ოთარ ჩხეიძე - აუცილებელი "ძნელი" - კვირის პალიტრა

ოთარ ჩხეიძე - აუცილებელი "ძნელი"

მომავალ ხუთშაბათს ჟურნალ  "გზასთან" ერთად ქართული პროზის საგანძურის სერიით მკითხველი მიიღებს ოთარ ჩხეიძის "ბურუსს"

ძალიან ნელა, მაგრამ დიდი გატაცებით ვკითხულობდი "ტინის ხიდსა" და "ბურუსს", "ბორიაყსა" და "კვერნაქს"... მაშინ ჯერ კიდევ ნაკლებს ვფიქრობდი ავტორზე, მთავარ საფიქრალად ის მქონდა გამხდარი, რაც წიგნში ეწერა... ერთის ყდაც კი მახსოვს: რუხი, ყოვლად უხიბლო, ზედ წაწერილი შავი ასოებით - "ოთარ ჩხეიძე"... ასეთ ყდიან წიგნს, აბა, როგორ უნდა მივეზიდე. ამიტომაც კარგა ხანს გულგრილად ვუყურებდი და მერე, ერთ დღეს, კიდევ კარგი, რომ გადავშალე...

მას მერე დიდი დრო გავიდა. არაერთხელ დავბრუნებივარ ფიქრით ოთარ ჩხეიძეს, არაერთხელ "წავსულვარ" მის "სოფლებში", გავყოლივარ ადამიანებს, რომლებიც დიდი სულიერი ტკივილის ფასად და სულისვე ზეობით მიდიოდნენ გზა-სავალზე, ცხოვრება რომ ჰქვია. მეც ვესწრებოდი დაცემასა და ფეხზე წამოდგომას, ვფიქრობდი მათ საფიქრალზე და უკვე მოზრდილი - თვითონ მწერლის ცხოვრებაზეც. მერე სადღაც წავიკითხე, გორის რაიონის სოფელ ყელქცეულიდან იყოო...

როგორი ლამაზი ქართული სახელია, თითქოს იმ სოფლის ყელივით მოზნექილ გზებსაც ვხედავდი, საკვამურებიდან ფიქრივით აშლილ კვამლსაც და მწერალსაც, რომელიც ფეხით მიუყვებოდა გზას ყელქცეულისაკენ... იმ სოფლისაკენ, სადაც  1920 წლის 28 ნოემბერს დაიბადა. თუმცა რეალურად, ალბათ, ვერც მიუყვებოდა, რადგან 1924 წლის მოვლენებს მისი ოჯახის მამაკაცთა უმრავლესობა შეეწირა. ოჯახი დაარბიეს და სამკვიდროდან აჰყარეს.

ტკივილმა საშუალება არ მისცა, მიწას მოსწყვეტოდა... და მართალია, სკოლაშიც კი თბილისში სწავლობდა, მაინც საოცარი ერთობა ჰქონდა ქართულ მიწასთან. ამიტომაც მისი ნაწარმოებები "მიწის სუნს" მოიყოლებდნენ ხოლმე... წაკითხვითაც ისე იკითხებოდნენ, თითქოს ახალმოხნულ მიწაზე მიდიხარ ბორძიკ-ბორძიკითო... ხან ფეხი ხნულში გივარდება, ხან ისე გიჭირს ნაბიჯის გადადგმა, რომ ხელის წაშველებაც გჭირდება და ხელისგულებზე აყოლილი ბელტის სინესტესა და სითბოს მერე ძალიან დიდხანს მომუჭული მტევნებით ატარებ, გეშინია, არ გაგიქრეს.

ოთარ ჩხეიძის პირველი მოთხრობა დაიბეჭდა ჟურნალში "ჩვენი თაობა" 1940 წელს. მერე გამოქვეყნდა მოთხრობების ციკლი "ჩემი სოფლის ეტიუდები", რომანების ციკლი - "მატიანე ქართლისა", პირველი რომანი "ტინის ხიდი" იყო...

მარტო ძველ ტკივილებზე კი არა, ახალზეც წერდა: "არტისტული გადატრიალება", "თეთრი დათვი", "ბერმუდის სამკუთხედი", "2001 წელი",  "მორჩილი" და "ლაზერშოუ"...

ადრე უფრო აშკარად სდევნიდნენ: ოთარ ჩხიძე როგორ უნდა წაიკითხო, ძალიან რთულიაო... მერე მოეშვნენ ამაზე ლაპარაკს. ასე იყო თუ ისე, დამნახავმა მაინც დაინახა და გამგებმა - გაიგო მისი "შავით თეთრზე ხნულის" გემო. მერე რა... თავიდანაც რომ დაეწყო ყველაფერი, მაინც ისე დაწერდა, როგორც წერდა. რასაც ხედავდა, იმასაც ისევ ისე დაინახავდა, და არა ზოგიერთისაგან გამოწვდილი ვარდისფრად შეფერილი სათვალით.

