"ერთად წასულან ტურზე და ეს საშინელი ამბავი შევიტყვეთ" - ვინ არიან დედა და შვილი, რომელიც შატილის გზაზე მომხდარ საზარელ ავარიას ემსხვერპლნენ - კვირის პალიტრა

"ერთად წასულან ტურზე და ეს საშინელი ამბავი შევიტყვეთ" - ვინ არიან დედა და შვილი, რომელიც შატილის გზაზე მომხდარ საზარელ ავარიას ემსხვერპლნენ

23 აგვისტოს შატილის გზაზე მომხდარ ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

როგორც შევიტყვეთ, შემზარავი ავტოავარიის დროს დაღუპულ 17 ადამიანს შორის არის დედა-შვილი, მაია მამუჩაშვილი და მისი 31 წლის ქალიშვილი, ნუცა ყანადაშვილი. ნუცას თურმე მოგზაურობა ძალიან უყვარდა და ამიტომ სხვადასხვა ტურებით დადიოდა ხშირად. ერთ-ერთი გიდი ნიკა ჯმუხაძე "ფეისბუკის" გვერდზე წერს, რომ 17 ადამიანს შორის მისი საყვარელი ტურისტიც აღმოჩნდა. "ვიზიარებ ამ უდიდეს ტრაგედიას. 17 ადამიანს შორის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ტურისტი, ნუცა კანადაშვილია და ჩემი კოლეგა სერგო გორლიუკოვი. რთულია სიტყვების მოძებნა, ძალიან დიდი გულისტკივილია ეს ყველაფერი". kvirispalitra.ge - გარდაცვლილი დედა-შვილის ახლობელს ესაუბრა:

"ისინი სოფელ დიღომში ცხოვრობდნენ. ნუცას ორი ძმა ჰყავს. დედა-შვილის ცხედარი ამ დრომდე ექსპერტიზაზეა და რის შემდეგაც სახლში გადაასვენებენ.

ნუცა მხატვარი იყო, საოცრად ნიჭიერი და უაღრესად კარგი პიროვნება. მოგზაურობა უყვარდა ძალიან, საოცრად კარგი დედა ჰყავდა, მაია დეიდა, უთბილესი ადამიანი. ერთად წასულან ტურზე და ეს საშინელი ამბავი შევიტყვეთ. შოკირებულები ვართ, ვერ ვლაპარაკობ", - გვითხრა ახლობელმა.

"ეს რა დღე გათენდა ღმერთოოო, ჩემო ნიჭიეროო, შენთან სიკვდილს რა უნდოდაა, ჩემო ბავშვობის და გონების ნაწილოო, თან დედასთან ერთად, მაია დეიდა საოცრად თბილი და კარგი ადამიანი. როგორ მტკივა გული ღმერთოოო, ნათელი და სანთელი დაგიმკვიდროთ უფალმა მარადიულ სასუფეველში",- წერს სოციალურ ქსელში ნუცას მეგობარი და მის ფოტოს აქვეყნებს.

იხილეთ ასევე: "წესით, მეც ამ ტურზე უნდა ვყოფილიყავი"

(სპეციალურად საიტისთვის)