"გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე" - კვირის პალიტრა

"გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე"

"არ მესმის, როგორ ჩხუბობენ განსხვავებული აზრის გამო, როგორ შეუძლიათ ერთმანეთის დაკარგვა, ან ასე როგორ გამოხატავენ სიძულვილს?!"

"ჩემი სიცოცხლე სიყვარულით გარდაცვლილ ადამიანთა სულით საზრდოობს, უკვე რამდენი ხანია, დედამიწაზე სიძულვილით მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე სიყვარულით... გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე როგორმე, თუ შეგიძლიათ და მე აღვსდგები კვლავ მკვდრეთით!" - ნოდარ დუმბაძის ეს სიტყვები საქართველოში ზეპირად იციან... რა სამწუხაროა, რომ ეს სიტყვები ზედმიწევნით მიესადაგება ჩვენს დღევანდელ ყოფას - ყოფას, რომელიც ცრემლით და უსიამოვნო ამბებით არის სავსე.

ჩვენი სტუმარია მწერლის ქალიშვილი - ფილოლოგი ქეთევან დუმბაძე, რომელსაც მრავალ საჭირბოროტო საკითხზე ვესაუბრეთ:

- როგორ ფიქრობთ, რას იტყოდა ნოდარ დუმბაძე ახლა, როცა ყოველდღე ვიღაცის ტრაგიკული დაღუპვის ამბავს ვიგებთ?

- ვერ გეტყვით, დღევანდელ საქართველოზე მამა რას იტყოდა, მაგრამ მე ყველაფერს ძალიან განვიცდი! მგლოვიარე ერად გადავიქეცით და ასე ცხოვრება აღარ შეიძლება! ასე მგონია, მთელი საზოგადოება, ჩვენ - ადამიანები, ამ გაურკვეველ ყოფაში დავიკარგეთ. თითქოსდა უსიერ ტყეში გზა აგვებნა და ბოროტებასა და სიკეთეს შორის გავიჩხირეთ. ამ ტყიდან გზის გასაკვლევად და თავის გადასარჩენად ყველაზე ცუდი რამ - გულგრილობა ავირჩიეთ. იცით, ეს როგორი განცდაა? - ტელევიზორს რომ უყურებ, რაღაც არ მოგწონს, ან ვიღაცის აზრს არ იზიარებ, სხვა არხზე გადართავ და მორჩა - დამთავრდა ყველაფერი. აღარც ვხედავ, აღარც მესმის და პრობლემა მოგვარებულია, კომფორტის ზონა შენარჩუნებულია! ეს არის ჩვენი საზოგადოების მდგომარეობა დღეს. ძალიან გულგრილები გავხდით. მსგავსი რამ მეც ბევრჯერ გამიკეთებია და ამის გამო ზოგჯერ ვწითლდები! ის, რაც გვჭირს, ყველას ეხება - პოლიტიკოსს და არაპოლიტიკოსს, ცნობილ სახეებს და რიგით ადამიანებსაც.

ბოლო დროს ყველაზე მეტად 11 წლის ბავშვის ტრაგედიამ შემძრა: პატარა ბიჭს მოძალადე მამა რომ მოკლავს, ან თვითმკვლელობამდე მიიყვანს, ეს ხომ მისი გარემოცვის გულგრილობის ბრალია? რაღაც გარემოში ხომ ცხოვრობდა? - მეზობლები ჰყავდა, ნათესავები ჰყავდა - სად იყო ეს ხალხი, როცა ბავშვს უჭირდა?

