რამ გამოიწვია გლდანში ახალრეაბილიტირებულ გზაზე ასფალტის ჩანგრევა? - კალაძის მოადგილე განმარტებას აკეთებს - კვირის პალიტრა

რამ გამოიწვია გლდანში ახალრეაბილიტირებულ გზაზე ასფალტის ჩანგრევა? - კალაძის მოადგილე განმარტებას აკეთებს

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, გლდანში ხიზანიშვილის ქუჩაზე გზის სავალ ნაწილზე ასფალტის დაზიანება რამდენიმე დღის წინ მოსულმა უხვმა ნალექმა და აქედან გამომდინარე სანიაღვრე ქსელების გადავსებამ გამოიწვია.

მისივე განმარტებით, ნალექის შედეგად პრობლემები დედაქალაქის მასშტაბით კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე შეიქმნა, სადაც მიმდინარეობს ინტენსიური დაკვირვება.

"როგორც იცით, ახლახანს დასრულდა ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების სრული რეაბილიტაცია. სამუშაოები მიმდინარეობდა დაექსპერტებული პროექტის მიხედვით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე დღის წინ მოსულმა უხვმა ნალექმა დედაქალაქის მასშტაბით შექმნა რამდენიმე რაიონში პრობლემა, მათ შორის, იყო ხიზანიშვილის ქუჩა. კერძოდ, მოხდა უხვი ნალექის შედეგად სანიაღვრე ქსელების გადავსება, დატბორვა, რაც, პირველადი მონაცემებით, ამ დაზიანების გამომწვევი მიზეზია. ამ დაზიანებისთანავე მერიის შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებულები, რათა უახლოეს საათებში მოხდეს დაზიანებუილი მონაკვეთის სრულად აღდგენა და მოძრაობის გახსნა. ასევე მინდა დავამატო, რომ მსგავსი სახის პრობლემა შეინიშნება რამდენიმე ლოკაციაზე, რომელზეც ვაწარმოებთ ინტენსიურ დაკვირვებას და საჭიროების შემთხვევაში, იქაც შეიძლება მოგვიწიოს ლოკალური ჩარევა,"- განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

შეგახსენებთ, რომ გლდანში, ახალრეაბილიტირებული ხიზანიშვილის ქუჩის საავტომობილო ნაწილზე ასფალტის საფარი ჩაინგრა. აღნიშნულის გამო, ხიზანიშვილის ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

"ინტერპრესნიუსი"