"საძინებლიდან ნოდოს ჩვეული კისკისი მომესმა. გამიკვირდა, ასეთ სერიოზულ ნაწარმოებში რაზე გაეცინა-თქო..." - როგორ ულოცავს გარდაცვლილ მამას, 50 წლის იუბილეს მარიამ ხადური - კვირის პალიტრა

"საძინებლიდან ნოდოს ჩვეული კისკისი მომესმა. გამიკვირდა, ასეთ სერიოზულ ნაწარმოებში რაზე გაეცინა-თქო..." - როგორ ულოცავს გარდაცვლილ მამას, 50 წლის იუბილეს მარიამ ხადური

საქართველოს ფინანსთა ყოფილ მინისტრს ნოდარ ხადურს დღეს 50 წელი შეუსრულდებოდა. გარდაცვლილ მამას მამარიამ ხადურმა ემოციური პოსტი მიუძღვნა, რომელსაც kvirispalitra.ge მისი ნებართვით ასაჯაროებს:

"5 საათიანი მგზავრობა სრულად საკმარისია ძველი ფოტოების და დოკუმენტების დასათვალიერებლად. წერა მიყვარს და ყოველთვის ვცდილობ თავისუფალი დროის შემთხვევაში პატარა ჩანახატები ვაკეთო. ძირითადად ნოდოსთან გატარებულ იმ უნიკალურ 14 წელზე ვწერ; მეხსიერებას ხშირად ვაწუხებ და მოგონებების სიტყვებად ქცევას ვაიძულებ. ინფორმაციის და მოგონებების დავიწყების შიში მაქვს. მეშინია ერთ დღეს გაღვიძების და იმის გაანალიზების, რომ ბევრი რამ აღარ მახსოვს. შესაბამისად ამ შიშის დამარცხების საუკეთესო გამოსავალი სწორედ ჩემი ზემოთ ხსენებული ქმედება მგონია.

მოკლედ, ვათვალიერებდი ძველ ჩანაწერებს და თითქმის დავიწყებული დოკუმენტი ვიპოვე:

"მამა სულ კითხულობდა. თავისუფალ დროს ან კითხულობდა, ანდაც შემეცნებით გადაცემებს უყურებდა და ასე "ირთობდა" თავს. უხაროდა მონაწილეებს, რომ ასწრებდა დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემას და ანთებული თვალებით იღიმოდა ხოლმე. (ნეტავ წამით მაინც დამანახა მისი ოდნავ ნამიანი, ანთებული და ფარული სევდით გაჟღენთილი თვალები)

კუთვნილ შვებულებას წელიწადში ერთხელ იყენებდა, ისიც მაქსიმუმ ერთი კვირით. ამ დროის განმავლობაში, არ მახსოვს ოდესმე სამუშაო რეჟიმი მიეტოვებინა; არასდროს ისვენებდა. ერთ-ერთი ასეთი "შვებულების" დროს, საწოლზე იწვა და ჟიულ ვერნის "ყინულის სფინქსს" კითხულობდა. მე მისაღებ ოთახში ვიჯექი, როდესაც საძინებლიდან ნოდოს ჩვეული კისკისი მომესმა. გამიკვირდა, ასეთ სერიოზულ ნაწარმოებში რაზე გაეცინა -თქო და გადავწყვიტე მეკითხა. შევედი თუ არა შემომხედა და ღიმილით მითხრა: "თითქმის დავასრულე, მე კი ახლა გავიაზრე, რომ ეს წიგნი წაკითხული მაქვსო." ერთად დიდხანს ვიცინეთ."

როგორ მწყინს ნოდოს მონატრებული კისკისის სიტყვებად ქცევას, რომ ვერ ვახერხებ.

თითქმის ცარიელი მატარებლის ვაგონი საკმაოდ ნოსტალგიურია. ბევრს ფიქრობ, სრულად უცხო ადამიანების სახეზე მათი განწყობის ამოკითხვას ცდილობ (უმეტესობას სევდიანი მზერა აქვს, ადამიანურად სევდიანი), ფანჯარაში იყურები და აკვირდები გარშემო მიმდინარე მოვლენებს;

"ა პუნქტიდან" - "ბ პუნქტამდე". ოთხკუთხედ ფანჯარაში ნახატები ისახება, ფოტოაპარატის ფირივით. მატარებელი მიქრის, ისწრაფვის დანიშნულების პუნქტისკენ. მიუხედავად ამისა, გარეთ არაფერი იცვლება. შემდეგი მატარებელიც ამ გზას გაივლის, იმ "ნახატებს" დაინახავს ჩემს ადგილას მჯდომი მგზავრი, რასაც მე ვუყურებ; ისევ "ა პუნქტიდან" - "ბ პუნქტამდე" და კვლავ გააგრძელებს ასე სიარულს, სანამ ამის შესაძლებლობა ექნება. ბოლოს დაიღლება, დაძველდება და უკანასკნელი რეისის შესრულების შემდეგ ამაყად მიიძინებს.

ადამიანებიც მატარებლები ვართ. ვისწრაფვით დანიშნულების პუნქტისკენ და ვაკვირდებით ფანჯრებიდან "ნახატებს"... საბოლოოდ წუთისოფელში მოგზაურობა სრულდება, მიუხედავად იმისა გვინდა ეს, თუ არა (ხშირად დანიშნულების პუნქტის მიუღწევლად) და ვიძინებთ.

"აჰა, დაიძრა რკინის ბორბლები,

მივდევ ვაგონებს. მახრჩობს გრძნობები.

გემშვიდობები სამარადისოდ,

სამარადისოდ გემშვიდობები!"

29 აგვისტოს ჩემი ყველაზე ტკბილი ტკივილის დაბადების დღეა.

ჩემი ნოდო დღეს 50 წლის გახდებოდა", - წერს მარიამ ხადური სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები გახდა.

ნოდარ ხადური ბოლოს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი იყო. მანამდე კი, 2012-2016 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

ნოდარ ხადური 1997-1998 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მრჩეველი, აპარატის უფროსი, შიდა ქართლის სამხარეო-საფინანსო ადმინისტრაციის უფროსი; 1999 წლიდან ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1999-2000 წლებში იკავებდა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის აპარატის უფროსის თანამდებობას, ხოლო 2003-2004 წლებში საქართველოს პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის აპარატის უფროსის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისა და საპარლამენტო მდივნის თანამდებობებს; 2004-2008 წლებში იყო გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ეროვნული კონსულტანტი; 2006 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, იყო პროფესორი და მაკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელი;

არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია აშშ-ში, უნგრეთში, ბულგარეთში, შვედეთში, რუსეთის ფედერაციასა და აზერბაიჯანში.