ქარის წისქვილების რაინდი - კვირის პალიტრა

ქარის წისქვილების რაინდი

"ახლა იაპონური რობოტი უნდა ვაცეკვო ქართულად"

"მე ვბერდები, შადრევანი - არა..."

"სტადიონის მინდვრის საშრობი მიშა მესხის ძმაკაცობის ხათრით გავაკეთე"

ვერ გეტყვით, მოივლიდა თუ არა თავისი ჩაქჩაქა როსინანტით დონ კიხოტი მსოფლიოს, სერვანტესი რომ არ "წახმარებოდა", მაგრამ ბატონი ზურაბ ზურაბიშვილი უთუოდ მოივლიდა, "ხელის წამკრავი" რომ ჰყოლოდა... რატომ შევადარე ეს პატიოსანი კაცი დონ კიხოტს? ისიც ქარის წისქვილებს "ებრძვის". თბილისის ძველ, ნაძალადევის ბაღში, ძველი კინოთეატრის შენობაში მისი ოთახი ქარის წისქვილებით არის სავსე.

მართალია, კინოთეატრი უცნობმა ბიზნესმენმა იყიდა, მაგრამ ისიც იმდენად მოიხიბლა ბატონი ზურაბის ქარის წისქვილებით, დაიბარა, - ხელი არ ახლოთ, ყველა პირობა შეუქმენით, თავისი საქმე აკეთოსო. წლები გადის და ის არ იცვლება. ჩუმად უზის თავის მოცეკვავე შადრევანს და იმაზე ფიქრობს, ხვალ რა გააკეთოს დღესასწაულის მოსაწყობად...

- ბატონო ზურაბ, თქვენზე მითხრეს, ისეთი რამეები უკეთებია, პატრონი რომ ჰყოლოდა, მილიონერი გახდებოდაო...

- მაგაზე არ მიფიქრია... მინდოდა და ვაკეთებდი, ხალხი მოდიოდა, ნახულობდა, უხაროდა, მეც მიხაროდა... ამ შადრევანს რომ ჩავრთავ, თქვენც გაგიხარდებათ. აბა, ვნახოთ, როგორ ცეკვავს! ჯერ მუსიკა!.. აი, წიკლაური მღერის, - "გააჩერეთ, დედამიწა, ჩავდივარ!" ახლა წყალიც ამოვა და შადრევანიც აცეკვდება. ლამაზად ცეკვავს, არა?! ეს პირველი მუსიკალური შადრევანი იყო საბჭოთა კავშირში. 1953 წელს გავაკეთე. ერთი ამბავი იყო ამ შადრევანზე, მოსკოვში წაიღეს გამოფენაზე, ვინც დამინახავდა, მომვარდებოდა, - ამის გაკეთება როგორ მოგივიდათ თავშიო.

უბრალოდ. წყალს ხომ თავისი მუსიკა აქვს, როცა მოდის. ვიფიქრე, ნუთუ ძნელი იქნება, წყალი ჩემს დაკრულ მუსიკაზეც ავაცეკვო-მეთქი. მას შემდეგ ასე ცეკვავს. მე ვბერდები, შადრევანი - არა...

KvirisPalitra.Ge- რაში გეტყობათ დაბერება? სულით ბებერი კაცი ნაძვის ხეს ვერ მორთავდა და ხორუმს ვერ აცეკვებდა!

- თქვენც მოგეწონათ? ნინო ანანიაშვილი იყო ამას წინათ თავისი მოცეკვავეებით, იმათაც მოეწონათ. ხორუმს კი არა, ეს ნაძვის ხე, რასაც დავუკრავ, იმაზე იცეკვებს.

- სასწაული შადრევანი რომ გააკეთეთ, არავინ გამოგეხმაურათ?

- რას ჰქვია!.. სამი წლით დაიტოვეს მოსკოვში. ნახაზიც დამატოვებინეს. შემდეგ დამირეკეს, - გვინდოდა, პატენტი მოგვეცა, მაგრამ არაფერსაც აღარ მოგცემთ, ტყუილი ნახაზი დაგვიტოვეო. თურმე ეწვალათ და მსგავსი ვერ გაეკეთებინათ. იმაზეც ამიშარდნენ, - თუ ნახაზები სწორია, შენი შადრევნის წყალი სამ წელიწადს არ გაფუჭებულა, ჩვენი ორ თვეში აშმორდაო... ქვაბი მოვერცხლილი უნდა იყოს, ვერცხლი ინახავს წყალს-მეთქი...