მომავალ ხუთშაბათს ჟურნალ "გზასთან" ერთად ქართული პროზის საგანძურის სერიით მკითხველი მიიღებს ოთარ ჩხეიძის "ბურუსს":

მაკა ჯოხაძე, მწერალი: "ოთარ ჩხეიძეს მთელი თავისი შემოქმედების რთულ რელიეფზე საკუთარი სამშობლოს ბედი აინტერესებდა, ამ ბედს განიცდიდა, რა ესაქმება მწერალს პოლიტიკასთანო. ეს დემაგოგების მოგონილია. განსაკუთრებით ტოტალიტარიზმისა და იმპერიალიზმის ქვეყნებში ჰქონდა ამ ფორმულას გასაქანი. უცნაურია! ეს ფორმულა აქტუალური გამოდგა ე.წ. დემოკრატიულ საქართველოშიც.

უნიჭიერესი ხალხისთვის ყოველთვის ტაბუდადებული იყო მსგავსი თემები. შევარცხვინე ისეთი მწერალი, ოფიციოზისგან რომ ითხოვს სამშობლოს სიყვარულის ნებართვას (ნოტარიუსის ფურცელივით). არადა, ითხოვდნენ "საშუალოები", ითხოვდნენ და გადმოგდებული ძვალივით ხრავდნენ კიდეც ამ უფლებას, რადგან "საშუალო მწერლობა" არასოდეს, არც ერთ ქვეყანაში არ წარმოადგენდა საფრთხეს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მას ყოველთვის მაღალნიჭიერ და სინდისიერ ხელოვანთა მისასევად იყენებდნენ.

ხშირად პირდაპირ იარაღით კლავდნენ და აკვლევინებდნენ ტალანტებს თავს. მერე ფორმები გაადემოკრატიულეს, დახვეწეს და გამოიგონეს - მაღალი, სტერილური ლიტერატურისათვის დაწვრილმანებაა პოლიტიკაზე ფიქრიო. ჭეშმარიტი ტალანტები მაინც არ წამოეგნენ ანკესს. მაშინ ამ ტალანტების, ამ ერთეულების ნაღვაწს იდეოლოგიურობის სტატუსი მიაკრეს და თავიანთი ჭკუით მხატვრული ღირებულება დაუკარგეს დაქირავებულმა კრიტიკოსებმა.

ეს იყო ერთგვარი "პროფილაქტიკური" დაწოლა. ეს პროფილაქტიკა განსაკუთრებით აგიტაციითა და პროპაგანდით გადაღლილ ქვეყნებში სჭრიდა. თუმცა ლათინურ ამერიკაში სწორედ ამ დათრგუნვის დროს ამოხეთქა მარკესისა და ვარგას ლიოსას ფანტაზიამ.

ოთარ ჩხეიძის უზარმაზარი ტალანტი და ულევი ენერგია ღია ვულკანივით იფრქვეოდა. ვერ იქნა და ვერ გააგრილეს, ვერ დააცხრეს, ვერ აქციეს მკვდარ კრატერად. ოფიციოზმა საიდან არ მოუარა, რით არ მოუარა, მაინც ვერაფერი დააკლო, ვერაფრით მიუდგა და ბოლოს თავი იმით დაიმშვიდა, რომ "ძნელად საკითხავ" "მწერალთა რიგებს მიაკუთვნა. იცოდა, რასაც აკეთებდა: "ძნელად საკითხავი" მწერლები იყვნენ ჯოისიც და ფოლკნერიც, სამაგიეროდ, ხალხს არ ჰყოფნის განათლება და ენერგია ამ "ძნელების" დასაძლევად და გასაგებადო"...

კარგია, რომ არსებობს "ძნელი" ოთარ ჩხეიძე, რომ მის წიგნებს ისევ ვკითხულობთ და ველოდებით...

იცით, რა? ხნულის გავლებაც რთულია და ვაზის მოყვანაც, მაგრამ საქართველო ხომ ეს პურის ყანები და ეს ვენახებია, ეს გლეხია, ამ ძნელ საქმეებს უთენია რომ შეუდგება და დაღამებისას ბრუნდება შინ - ყელქცეულივით ლამაზი სოფლის მომცრო სახლში, რომელსაც იმედად ისევ ამოსდის საკვამურიდან კვამლი...