"რომ გამიცნო, ჩემზე გაგიჟდა და გადაირია, დაოთხილი დამსდევდა" - კვირის პალიტრა

"რომ გამიცნო, ჩემზე გაგიჟდა და გადაირია, დაოთხილი დამსდევდა"

არც მსახიობობით გაუთქვამს სახელი და არც სიმღერით, პროფესიით ექიმი-კარდიოლოგია, თუმცა ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.

მისი ჩაცმის სტილიდან და მხიარული ხასიათიდან გამომდინარე, ბევრს ვერ წარმოუდგენია, რომ ასეთი სერიოზული და საპასუხისმგებლო საქმე აქვს მინდობილი. რუბრიკის სტუმარია პლასტიკური ქირურგების ოჯახის წარმომადგენელი, ივა კუზანოვის რძალი, გუგა კუზანოვის მეუღლე ნინო ნადირაძე:

- ჩემი პროფესიის ადამიანი ასეთი პოპულარული რომ ვარ, მიკვირს და ჩემს თავზე მეცინება. ივას ჩემ გარდა კიდევ ჰყავს რძალი, ბოლოს და ბოლოს, ცოლი ჰყავს, მაგრამ ისინი პოპულარულები არ არიან.

- მაინც რით გახდი პოპულარული?

- ეს თქვენ, ჟურნალისტებმა უნდა მითხრათ, თუმცა ამაზე მეც მიფიქრია. ალბათ, იმით, რომ გულწრფელი ვარ.

- ტყუილი არასდროს გითქვამს?

- მხოლოდ მომაკვდავი პაციენტებისთვის - ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. უხეში პირდაპირობაც არ მომწონს. თბილისში მიღებულია, - ერთმანეთს პირში ეუბნებიან, რას ჰგავხარ, გოგოო. ყველამ თავის თავს უნდა შეხედოს, რადგან უნაკლო არავინ არის.

- რას განიცდი, მომაკვდავ ადამიანს რომ ამშვიდებ, ყველაფერი კარგად იქნებაო?

- ერთი მამაკაცი 12 წლის განმავლობაში იყო ჩემი პაციენტი. ერთხელაც მიხაილოვის საავადმყოფოში მიუყვანიათ. რეანიმაციაში თვალი რომ გაუხელია, უთქვამს: ან ნინო ექიმის ხელში მოვკვდები, ან შინ წამიყვანეთო. ერთი კვირის შემდეგ მართლაც ჩემს ხელში დალია სული (ცრემლი მოერია). იცი, როგორ დამწყდა გული?

- ექიმობა ბავშვობიდან გსურდა?

- დიახ. ძალიან კარგად ვსწავლობდი. სკოლაში რომ მივედი, რუსულ და ქართულ ენებზე ვწერდი და ვკითხულობდი. მათემატიკა მამამ შემაყვარა, რადგან მათემატიკოსია. კარგად ვხატავდი და დღემდე ვხატავ. სამხატვრო აკადემიაში მინდოდა ჩაბარება, მაგრამ მამამ არ მომცა უფლება. სხვა ფაკულტეტზე ჩააბარე და შენთვის ხატე რამდენიც გინდა, კიკინიანი მხატვარი სიძე არაფერში მჭირდებაო.

ევგენი მიქელაძის მუსიკალური ათწლედიც კი "მახეხინეს", არადა არც სმენა მაქვს და არც ხმა, 55-ე სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე. ჰოდა, იმ მედლის სხვაგან გაფუჭება როგორ შეიძლებოდა?! პირველ წელსვე სხვების დაუხმარებლად ჩავაბარე სამედიცინო ინსტიტუტში.

23 წლისამ დავიწყე მუშაობა. მახსოვს, პირველი პაციენტი რომ მომიყვანეს, სახე ჩამოიხოკა, ნენა, შენ ხარ ექიმიო? და კაბინეტიდან გავიდა. მალე 38 წლის გავხდები. 15 წელია ვმუშაობ. ამტანი ვარ.

