ალისა და ივო "საოცრებათა ქვეყანაში" - კვირის პალიტრა

ალისა და ივო "საოცრებათა ქვეყანაში"

მათი სიყვარული 18-წლიანი ფეიერვერკი იყო

ხორვატი პიანისტისა და ქართველი მუსიკოსი ქალის საარაკო სიყვარული

ვისაც კლასიკური მუსიკა არ უყვარს, ალბათ, არაფერს ეტყვის ხორვატი პიანისტის, ეპატაჟის ჯადოქრად წოდებული ივო პოგორელიჩის სახელი. შესაძლოა, ქართველი მკითხველისთვისაც უფრო საინტერესო იყოს მისი პირადი ცხოვრება, ვიდრე შემოქმედება. ივოს ქართველი ცოლი ჰყავდა და ქალი ქმარზე ორი ათეული წლით უფროსი იყო. როდესაც მოსკოველი ქართველი, პიანისტი და პედაგოგი ალისა კეჟერაძე ივო პოგორელიჩს შეხვდა, 38 წლისა იყო, ბიჭი კი 17-ის. მაშინ ვერავის წარმოედგინა, რომ მათი შეხვედრა ქორწინებით დაგვირგვინდებოდა. მოგვიანებით ივო იტყვის:   "დანახვისთანავე ვიგრძენი, რომ ალისას გარეშე ცხოვრებას აზრი ეკარგებოდა, ის ჩემი "ყურები" იყო და უმისოდ ვერასოდეს გავიგონებდი საკუთარ ხმას".

ივოსა და ალისას სიყვარულზე ცოტა ხნის წინ ესპანეთიდან დაბრუნებულმა მეგობარმა თამარ ნეფარიძემ მიამბო. ევროპის ქართულ ემიგრაციაში კარგად სცოდნიათ ქართველი ქალისა და ხორვატი პიანისტის საარაკო, "მაგნიტური სიყვარულის" ამბავი.

ალისას შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ სტუდენტი შეუყვარდა და ამ სიყვარულის გამო ქმარი, შვილი და კარიერა მიატოვა. ქალმა მთელი ცხოვრება ივოს მიუძღვნა. ის მაგიური ქალი იყო, მიაჩნიათ თურმე ევროპაში.

თამარ ნეფარიძეს ჯერ თავად უცდია ალისას ქართველი ნათესავების მოძიება, მაგრამ ამაოდ... მოგვიანებით მთხოვა, იქნებ გაზეთს გამოეხმაუროს ვინმე და ამ საოცარი წყვილის შესახებ მეტი გავიგოთ, ვიდრე ოდესმე წერდნენ ევროპული გაზეთებიო.

ივო პოგორელიჩი 1958 წელს დაბადებულა ხორვატიაში, მუსიკალური განათლება ბელგრადსა და მოსკოვში მიუღია. რუსეთის დედაქალაქს 12 წლისა სწვევია. 17 წლისას ეჩვენებოდა, რომ ჯადოსნურ წრეში ჩაიკეტა და ვერასოდეს შეძლებდა შინაგანი ენერგიის გამოხატვას, სწორედ ამ დროს შეხვედრია ალისას. ცნობილი პიანისტი და პედაგოგი მოსკოვის ცენტრში ცხოვრობდა, სადაც იდგა უზარმაზარი სარკეები და ორი როიალი,  რომელიც ალისას მაგნიტური ენერგიით იყო გაჟღენთილი. ივო ყველა სარკეში ქალს ხედავდა, გრძელი, ულამაზესი თმითა და მგზნებარე, შინაგანი ცეცხლით ანთებული თვალებით. ეს ცეცხლი კი ყველა "ჯადოსგან" ათავისუფლებდა ახალგაზრდა პიანისტს. ის უკრავდა მხოლოდ ალისასთვის.

KvirisPalitra.Geმისთვის ამ ქალში იწყებოდა და მთავრდებოდა სამყარო. ივოს კოლეგები ამბობენ, რომ ალისა სცდებოდა მუსიკალური  სამყაროს კანონებს. ამიტომაც მიაჩნიათ, რომ ორი მუსიკის ჯადოქრის შეხვედრა განგების ნება იყო. ევროპაში გაქცევის შემდეგ, 1980 წელს დაქორწინდნენ. ერთად ცხოვრების ხანა 16-წლიანი ფეიერვერკი იყო.