მოკლედ, არ უნდოდათ და არ მომცეს პატენტი. თავი დიდად არც მომიკლავს. ბევრი გამოგონება მაქვს ისეთი, პირველი რომ იყო და ამ პირველობით მხოლოდ გულს ვიხარებდი და სხვასაც ვახარებდი... სად იყო საქართველოში ელექტროგიტარა, მე რომ გამოვიგონე. წლების შემდეგ პირველი ელექტროგიტარა რომ შემოიტანეს თბილისში, ვნახე და... უნდა ვთქვა: ჩემი ჯობდა. იმას ყველა სიმი ერთ ელექტროსისტემაზე ჰქონდა მიერთებული, მე ცალ-ცალკე, თითოეულ ელექტროსიმზე. ამას წინათ სახალისოდ ურემი გავაკეთე. ვუყურებ და სიცოცხლით მავსებს. ღმერთმა შექმნის ნიჭი ყველას მოგვცა, მაგრამ ყველას არ შეუძლია ამ ნიჭისთვის ყურისგდება.

- რისგან ქმნიდით? სად გქონდათ ამდენი მასალის ფული?

- რა ფული? მასწავლებელი ვიყავი, ავტოსამოდელო სპორტს ვასწავლიდი ბავშვებს. ისეთი მოსწავლეები მყავდა, ბევრჯერ გააოცეს მოსკოვი თავიანთი მოდელებით... მენანება ეს ნიჭი. სხვა ხალხი თუ არის დღეს ცნობილი თავისი ტექნიკით, რომ მოგვენდომებინა, ჩვენ ნაკლები არ უნდა ვიყოთ... მასალა კი მართლა თავზე საყრელი იყო მაშინ. თბილისის აეროპორტიდან ჩამოწერილი სამხედრო თვითმფრინავიც კი წამომიღია.

ცოტა გული იმაზე მწყდება... 40 წლის წინ რაღაც მაქვს გაკეთებული, ჩავრთავ ტელევიზორს და იტყვიან, - აი, ესა და ეს აქა და აქ ახლა გამოიგონესო. სტადიონის მინდვრის საშრობი მიშა მესხის ძმაკაცობის ხათრით გავაკეთე, რამდენიმე ხნის წინ ტელევიზორში მოგვახარეს, - ვაშა, ბრაზილიაში სტადიონის საშრობი შექმნესო!

ნაძალადევში ჩვენი სახლები ერთმანეთს უყურებდა... პირველი ბურთიც ერთად ვიყიდეთ, - ნაძალადევის კინოთეატრის სალაროში მიშას დეიდა მუშაობდა და იაფ ბილეთებს გვაძლევდა. თან დაგლეჯილი ბურთი მოგვქონდა ბაღში სათამაშოდ.

ერთხელ დავდექი რიგში. მოვიხედე - მიშა არ არის. მოვძებნე. ძველი სახლების წინ იდგა. "ატანდაზე" ვარო. მაშინ "შავი" ბიჭები სახურავებზე ზარს თამაშობდნენ და იმათ დაეყენებინათ გუშაგად... წავიდეთ, ფილმი დაიწყება-მეთქი. მიშამ - ისე ვერ წამოვალ, თუ ბიჭები არ გავაფრთხილეო. ავძვერით სახურავზე. მოთამაშეებს ჩეჩქად უყრიათ ფული. აიღეთ, რამდენიც გინდათ და რაც გინდათ, იყიდეთო. მიშა 11 წლის იყო, - მხოლოდ ბურთის ფული გვინდაო. წავედით და ვიყიდეთ. ეგ იყო ჩვენი პირველი ბურთი...

მერე მე პროფტექნიკურ სასწავლებელში წავედი, იქ პროფის ფორმა დაგვირიგეს. ერთი არა, ბევრი მინდა-მეთქი. რად გინდაო და, უბანში ფეხბურთის გუნდი გვყავს-მეთქი. წაიღე, ოღონდ, ივარგეთო. ის იყო ჩვენი უბნის გუნდის და მიშას პირველი ფორმაც. ასე ვიზრდებოდით...

- ქარის წისქვილებთან მებრძოლი რაინდები... თქვენ შეგეძლოთ თქვენი ხალხისთვის სასწაულების უფასოდ შექმნა.

- მე - რა ვიცი, მიშამ მართლა შექმნა. მე კი აგე, ქარის წისქვილები ვაკეთე... ისე, ცოტათი მეც ვიყავი ალბათ დონ კიხოტი, ახლაც ვარ. აგე, ოთხი თვის პენსია წინასწარ ავიღე და მომავალი გამოგონებისთვის მასალები ვიყიდე. ახლა ერთმა მაღაზიამ გაფუჭებული იაპონური რობოტი მაჩუქა და ის უნდა ვაცეკვო ქართულად. ქარის წისქვილები კი გასანათებლად შევქმენი - ცოტა ეკოლოგიის საქმეა, ცოტა ეკონომიკისა...

P.S.  ბატონი ზურაბი ჩვენი ქალაქის დონ კიხოტია, მას აქ ყველა იცნობს. ხელის წამკრავი რომ გამოუჩნდებოდეს, როგორც თავად ავსებს სხვების გულს სიხარულით, მისი გულიც ისე აივსებოდა.

თუ არადა - დონ კიხოტსა და მისი ქარის წისქვილებს დრო მაინც ვერ წაშლის...