"ზუსტად ესაა ჩვენთან პრობლემა" - შატილის გზაზე მომხდარი ავარიის რა ვერსიებზე საუბრობენ ექსპერტები? - კვირის პალიტრა

"ზუსტად ესაა ჩვენთან პრობლემა" - შატილის გზაზე მომხდარი ავარიის რა ვერსიებზე საუბრობენ ექსპერტები?

23 აგვისტოს შატილის გზაზე დატრიალებულ ტრაგედიას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა. ექიმების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. (იხილეთ განცხადება)

შეგახსენებთ, რომ ტურისტული კომპანია treveler.ge-ს კუთვნილი მიკროავტობუსი, რომელიც ხევსურეთში ერთდღიან ტურს ახორციელებდა, 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, სავარაუდოდ, მძღოლი ცდილობდა იქ გაჩერებულ მანქანასთან დაჯახებით შეეჩერებინა მიკროავტობუსი.

"შეიძლება ტექნიკური პრობლემა იყო და დაღმართზე დიდი სისწრაფით დაგორდა მანქანა. სავარაუდოდ, მძღოლი ცდილობდა იქ გაჩერებულ მანქანას დაჯახებით შეეჩერებინა მიკროავტობუსი, არ ვიცი. ადგილს მუხრუჭის კვალი ეტყობოდა, მაგრამ მოხვევის კვალი არ იყო. ალბათ, გაეჭედა რამე" - განაცხადეს ადგილობრივებმა.

მომხდარის მიზეზების დადგენა ამ დრომდე მიმდინარეობს. გარდაცვლილების ახლობლები მომხდარზე პასუხისმგებლობას ტურისტულ კომპანიას აკისრებენ. ახლობლების ვარაუდით, მიკროავტობუსი გამართულ მდგომარეობაში, მგზავრთა უსაფრთხოების ნორმები კი დაცული არ იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიკროავტობუსს, რომელსაც შატილში ტურისტები გადაჰყავდა, ტექდათვალიერება, სავარაუდოდ, გავლილი არ ჰქონდა.

ambebi.ge-მ მიკროავტობუსის სახელმწიფო ნომერი მონაცემთა ბაზაში გადაამოწმა. ვებგვერდზე სახელმწიფო ნომრის შეყვანის შემდეგ, ტექდათვალიერების დროულად გავლის შემთხვევაში, საიტი აჩვენებს შემდეგი ტექდათვალირების თარიღს. აღნიშნულ შემთხვევაში კი ტექ-ისპექტირების თარიღად 2020 წლის 13 ივლისია მითითებული, რაც ექსპერტთა თქმით ნიშნავს, რომ სატრანსპორტო საშუალებას ტექდათვალიერება არ გაუვლია.

მომხდარი ტრაგედიის სავარაუდო ვერსიებზე ვესაუბრეთ საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტებს:

დავით მესხიშვილი, "ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" თავმჯდომარე: "საერთოდ, ჩვენ გვაქვს ასეთი მოცემულობა, რომ გამოძიება, გარდა მძღოლის ბრალეულობისა, არასდროს არ გადის სხვა ფაქტორებზე. ზოგადად, შეიძლება იყოს ინფრასტრუქუტრული პრობლემა, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გაუმართაობა და ა.შ. ასეთია ჩვენთან არსებული გამოცდილება, ეს საქმე კი უფრო სიღრმისეულადაა გამოსაძიებელი.

ჩემი ინფორმაციით, ამ მიკროავტობუსს ტექდათვალიერება გავლილი არ ჰქონია. აქ ჩნდება კითხვა - როგორ გადაადგილდებოდა ტექდათვალიერება გაუვლელი მიკროავტობუსი ჩვენს გზებზე, თუ კანონის აღსრულება სათანადო დონეზეა? ჩვენ გადავამოწმეთ კამერები აგვისტოს დასაწყისში და ტექდათვალიერების გაუვლელობაზე არც ერთი კამერა არ რეაგირებს.