- ძალიან მძიმედ განიცადა ჩვენმა საზოგადოებამ შატილის ავტოავარიაში 17 ადამიანის დაღუპვაც... - მეც შოკირებული ვარ ამ ამბისგან, მაგრამ ამ შემთხვევაშიც უკიდეგანო გულგრილობასთან გვაქვს საქმე: არ მესმის, როგორ გაუთამამდნენ ასე ბუნებას? ხევსურეთში ბევრჯერ ვარ ნამყოფი. არ შეიძლება მუცოდან და შატილიდან ღამით მგზავრობა - ეს არ იცოდნენ?! რისთვის ვისჯებით ასე? რატომ ხდება ამდენი განსაცდელი? ან რატომ არ იცის ბევრმა, რომ სხვისი შვილები არ არსებობენ?! ადამიანები ერთმანეთს გაუუცხოვდნენ, გაცივდნენ, სხვების მქირდავებად და მკიცხველებად ვიქეცით, თითქოსდა ჩვენ უცოდველი ანგელოზები ვიყოთ. ყველა ადამიანი ხომ სიკეთისა და სიყვარულისთვის არის დაბადებული და არ მესმის, ჩვენი ცხოვრება და სამშობლო ჯოჯოხეთად რატომ ვაქციეთ?

ჩვენს ხალხს ერთი ასეთი გამონათქვამი აქვს: ბრალი ჩვენი, ვინც აქ დავრჩითო. ეს უმძიმესი გამონათქვამია, მაგრამ მართლაც - ბრალი ჩვენი!

- ამდენი უსიამოვნო ამბის გაგებით თითქოსდა ყველას გული გაგვიქვავდა - თქვენც ასეთი განცდა გაქვთ? - ამის აღიარება ხომ საშინელებაა, მაგრამ ყველა ასე ვართ. "ფეისბუკზე" ყვითელ, ცრემლიან სმაილიკს დავხატავთ და თითქოს ყველაფერი ამით გამოვხატეთ. არადა, ადამიანებს სულ სხვა რამ სჭირდებათ. ან ქართულ ტელევიზიებში რა ხდება? - რას აჩვენებენ ხალხს?! შეიძლება მორგიდან სიუჟეტების გაკეთება? ლანძღვა-გინებასა და თავსლაფის დასხმაზე აღარაფერს ვამბობ. თქვენ წარმოიდგინეთ, 11 სექტემბრის ტრაგედიის ვიდეოფირს ამერიკელები არ აჩვენებდნენ, რადგან არ შეიძლება მთელი ქვეყანა დათრგუნო, არ შეიძლება შენს ხალხს ასე მოექცე.

ისედაც საშინელი ტკივილია, როცა 17 ადამიანი ერთდროულად იღუპება და მერე აჩვენებ ჭირისუფალს, რომელიც მორგთან ბღავის, ეს არ არის დათრგუნვა?! ეს არ არის ბიძგი იმისკენ, რომ სიცოცხლე აღარ მოგინდეს?!

მე საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ვიყავი და ჟურნალისტებისთვის ბევრი სიუჟეტის გაკეთება დამივალებია. შეგიძლიათ ჰკითხოთ ჩემს ყოფილ თანამშრომლებს: არასოდეს ისეთი დავალება არ მიმიცია, რომ კადრში სისხლი ყოფილიყო და ჟურნალისტი ჭირისუფალს სულში ჩასძრომოდა. როდესაც მთელ ქვეყანაში ასეთი მძიმე აურაა, განსაცდელიც დაუსრულებლად მოდის და აღარ მთავრდება!

ოღონდ ვინმეს ფეხი წაუცდეს და ჩასაფრებული ვართ, თითქოს ჩვენ ცხოვრების გზაზე არაფერი შეგვშლია.

ბუნებით პესიმისტი არა ვარ, მაგრამ ვხედავ და ვგრძნობ, რომ ფერებს ვკარგავთ, მთავარს ვკარგავთ, რაც ადამიანისთვის აუცილებელია. და საერთოდ, რად ვიქეცით ადამიანები, ამაზე ვფიქრობთ?

