"სამ შვი­ლიშ­ვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და" - ვინ არის შატილის გზაზე გადაჩეხილი მიკროავტობუსის მძღოლი? - კვირის პალიტრა

"სამ შვი­ლიშ­ვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და" - ვინ არის შატილის გზაზე გადაჩეხილი მიკროავტობუსის მძღოლი?

23 აგვისტოს შატილის გზაზე მომხდარ საზარელ ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, სამი მძიმე მდგომარეობაში მყოფი მგზავრი კი თბილისში გადმოიყვანეს. ტურისტული კომპანია treveler.ge-ს კუთვნილი მიკროავტობუსი, რომელიც ხევსურეთში ერთდღიან ტურს ახორციელებდა, 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

გარდაცვლილთა შორის არის მიკროავტობუსის მძღოლი, 59 წლის არკად ალავერდოვი. ახლობლების თქმით, მას მძღოლად მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება ჰქონდა, მანქანა კი კომპანიას ეკუთვნოდა.

"ძალიან გამოცდილი მძღოლი იყო, მთელი ცხოვრება მძღოლად მუშაობდა. მანქანა მის საკუთრებაში არ იყო და კომპანიას ეკუთვნოდა. თავად მძღოლიც არ გახლდათ კომპანიის თანამშრომელი. ადამიანი აიყვანეს როგორც მძღოლი, ხოლო მანქანა ფირმას ეკუთვნოდა", – აღნიშნა გარდაცვლილი მძღოლის ახლობელმა "ტვ პირველთან" საუბრისას.

მიკროავტობუსს, ტექდათვალიერება, სავარაუდოდ გავლილი არ ჰქონდა. მონაცემთა ბაზაში სახელმწიფო ნომრის შეყვანის შემდეგ, ტექდათვალიერების დროულად გავლის შემთხვევაში, საიტი აჩვენებს შემდეგი ტექდათვალირების თარიღს. აღნიშნულ შემთხვევაში კი ტექინსპექტირების თარიღად 2020 წლის 13 ივლისია მთითებული, რაც ექსპერტთა თქმით ნიშნავს, რომ სატრანსპორტო საშუალებას ტექდათვალიერება არ გაუვლია.

გარდაცვლილი მძღოლის ნათესავი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს.

ის "კურიერს" დაუკავშირდა და აღნიშნა, რომ სურს ქვეყნის მთავრობამ მას უფლება მისცეს საქართველოში შეუფერხებლად და საკარანტინო სივრცეში მოთავსების გარეშე ჩამოვიდეს.

"ეს ადამიანი საქართველოში სამ შვილიშვილთან ერთად ცხოვრობდა. უფროსი ადამიანი მათთან სახლში არ არის. ამიტომ, მინდა საქართველოში ჩამოვიდე, რათა ის წესის მიხედვით დავკრძალოთ.

ჩვენ კარანტინის გავლა გვიწევს, თუმცა მთავრობას ვთხოვთ, რომ დაუშვან გამონაკლისი და არ გახდეს საჭირო კარანტინის გავლა,"- ამბობს "კურიერთან" საუბრისას" დაღუპულის ნათესავი ირაკლი მეტრეველი.

იხილეთ ასევე: "გოგონების დედას თურმე არ უნდოდა შვილების გაშვება, ცუდი წინათგრძნობა მქონდაო, მაგრამ ისე უხაროდათ წასვლა, უარი ვეღარ ვუთხარიო..."

(სპეციალურად საიტისთვის)