"შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითია" - კვირის პალიტრა

"შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითია"

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითია.

როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამივე პაციენტი მართვით სუნთქვაზე რჩება.

"პაციენტების მდგომარეობაში გუშინდელთან შედარებით დადებითი დინამიკა აღინიშნება. ორ მათგანთან წნევა გახდა სტაბილური, ანუ, შოკის კლინიკა მოიხსნა.

კლინიკურ ლაბორატორიული მდგომარეობით და ასევე, ობიექტური მონაცემებით, პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე დადებითია“, - განაცხადა რატიანმა.

მისი თქმით, კლინიკაში შეყვანის მომენტში პაციენტების მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

"შემოსვლისას პაციენტების მდგომარეობა იყო კრიტიკული. კლინიკურად სახეზე იყო პოლიტრამვა, სიცოცხლესთან შეუსაბამო მდგომარეობით, რაც გულისხმობდა, რომ იყო მკვეთრი არასტაბილური გემორაგია, მძიმე ტრავმულ-გემორაგიული შოკი. ნევროლოგიური სტატუსი ფასდებოდა, როგორც სამი ქულა და იყო სამივე მათგანთან მწვავე რესპირატორული სინდრომი. ამ ეტაპზე მოხსნილია მწვავე რესპირატორული დისტრესის სინდრომის დიაგნოზი. ორ მათგანთან მოხსნილია ტრავმულ-გემორაგიული შოკის დიაგნოზი. ნევროლოგიური სტატუსი გაუმჯობესებულია. იმედია, ასეთი დადებითი კლინიკით გაგრძელდება მათი გამოჯანმრთელება“, - განაცხადა რატიანმა.

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.

შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

"ინტერპრესნიუსი"