არის ვერსია, თითქოს მიკროავტობუსის მძღოლი, შესაჩერებლად გზაზე მდგომ "ჯიპს" მიზანმიმართლად დაეჯახა.

არცერთი ვერსია გამოსარიცხი არ არის.  გვაქვს სამწუხარო რეალობა: მგზავრების გადაყვანა ხდება სატვირთო მიკროავტობუსებით, რომლებიც ძირითადად სამგზავროდაა გადაკეთებული.

არ ვიცი ეს კონკრეტული მიკროავტობუსი გადაკეთებული იყო თუ არა, მაგრამ იმის თქმა ნამდვილად შემიძლია, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის დაახლოებით 90% გადაკეთებულია.

ამას ემატება გზის რთული რელიეფი. მაგალითად, ევროპის ქვეყნებში სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლს ზედმეტად ვერ დატვირთავ, განსაკუთრებით, გზის ასეთ რთულ მონაკვეთზე

სამწუხაროა, რომ სახელმწიფომ არ გაითვალისწინა არცერთი რეკომენდაცია. იგივე მსოფლიო ბანკის, არასამთავრობოების, ევროდირექტივები და რეკომენდაციები იმის შესახებ, რომ საქართველოში განესაზღვრათ ფუნქციურად ვინ იქნებოდა სამგზარო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურა.

უნდა გაირკვეს ვინ არის ტრანსპორტის პოლიტიკასა და საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი, ფორმალურად ეს ეკონომიკის სამინისტროა, რაც აბსოლუტურად ანომალურია. არსად, განვითარებულ ქვეყნებში არ მახსენდება საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ეკონომიკის სამინისტრო იყოს".

გელა კვაშილავა, "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოების" დამფუძნებელი:

"იმის გარდა, რომ მიკროავტობუსს ტექდათვალიერება გავლილი არ ჰქონია, ის ასევე გადატვირთული იყო. 20 მგზავრი ასეთი რთული გზის მონაკვეთისთვის, მოსახვევისთვის, სადაც ბალანსი უნდა შეინარჩუნო, შეიძლება გადატვირთულად ჩაითვალოს.

როგორც ვიცი, "სპრინტერის" ტიპის სამგზავრო მიკროავტობუსები ჩვენთან როცა შემოჰყავთ, მერე ხდება მათი გადაკეთება. ამიტომ ჩვენთან ელემენტარული სტანდარტები მაინც უნდა დაწესდეს, მინიმუმ ის, რომ გადაკეთებული მანქანებით ტურისტების გადაადგილება უნდა აიკრძალოს.

შიდა ტურიზმიო, რომ ვამბობთ, ტურიზმის დეპარტამენტი, პარლამენტი, უნდა შეიკრიბოს და კონკრეტულ სტანდარტებზე ჩამოყალიბდნენ, ჩაატარონ განხილვები, წინააღმდეგ შემთხვევაში ტრაგედიები ისევ განმეორდება.

ის ადგილი, სადაც ტრაგედია მოხდა, ძალიან პოპულარულია ტურისტებში, კიდევ ერთი ადგილი გომის მთაა, რომელიც ბოლო პერიოდში სულ უფრო მიმზიდველი ხდება ტურისტულად, საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით მოსაწესრიგებელია.

რაც შეეხება ვერსიებს, ყველა ვერსიის განხილვა შეიძლება, დამრეცზე შეძლო თუ ვერა დამუხრუჭება, გაექცა თუ არა სადავეები? შესამოწმებელია მიკროავტობუსის სიჩქარე, მძღოლის მდგომარეობა. ზუსტად ესაა ჩვენთან პრობლემა, ასეთი სიტუაციები დეტალურად უნდა გამოიძიონ და გაირკვეს კონკრეტული მიზეზი ან მიზეზები.

იხილეთ ასევე: "წესით, მეც ამ ტურზე უნდა ვყოფილიყავი"

(სპეციალურად საიტისთვის)