"გოგონების დედას თურმე არ უნდოდა შვილების გაშვება, ცუდი წინათგრძნობა მქონდაო, მაგრამ ისე უხაროდათ წასვლა, უარი ვეღარ ვუთხარიო..." - კვირის პალიტრა

"გოგონების დედას თურმე არ უნდოდა შვილების გაშვება, ცუდი წინათგრძნობა მქონდაო, მაგრამ ისე უხაროდათ წასვლა, უარი ვეღარ ვუთხარიო..."

დღეს საქართველოში გლოვის დღეა. 25 აგვისტო გლოვის დღედ შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გამოცხადდა.

შატილის გზაზე დაშავებული სამი ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმეა. მათ შორისაა მესტიელი თამო არღვლიანი, მისი ბოლო სტატუსი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ასეთია: "შეიძლება საკუთარი თავისთვის ძალა არ გქონდეს, მაგრამ სხვისთვის მონახო". მისი ახლობლები ახლა თამუნა არღვლიანის და კიდევ ორი დაშავებული ახალგაზრდა ქალის გადასარჩენად ლოცვას სთხოვენ ყველას.

ამ დრომდე მძიმეა 23 წლის ხატია დევსურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც დასთან, 25 წლის მედეა ( მეა) დევსურაშვილთან და მედეას უახლოეს მეგობართან, მაკო კუდარავასთან ერთად იყო შატილში წასული. მედეა და მაკო ადგილზე დაიღუპნენ.

როგორც ჟურნალისტი მარი ჯაფარიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, დები დევსურაშვილები მისი მეზობლები არიან: "ეს გოგონები ჩემს თვალწინ გაიზარდნენ. ძალიან განათლებული და კარგი ბავშვები იყვნენ. საშინელება ტრიალებს ჩვენს სადარბაზოში. ჰყავთ კიდევ ნაბოლარა და, 11 წლის. საუკეთესო გოგონები აღზარდეს მშობლებმა, მართლა ძალიან კარგი ბავშვები. მოწესრიგებულები. ხატიას და მედეას ლოგინად ჩაწოლილი ბებია ჰყავთ და ავადმყოფ ბებიას უვლიდნენ. ინტერნეტში მოუძებნიათ ეს ტური და წასულან, მათთან ერთად მიდიოდა მედეას უახლოესი მეგობარი, რომელიც ასევე რუსთავში ცხოვრობს. წინა დღეს უყიდიათ პროდუქტები და ძალიან გახარებულები ყოფილან. დედას ლობიანები დაუცხვია. მამამ წაიყვანა და ჩასვა მიკროავტობუსში. დედას თურმე არ უნდოდა შვილების გაშვება, ცუდი წინათგრძნობა მქონდაო, მაგრამ ისე უხაროდათ ექსკურსიაზე წასვლა, უარი ვეღარ ვუთხარიო... ხატია საბედნიეროდ ცოცხალია და ახლა ყველა იმას ვნატრობთ, რომ გადარჩეს. განადგურებული დედა ყველას სთხოვს ლოცვით დამეხმარეთ, რომ ჩემი ხატია მაინც გადამირჩესო". გარდაცვლილი მაკო კუდარავა

მედეა დევსურაშვილს ჯავახიშვილის უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული. ის და მისი გარდაცვლილი მეგობარი მაკო კუდარავა სტუდენტობის დროს კონსულტანტად მუშაობდნენ მაღაზია "უნო შუზი"-ში. "საოცარი გოგონები იყვნენ, კეთილები, თბილები, კარგები. ჩვენთან მუშაობდნენ, მერე სწავლობდნენ. დღეს მთელი დღე ვგლოვობდი ფარფატა მეას და თან ვურეკავდი მაკას, ვერ დავუკავშირდი, რას წარმოვიდგენდი რომ მაკაც იქნებოდა ამ ტრაგედიის მსხვერპლი და ახლა მისი გარდაცვალების შემზარავი ამბავიც გავიგე. განადგურებული ვარ. საოცარი მეგობრობა ჰქონდათ. დაჯერება მიჭირს, ღმერთო, რატომ",- გვითხრა იმ მაღაზიის მენეჯერმა, სადაც გოგონები მუშაობდნენ.

იხილეთ ასევე: "ერთად წასულან ტურზე და ეს საშინელი ამბავი შევიტყვეთ" - ვინ არიან დედა და შვილი, რომელიც შატილის გზაზე მომხდარ საზარელ ავარიას ემსხვერპლნენ

(სპეციალურად საიტისთვის)