- მამაშენს სიძედ კიკინიანი მხატვარი არ სურდა, სამაგიეროდ, მისი სიძე პლასტიკური ქირურგი გახდა...

- გუგაც ექიმია. ბაბუამისი, დიდი გუგა კუზანოვი ზოგად ქირურგიას მასწავლიდა - ზოგადი ქირურგიის უძლიერესი სპეციალისტი და ნამდვილი არისტოკრატი იყო.

- ნინო, ზოგი ამტკიცებს, რომ ბევრი პლასტიკური ოპერაცია გაქვს გაკეთებული...

- არასდროს დამიმალავს, რომ მკერდის და ცხვირის პლასტიკური ოპერაციები მაქვს გაკეთებული. ავარიაში მოვყევი და ცხვირი ოდნავ დამიზიანდა.

- ტუჩი არ გაქვს გაბერილი?

- არა! ხალხნო, მესტიიდან ხომ არ ჩამოვსულვარ, რომ არავის ახსოვდეს, როგორ გამოვიყურებოდი?! შუაგულ ვაკეში დავამთავრე სკოლა, სამედიცინო ინსტიტუტში ვსწავლობდი და უამრავი ადამიანი მიცნობს, რომლებსაც კარგად ახსოვთ, როგორი ვიყავი! გუგა მაზოხისტი ხომ არ იყო, მახინჯი ქალი შეერთო ცოლად? რომ გამიცნო, ჩემზე გაგიჟდა და გადაირია, დაოთხილი დამსდევდა, გუგას მთელი ოჯახი მეხვეწებოდა, ოღონდ ჩვენს შვილს ცოლად გაჰყევიო... სად არის ეგრე? აქეთ ვიწუნებდი გუგას (იცინის). სხეულზე ერთი ცელულიტიც არ მაქვს, რასაც გენეტიკას ვუმადლი. ისე, არ მაღიზიანებს ჩემზე ასეთი ჭორები რომ ვრცელდება, ილაპარაკონ, რამდენიც უნდათ.

- მკერდი შენი სურვილით გაიბერე თუ მეუღლემ გირჩია?

- ჩემი სურვილით, გუგას ყოველთვის ყველანაირი მოვწონდი, მე მინდოდა, მოზრდილი მკერდი მქონოდა. ბევრისგან მსმენია, არ არსებობს კაცი, დიდი მკერდი რომ არ მოსწონდესო, რასაც არ ვეთანხმები. შეყვარებული კაცი საყვარელი ქალის ნაკლს ვერ ამჩნევს. ქალის დაუნდობელი შემფასებელი ისევ და ისევ ქალია. კაცისთვის მთავარია ქალთან თავი კომფორტულად იგრძნოს. რაც უნდა ანგელოზივით იყო, თუ კაცმა შენთან თავი კომფორტულად ვერ იგრძნო, სხვასთან, შეიძლება შენზე შეუხედავთან და ასაკით გაცილებით უფროსთან წავიდეს.

- ეჭვიანი ხარ?

- მე არა, მაგრამ გუგა საშინელი ეჭვიანია. ქართული ფილმი "მაცივარში ვიღაც იჯდა" ხომ ნანახი გაქვთ? ზუსტად ისეთ სიტუაციაში ვარ... ივა კი გუგაზე ეჭვიანია.

- ქართველი ქალები ხშირად ზედმეტად იბერავენ მკერდსა და ტუჩებს...

- მშიერ ადამიანს, კარგ სუფრასთან თუ მოხვდა, უცბად სურს, ყველაფრის გადასანსვლა. ანალოგიური რამ დაემართა ჩვენს საზოგადოებას. ყველაფერი ერთბაშად მოუნდა. ქართველები მოუთმენლები ვართ, ყველაფერი ერთ დღეს გვინდა.