- ხშირად პოლიტიკური შეხედულებისთვის ლანძღავენ ერთმანეთს, რაც არანაკლებ დამთრგუნველია. - მოდი, ვაცადოთ ადამიანებს, რომ ვიღაც მოსწონდეთ და ვიღაც არა, თავად მიიღონ გადაწყვეტილებები. მე არავის ვყოფ აქეთურებად და იქითურებად, არასდროს არავინ დამიკარგავს პოლიტიკის გამო და არც ვაპირებ. ისიც ხომ ადამიანია და სხვაგვარად ფიქრობს - ეს მისი უფლებაა. არ მესმის, როგორ ჩხუბობენ განსხვავებული აზრის გამო, როგორ შეუძლიათ ერთმანეთის დაკარგვა, ან ასე როგორ გამოხატავენ სიძულვილს?! კი მაგრამ, ადამიანად ყოფნის სევდაც ხომ არსებობს, ამიტომ ჯერ ადამიანებად დავრჩეთ, ეს ხომ ყველას შეგვიძლია?! მეც მინდა ამ სიტუაციაში ადამიანად დავრჩე: მოსაწონი მომწონდეს, რაც არ მომწონს, ვთქვა და ამის გამო არავინ ჩამქოლოს, არავინ მომიძულოს, არ გამრიყოს. ხომ ვხედავთ, რომ ყველანი გადავიწვით ამდენი ბოღმისა და სიძულვილისგან?! ხომ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენ გარშემო ცხოვრება აუტანელი არ იყოს?! თითოეული ადამიანის უფლებაა, თავისი აზრი ჰქონდეს, არ შეიძლება ამის გამო შენი მოძმე სალანძღავად გაიმეტო.

- თქვენი აზრით, როგორ უნდა მოახერხოს ადამიანმა, რომ ამ გაცივებული, დაძაბული გარემოს გავლენა აისხლიტოს და არ გაბოროტდეს? - როცა გარემო ასეთი ხისტია, ხსნა მხოლოდ სიყვარულშია: უნდა ვეცადოთ, რომ ყველა განსაცდელს ერთმანეთის მოფერებითა და ხელისგულზე ტარებით გავუძლოთ. გამოგიტყდებით, მეც არ ვიცი, ამდენ უარყოფით ინფორმაციას როგორ მოვერიო, მაგრამ ერთადერთი, რაც ამ მოჯადოებული წრიდან დაგვიხსნის, მხოლოდ ეს არის - მე სხვა გზას ვერ ვხედავ. ამდენი მკვლელობა და უბედურება არ მოხდება, ერთმანეთის მიმართ უფრო მეტი ყურადღება რომ გამოვიჩინოთ. ნუთუ გარშემო ვერავინ ამჩნევს, როცა ადამიანს უჭირს? არ შეიძლება ადამიანი მოკლა შენი სიტყვით, ენითა და საქციელით. ძნელია, მაგრამ გაჭირვებამ ადამიანი არ უნდა გააბოროტოს. ძნელია, როცა შენს შვილს რაღაც აკლია, მაგრამ ის ბოღმით არ უნდა გაზარდო. რაც აკლია, სხვა რამით უნდა ჩაუნაცვლო: სიყვარულით, მოფერებით, წიგნებით, თორემ ბოღმით გაზრდილი შვილები ისეთები ხდებიან, როგორსაც დღეს ტელევიზიით ვხედავთ.

თქვენ წეღან მკითხეთ, რას იტყოდა ნოდარ დუმბაძე დღევანდელ საქართველოზეო? - ალბათ, იტყოდა, რომ ადამიანებს სიკეთე და სითბო მოენატრათ. მის სახელს ყველა სიყვარულთან აიგივებს და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. მე ნოდარისგან მუდმივად ვსწავლობ და ვიცი, რომ სიყვარული გადარჩენის ერთადერთი გზაა, თუნდაც იმიტომ, რომ ღმერთიც სიყვარულია. თუ დახმარება არ შეგვიძლია, ერთმანეთს მაინც გავუღიმოთ, მოვეფეროთ და ვუთხრათ, რომ გვიყვარს და გვჭირდება - ეს უნდა შევძლოთ, რომ გადავრჩეთ, რომ არ გავბოროტდეთ.

ხათუნა ჩიგოგიძე