ხომ ამიტომ არსებობს, რომ ადამიანურ განცდებზე დაგაფიქროს.

- სწორედ ასე დაგვაფიქრა შენმა წინა ფილმმა "საშიში დედა", რომელიც პრობლემებთან მამაცურად მებრძოლ მწერალ ქალს ეხება... ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდი, რომ დედა წერდა, თუმცა წიგნი ვერ დაამთავრა... - დიახ, ასე იყო. შეიძლება ვთქვათ, რომ ფილმისთვის თემაც აქედან დაიბადა, მაგრამ დანარჩენს რეალურ ამბებთან საერთო არაფერი აქვს. დედას წერაში ხელი არ შეშლია. მე, უბრალოდ, ვფიქრობდი, როგორი იქნებოდა სხვა ქალებისათვის ასეთ სიტუაციაში ყოფნა...

- ანა, შენ საოცარი მამა გყავდა. ვიცი, რომ შენი რეჟისორობის სურვილიც მამის პროფესიის გავლენით გაჩნდა... -კი, ეს სხვა დროსაც მითქვამს - მამას ყოველთვის ყველაფერში ვბაძავდი. მინდოდა გამეკეთებინა ყველაფერი, რასაც ის აკეთებდა. ამიტომაც თავიდანვე ჩავიბეჭდე გონებაში, რომ რეჟისორი უნდა გავმხდარიყავი და ამის შესახებ საკუთარი თავისთვის სხვა კითხვები არ დამისვამს.

- 27 წლის ასაკში პირველივე ფილმით უამრავი ფესტივალი დაიპყარი. ასეთ წარმატებებზე ფიქრობდი? - არა, ამაზე ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი და ვერც მომავალში ვიფიქრებ. ყველა ფესტივალზე წავედი, რომ მხოლოდ მონაწილეობა მიმეღო. წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე ფიქრი არც ერთი ფესტივალის წინ არ შემიძლია.

- შენი მომავალი ფილმი სარაევოს ფესტივალმა სცენარიდანვე დააჯილდოვდა, რაც ნიშნავს, რომ მოგვარდება ძალიან რთული პრობლემა და ფილმის გადაღება დაფინანსდება? - ზუსტად არც ეს ვიცი, მაგრამ იმედი ნამდვილად მაქვს.