პლასტიკური ოპერაციით ადამიანი გალამაზებას ცდილობს, ადრე გოგოსთვის მთავარი იყო, გათხოვილიყო, რის შემდეგ თმასაც აღარ ივარცხნიდა. დღეს ქალს სურს, ყოველთვის ლამაზად გამოიყურებოდეს და ახალგაზრდობა დიდხანს შეინარჩუნოს.

თუ არ მოგწონს საკუთარი ცხვირი, ტუჩი და სხვა ნაკვთები, ამ ყველაფერს რატომ უნდა შეაჭმევინო ნერვები? როდესაც გარეგნობით კმაყოფილი ხარ, უფრო გაბედული ხდები. სხვა სხივი მოდის შენი თვალებიდან და წარმატებას იოლად აღწევ. მხოლოდ სასიყვარულო სფეროს არ ვგულისხმობ. შეუხედავმა ადამიანებმა, რომლებმაც ცხოვრებაში ბევრს მიაღწიეს, გაცილებით მეტი იშრომეს, ვიდრე ლამაზებმა.

- ცოტა ხნის წინ ივა კუზანოვი სკანდალში გაეხვია.

- რა მოხდა, ახლაც არ ვიცი... თავდაპირველად, 2-3 დღის განმავლობაში ბოღმა მახრჩობდა და იმ გაზეთს ვლანძღავდი, რომელმაც ივაზე სკანდალი ააგორა, მერე დავფიქრდი და ვთქვი: რა ქნან, ასეთი სამსახური აქვთ-მეთქი. საზღვარგარეთაც ასე ხდება. იტალიის პრემიერ-მინისტრი ბერლუსკონი ვიღაცასთან დაწვა და მეორე დღეს გაზეთი ცხვირზე ააფარეს. როდესაც ივაზე ასეთი რაღაცები დაიწერა, შინ გარდაცვლილი ძმა ესვენა. მართლა ძალიან ატკინეს გული, თუმცა გადაიტანა. ივას ვერაფერს დააკლებენ. ივა თავის დარგში ჯერჯერობით უალტერნატივოა. რომელიმე ქართველი პლასტიკური ქირურგი არის ივასნაირი პოპულარული? ივამ შექმნა რეკონსტრუქციულ-პლასტიკური ქირურგია და განავითარა. ივაა ამ დარგის ნოვატორი და ექსპერიმენტატორი.

- ბატონ ივას დიდი ხნით შეუჩერეს ლიცენზია?

- ერთი თვით, 17 თებერვალს სამსახურში გავიდა.

- ამ ამბავმა პაციენტების რაოდენობა არ შეუმცირა?

- არა. ხომ იცით, ცუდი რეკლამა უფრო ჭრის. პლასტიკური ქირურგი საშა კალანტაროვიც ივას მოსწავლეა, მე-3 კურსიდან აიყვანა. ბაბუამისმა ჩააბარა ივას, - უპატრონო, საწყალი, მაგრამ ჭკვიანი ბიჭია და უპატრონეო. პლასტიკური ქირურგი სანდრო კუტუბიძე გუგას ჯგუფელი იყო და მამამისს მიუყვანა... ანუ ყველას, ვინც ამ დარგში მოღვაწეობს, სკალპელი პირველად ივამ დააჭერინა ხელში. ხომ არ გგონია, ვინმემ საჩუქარი მიუტანა ან სწავლაში ფული გადაუხადა, მათ ივა აჭმევდა და ასმევდა.

- დაუშვა თუ არა ბატონმა ივამ შეცდომა იმ ადამიანის წინაშე, რომელმაც ფეხი დაკარგა?

- ივას თხოვნით, ამ თემაზე არ ვლაპარაკობთ. თუმცა ვიტყვი, რომ ივას შეცდომა არ დაუშვია. ბევრისგან განსხვავებით, მოთმინება მაქვს და დაველოდები, როდის იზეიმებს სამართალი.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)