"საშინელება ტრიალებს... მიკროავტობუსი სავარაუდოდ, მოსახვევში გადავარდა" - რას ჰყვება შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიაზე თვითმხილველი? - კვირის პალიტრა

"საშინელება ტრიალებს... მიკროავტობუსი სავარაუდოდ, მოსახვევში გადავარდა" - რას ჰყვება შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიაზე თვითმხილველი?

შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. შსს-ს ინფორმაციით, დაღუპულია 12 ადამიანი, თუმცა, სავარაუდოდ, კიდევ არიან დაღუპულები. 3 მძიმედაა დაშავებული, მათგან ორი ადამიანი უგონო მდგომარეობაშია. სამივე დაშავებული სასწრაფო დახმარების ავტომობილით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი: "112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც მიკროავტობუსი გადავარდა კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფის მობილიზება. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სამაშველო ტექნიკა. ადგილზე, ასევე, იმყოფებიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებიც.

სამაშველო სამუშაოები უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით მიმდინარეობს. სამაშველო ჯგუფები რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სამაშველო ოპერაციას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ".

მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს მგზავრთა იდენტიფიცირება და სხვა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები.

როგორც kvirispalitra.ge-ს თვითმხილველმა განუცხადა, მიკროავტობუსში ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ.

"ჩვენ რომ მოვედით, უკვე მომხდარი იყო ავარია. მიკროავტობუსი სავარაუდოდ, მოსახვევში გადავარდა. როგორ ამბობენ, მოსახვევში, გზიდან გადასული მანქანა იდგა, სწორედ მას შეეჯახა და შემდეგ გადავარდა. საშინელება ტრიალებს, ახლა ველოდებით დამატებით ძალებს, რომ ცხედრები ამოვასვენოთ. ალბათ, რამე ტური იყო, უმეტესობა ახალგაზრდაა. როგორც ვიცი, 17 დაღუპულია და 3 გადარჩენილი. ერთ-ერთი გადარჩენილი გოგონა გონზე იყო, ისინი სასწრაფომ წაიყვანა. როგორც გავიგე, ხევში ჩასულ სამაშველო ძალას ერთ-ერთი ადამიანი ცოცხალი დახვდა, თუმცა მძიმედ ყოფილა და ისიც დაღუპულა".

იხილეთ ასევე: "მგზავრებიდან 17 ქალია, 3 - მამაკაცი... ყველანი 30 წლამდე ასაკისანი არიან" - ახალი დეტალები შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიაზე და ფოტოები ადგილიდან

(სპეციალურად საიტისთვის)