"მიკვირს, ასეთ ქვეყანაში გაზრდილი ადამიანები აქ ასე რატომ იქცევიან..." - რას ჰყვება ესპანელი პოლიციელი ესპანეთში ჩასულ ქართველებზე? - კვირის პალიტრა

"მიკვირს, ასეთ ქვეყანაში გაზრდილი ადამიანები აქ ასე რატომ იქცევიან..." - რას ჰყვება ესპანელი პოლიციელი ესპანეთში ჩასულ ქართველებზე?

მარტინ ფერანი ბარსელონაში პოლიცია "მოსოს" ოფიცერია. ის და მისი კოლეგები ბევრ გახმაურებულ საქმეს იხსენებენ. მარტინი ორჯერ საქართველოშიც იყო და ამბობს, თავი სამოთხეში მეგონაო.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად მესმოდა ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, მე და ჩემს კოლეგას გაგვიჩნდა იდეა, წავსულიყავით საქართველოში, გვენახა, როგორი პოლიციის სისტემაა იქ და რატომ იქცევიან ქართველები ასე მთელ ევროპაში. პირველად 10 დღე ვიყავით, მეორედ 6 დღე..."

"ძალიან მომეწონა საქართველო. სამწუხაროდ, მხოლოდ მცხეთა და თბილისი ვნახე, სხვა ვერაფერი მოვასწარი. მცხეთა ულამაზესი ქალაქია, ლამაზი ქუჩებითა და ბევრი ეკლესია-მონასტრით. თქვენი ტრადიციული კერძებიც მომეწონა - ხაჭაპური, ლობიო, ქართული ღვინო. საქართველოში გატარებული დღეები დაუვიწყარია ჩემთვის, თავს სამოთხეში ვგრძნობდი. უნდა ამაყობდეთ, რომ ასეთი ქვეყნის შვილები ხართ..."

"ესპანეთში ბევრი ქართველი დამნაშავეა. ბოლო წლებში ჯგუფური ყაჩაღობის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, ხშირად დაჯგუფების მეთაური ქალია. როდესაც სპეცოპერაციას ვატარებთ მათ ასაყვანად, მათ შორის ქართველებიც არიან. ძალიან "სუფთად" მუშაობენ და ხშირად რთულია მათი გაკეთებული საქმეების გახსნა..."

"ქალბატონი, რომელიც ოჯახებში დამლაგებლად მუშაობდა, მძარცველებს აწვდიდა ინფორმაციას. ისინი იმ დროს აღებდნენ კარს, როდესაც მეპატრონე შინ არ იყო. ამ დანაშაულისთვის 7 ქართველი და კიდევ ერთი ქალბატონი დავაკავეთ.

ყველაზე გახმაურებული კი მაინც ვალდებრონის საქმე იყო: ქართველებმა სკოლის შენობა დაიკავეს და სპეცოპერაციის ჩატარებამ მოგვიწია. ბევრი მოპარული ნივთი ამოვიღეთ: ცივი იარაღი, ნარკოტიკი. ამ სპეცოპერაციით კი რამდენიმე ყაჩაღობა გაიხსნა. აქაც ქალბატონები იყვნენ საქმეში..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 27 აგვისტოს ნომერში წაიკითხავთ.

ფიქრია რობაქიძე, "გზის" სპეციალური კორესპონდენტი ბარსელონიდან