"ბიზნესის ამპლუა ძალიან მომეწონა...ეს არის ისეთივე სიამოვნების მომტანი, როგორიც ჩემი ძირითადი პროფესიაა - პოლიტიკა და უსაფრთხოების სფერო" - როგორ გახდა ცნობილი ექსპერტი წარმატებული ბიზნესლედი - კვირის პალიტრა

"ბიზნესის ამპლუა ძალიან მომეწონა...ეს არის ისეთივე სიამოვნების მომტანი, როგორიც ჩემი ძირითადი პროფესიაა - პოლიტიკა და უსაფრთხოების სფერო" - როგორ გახდა ცნობილი ექსპერტი წარმატებული ბიზნესლედი

"ბიზნესის ამპლუა ძალიან მომეწონა...ეს არის ისეთივე  სიამოვნების მომტანი, როგორიც ჩემი ძირითადი პროფესიაა - პოლიტიკა დაუსაფრთხოების სფერო" - როგორ გახდა ცნობილი ექსპერტი წარმატებული ბიზნესლედი

ერთმანეთს ამ ზაფხულს შევხვდით ურეკში, მისი ოჯახის ზღვისპირა სასტუმროში, სადაც 3 ჰექტარზე გაშენებულ ულამაზეს ბაღს, რომელიც ბათუმის ბოტანიკური ბაღის მინიანალოგია, მიკროზოოპარკს, ბოსტანს და სასტუმროს ბიზნესმენ მეუღლესთან ერთად უძღვება. ინტერვიუსთვის ადგილი თავად შევარჩიე - ულამაზესი ბამბუკების ხეივნის ბაღი, მყუდრო და საამო გარემო ცხოვრების ლირიკასა თუ საქმიან მხარეზე გულახდილად სასაუბროდ. ჩემი რესპონდენტი მრავალმხრივ წარჩინებული ადამიანია - ცნობილი პოლიტოლოგი, ექსპერტი და უკვე ბიზნესმენიც - ხათუნა ლაგაზიძე, ფილოლოგი, ჟურნალისტი, სამართალმცოდნე, საინფორმაციო უსაფრთხოების სპეციალისტი და კიდევ ვინ მოსთვლის - რა დიპლომი და სერთიფიკატი არ აქვს! თუ როგორ იქცა სახელგანთქმული პოლიტოლოგი ქალბატონი ბიზნესლედით, ამ ამბავს მე და თქვენ ერთად მოვისმენთ.

ხათუნა ლაგაზიძე:

- ბიზნესლედის ამპლუა ძალიან მომეწონა, თუმცა დიდი დრო დასჭირდა, ვიდრე ბიზნესამდე მივიდოდი. გვიან გავთხოვდი. მეუღლე - ამირან ჩხაიძე ჩემზე 22 წლით უფროსია, ქალიშვილი ანა კი 12 წლის წინ შეგვეძინა. ბიზნესიც ოჯახს მოჰყვა. ჩემი მეუღლე ჩვენი ქორწინების მომენტში უკვე სტაჟიანი ბიზნესმენი იყო - ოზურგეთში რესტორანიც ჰქონდა, ქარხანაც და ფაბრიკაც, ასევე - ეს სასტუმრო ურეკში. სიმართლე გითხრათ, მიუხედავად ჩემი მებრძოლი თუ მენეჯერული კუთხით აქტიური ნატურისა, იმ პერიოდში ბიზნესი ნამდვილად არ მაინტერესებდა, რადგან ჩემი ცხოვრების შეუცვლელ ნაწილს მაშინაც და დღესაც წარმოადგენს პოლიტიკა.

საბჭოთა პერიოდში ამ ტერიტორიაზე სანატორიუმი იყო, ჩემმა მეუღლემ იმ ძველი საბჭოთა სანატორიუმიდან ნამდვილი სამოთხე, თანამედროვე სპა-რეზორტი შექმნა. მე გათხოვებისთანავე დავიწყე ბუღალტერიის შესწავლა. რასაც ხელს ვკიდებ, მინდა, საფუძვლიანად ვიცოდე, შევისწავლო, ბიზნესის ერთ-ერთი უმთავრესი ხერხემალი კი სწორედ ბუღალტერიაა. სერთიფიცირებული ბუღალტერი გავხდი და ამით მეუღლესაც ძალიან ვეხმარებოდი. ყოველთვის მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ ცოლ-ქმარი, ოჯახის მიღმაც, საქმეში, ერთმანეთის მხარდამხარ უნდა იყვნენ, ერთმანეთს დაეყრდნონ. იმისთვის, რომ მე ძლიერი და ღირებული ვყოფილიყავი, მიზნად დავისახე, მესწავლა ყველაფერი, რაც ბიზნესისთვის იყო აუცილებელი. ინტერესიც თანდათან მოვიდა. თუ სადმე ვარ, თვითრეალიზაციის საშუალება უნდა მქონდეს, ჩემი ხელწერა უნდა შევქმნა და კვალიც დავტოვო.