"მე ნახევარი ვიყავი და მან გამამთლიანა", - იტყვის მოგვიანებით პიანისტი, რომელმაც ცოლის სიკვდილის შემდეგ ყველაფერზე უარი თქვა: გაექცა სამყაროს და ცდილობდა, როგორმე ეპოვა "საოცრებათა ქვეყანაში" გადასახლებულ ალისასთან დამაკავშირებელი გზა. ივოს ძალიან გაუჭირდა საყვარელი ქალის სიკვდილის გადატანა.

"ალისა უნივერსალური ადამიანი იყო, მას ჰქონდა ყველაფერი: განათლება, სილამაზე, ტალანტი და ვნება. ირგვლივ ყველაფერს ასხივოსნებდა. სიკვდილის დროსაც პრინცესას ჰგავდა. მას ღვიძლის კიბო ჰქონდა... გარდაცვალებამდე წამით ადრე უკანასკნელად ვაკოცე და მისი ბაგეებიდან გადმოსული შავი სისხლით დავიფარე. თმაგაჩეჩილ და დასისხლიანებულ მოჩვენებას ვგავდი, მაგრამ არ მინდოდა სისხლის ჩამორეცხვა. ისე ვიყავი, როგორც ჟაკლინ კენედი, რომელსაც არ უნდოდა ქმრის სისხლით დასვრილი კაბის გამოცვლა... პიანინოს ვერ ვეკარებოდი, იმიტომ, რომ ჩემი მოგონებები ჩანჩქერივით იღვრებოდა.

დიდი დრო დამჭირდა, სანამ მუსიკას დავუბრუნდებოდი. შემოთავაზებები ვერცხლის სინზე დაყრილ ძვირფასეულობასავით მოდიოდა. ალისას სჯეროდა, რომ მუსიკის ჯადოსნურ სამყაროს ვერასდროს მოვწყდებოდი, მაგრამ დრო მჭირდებოდა. როცა ალისა ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა, 17 წლის, მუსიკალურ ჩიხში მოქცეული ახალგაზრდა ვიყავი. არსაით ვიძროდი, მინდოდა მეცეკვა, მაგრამ სიარულიც კი არ შემეძლო"...

1996 წელს, ალისას სიკვდილის შემდეგ, ივოს არსება თითქოს წყვდიადმა მოიცვა და ბნელ სამყაროშიI გამოკეტა. ათი წელი ელოდა პოგორელიჩის ბურანიდან გამოსვლას მისი მსმენელი, რომელსაც ატყვევებდა და აღაფრთოვანებდა. "რევოლუციური შემსრულებელი", - ასე მოიხსენიებდა პრესა ივოს.

კლასიკური კონცერტებისა და ჩანაწერების გარდა პოგორელიჩი ფულს აგროვებდა ბოსნიის ომის შემდეგ დაზარალებულებისათვის, ხორვატიული მონუმენტების აღსადგენად, სარაევოელი ბავშვებისა და დედების სამკურნალოდ და სხვ. უამრავი საქველმოქმედო საქმიანობისთვის პოგორელიჩი იუნესკომ კეთილი ნების ელჩად დაასახელა.

1980 წელს ვარშავის შოპენის კონკურსიდან გამოუგდიათ - მოსკოვს არ სურდა მისი გამარჯვება, ამის გამო ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა დატოვა კონკურსი. ჟიურიში მყოფ არგენტინელ პიანისტს კი განუცხადებია, რომ ივო გენიოსია. ერთხანს ბრიტანული მედია უგემოვნოსა და ვულგარულსაც უწოდებდა. თუმცა, ივო მაინც ატყვევებდა თაყვანისმცემლებს.

"პიანინოს ფრანკენშტაინი", "კლავიატურის დემონი", - ასე მოიხსენიებდნენ ჯადოქარ შემსრულებელს.

1989 წლიდან პოგორელიჩის სახელობის ფესტივალები ტარდებოდა, სადაც ივო ახალგაზრდა შემსრულებლებს ცნობილ პიანისტებთან სამუშაოდ იწვევდა. ალისას გარდაცვალების შემდეგ კი ყველაფერი დამთავრდა...

ივოს ახალ კომპაქტდისკს წყვილის სურათი ამშვენებს წარწერით: "ამ ჩანაწერზე ალისა და ივო ერთად მუშაობდნენ. ყველას გვახსოვს ალისა, რომელიც ჩვენთან აღარ არის".

ივოსა და ალისას შვილი არ შესძენიათ - მათი შვილი მუსიკა იყო. ახლა ივო წამოდგომას აპირებს, რომ "შვილს" მიხედოს და ასე მოეფეროს ალისას. ამბობს, რომ ეს ერთადერთი გზაა "საოცრებათა ქვეყნისკენ", სადაც ალისა კეჟერაძე ივო პოგორელიჩს ელოდება.