"4 საათსა და 45 წუთზე ვეკონტაქტე გიდს სერგოს, რომელმაც მითხრა, რომ..." - რას აცხადებს traveler.ge-ს დამფუძნებლი შატილში მომხდარ ავარიაზე? - კვირის პალიტრა

"4 საათსა და 45 წუთზე ვეკონტაქტე გიდს სერგოს, რომელმაც მითხრა, რომ..." - რას აცხადებს traveler.ge-ს დამფუძნებლი შატილში მომხდარ ავარიაზე?

ტურისტული კომპანია traveler.ge-ს დამფუძნებლის, შალვა ბოლოთაშვილის განცხადებით, ის ტრაგედიამდე გიდს ესაუბრა, რომელმაც დაადასტურა, რომ "ყველაფერი რიგზე იყო" და მათ არანაირი პრობლემა არ ჰქონდათ.

როგორც ბოლოთაშვილმა საგურამოს პოლიციაში გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განმარტა, ზარის განხორციელებას საგამოძიებო უწყებაშიც ადასტურებენ.

"4 საათსა და 45 წუთზე ვეკონტაქტე გიდს სერგოს, რომელმაც მითხრა, რომ ყველაფერი რიგზე იყო. ნამდვილად ფიქსირდება ჩემი ტელეფონიდან დანარეკი. შესაბამისად, თავადაც ადასტურებენ საგამოძიებო უწყებები, რომ ვესაუბრე. მან დაადასტურა, რომ ყველაფერი რიგზე იყო. მანამდე არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ. ეს დადასტურებული ფაქტია",-განაცხადა ბოლოთაშვილმა.

მისი თქმით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კომპანიის სხვა წარმომადგენლებიც იკითხებიან.

შეგახსენებთ, რომ შატილის გზაზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი კრიტიკულად მძიმეა. ტურისტული კომპანია traveler.ge-ს კუთვნილი მიკროავტობუსი, რომელიც ხევსურეთში ერთდღიან ტურს ახორციელებდა, 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

იხილეთ ასევე: "წვიმა იყოო, არაფერი წვიმა არ იყო. მუხრუჭებმა გაუცხელა. მე რომ გამომყოლოდა უკან..." - რას ამბობს მძღოლი, რომელიც ავარიის დღეს შატილში სხვა ტურზე იმყოფებოდა

"ინტერპრესნიუსი"