მირანი თანამშრომლებისადმი ძალიან მომთხოვნია, ჩვენს შეუღლებამდე კი გაცილებით მომთხოვნი ყოფილა. ცოლად რომ შემირთო, სასტუმროს ყველა თანამშრომელს ძალიან გაუხარდა, იფიქრეს, რადგან ქალი ვიყავი, უფრო ნაზიც ვიქნებოდი და ამირანის სიმკაცრესაც გავანეიტრალებდი. სინამდვილეში პირიქით მოხდა, რადგან ბიზნესის მართვაში არანაკლებ პრინციპული და შეიძლება, ცოტა ხისტიც გამოვდექი.

როდესაც ამირანმა დაინახა მისივე კალიბრის მეუღლე, თვითონ უფრო ლიბერალური გახდა და ბევრი პასუხისმგებლობა ჩემზე გადმოანაწილა. ბევრმა ამბავმა ჩემს ზურგზეც გადაიარა. არ მინდა უახლოესი წარსულის იმ წლების გახსენება, როდესაც ჩვენი ბიზნესის წართმევას აპირებდნენ, ისევე, როგორც ძალიან ბევრს წაართვეს, მაგრამ ფაქტია, ყველა გამოწვევას, მოლაპარაკებების წარმოება იყო, რაიმეს გარკვევა თუ სხვა რამ, მეუღლესთან ერთად, თანაბრად ვინაწილებდი.

არც ერთი ჩემი პროფესიისგან მიმიღია იმგვარი სიამოვნება, ბედნიერი განცდა, რაც პანდემიის კრიზისის პერიოდში შევიგრძენი - ჩემი შვილისთვის, ანასთვის დაზოგილ თანხას ვრიცხავდით ჩვენი სასტუმროს ანგარიშზე და ამ ფულით სასტუმროს უკლებლივ ყველა თანამშრომელს შევუნარჩუნეთ სამუშაო ადგილი და ხელფასი. ამით დამატებით ტვირთად აღარ დავაწექით სახელმწიფოს, რადგან ჩვენი თანამშრომლები სახელმწიფოს დახმარების იმედად არ დავტოვეთ. ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როცა საყოველთაო გაჭირვებისას ხედავ შენი თანამშრომლების იმედიან თვალებს, რომ უამრავი მათი თანამოქალაქისგან განსხვავებით მათი ოჯახები მშიერი და დაუცველი არ დარჩება და შენ ეს შეძელი.

მართალია, ბუნებრივად და ჰარმონიულად გავხდი ბიზნესში ერთი მთლიანობის ნაწილი, ამ ბიზნესიდან მაინც ვერ ვგრძნობდი იმ უდიდეს სიამოვნებას, რაც ჩემთვის მოჰქონდა, ვთქვათ, უსაფრთხოების სფეროში მოღვაწეობას ან პოლიტიკას, ანალიტიკას და ა.შ. ვიდრე საკუთარი, დამოუკიდებელი ბიზნესი არ დავიწყე...

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ექსპერტი ვარ და როდესაც ორი წლის წინ პოსტსაბჭოთა სივრცის ლიდერი ქალებისთვის საინტერესო პროგრამა განახორციელეს, მეც მიმიწვიეს, როგორც ბიზნესსა და პოლიტიკაში თანაბარი ძალისხმევის ჩამდები, ლიდერი ქალი. მათთვის საკუთარი გამოცდილება უნდა გამეზიარებინა. ყაზახ ქალბატონებს შორის აღმოჩნდა ძალიან ნიჭიერი ჩინელი ახალგაზარდა ქალი ჩინეთის ქალაქ შენჟენიდან, იელის უნივერსიტეტის ორი ფაკულტეტის კურსდამთავრებული. სწორედ მასთან ურთიერთობით დაიწყო ჩემი პირადი სერიოზული ბიზნესსაქმიანობა და მას შემდეგ გავხდი, თუ შეიძლება ითქვას, ნამდვილი ბიზნესლედი. ხათუნა ლაგაზიძე

დავიწყეთ ფიქრი ტურიზმის განვითარებაზე და, პარალელურად, ჩემი პარტნიორი ძალიან დაინტერესდა ქართული ღვინით. დღეს ის უკვე პროფესიონალი სომელიეა, ძალიან უყვარს ჩვენი ქვეყანა და უკვე შვიდჯერ იყო საქართველოში. მისთვის საქართველო ბიზნესის კეთების საშუალება კი არ არის, არამედ - ინსპირაციაა. ჩვენ ერთად შევქმენით ქართულ-ჩინური კომპანია, რომელიც ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების ჩინეთში ექსპორტით ჩინელებს საუკეთესო რაკურსით აცნობს ქართულ პროდუქციას და მასთან ერთად ჩვენი ქვეყნის კულტურასაც.

მან ჩინეთში დააფუძნა კომპანია სახელწდოებით "ქართველი", რომელიც ჩინეთში ქართული ბიზნესისა და კულტურის პოპულარიზაციას ახდენს. მოკლედ, ეს არის ჩემი ცხოვრების, ბიოგრაფიის ცალკე თავი და ვფიქრობ, წარმატებული.

- მეღვინეობაც პროფესიულად შეისწავლეთ?

- მეღვინეობის კუთხით ჯერჯერობით თვითნასწავლი ვარ. ამჟამად ღვინის წარმოების "გაკვეთილებს" ვიღებ ჩვენი შესანიშნავი სომელიესგან - დეა ფურცელაძისგან, ჩემი მეუღლეც ალკოჰოლური სასმელების ტექნოლოგია და მისგანაც ვსწავლობ ქართული ღვინის წარმოების ისტორია-ტექნოლოგიას, ბაზრის პრინციპებს, ასევე, ვიღებ ინფორმაციებს მსოფლიოს ღვინის მწარმოებელ ქვეყნებსა და ბაზრებზე. კორონავირუსის პანდემიის გამო მხოლოდ კერძო გაკვეთილებს ვჯერდები, სამომავლოდ კი ვაპირებ, შესაბამისი კურსები გავიარო და უფრო პროფესიულად ჩავწვდე ღვინის წარმოებას.

- რა არის თქვენთვის ღვინო და მეღვინეობა?

- თავდაპირველად მაოცებდა ღვინის წარმოებაში მომუშავე ადამიანების ანთებული თვალები, დღეს ღვინის სფეროში 2-წლიანმა საქმიანობამ თავად აღმომაჩენინა ღვინო, როგორც ხელოვნება და მისტიკა. მსოფლიოში ღვინის ყველაზე დიდ - დიუსელდორფის გამოფენასაც დავესწარი და იქ მივხვდი, რომ ღვინო მისტიკასა და ხელოვნებას შორის გადებული ხიდია; ღვინო, ფაქტობრივად, არის მეცნიერების, ხელოვნების, მისტიკის, ერთგვარად - ასტრონომიის ნაზავი. იმავე გამოფენაზე ვიგრძენი, რა მოწიწებით არიან მსოფლიოს მეღვინეები ქართული ღვინისადმი და რა დიდი პერსპექტივა აქვს ქართულ ღვინოს - ქვევრის ღვინოს ვგულისხმობ. ჰონკონგის ღვინის გამოფენასაც ვსტუმრობდი. ამ ეტაპზე საუკეთესო ქართული მეღვინეები დაკვეთით გვიმზადებენ კონკრეტულ ღვინოებს, რომლებსაც ჩინეთში ვაგზავნით. ვმუშაობთ კანადური, გერმანული და ფრანგული ბაზრების ათვისებაზეც. ვაწარმოებთ "ქისს", "საფერავს", "მწვანეს", "ყვარელს"... მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ და გავლენიან ღვინის კონკურსზე - დეკანტერის კონკურსზე ჩვენმა "ქისმა" პირველი ადგილი დაიკავა - 100 ქულიდან 97 მიიღო. ამჯერად "საფერავი" გავაგზავნეთ და იმედია, წარმატებას მივაღწევთ. მართალია, კორონავირუსმა ბევრი რამ შეაფერხა, მაგრამ... მჯერა, ჩვენს ბიზნესს კარგი მომავალი ექნება. ჩემმა პარტნიორმა შენჟენში ღვინის მაღაზია გახსნა და დიდი პოპულარობით სარგებლობს. როდესაც ღვინის ბიზნესით ჩემი პირველი ფული ვიშოვე, მივხვდი, რომ ეს არის უდიდესი აზარტი და ისეთივე სიამოვნების, თვითკმაყოფილების მომტანი, როგორიც ჩემთვის ჩემი ძირითადი პროფესიაა - პოლიტიკა და უსაფრთხოების სფერო. მით უფრო, რომ აქ მხოლოდ ფულს კი არ აკეთებ, არამედ შენი ქვეყნის განვითარებას უწყობ ხელს, ფაქტობრივად, შენი ქვეყნის ელჩი ხარ. რამდენჯერ სიამაყის ცრემლები მომსვლია, როდესაც თუნდაც საერთაშორისო გამოფენებზე განსაკუთრებული პიეტეტი ჰქონიათ ქართული ღვინის მიმართ. გაგრძელება